16 ივნისი, 2015
16 წლის ქართველი კალათბურთელის წარმატება საზღვარგარეთ - ვინ არის ნიკოლოზ ბუტიკაშვილი
ამერიკის სამი სკოლიდან მაქვს შემოთავაზება ნიკოლოზ ბუტიკაშვილი 16 წლისაა და მის ცხოვრებაში უკვე ძალიან ბევრი რამ მოხდა. 15 წლის ასაკში საქართველოში წარმატებული კალათბურთელი ესპანეთის აკადემიაში მიიწვიეს, სადაც ერთი წელი ისწავლა და აგვისტოში სასწავლებლად ამერიკაში მიფრინავს.

- 12 წლის ვიყავი, კალათბურთელობა რომ გადავწყვიტე, მანამდე ცეკვაზე დავდიოდი. მამა მაღალია და ვფიქრობდი, სპორტი სიმაღლეში გაზრდაში დამეხმარებოდა, მაგრამ ძალიან შემიყვარდა. მამამ დავით მინდორაძესთან კლუბ ''ვესტაში''მიმიყვანა. ჩემი მწვრთნელის დამსახურებაა, რომ დღეს სპორტი ასე მიყვარს. ორი წელი აქტიურად ვვარჯიშობდი და 14
წლის ასაკში უკვე საქართველოს ჩემპიონატზე ვითამაშე. მესამე პოზიციაზე ვთამაშობდი. როგორც ყველა ქართველი სპორტსმენი, მეც ვოცნებობდი უცხოეთის გუნდებში თამაშზე და ესპანეთში ''კანარის საკალათბურთო აკადემიაში''ჩემი მონაცემები და თამაშის დროს გადაღებული ვიდეოები გავგზავნეთ. მალე დადებითი პასუხი მომივიდა და 2014 წლის სექტემბერში სასწავლებლად წავედი.

Rating

- როგორ გახსენდება იქ ცხოვრების პერიოდი?
- აკადემიის გუნდელებთან ერთად ვცხოვრობდი. თავიდან ჩვენთან ერთად იყო ერთი ქართველი ბიჭი – ლევან მასხულია და შემდეგ ის სხვა გუნდში გადავიდა. შემდეგ მოვიდა ლუკა ბლუაშვილი. მე და ლუკამ ბოლო სამი თვე ერთად გავატარეთ. ინგლისური კარგად ვიცი, ენის მხრივ ბარიერი არ მქონია, მაგრამ ესპანურის შესწავლა დამჭირდა. საკმაოდ რთული რეჟიმი მქონდა. დილის 5 საათზე ვდგებოდი, ექვსის ნახევარზე ვარჯიში გვეწყებოდა. შვიდზე ვამთავრებდით და სკოლაში მივდიოდი, სადაც 3 საათამდე ვრჩებოდი და შემდეგ კიდევ სამი საათი ჩემი გუნდის ვარჯიში მქონდა, სადაც ჩემს ასაკში ვთამაშობდი. მომდევნო ერთი საათი მქონდა ფიზიკური მომზადება და დღეს ჩემზე ორი წლით უფროსებთან ვარჯიშით ვამთავრებდი. ყველა წუთი გაწერილი გვქონდა.

Rating

- რა მიღწევები გქონდა?
- ჩემს გუნდს CANTERBURY LIONS ერქვა და შვიდი კუნძულის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატზეც გავედით, რომელიც ანდროაში ჩატარდა, სადაც რთული ჯგუფი შეგვხვდა ყველაზე ძლიერი გუნდებით, ''რეალ მადრიდი''და ''ბარსელონა'', მე13 ადგილზე გავედით 6000 გუნდიდან. სეზონის დამთავრებიდან ერთ კვირაში საქართველოში ჩამოვედი. თითქმის ერთი წელი გავატარე იქ და გული დამწყდა, მაგრამ უკეთესი შემოთავაზება მაქვს და შევეგუე. ამერიკის სამი სკოლიდან მაქვს შემოთავაზება ''ლიბერთი ქრისტიანი'', ''ბალბოა ჰაი სქული''და ''ლი აქადემი''. სამივე ძალიან ძლიერი აკადემიაა, მაგრამ, სავარაუდოდ,


Rating

„ლი აქადემის''ავირჩევთ, სადაც ძლიერი სწავლაა. 28 000 დოლარამდე ღირს სწავლა და ორწლიანი კურსია. სწავლაში, ცხოვრებაში ფულს არ ვიხდი, თვითონ ამ სკოლამ დამაფინანსა. სწავლის დამთავრების შემდეგ კოლეჯის გუნდში გავაგრძელებ თამაშს, რაც ჩემს კარიერას დადებითად წაადგება.

Rating

- რომელი კალათბურთელის თამაში მოგწონს განსაკუთრებულად?
- ჩემთვის განსაკუთრებულია ჯეიმს ჰარდენი. მისი სტილი, ტექნიკა მომწონს და მინდა, მისნაირად ვითამაშო. საქართველოში ალბათ ნაკრების დონეზე დავბრუნდები, კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ ვაპირებ. ჩემი მიღწეულიდან დიდი ნაწილი ოჯახის დამსახურებაა. დედა, მამა ძალიან მიდგანან მხარში და მეხმარებიან. ერთი და მყავს, სოფიო ბუტიკაშვილი, მანაც მოიპოვა დაფინანსება და ამერიკის ერთ-ერთ უძლიერეს უნივერსიტეტ MOUNT-HOLYOKE-ში მიდის, მომავალი დიპლომატია. მეც ''ლი აქადემი''იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემს დასთან ახლოს ვიქნები.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS