- მძაფრი შთაბეჭდილება მაქვს დამოუკიდებლად წაკითხულ პირველ წიგნთან დაკავშირებით. ჩემი ბავშვობის პირველი წიგნი ხალხური ლექსების კრებული „ყაყაჩოსა სიწითლითა“ იყო, რომელიც, სამწუხაროდ, აღარ შემომრჩა. ის თენგიზ მირზაშვილის მიერ ჩიტებითა და ორნამენტებით გაფორმებული ძალიან ლამაზი წიგნი იყო. ბევრ ლექსს ვიგებდი, ზოგს - ვერა. დღემდე შემომრჩა უცნაური განწყობა ლექსის „საბრალო დედაბრისასა“ მიმართ. ამ ლექსს რატომღაც შიშით ვკითხულობდი. ბავშვური შთაბეჭდილება წარუშლელია და ამიტომ დღესაც ამ ლექსისადმი თითქმის იგივე განცდა მაქვს...
- ფოლკლორიდან კონკრეტულ ავტორებზე რომ გადაინაცვლეთ, ვინ მოგხიბლათ? ვინ არიან თქვენი საყვარელი პოეტები?
- არიან ავტორები, რომლებიც რამდენი წელიც უნდა გავიდეს, მთელი ცხოვრება გაგყვება. ჩემთვის ასეთი იყო და დღემდე რჩება ვაჟა-ფშაველა. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, ვაჟა-ფშაველა ჩემთვის იყო ძალიან დიდი პოეტი და მოაზროვნე. ფანტასტიკური ლიტერატურათმცოდნე და არაჩვეულებრივი ქართულის მასწავლებელი მყავდა - შუქურა ჯაფარიძე. ჩემს ცხოვრებაში დედის შემდეგ უკვე მან შეასრულა გამორჩეული როლი. ფილოლოგი რომ გავხდი და უკვე მე ვიყავი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა ბავშვებმაც ისევე შეიყვარეს ვაჟა-ფშაველა, როგორც მე მიყვარდა და მიყვარს დღევანდლამდე. ძალიან მიყვარს ძველი ქართული ლიტერატურა, გამორჩეულად გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ . სკოლაში რომ ვმუშაობდი, ჩემს ბავშვებს მისი ვრცელი ვერსია ვასწავლე. მახსოვს, ძალიან დიდი ინტერესით გაეცვნენ და სწავლობდნენ. მიყვარდა და მიყვარს დავით გურამიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გალაკტიონი. XX-XXI საუკუნეშიც არაერთი საყვარელი ავტორი მყავს. მათ შორის ოთარ ჭილაძე ყოველთვის მომწონდა. სულ მქონდა განცდა, რომ ის გაცილებით დიდი პროზაიკოსია, ვიდრე პოეტი, მაგრამ ჩემთვის ბოლო წლების აღმოჩენაა მისი პოეზია. სერიოზულად შევიცვალე დამოკიდებულება, ის არაჩვეულებრივი პოეტია, რომელიც ადამიანის სულის ისეთ ნიუანსებს ჩასწვდა, რომელიც მარადიულია და ეს პოეზიაში ძალიან მნიშვნელოვანია.
არ მინდა გამომრჩეს „ვეფხისტყაოსანი“ , რომლის მიმართ არ მაქვს ტრადიციული დამოკიდებულება, რადგან ქართველი ხარ, ეს პოემა უნდა დაასახელო. „ვეფხისტყაოსანი“ , როგორც ლიტერატურული მოვლენა, ჩემში მასწავლებელმა შემოიტანა, მაგრამ როგორც სააზროვნო, მე და ჩემმა მოსწავლეებმა დამოუკიდებლად გავხსენით და სერიოზულად შევისწავლეთ. „ვეფხისტყაოსანი“ არის ის ნაწარმოები, რომელსაც ხშირად ვუბრუნდები, ძალიან მენატრება ხოლმე. პოემის ერთი ამოჩემებული წიგნი მაქვს, სადაც აღნიშვნებსაც ვაკეთებ და დღემდე, ყოველ მორიგ ჯერზე სულ ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ. ლიტერატურულ მაჯისცემაზე ხელის დადებას ყოველთვის ვახერხებდი, რასაც, სამწუხაროდ, ახლა ვეღარ ვიტყვი. ძალიან ბევრი ვინმეა, ვისაც ვერ ვცნობ, ან უბრალოდ, წაკითხვას ვერ ვახერხებ. თუმცა არიან ავტორები, რომელთა შემოქმედებაც ჩემს ცხოვრებას მუდმივად გასდევს, უკვდავია და ალბათ არც არასდროს გახუნდება. უპირველეს ყოვლისა, ასეთი ავტორები არიან თომას მანი, მარკესი და ჰემინგუეი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ხასიათში არანაირად არ ჯდებოდა „მოხუცი და ზღვა“ , ის მაგიურ ზემოქმედებას ახდენდა ჩემზე. ბევრჯერ მაქვს წაკითხული. ინგლისურის შესწავლა რომ დავიწყე, „მოხუცი და ზღვა“ ამ ენაზეც წავიკითხე და კარგი იმპულსები მომცა. ახლახან წავიკითხე ფამუქის „მე წითელი მქვია“ . აღმოსავლური სივრცე კარგად გახსნა, რაც აღმოჩნდა, რომ არცთუ ცნობილი იყო ჩემთვის. ბევრი რამ სხვა კუთხით დავინახე და ვაპირებ, ფამუქის სხვა ნაწარმოებებიც წავიკითხო. მოკლედ, მივუყვები მძიმე პოლიტიკურ ცხოვრებას და თან ვცდილობ, ლიტერატურას ძალიან არ ჩამოვრჩე.
- რომელ სკოლაში და რამდენ ხანს ასწავლიდით?
- თბილისის მეორე ექსპერიმენტულ სკოლაში ვასწავლიდი. უნივერსიტეტის შემდეგ სკოლაში რამდენიმე წელი ვიმუშავე. ერთი გამოშვება მერვე კლასის ზემოთ გავუშვი და მეორეს რომ ვასწავლიდი, ვეღარ დავასრულე, რადგან, სამწუხაროდ, ცივი ზამთრის გამო სამწვერა ნერვის ანთება დამემართა. პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ჩემი სკოლაში გაჩერება, მეტყველება მიჭირდა. ძალიან დამენანა სკოლის დატოვება. სკოლა და ბავშვებთან ურთიერთობა მიყვარს, ბოლომდე ვიხარჯებოდი და მათგანაც ბევრს ვიღებდი.
- საშუალება რომ გქონდეთ, სკოლაში სამუშაოდ დაბრუნდებოდით?
- ჩემი არაერთი მეგობარი მუშაობს სკოლაში. ისინი ამბობენ, რომ ბევრი რამ შეცვლილია, მაგრამ მე მაინც სკოლა მუდმივად მენატრება. ჩემს დისშვილს სკოლაში რომ ვაკითხავ, ის ატმოსფერო ჩემზე მაგიურად მოქმედებს. სკოლიდან ცუდი მოგონებები არ გამომყოლია და სულ მიკვირს იმ ადამიანების, სკოლა რომ სძულთ. არ ვიცი, როგორ მოახერხეს და არავის მიმართ არ დარჩათ პოზიტიური განწყობა. მე მიყვარდა ჩემი სკოლა და ახლაც მიყვარს ზოგადად სკოლა (იღიმის).
- თქვენი აზრით, დღევანდელ, კომპიუტერის ეპოქაში როგორ და რა წიგნებით შეიძლება ბავშვი ლიტერატურითა და კითხვით დააინტერესო?
- არ ვიცი, კომპიუტერის ეპოქაში ეს როგორ ხდება, ამის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ მგონია, რომ თუ ადამიანი წიგნს ბავშვობიდან შეიყვარებს, შემდეგში ეს უკვე ძალიან სერიოზული საძირკველია. მაგალითად, ჩემი დისშვილი ნანუცა ახლა მესამე კლასში გადავიდა. სამი წლიდან და ცოტა უფრო ადრეც, სადაც მიდიოდა, ყველგან წიგნები დაჰქონდა და მუდმივად გვთხოვდა, მისთვის წაგვეკითხა. ცხადია, წიგნები ჩვენ მივუტანეთ, ჩვენ გადავუშალეთ და მან ისინი ძალიან კარგად მიიღო. შემდეგ უკვე ზეპირად ჰყვებოდა ტექსტებს და ისეთ სახეს იღებდა, თითქოს განცდით კითხულობდა და ძალიან სასაცილო იყო (იღიმის). ახლა ცოტა მეტ დროს უთმობს კომპიუტერს, რაც ძალიან გვანერვიულებს, მაგრამ იმედია, წიგნს არ ჩამოშორდება, რადგან უყვარს. ალბათ ყველა ოჯახში უნდა შეეცადოს მშობელი, რომ ბავშვებს წიგნისადმი დადებითი დამოკიდებულება შეუქმნას.
- საოჯახო ბიბლიოთეკას ვინ ამდიდრებდა და საკუთარი შემოსავლით შეძენილი პირველი წიგნიც დაგვისახელეთ...
- საოჯახო ბიბლიოთეკისთვის წიგნებს დედ-მამა იძენდა, შემდეგ უკვე თავად სტიპენდიიდან გარკვეულ თანხას წიგნებისთვის ვდებდი. ასე შევიძინე იოანე მინჩხის საგალობელთა კრებული, რომელიც მაშინ პირველად გამოიცა. თუკი ვინმესთვის საჩუქარი უნდა მეყიდა, ამ წიგნს ვყიდულობდი. დღევანდელთან შედარებით, წიგნები გაცილებით იაფი ღირდა, ახლა, როცა უამრავ ახალ გამოცემასა და სასურველ წიგნს ხედავ, რთულად ეგუები იმ ფაქტს, რომ შენი შემოსავალი ყველა იმ წიგნს ვერ გასწვდება. ამ შემთხვევაში შეღავათია კომპიუტერი. დაბადების დღეზე მეგობარმა „კინდლი“ მაჩუქა. თავიდან მეგონა, ვერ შევეგუებოდი, მაგრამ ახლა ვეღარ ველევი.
- ანუ, ამ გზით კითხვა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს?
- არა, ვკითხულობ. განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა ბევრი სიარული გიწევს. შეგიძლია იკითხო ტრანსპორტში, ღამით, როცა დაწვები და შუქის ანთება არ დაგჭირდება. ამ თვალსაზრისით „ქინდლი“ ძალიან კომფორტულია. გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ ახლა მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელს“ ვკითხულობ.
- მართლა გამიკვირდა, რატომ გააკეთეთ ამ რომანზე არჩევანი?
- მიხეილ ჯავახიშვილი ძალიან მიყვარს. „არსენა მარაბდელი“ ჩვენი საპროგრამო ნაწარმოები იყო. ახლაც ვერაფრით გავედი ბოლოში, იმხელაა. ბუნებრივია, სკოლაში არ მიყვარდა და მხოლოდ გადაკითხული მქონდა. ერთადერთი ის მახსოვდა, რომ წიგნში ბევრი რამ იყო მოთხრობილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე, ამ თვალსაზრისით ძალიან დამაინტერესა.
- ბოლოს ვის რა წიგნი აჩუქეთ და თქვენ რით დასაჩუქრდით?
- „ქინდლი“ დათო გამყრელიძემ მაჩუქა. მან იცოდა, რომ „არსენა მარაბდელის“ წაკითხვა მინდოდა. ამას ბოლო დროს ხშირად ვამბობდი, ამიტომ დათომ წიგნი „ქინდლში“ ჩამიტვირთა, თორემ ამ ნაწარმოების წიგნად ტარება ძალიან რთული იქნებოდა. მანვე მაჩუქა ბორის აკუნინის „არისტონომია“ , რომელიც საკმაოდ საინტერესო წიგნია. ეს რომანი „ქინდლშიც“ მქონდა და მონაცვლეობით ვკითხულობდი. რაც შემეხება მე, ვცდილობ, ჩემი მეგობრებისა და ნათესავების ბავშვებს წიგნები ვაჩუქო.
- ბევრი წიგნი გექნებათ, რომელსაც ავტორები თავად გისახსოვრებდნენ...
- ძალიან ბევრი. დიდი სიამოვნებაა, როცა წიგნი მოგწონს და თან ის ავტორისგან გაქვს საჩუქრად. მაგალითად, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანები მაქვს, მისივე ხელმოწერით და ეს ჩემთვის დიდი საგანძურია. მაქვს ოტია იოსელიანის ბევრი წიგნი, რომელსაც მისი წარწერები აქვს. თუ ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, ვიტყვი, რომ ჩვენ ვმეგობრობდით და ბატონი ოტია ძალიან საინტერესო ადამიანი გახლდათ. მაქვს წიგნები გურამ დოჩანაშვილის ხელმოწერით, ასევე ეთერ თათარაიძის წიგნები. ვფიქრობ, ქალბატონი ეთერი უნიკალური თანამედროვე მოვლენაა და საქართველომ კიდევ არ იცის, ის როგორი მნიშვნელოვანი ადამიანი და ხელოვანია. მაქვს ბატონი გურამ შარაძის გამოცემული წიგნები, რომლებსაც თითქმის ყველას მისი ხელმოწერა ახლავს. მაქვს ჯემალ აჯიაშვილის წიგნები, მისი თარგმნილი ებრაული პოეზია მართლაც საოცრებაა. ვფიქრობ, ცოტამ თუ იცის ისე ძველი ქართული, როგორც ეს ჯემალ აჯიაშვილმა იცოდა. მისი პატარა წიგნი „შროშანი ღელეთა“ ჩემთვის სასაჩუქრე წიგნი იყო და უამრავი მაქვს გაჩუქებული.
- ვის მიიჩნევთ წიგნიერ ადამიანად, ვისაც გაუოცებიხართ თავისი ცოდნით, გადმოცემისა და თხრობის მანერით...
- ბევრი ასეთი ადამიანი შემხვედრია, მათ შორის არიან ჩემი მასწავლებლები. მაგალითად, ზურაბ კიკნაძე შუამდინარულ მითოლოგიასა და პოეზიას ისე გადმოგცემდა, გიჩნდებოდა განცდა, რომ თავად იყო ამ ყველაფრის ცოცხალი პერსონაჟი. მიუხედავად მოკრძალებულობისა, ძალიან სერიოზული მთხრობელია ბაჩანა ბრეგვაძე. ძალიან მორიდებული ადამიანია, ძნელად „იხსნება“ , მაგრამ წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ მალხაზ ხარბედიას მოთხრობა-ანოტაციები მაქვს წაკითხული, კარგად იკითხებოდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი მთხრობელიც იქნება. ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი, ბევრი, ბევრი საინტერესო ადამიანია საქართველოში.
ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“




















