22 ივნისი, 2015
თბილისის სტიქია ჩვენი დროის აპოკალიფსი და ზოოპარკის დეჟავიუ
ზოოპარკში სხვადასხვა დროს ბევრი ცნობილი მეცნიერი მუშაობდა წყალდიდობამ თბილისში ადამიანთა მსხვერპლი, ზოოპარკის ცხოველების და ღუპვა და განადგურებული ინფრასტრუქტურა დატოვა. სხვადასხვა წელს ადიდებულ, კალაპოტიდან გადმოსულ მტკვარს არ მოჰყოლია ისეთი მძიმე შედეგები, რაც გაცილებით პატარა მდინარე ვერეს ადიდებამ გამოიწვია. ეს სტიქიის შედეგი იყო თუ ადამიანების გაუფრთხილებელი უგუნური ნაბიჯების ბრალი, სპეციალისტები დაადგენენ...

თბილისის ზოოპარკის ისტორია 1927 წლის 10 თებერვლიდან დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, აღნიშნული საზოგადოების ბაზაზე ზოოლოგიური პარკი დაარსდა და მას ვერეს ხეობაში 70 ჰექტარი
მიწის ფართობი გამოეყო. ზოოპარკის პირველი დირექტორი გაბრიელ განსონი გახდა.

წარმოშობით შვედ ინჟინერმშენებელს ზოოპარკში მუშაობის დაწყებამდე ამიერკავკასიაში ერთადერთი, ქვემო ქართლში მდებარე ყულარის ცხენსაშენის დირექტორის თანამდებობა ეკავა. ზოოპარკის გენერალური გეგმის შედგენაზე ერთობლივად მუშაობდნენ მოსკოვის ზოოპარკის სამეცნიერო კვლევითი ნაწილის ხელმძღვანელი, ლენინგრადის ზოოპარკის არქიტექტორი და ქართველი მეცნიერები. ცხოველთა არსებობის ბუნებრივი გარემოს გათვალისწინებით, ზოოპარკში, შეძლებისდაგვარად, ხელოვნურად იქმნებოდა ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები: კლდეები, ჩანჩქერები, აუზები და სხვა.

ზოოპარკში სხვადასხვა დროს ბევრი ცნობილი მეცნიერი მუშაობდა. მათ შორის ცხოველთა ფიზიოლოგიის სკოლის ფუძემდებელი საქართველოში, აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი, რომელიც პრიმატებზე სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარებით იყო ცნობილი. დროთა განმავლობაში თბილისის ზოოპარკმა ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. განსაკუ თრებით მძიმე პერიოდი გასული საუკუნის 90იან წლებში
დაუდგა. ჩვენი ქვეყნის უკიდურესად მძიმე წლები ზოოპარკის ბინადართა პირობებზეც ისახებოდა.

ილუზია არავის აქვს, რომ მას შემდეგ თბილისის ზოოპარკში მსოფლიო სტანდარტებთან მიახლოებული პირობები იყო შექმნილი და ისიც ვიცით, რომ ბინადრები მაქსიმალურ კომფორტში არ ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო ათი წლის განმავლობაში ზოოპარკში არსებული ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა.

2006 წლიდან თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძეა. ბოლო ხანს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოყვანილი ცხოველების რიცხვმა 300ს მიაღწია. აქვე განთავსებული იყო ეგზოტარიუმი, სადაც დამთვალიერებლებს ქვეწარმავალთა და ზღვის ბინადართა ხილვაც შეეძლოთ.

2015 წლის 13 ივნისს ძლიერი წვიმის დროს ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისის ზოოპარკი თითქმის ბოლომდე გაანადგურა და მის ბინადართა 50% ცოცხალი აღარაა. დღემდე ვერე არაერთხელ ადიდებულა, თუმცა მსგავსი მასშტაბური ტრაგედია მის ნაპირებზე არასოდეს დატრიალებულა.

ამ ეტაპზე ზოოპარკის გადატანა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. არსებობს პროექტიც, თუმცა მისი მიხედვით იხელმძღვანელებენ თუ ხელახლა გამოცხადდება კონკურსი, უახლოეს მომავალში გადაწყდება.

ისტორიულ წყაროებში მდინარე ვერეს ''სკვირეთისა'' და ''სკორეთის'' სახელით მოიხსენიებენ. პირველ ცნობებს მასზე ვახუშტი ბაგრატიონსა და ლეონტი მროველთან ვხვდებით. დღეს თბილისელების დიდი ნაწილი მდინარეს ''ვერა რეჩკას'' ეძახის. ვერეს ადიდებას 1960 და 1972 წლებშიც უმსხვერპლია ცხოველები. ედიშერ ყიფიანს, რომლის სახელი უპირველესად მის ერთერთ ყველაზე ცნობილ რომანთან ''ცაში ასროლილი ქუდები'' ასოცირდება, უბის წიგნაკში ჩანაწერი გაუკეთებია. მწერლის 1960 წლის 4 ივლისით დათარიღებულ ხელნაწერში ვკითხულობთ: ''ტრაგედია დატრიალდა დღეს თბილისში. დილის 9 საათზე მოვიდა დიდი წვიმა, ადიდებულა მდინარე ვერე და მოგლეჯილი ხეებითა და ლოდებით ამოუვსია ვარაზისხევის ქუჩის ქვეშ გაყვანილი გვირაბი, შეგუბებულა წყალი და ამოუხრჩვია ზოოპარკი!

როცა გალიაში მიწით დასილული და უძრავად მწოლიარე ვეფხვი დავინახე, კინაღამ ავტირდი. ყველა ლომი, ყველა ავაზა და ყველა ვეფხვი დაიხრჩო. წარმოვიდგინე, როგორ ებრძოდნენ წყალს, როგორ გაჰყვეს ნესტოები გალიის ჭერში, რკინებს შორის, ეს იყო მათი უკანასკნელი გაბრძოლება, მერე წყალმა გალიის ჭერიც დაფარა. ლომი წყლით დამხრჩვალა იმიტომ, რომ დატყვევებული იყო და არწივიც იმიტომ, რომ დატყვევებული იყო!

მაჟრჟოლებს ხოლმე, როგორ მენანება, როგორ მეცოდება მხეცები, იმიტომ, რომ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ. რა მოულოდნელი იყო ალბათ ეს წყლის შემოტევა მათთვის, უფრო მოულოდნელი, ვიდრე ადამიანისათვის იქნებოდა, მხოლოდ ბეჰემოთმა შეძლო რკინის ფანჯრის გამომტვრევა და გათავისუფლება. იმ საღამოს იგი უძრავად იწვა საზაფხულო ვოლიერში და მძიმედ ქშინავდა ბრძოლაგადახდილი. როგორ მეცოდებიან ლომები, ვეფხვები და არწივი.

ის ღრუბლები მოვიდნენ აფრიკიდან''...
უახლოეს წარსულში, კერძოდ, 1972 წელს მტკვარი ისე ადიდდა, რომ ჯებირებიდან გადმოვიდა და რამდენიმე მანქანა წაიღო კიდეც. სტიქია ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. 2012 წელს ორთაჭალაშიც იყო წყალდიდობა, უხვი ნალექი დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. 2015 წლის 1314 ივნისის ღამის წყალდიდობის დროს კი ვაკესაბურთალოს ტერიტორიაზე გაცილებით უხვი ნალექი მოვიდა.

დაბოლოს, ამ ტრაგედიამ თბილისის კიდევ ერთი წყალდიდობა გაგვახსენა. XIII საუკუნის ერთი სპარსული გეოგრაფიული თხზულების მიხედვით ვიგებთ, რომ იმ პერიოდის თბილისში 65 აბანოა და ყველა მათგანში წყალი ''უცეცხლოდაა ცხელი''. XIX საუკუნის 50იან წლებში აბანოთუბანში არაერთი აბანო ფუნქციონირებდა, რომელიც ყოველთვის სავსე იყო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრებით. 1955 წელს სუმბათაშვილის აბანოს კოლექტორში წყალმა ხის მორები და ტალახი ჩაჭედა. მოულოდნელად მოვარდნილმა წყალდიდობამ 60მდე ადამიანი იმსხვერპლა. ტრაგედია შენობას ''დააბრალეს'' და გუმბათები დაანგრიეს, მაგრამ წლების შემდეგ მისი აღდგენა მოხერხდა.

ანა კალანდაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS