- კინოს ოჯახიდან მოვდივარ. დედის მხრიდან ბაბუა, ლევან ხოტივარი, კინორეჟისორი იყო, ასევე ორივე ბიძა - ქართლოს და ბუბა
- ბიძის, ბუბა ხოტივარის სახელოსნოში სწავლობდით, არა?
- იცით, როგორ იყო?! ჯგუფი სოსო ჩხაიძემ აიყვანა. მე რომ ვაბარებდი, მაშინ ბუბა მისაღებ გამოცდებში არ მონაწილეობდა. შემდეგ უკვე ჩვენი სახელოსნოს პედაგოგები ორივენი - სოსო ჩხაიძე და ბუბა ხოტივარი იყვნენ.
- როცა პროფესიული არჩევანი გააკეთეთ, თუ გქონდათ რომელიმე ავტორის ნაწარმოები ამოჩემებული, რომლის გადაღებაც მაშინ გსურდათ?
- არა, 15-16 წლის ბიჭი რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების გადაღებაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. მაშინ სულ მინდოდა გადამეღო ფილმი ჩემს თაობაზე, ქუჩაზე, ბიჭებზე... თუმცა, არ გეგონოთ, მხოლოდ ქუჩაში ვიდექით. ეზოში ყოფნის გარდა, ვკითხულობდით, ვაწყობდით ჩემპიონატებს, ვსაუბრობდით... პლეხანოვზე, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. ძალიან კარგი ეზო გვქონდა. იმ სახლში შვიდი ბიჭი გავიზარდეთ: ზაზა აბაშიძე, დათო კაკაბაძე, რომელიც დღეს რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელია, ვახო ვისოცკი მშვენიერი არქიტექტორი გახდა, გოგი მარგველაშვილი - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი. იქვე ცხოვრობდა მიშა კალატოზიშვილი, კალატოზოვის შვილიშვილი, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა... ჩემი პირველი ფილმი იყო „თუშური ყველი“ , რომელიც მთაში, თუშეთში, სოფელ დიკლოში, მეცხვარეებში გადავიღე. ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
- თქვენც გადაგიღეს ფილმებში...
- იყო ასეთი რეჟისორი გენო ხოჯავა, რომელმაც ცნობილი ფილმი „მიზანი“ გადაიღო. მერვე კლასში ვიყავი, როცა ის ფილმში „დილის ნისლივით“ გადასაღებად ბიჭებს ეძებდა. მეც გავიარე სინჯები და ამ ფილმში მოვხვდი. მას შემდეგ რამდენიმე ფილმში თამაში მომიწია. ეს მთავარი როლები არ იყო, უბრალოდ, სტუდენტობის დროს მეგობრები ერთმანეთს ვეხმარებოდით ხოლმე. ასე მოვხვდი დიტო ცინცაძის ფილმში, ისევე, როგორც ის ჩემს სურათში ვათამაშე. შემდეგ გუგული მგელაძის ფილმში „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“ პატარა ეპიზოდი შევასრულე. მესამე-მეოთხე კურსზე ვსწავლობდი, როცა ბუბამ „დემეტრე II“ -ს გადაღება დაიწყო. მასთან ასისტენტად მინდოდა მუშაობა, მაგრამ სხვაგვარად მოხდა. ძალიან ბევრი გასინჯა მთავარ როლზე. იმ დროს მე ვერ მხედავდა, როგორც მსახიობსა და ამ როლის შემსრულებელს. მახსოვს ერთხელ, რეზო ჩხეიძემ, კახა ქორიძემ და სხვებმა ბუბას ურჩიეს, დემეტრეს როლზე მოვესინჯე. სინჯი გადამიღეს და სამხატვრო საბჭოზე, რომელსაც ცნობილი კინორეჟისორები ესწრებოდნენ, რამდენიმე კანდიდატურას შორის რატომღაც როლზე მე დამამტკიცეს. ეს ჩემთვის შოკი იყო. არ მინდოდა, შემეშინდა, არ ვიცოდი, როგორ უნდა შემესრულებინა დემეტრე თავდადებულის როლი. მერე ბუბამ რაღაცები ამიხსნა და გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაღებებიც დავიწყეთ.
- როგორ უყურებთ საკუთარ თავს, როგორც მსახიობს?
- ცუდად. ეპიზოდებს სერიოზულად არც აღვიქვამ, უბრალოდ, ვერთობოდით ერთმანეთის ფილმებზე მუშაობით, რაც შეეხება დემეტრეს, ჩემი შესაფასებელი არ არის. მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ბუბას უნდოდა, მის ფილმში მეფე არასტანდარტული ყოფილიყო, არა ახოვანი, ძლიერი, მჭევრმეტყველი, არამედ ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც თავი გადადო.
- ბევრი ისტორიკოსი საქართველოს ისტორიაში დემეტრე II თავდადებულს ერთ-ერთ სუსტ მეფედ მიიჩნევს...
- არა, სუსტად არ მიიჩნევა, უფრო ვნებებს აყოლილ, დაბნეულ მეფედ მიიჩნევენ, თუმცა ბოლოს მან ისეთი ნაბიჯი გადადგა, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა. ამიტომაც ის წმინდანად შერაცხეს. ვთვლი, რომ „შიგნიდან“ და პიროვნულად დემეტრე II ძალიან ძლიერი იყო.
- საბჭოთა კავშირის დროს წელიწადში უამრავი ფილმი გამოდიოდა, რაც ზღვაში წვეთია დღევანდელ რეალობასთან შედარებით. თუმცა ბოლო წლებში თქვენ გადაიღეთ ფილმები: „გასეირნება ყარაბაღში“ , „უშენოდ მგონი მოვკვდები“ . 90-იან წლებში საზღვარგარეთ გამგზავრებაზე არ გიფიქრიათ, საერთოდ, ეს წლები როგორ გამოიარეთ?
- 1998 წელს გადავიღე ჩემთვის ყველაზე საყვარელი ფილმი „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა“ , რომელშიც რამაზ ჩხიკვაძე და გურამ ფირცხალავა თამაშობდნენ. 1999 წელს გვქონდა პრემიერა და იმავე პერიოდში დაიწყო არეულობა: შემოვიდნენ ტანკები, მოხდა 9 აპრილის ტრაგედია, ყველაფერი აირია, არავის ახსოვდა კინო. დავრბოდი ქუჩაში, ისევე როგორც ყველა. იმ არეულ ვითარებაში არ ვფიქრობდი იმაზე, რომ საუკეთესო წლებს ვკარგავდი. 1992 წელს თითქოს დალაგდა სიტუაცია და 1993 წლის ომის დაწყებამდე „წარსულის აჩრდილების“ გადაღება დავიწყე, რომლის სცენარი მე და კოტე ჯანდიერს გვეკუთვნის.
- როგორც ვიცი, ამ ფილმს რამდენიმე წელი იღებდით...
- კი, მაგრამ ახლა რომ გადავხედე, იმ პერიოდში 8-9 წელი იღებდნენ ფილმებს, მე ამ ფილმს ორი წელი მოვანდომე. ომი დაიწყო და ბიჭების ნაწილი, რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ, აფხაზეთში წავიდა. როგორღაც შევძელი და ფილმი დავამთავრე, მაგრამ მას ეტყობა, რომ აბსოლუტურ ქაოსშია გაკეთებული. პროფესიონალური თვალსაზრისით არასოდეს „ვხალტურობ“ , მაქსიმალურად ვეცადე ფილმი შემეკრა, მაგრამ დავკარგე ის, რაც ფილმს დრამატურგიულად ესაჭიროებოდა. იმ ქაოსურ პერიოდში კინო საერთოდ „დაიკეტა“ . თუ გახსოვთ, კაფეებში იდგა ტელევიზორები, სადაც ერთ ლარად ინდური ფილმის ყურება შეგეძლოთ. წამოვიდა თაობა, რომელსაც კინო საერთოდ არ ჰქონდა ნანახი. ბავშვებმა, რომლებმაც 90-იანი წლები გამოიარეს და 1997 წელს უკვე 17-18 წლისები იყვნენ, კინოდარბაზებში ფილმის ყურება რა იყო, არ იცოდნენ. 1995 წელს გამიჩნდა იდეა, კინოთეატრი იჯარით ამეღო. ბატონ რეზოსთან მოვილაპარაკე და მან მოგვცა კინოთეატრი „ამირანი“ . მაშინ იმ შენობაში ქვევით ლობიოს ხარშავდნენ, ზევით „ბინგო“ თუ მინგო იყო და არავის სჯეროდა, ვინმე თუ მოვიდოდა კინოში. ხუთი წელი ძალიან გავწვალდი, მაგრამ 2000 წელს სიტუაცია შეიცვალა. კინოთეატრ „ამირანში“ პირველად საქართველოში გაკეთდა დოლბი სისტემა, რაც იმავდროულად კინოთეატრ „რუსთაველშიც“ გაიხსნა. 2002 წელს უკვე დავიწყე ფიქრი ფილმის გადაღებაზე, მა-შინაც დამცინეს, ისევე როგორც კინოთეატრის გახსნაზე, ახლა ვინ იღებს კინოსო, მაგრამ (იღიმის)... აკა მორჩილაძეს დავუკავშირდი, „აგვისტოს პასეანსის“ გადაღება მინდოდა. მერე ჩემმა მეგობარმა ლევან კორინთელმა, რომელიც, სამწუხაროდ, შარშან გარდაიცვალა, მირჩია, „გასეირნება ყარაბაღში“ მენახა. ეს რომანი ჟურნალში დაბეჭდილი მოიტანა და რომ წავიკითხე, ძალიან მომეწონა. აკას ვუთხარი, ეს თუ გქონდა, რატომ არ მითხარი-მეთქი. ფილმი 2003 წელს გადავიღეთ და ეკრანზე ერთ წელიწადში გამოვიდა.
- დიდი წარმატება მოჰყვა, მგონი, ეს ფილმი ბოლო პერიოდში ყველაზე მეტმა მაყურებელმა ნახა...
- დიახ, ჯერჯერობით კინოთეატრებში ამ ფილმს ყველაზე დიდი შემოსავალი ჰქონდა.
- რაც შეეხება ფილმს, „უშენოდ მგონი მოვკვდები“ ?..
- ეს არის კლასიკურად გაკეთებული კრიმინალური დრამა და ვფიქრობ, ცუდი ფილმი არ არის. ის ორი ადამიანის ცხოვრებაზე, ბედისწერაზე, გაურკვევლობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულზეა, მაგრამ ძირითადად მაინც - ბედისწერაზე.
- ჩემი დაკვირვებით, ფილმებში ძირითადად პროფესიონალ მსახიობებს აკავებთ. არაპროფესიონალების მოწვევა თუ გიყვართ?
- კი, რატომაც არა. მათ მთავარ როლებზე არ ვიწვევ, მაგრამ ეპიზოდებში კი, ჩემი მეგობრებიც გადამიღია. ჩემს ფილმებში სტილისტიკაა ისეთი, რომ როლებს მსახიობი სჭირდება. რაც შეეხება მიშა მესხსა და ლევან დობორჯგინიძეს, მაშინ ისინი სულ ბავშვები, პირველკურსელები იყვნენ. ყარაბაღში ბევრი ტიპაჟური ტიპია.
- მიშა და ლევანი კასტინგით შეარჩიეთ, თუ იცნობდით?
- სერიოზული კასტინგი გვქონდა. თავიდან მიშას გოგლიკოს როლზე რომ ვსინჯავდით, სინჯებზე ძალიან „გაჭედა“ , რაღაც ვერ „გაიხსნა“.
- ბუნებით მორცხვია...
- ვერ გეტყვით, რომ ძალიან მორცხვია (იღიმის). რასაკვირველია, მიშა ძალიან გულიანი, წესიერი ბიჭია, უბრალოდ, პირველი ფილმი იყო, ტექსტებს ვერ იმახსოვრებდა. მერე მივხვდი, მიშა როგორი ტიპია. საწყალი დათო იაშვილი დუდუს როლს თამაშობდა. მიშამ რომ გაჭედა, იაშკა გოგლიკოს როლზე გადმოვიყვანე, მაგრამ არ გამოდიოდა, რადგან ის ასაკით უფროსი იყო და ისევ თავის როლზე დავაბრუნე. ბოლოს ლევან კორინთელს ვუთხარი, რა ვუყო მიშას, შუა გადაღებაზე რომ „გაჭედოს“ , მერე როგორ მოვიქცე-მეთქი. მეორე დღეს მოვიდა ლევანი და მითხრა, კიდევ ერთხელ გასინჯე, ველაპარაკე და გარანტიას გაძლევ, რომ ყველაფერი გამოვაო. მართლაც მოვიდა მიშა და „გაიხსნა“ , მერე წავიდა და წავიდა. მაშინვე ვიფიქრე, რომ გაამართლა. ვფიქრობ, სწორედ ის არის, ვინც უნდა იყოს - ზუსტი ტიპაჟია.
- დღეს მუშაობთ რამეზე?
- დღეს?! ვერ ხედავთ, რა ხდება?
- ვხედავ, მაგრამ რას იღებთ?
- ფილმს „ფოლკლორი“ ჰქვია (მაჩვენებს საქაღალდეს, რომელშიც სცენარია მოთავსებული, - ავტ).
- ისევ აკა მორჩილაძე...
- დიახ. დიდი ხანია მინდოდა ამ ფილმის გადაღება. ამბავი აკას მოვუყევი, მოეწონა, დაჯდა და დაიწყო წერა. ერთად ვმუშაობთ, მაგრამ ძირითადად აკა წერს ყველაფერს. მოსამზადებელ სამუშაოებს ვამთავრებთ.
- სიუჟეტი ორიოდე სიტყვით რომ მოგვიყვეთ, შეიძლება?
- ამბავს ვერ მოგიყვებით, თუმცა ორიოდე სიტყვით გეტყვით: ფოლკლორისტები მიდიან მთაში, სადაც მოქმედება ვითარდება. ხდება კონფლიქტი მითოლოგიასა და ცივილიზაციას შორის, რომელიც მთავრდება იმით, რომ მითოლოგია იმარჯვებს. ის ყოველთვის არსებობდა და იქნება. ისიც მითოლოგიაა, ახლა რომ ვსხედვართ და ვლაპარაკობთ. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს ჩვენი მთა, მაგრამ ის არსებობს, თავისი ადათ-წესები აქვს და მისი შეცვლა შეუძლებელია...
- გადაღებები მთაში სად იგეგმება?
- გადაღებები 15 აგვისტოს დაიწყება. გადაღებებზე ყაზბეგისკენ, ხადას ხეობაში გავემგზავრებით...
ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“