- სახლი, სადაც ვცხოვრობ, ბაბუაჩემის სახელობის ქუჩის, რამაზ ჩხიკვაძის #1-ში მდებარეობს, უწინ ის ჭავჭავაძის ქუჩის #5 იყო. მეხუთე სართულზე ვცხოვრობ. ჩემი აივნიდან ჩანს გმირთა მოედანი, მზიური და ზოოპარკი. აქვე შენდება ერთი სახლი, თუმცა არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილია მისი

- იმ ღამის დეტალები გაიხსენე...
- ჩემს ოთახში კომპიუტერთან ვიჯექი, როცა შუქი გაითიშა. აივნიდან გავიხედე, რომ მენახა, ეს მარტო ჩემთან მოხდა, თუ მთლიანად უბანში წავიდა დენი. დავინახე, რომ ე.წ. ვაკე-საბურთალოს გზაზე ადიდებულ წყალში მანქანები გაურკვეველი მიმართულებით მოძრაობდნენ. მაშინვე სახლში შემოვბრუნდი. ვინაიდან ტელევიზიაში ვმუშაობ, კამერა ყოველთვის გამზადებული მაქვს. მართალია, სიბნელე იყო, მაგრამ მაინც დავიწყე გადაღება. ესტაკადაზე ჩანდა მანქანებიდან გადმოსული ხალხი, რომლებიც გმირთა მოედნის მიმართულებით გაქცევას ცდილობდნენ. მანქანებიც ბრუნდებოდნენ მოედნისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ვერ ახერხებდა წყლისთვის თავის დაღწევას. ხალხის საშინელი ყვირილი ისმოდა. ყველა დახმარებას ითხოვდა. ვიდეოშიც ისმის ბავშვების ხმა, რომლებიც ''დედას'' ყვირიან. იქვე მაშველების მანქანა ''ციმციმებდა''. ჯერ ვერ გამოჰყავდათ ხალხი, მაგრამ შემდეგ შეძლეს დახმარება. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმ მანქანების უმეტესობიდან, რომლებიც ჩემს ვიდეოში ჩანს, მაშველებმა ხალხი გამოიყვანეს.
- შენ როცა გაიხედე, სამაშველო სამსახური უკვე იქ იყო?
- დიახ. არ ვიცი, გამოძახების შედეგად, თუ უბრალოდ, უკვე მანდ იყვნენ, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა, მაგრამ ჩემს კადრებში ნათლად ჩანს მათი მანქანა. თავიდან ის ფოტოებზე ესტაკადაზე კარგად მოჩანს, მაგრამ შემდეგ სამაშველო სამსახურის მანქანაც წყალმა დაფარა. შემდეგ ჩვენს ეზოშიც მოვიდა პატრულის ორი მანქანა.

ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ტაქსის მძღოლიც, რომელიც მიწის პატარა მონაკვეთზე, რომელიც წყალს არ ჰქონდა დაფარული, მანქანის სახურავზე იჯდა და დახმარებას ითხოვდა. ვფიქრობ, პატრულის თანამშრომლებმა შეძლეს მისი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.
- რამდენ წუთს გრძელდება ამ ტრაგედიის ამსახველი ვიდეო?
- ერთი ვიდეო 2 წუთი და 16 წამი გრძელდება, თუმცა მის გარდა გადაღებული მაქვს კიდევ ხუთი ვიდეო, რომლებიც არც ინტერნეტში გამივრცელებია და არც სოციალურ ქსელში გამომიქვეყნებია. ვინაიდან ''იმედში'' ვმუშაობ, ეს კადრები ამ ტელევიზიას გადავეცი.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტნგი''