17 ივლისი, 2015
რას ჰყვებოდა 1960 წლის წყალდიდობაზე ზოოპარკის მაშინდელი დირექტორი გივი გოგსაძე
ბაბუს გული სწყდებოდა იმაზე, რომ ეს ჩანაფიქრი არ განხორციელდა თბილისის ზოოპარკს 1960-1972 წლებში გივი გოგსაძე დირექტორობდა. ქეთი ავალიანი მისი 4 შვილიშვილისგან ერთ-ერთია, რომელმაც ბაბუას შესახებ გვიამბო...

- ბაბუა დაიბადა და გაიზარდა ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩის #11-ში, სიბერე კი პეკინზე გაატარა, ზოოპარკთან ახლოს. ბაბუას ოთხი პროფესია ჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო დიპლომატია, რომელიც მოსკოვში შეისწავლა. ცხოველები იმდენად უყვარდა, რომ თბილისში ვეტერინარული განათლებაც მიიღო. არ ვიცი, როგორ და ვინ წარადგინა, მაგრამ 1960 წელს ის ზოოპარკის დირექტორი გახდა. ყველაზე
საინტერესო ისაა, რომ ყველა ახალჩამოყვანილ ცხოველს ჯერ თავის კაბინეტში ათავსებდა და მერე გადაჰყავდა ვოლიერებში. ასე ჰყოლია კაბინეტში პატარა ნიანგი, პინგვინი, ციყვები და ზოოპარკის სხვა ბინადრები. ბაბუა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, როცა მე 23 წლის ვიყავი. ბავშვობაში შაბათ-კვირას ბებია-ბაბუასთან მტოვებდნენ და ძილის წინ ბაბუა ყოველთვის მიყვებოდა ზოოპარკის ამბებს.

- რომელიმე ცხოველისადმი გამორჩეული დამოკიდებულება თუ ჰქონდა?
- გამორჩეულად უყვარდა მაიმუნი''ჩიტა~. ერთხელ ის ზოოპარკიდან გამოიქცა. ვარაზის ხევის დასაწყისში კაფე-სასადილოში შესულა. შეშინებული სტუმრები გაქცეულან.''ჩიტა''დამჯდარა მაგიდასთან, უჭამია საჭმელი, დაულევია ლუდი. დასახმარებლად''მერვე პოლკის''ჯარისკაცებისთვის მოუხმიათ, მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ ბაბუამ წინააღმდეგობა გაუწია. შიმპანზეს მომვლელი მოაყვანინა.''ჩიტა''არ მიჰყვებოდა, მაგრამ როცა მის ძიძას ტირილი დაუწყია, შესცოდებია და ზოოპარკში''თავისი ფეხით''გაჰყოლია.''ჩიტა''ძალიან მოუსვენარი ყოფილა, მაგრამ ბაბუასთან მეგობრობდა. როგორც ვიცი, ის მეორედაც გაქცეულა. მოსეირნე ქალისთვის ჩანთა წაურთმევია, ნაყინიც, რომელსაც ჭამდა და ჩანთაგადაკიდებული ხეზე ამძვრალა. სანამ ბაბუა არ მივიდა და არ უთხრა, ჩამოდი, სიგარეტი მოვწიოთო, არ ჩამოსულა. როგორც ვიცი, დღესასწაულებზე''ჩიტა''ტანსაცმელს იცვამდა, კედებს ატარებდა და ბაბუას ნაჩუქარი საათი ეკეთა.

- ზოოპარკში მისი კოლეგები საქართველოს მკვიდრნი იყვნენ თუ მოწვეული სპეციალისტები?
- თანამშრომლები აქაურები იყვნენ. ბაბუას სხვადასხვა წელს გადაღებულ ფოტოებზე დაფიქსირებული არიან განყოფილების უფროსები, ზოოპარკის თანამშრომლები და მთელი მაშინდელი კოლექტივი. თუ არ ვცდები, ბაბუას შემდეგ ზოოპარკს მისი მოადგილე დირექტორობდა, რომლის სახელი, სამწუხაროდ, არ მახსოვს. ხოლო ბაბუამდე ვინც იყო, დირექტორი რომ გახდა, ის კაცი თავის მოადგილედ დატოვა. ისიც ვიცი, რომ დირექტორობის 12 წლის განმავლობაში მას არასოდეს გაუთავისუფლებია რომელიმე თანამშრომელი.

აღსანიშნავია, რომ ბაბუას დროს ზოოპარკში ძალიან ბევრი ცხოველი იყო. მეამაყება, რომ მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო და ისიც ბაბუას დროს, რომ თბილისის ზოოპარკს ჟირა-ფი ჰყავდა. მაშინდელ ზოოპარკს კარგი ურთიერთობა ჰქონდა პრაღის, ვარშავისა და ბერლინის ზოოპარკებთან. ბუნებრივია, ცხოველები საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავდა და მატარებელი იყო თუ თვითმფრინავი, ყოველთვის მათთან ერთად, ცხოველების განყოფილებაში ჯდებოდა.

- 1960 წლის წყალდიდობაზე რას ჰყვებოდა?
- დანამდვილებით არ ვიცი, რამდენი ცხოველი შეეწირა მაშინ ვერეს ადიდებას. წყალდიდობის დროს ბაბუა ვეფხვების ვოლიერში სანთლით ახალდაბადებული ბოკვრების გადა-სარჩენად შესულა. ამბობდა, ვეფხვი დედის ინსტინქტით მიხვდა, რომ მისი შვილების დასახმარებლად მივედი და არც კი განძრეულაო. ვოლიერიდან ბოკვრები ხელში აყვანილი გამოიყვანა და გადაარჩინა. ამ ამბავზე სულ ვტიროდი და ბაბუ საოცრად მამაცი მეჩვენებოდა. მაშინ თქვა, ბევრი ცხოველი დაიხოცაო, თუმცა ვიცი, რომ მსხვერპლი ისეთი რაოდენობით არ ყოფილა, როგორც ახლა, 13-14 ივნისს მოხდა. ბაბუა სულ ჩიოდა, რომ მოუწესრიგებელი და გაუმართავი იყო სანიაღვრე სისტემები და წვიმის დროს ზოოპარკში ყოველთვის იქმნებოდა პრობლემები. 1960 წლის წყალდიდობის შემდეგ სწორედ მისი იდეა იყო, რომ ზოოპარკი თბილისის ზღვაზე გადაეტანათ.

- ზოოპარკში ცხოველების კვების თემაზე ვისაუბროთ...
- ამ თემაზე დღემდე დადის ლეგენდები და ჩემს ოჯახში ახლაც სალაპარაკო თემაა (იღიმის). დედა ბაბუაზე ხუმრობდა, მგონი, მას ოჯახზე მეტად ცხოველები უყვარსო. ბაბუს დროს ცხოველები''დელიკატესებით''იკვებებოდნენ.
ერთხელ ბაბუ სამსახურიდან შინ მისულა. განჯინა გაუღია და იქ ხილის ჯემების ქილები დახვედრია. ჩხუბი დაუწყია, ესენი აქ საიდან გაჩნდაო. ბებიას გაჰკვირვებია, მაღაზიაში ვიყიდეო. საქმე ისაა, რომ ბაბუ სწორედ ასეთი ჯემებით კვებავდა მაიმუნებს. წარმოიდგინეთ, როგორ ჰყავდა საკვებით განებივრებული სხვა ცხოველებიც (იღიმის).
ბოლოს ბაბუ პატივისცემის ნიშნად ზოოპარკში კონსულტანტად მიიწვიეს. 80 წლის კაცი ყოველ დილას მიდიოდა ზოოპარკში შემოვლაზე, როგორც ამას უწინ, დირექტორობისას აკეთებდა.

- ვინ იყო მისი მეუღლე? ოჯახზეც ვისაუბროთ...…
- ლამარა ქუნთელია, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ბაბუსა და ოჯახს მიუძღვნა. ბებია პროფესიით ქიმიკოსი გახლდათ. მათ ორი შვილი ჰყავდათ: დედაჩემი თამარი და დეიდა ეთერი. ბაბუს ოთხი შვილიშვილი ვყავდით. მე პროფესიით არქიტექტორი ვარ, მაგრამ ამჟამად პოლიტიკურ ფსიქოლოგიას ვეუფლები, ხოლო ჩემი ძმა - ვაკო ავალიანი თქვენი კოლეგაა.

- ზოოპარკი 1927 წელს დაარსდა და დღემდე იმავე ადგილასაა. 60-იან წლებში შეიქმნა ახალი ზოოპარკის პროექტი, თუმცა ჩანაფიქრი არ განხორციელდა...
- ბაბუ მეგობრობდა არქიტექტორ ლადო ალექსი-მესხიშვილთან და მას სთხოვა ზოოპარკის პროექტის შექმნა. ისინი გერმანიაში გაემგზავრნენ, მოინახულეს და შეისწავლეს ვარშავისა და ბერლინის ზოოპარკები. ლადო ალექსი-მესხიშვილმა შექმნა პროექტი, რომელიც მილიონი მანეთი ჯდებოდა. საბჭოთა კავშირმა ჯერ თანხმობა განაცხადა დაფინანსებაზე, მაგრამ შემდეგ გამოხმაურება აღარ ყოფილა.''გორპროექტში''ინახებოდა ყველა ის პროექტი, რომელიც რეალიზდებოდა და ისინიც, რომელიც არ ხორციელდებოდა და თაროზე რჩებოდა. ახლა ძიების პროცესში ვარ და მინდა მივაკვლიო. ბაბუს გული სწყდებოდა იმაზე, რომ ეს ჩანაფიქრი არ განხორციელდა.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS