28 ივლისი, 2013
ფოტოხელოვანი, რომლისთვისაც მოგზაურობის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია
ტაილანდში „ვეფხვების მონასტერში“ ვეფხვებთან რომ შედიხარ, რამდენიმე წესი უნდა დაიცვა. ერთ-ერთი ისაა, რომ ჩანთა არ უნდა გეკეთოს. ვეფხვს უყვარს წათამაშება და ამ დროს შეიძლება შენც დაგაზიანოს. მე მხარზე გადაკიდებული კამერით დავდიოდი, რაც ხშირად გამხდარა შენიშვნის მიზეზი
მინდია მიდელაშვილმა ფოტოების გადაღება „ზენიტით“ დაიწყო. ის ფოტოაპარატი ბებიამ მამამისს აჩუქა, ხოლო მან შვილს გადასცა. მას შემდეგ ფოტოაპარატი ხელიდან აღარ გაუშვია, უბრალოდ, წლებთან ერთად მათი დასახელება და ბრენდი იცვლება... „ჩვეულებრივ“ ფოტოებს მზით ნაბეჭდი ფოტოები მოჰყვა. ახლა საკუთარი ფოტოების აქსესაურებზე
დატანაც დაიწყო. რაც შეეხება მზით ნაბეჭდ ფოტოებს, ეს ტექნოლოგია ორი საუკუნის წინ აღმოაჩინეს. ფოტო ორიგინალია, ხელით დაბეჭდილი და მზის სხივებითაა გამჟღავნებული. ჩარჩოში მოთავსებულ გამოსახულებას ფოტოს ეფექტიც აქვს და იმავდროულად ნახატსაც ჰგავს...

სიცოცხლე ფოტოზე...

უყვარს პორტრეტები და „ქუჩის“ ფოტოგრაფია. არქიტექტურული ძეგლებისა და მსგავსი ღირსშესანიშნაობების გადაღება არ ხიბლავს. თუ ნაგებობის გარშემო ადამიანები არ ფუსფუსებენ, ის გარემო მკვდარი ეჩვენება.
მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, თუ ხასიათზე არ არის, შეიძლება ერთი კადრიც არ გადაიღოს. კონკრეტული დაკვეთები აქვს ორგანიზაციებიდან, მაგრამ მისთვის მთავარი საკუთარი ოცნებების რეალიზება და „მუზების გაცოცხლებაა“ . აქტიური, მოძრავი ადგილები უყვარს, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის დელი. იქ ჩასულს პირველ დღეს გაუჭირდა ადაპტაცია, მთებს მიაშურა, სადაც სიმშვიდე დახვდა. მეორე დღიდან დაიწყო იმ რიტმთან შეგუება, რაც ინდოეთის ამ ქალაქს ახასიათებს. ტაილანდში კი სრული უძრაობა დახვდა და მიხვდა, რომ იმ მონოტონურ გარემოში დიდხანს ვერ გაძლებდა. მარადიულ ქაოსში ყოფნა რთულია, მაგრამ ეს რეალობა ენერგიის აღდგენაში ეხმარება...
ყოველი დღე გაწერილი აქვს. ყოველთვის წინასწარ იცის, სად უნდა წავიდეს და რა უნდა მოინახულოს. ფოტონამუშევრების გარდა, საკუთარი შთაბეჭდილებების გადმოცემას ტექსტურადაც ახერხებს. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად წერს, რასაც მის ფოტოებზე დართული დღიურებიდან ამონარიდები ადასტურებენ...
Rating

სამი ახდენილი ოცნება

აფრიკა მისთვის ერთ-ერთი ოცნებათაგანი იყო, რომლის განხორციელებაც სურდა. „ეთიოპია არის ქვეყანა, რომელიც თავისი უნიკალურობით გამოირჩევა. იქ რამდენიმე ტომი იყრის თავს, რომლებიც თავიანთი ვიზუალითა და ტრადიციებით განსხვავდებიან. რაც უფრო მრავალფეროვან გარემოში ხარ ფოტოგრაფი, მუშაობისთვის მეტი სტიმული გაქვს, შესაბამისად, ეს იყო ძალიან დიდი მაგნიტი, რომელიც მეძახდა და ერთ დღესაც საბოლოოდ მიმიზიდა“ , - ასე ახსნა 2013 წლის მარტში თავისი მოგზაურობა აფრიკაში ფოტოხელოვანმა.
თუმცა მანამდე გადასაღებად ინდოეთს ესტუმრა და ამ ქვეყანაში დღემდე უკვე ორჯერ ჩავიდა. ინდოეთში თავს შინ-აურად გრძნობს. ფერთა სიმდიდრითა და სიჭრელით მას ვერც ერთ სხვა ქვეყანას ვერ ადარებს.
პირველ განხორციელებულ ოცნებას ტაილანდი და ეთიოპია მოჰყვა. ამ ქვეყნებიდან უამრავი ფოტოთი დახუნძლული დაბრუნდა თბილისში. სულ ბოლოს, აფრიკაში გატარებული რამდენიმე კვირის შედეგი ეროვნულ მუზეუმში გამოფინა. ათასზე მეტი ფოტოდან ძალიან გაუჭირდა სამოცდაათის შერჩევა. ეს მოგზაურობა არ ყოფილა კონკრეტული დაკვეთა, იღებდა მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ და ისევ „მუზები გაეცოცხლებინა“ .
Rating
მინდია მიდელაშვილი 2004 წელს თავის პირველ თემატური გამოფენას არცთუ დადებითად აფასებს. მიაჩნია, რომ მას შემდეგ „გაიზარდა“. მაშინდელ და დღევანდელ ფოტოებს შორის დიდ განსხვავებას ხედავს. ამბობს, რომ ფოტოებზე პროგრესი შეიმჩნევა. „თავიდან, როცა ძიების და ექსპერიმენტების პროცესში ხარ, შეცდომებს უშვებ. კი, ფოტოგრაფიაში ძიება მარადიულად გრძელდება, მაგრამ არის ნიუანსები, რომლებიც ჯერ არ იცი, უბრალოდ, არ ხარ შესაბამისად დაოსტატებული და ეს ყველაფერი გამოცდილებას მოაქვს...“

პროფესია და ნომერი პირველი საქმე

- მხატვრების ოჯახში გავიზარდე. ხელოვნებასთან ინტენსიურად შეხებამ დიდი გავლენა იქონია ჩემზე. პროფესიით დიზაინერი ვარ. სამხატვრო აკადემია 2006 წელს დავამთავრე. მეორე კურსზე ვსწავლობდი, როცა ფოტოების გადაღებამ გამიტაცა, მას შემდეგ ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. თითქმის ყველაფერმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. ეს არის კარგი „საწამლავი“ . ფოტოგადაღება ერთხელ თუ მოსინჯე, მერე ძნელია გონებიდან ამოიგდო. გადაღებები თვეობით იგეგმება და ამაზე გამუდმებით ფიქრობ. შენი გონება ერთ კონკრეტულ სფეროს ემსახურება. შედეგი რომ რეზონანსს იწვევს, სასიამოვნოა. თუმცა შენ მხოლოდ ამისთვის არ მუშაობ, არამედ იმიტომ, რომ სიამოვნებას იღებ, ამის მოთხოვნილება გაქვს, ისევე, როგორც გშია და გწყურია.
Rating

„აკრძალული ხილის“ ფენომენი

- ჩემთვის ცუდი მოსასმენია, როცა მეუბნებიან, არ წახვიდე, საშიშიაო. შენ კი სწორედ იმ ადგილას გინდა წასვლა. არის უსიამოვნო მომენტებიც, რადგან ფოტოგრაფი ყოველთვის კარგი სამიზნეა. ტურისტს შეიძლება ჰქონდეს პატარა ფოტოაპარატი და პლასტიკური ბარათი, მაგრამ ფოტოკამერითა და ლინზებით აღჭურვილი ფოტოგრაფი არაერთ ქვეყანაში კარგი ნადავლია. ბევრჯერ მომიხდა თავის დაცვა, მაგრამ ჯერჯერობით მეც გადარჩენილი ვარ და შესაბამისად, ჩემი აპარატურაც.
Rating
აკრძალვის მიზეზი შეიძლება იყოს კრიმინოგენური გარემო, რომელიც ფოტოგრაფისთვის არცთუ სასურველია. არსებობს სხვადასხვა ტიპის კამერები, პატარა და უხმო კამერით გადაღება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მე რომელი კამერითაც ვმუშაობ, საკმაოდ შემაწუხებელია. ასეთ ვითარებაშიც მიმუშავია და საბედნიეროდ, გადავრჩენილვარ...
Rating

„ყვითელი შავში და პირიქით“ ...

ამონარიდი დღიურიდან: „...უკვე მეშვიდე საღამოა, რაც ვეფხვების მონასტერში ვცხოვრობ... ბინდდება... თუ სმენას და-ძაბავ, ბერების ლოცვის ხმას გაიგონებ. მზე გადაცურდა, მაგრამ მაინც ცხელა. ცხელია მიწა... მოწითალო ფერის... ოცდა-თორმეტი გრადუსია.. რაც უფრო ბინდდება, მით უფრო იმატებს გაურკვეველი ხმები. მონასტრის მიდამოებში უამრავი ცხოველი ბინადრობს: ირმები, აქლემები, კამეჩები, ფარშავანგები, ტახები. ისინი თავისუფლად დაიარებიან... ხოლო ლომები, დათვები, ლეოპარდები, რა თქმა უნდა, გალიაში არიან“ ... აქ ბერები და ვეფხვები მეგობრობენ, ძნელად ეგუებიან უცხოს. მინდიამ შეძლო და ცხოველების გვერდით არაერთი დღე გაატარა. მონასტერში, როგორც ვეფხვების მომვლელი, ისე მიიღეს...
- ტაილანდში „ვეფხვების მონასტერში“ ვეფხვებთან რომ შედიხარ, რამდენიმე წესი უნდა დაიცვა. ერთ-ერთი ისაა, რომ ჩანთა არ უნდა გეკეთოს. ვეფხვს უყვარს წათამაშება და ამ დროს შეიძლება შენც დაგაზიანოს. მე მხარზე გადაკიდებული კამერით დავდიოდი, რაც ხშირად გამხდარა შენიშვნის მიზეზი, როცა კარგ კადრს ვხედავდი, ფოტოს ვიღებდი. ამის გამო მონასტერში პრობლემები შემექმნა. შემდეგ პირდაპირ მითხრეს, რომ ტერიტორია უნდა დამეტოვებინა, რადგან მუდამ კამერითა და ჩანთით მოძრაობა საშიში იყო. ვითხოვე, ვეფხვებთან მიახლოების საშუალება გარკვეულ საათებში მაინც მოეცათ. ბოლოს ვიპოვე გამოსავალი, კამერას ვტოვებდი იმ ოთახში, სადაც ვცხოვრობდი და ვეფხვებთან მაინც შევდიოდი. სხვა შემთხვევაში ყოველთვის მიჩნდებოდა სურვილი ფოტო გადამეღო, ცდუნება კი საკმაოდ დიდი იყო.
კვლავ ამონარიდი დღიურიდან:
„ვეფხვების მონასტერში ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობა იყო ვეფხვების თამაში წყალში, სადაც ისინი საოცარი მოქნილობით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ ერთმანეთისთვის, ვინ იყო მათ შორის ყველაზე ძლიერი...“
Rating

პორტრეტები

- საინტერესო სახეებს ნებისმიერ ადგილას შეიძლება წააწყდე. ყველა ინდივიდია, ყველას აქვს თავისი ხასიათი. პორტრეტი გაძლევს საშუალებას, ნაკვთების გარდა, ადამიანის შინაგანი სამყარო წაიკითხო, მიხვდე, რა ცხოვრებით იცხოვრა, ვინ არის და როგორია. ზოგადად, საკმაოდ რთულია პორტრეტის გადაღება, თუმცა ყველას ადვილი ეჩვენება.
პოლიტიკოსები? - ვიღებ. ახლახან დასრულდა ფოტოპროექტის „მე - უნივერსიტეტის“ მეორე სერიის გადაღებები. მალე მესამე დაიწყება და როგორც ვიცი, სულ 95 პორტრეტი უნდა გადავიღოთ. ამ პროექტში უნივერსიტეტდამთავრებული წარმატებული ადამიანების ფოტოებს ვიღებთ. ეს სამუშაო ჩემთვის ძალიან აზარტულია. ადამიანები, რომლებსაც ცოტა დრო აქვთ, შემოდიან უცხო გარემოში, სადაც ვხვდები მე და ის უნდა მივიდეს იმ კონდიციამდე, რომ ძალიან ბუნებრივად გაიღიმოს. თან, ყველა სხვადასხვა პროფესიის ადამიანია. ყოველთვის წინასწარ ვიცი ფოტორესპონდენტის ვინაობა. ზოგი ძალიან შეწუხებულია, ზოგი მოტივირებულია, რამე გითხრას, ზოგიც დაბნეული. ზოგიც იმდენად შეუვალია, რომ ბევრს ვწვალობ. თვითონაც არ ელოდებიან, ისეთ შედეგს ვიღებთ. მაგალითად, ბატონი კახა ბენდუქიძე სამჯერ მივაბრუნე გადაღების ადგილას, არ უნდოდა გადაღება, მაგრამ ყველაზე ბედნიერი მისი კადრი გამოვიდა.
Rating
მოდელების პორტფოლიოებზეც ვმუშაობ, მაგრამ წინასწარ აუცილებლად უნდა ვნახო იმ მოდელის ფოტო, რომელთანაც მომავალში თანამშრომლობა მომიწევს. თუ არის ის ტიპაჟი, რომელზეც კომპოზიცია აეწყობა, გარკვეულწილად მუზის როლს ითამაშებს, მაშინ ვთანხმდები. იცით, რა შემთხვევაში ვამბობ გადაღებებზე უარს? - როცა გოგონას ბებია ეუბნება, მიდი, მიდი, მაღალი ფეხები გაქვს, იქნებ გამოვიდეს შენგან რამეო. ასეთი ოჯახი ბევრია საქართველოში, მაგრამ როცა არანაირი პლასტიკური მონაცემები არ აქვს, არანაირი მუხტი არ მოდის მისი თვალებიდან, უარს ვამბობ. ეს არ არის ამბიცია, უბრალოდ, ვერ ვხედავ კადრს. როცა ვგრძნობ, კარგი შედეგი იქნება, შემიძლია დრო და ენერგია დავხარჯო. და თან ისე, რომ ამას არავითარი ფინანსური დაინტერესება არ ახლდეს, მაგრამ როცა ვიცი, არაფერი გამოვა, მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოს ვერ შევასრულებ...
Rating
ამას წინათ, გურამ წიბახაშვილის პორტრეტები გადავიღე და ვერ წარმოიდგენთ, რამდენად სასიამოვნოა, როცა ადამიანისთვის უცხო ნივთი არ არის ფოტოაპარატი. ძალიან კარგი ფოტოები გამოვიდა, რადგან მას იდეალურად ესმის თავისი საქმე. ანალოგიური შემიძლია ვთქვა რამდენიმე მოდელზე, მათ შორის სალომე ღვინიაშვილზეც - ის ბრწყინვალედ მუშაობს. გარდა იმისა, რომ ლამაზია, იცის, ფოტოგრაფს რა სჭირდება კარგი კადრისთვის. რადიკალურად განსხვავებული შარმის მქონეა ნინო ცქიტიშვილი, უცხო ტიპაჟია და ყოველთვის კარგი ფოტოები გამოდის. ფანტასტიკური გამოვიდა ირინა ონაშვილის ფოტოსესიაც...

ფოტოაქსესუარები...

- მანდილოსნებისთვის ახალი პროექტი მაქვს და ეს არის ფოტოსამკაულები. რჩეულმა ფოტოებმა გადაინაცვლა ბეჭდებსა და კულონებზე. ეს აქსესუარები უკვე იყიდება. ეთიოპიაში გამგზავრებამდე, ინტერნეტში წავაწყდი სამკაულში ჩასმულ ფოტოს. დამაინტერესა ტექნოლოგიამ და თბილისში რომ დავბრუნდი, ავითვისე. მასალა ცივი რეზინია, 24 საათი სჭირდება გაშრობას და მზად არის. ეთიოპიის გამოფენის მზადების პარალელურად, სამკაულზეც ვმუშაობდი. ახლა ამავე ფოტოებს აგვისტოში ბათუმშიც წავიღებ და გამოფენა იქაც გაიმართება. ჯერჯერობით საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებ... შემდეგი ქვეყანა?! ვერ გეტყვით, რომელი იქნება... ჯერ არ ვიცი, საიდან დაუბერავს ზურგის ქარი...
Rating

ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ზურა
კარგია როდესაც ესეთი ნიჭიერი ადამიანები არსებობენ...
11:05 / 29-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS