- „მის თელავი“ ჩატარდა თელავის გამგეობასთან ერთად, მაქსიმალურად იყვნენ ჩართული და მოინდომეს, დიდი ღონისძიება გამოვიდა, გვქონდა საქორწინო კაბებით გამოსვლა, რამდენიმე კომპანიამ გოგონებს სასიამოვნო საჩუქრები გაუკეთა. სულ 24 გოგონა მონაწილეობდა. „მის თელავი“ მეორედ გამოვლინდა, ადრე 2009 წელს იყო და წელსაც გადავწყვიტეთ ამ კონკურსის ჩატარება, ვინაიდან ბევრი მსურველი იყო. თავიდან 80 გოგონა მოვიდა, ხელმეორე კასტინგის შედეგად 24 გოგონა ამოვარჩიეთ საფინალო გამოსვლისთვის. სხვათა შორის, ბევრი ძალიან ლამაზი გოგონა იყო. წელს პირველად თავადაც გახლდით ჟიურიში, კიდევ ფოტოგრაფი, დიზაინერი და ა.შ. გამოვლინდა პირველი ვიცე-მისი გვანცა გლურჯიძე, მეორე - ანა დალაქიშვილი. დღეს გესტუმრეთ გამარჯვებულთან, 16 წლის მეგი პაპაშვილთან ერთად (იღიმის).
- სად გაიმართა ღონისძიება?
- თელავის თეატრში. დარბაზი იყო მჩქეფარე, გაიძახოდნენ გოგონების სახელებს, აქტიურად გულშემატკივრობდნენ.
- სადმე უშვებთ გამარჯვებულს?
- არ გვქონია შეთანხმება, რომ ამ კონკურსის გამარჯვებული საზღვარგარეთ რომელიმე კონკურსზე გაემგზავრებოდა. ძალიან მალე ჩავატარებ „მის ტურიზმს“ და „მის იუნიორს“ . რამდენიმე კონკურსი უკვე ჩავატარეთ, სხვადასხვა ქალაქში და ისე გამოვიდა, რომ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაო გვქონდა ამ ორი ძირითადი კონკურსის წინ. მინდა, ეს გოგონები კვლავ მივიწვიო „მის ტურიზმსა“ და „მის იუნიორზე“ . როცა ამ ტიტულების მფლობელებს გამოვავლენთ, ვიზრუნებთ მათ გამგზავრებაზე საზღვარგარეთ. წელს ცოტა დამიგვიანდა, „მის იუნიორი“ სექტემბერში უკვე პრაღაში უნდა გავუშვა, ამიტომ ალბათამ ორ კონკურსს ერთად ჩავატარებ, დაახლოებით ივლისის ბოლოსთვის. სავარაუდოდ, მწვანე კონცხზე გაიმართება ერთ-ერთ სასტუმროში.
- გოგონა, რომელსაც სურს ასეთ კონკურსში მონაწილეობა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს?
- მაგალითად, წელს ჩეხებმა გაზარდეს წლოვანება და 17 წლიდან იღებენ კონკურსანტებს, „მის სუპერნეიშენალზე“ კი 16 წლიდან არის მიღება. სიმაღლით მეტრი და 68 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს. შარშან ჩინეთში მეტრი და 72 უნდა ყოფილიყო, მე მეტრი და 71 გავაგზავნე და შიშით ვკანკალებდი, უკან არ გამოაგზავნონ-მეთქი, მაგრამ არ გაუზომავთ (იცინის). სიმაღლესა და სილუეტს ექცევა ყურადღება, თუმცა პირს რომ გააღებს, ლაპარაკი უნდა შეეძლოს და ცოტას მაინც აზროვნებდეს. ახლა სათაურს დაწერ, მოდელი ცოტა მაინც უნდა აზროვნებდესო (იცინის).
მეგი პაპაშვილი, „მის თელავი 2013“ :
- 2009 წელს რომ ჩატარდა „მის თელავი“ , ძალიან პატარა ვიყავი, 12 წლის და მაშინვე მინდოდა მონაწილეობა, მაგრამ არ შეიძლებოდა. წელს, როგორც კი გავიგე, კასტინგზე მივედი. მშობლებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, პირიქით, რითაც შეეძლოთ, დამეხმარნენ. გოგონებს შორის კონკურენცია იყო, რადგან საკმაოდ კარგი გოგონები მონაწილეობდნენ. ძალიან გამიხარდა, რომ კასტინგის შემდეგ დადებითი პასუხი მომივიდა და 24 მონაწილეს შორის აღმოვჩნდი.
- კონკურსის დღე როგორი იყო?
- მღელვარებამ მოიმატა. რამდენიმე გამოსვლა გვქონდა - პირველი იყო საქორწინო კაბები, შემდეგ ელასტიკითა და მაისურით წარვდექით მაყურებლის წინაშე, შემდეგ კოქტეილის კაბებში გამოვეწყვეთ და ბოლოს საღამოს კაბებში.
- ელოდი გამარჯვებას?
- ვფიქრობ, 24-ვეს თანაბარი შანსი გვქონდა, რადგან მართლა ერთმანეთზე უკეთესი გოგონები იყვნენ. გამარჯვების მცირე შანსი მეც მქონდა (იცინის). ძალიან მინდოდა, სამეულში მაინც შევსულიყავი. როცა ჩემი სახელი გამოაცხადეს, გავითიშე და სიხარულისგან ჭკუაზე არ ვიყავი (იღიმის).
- სხვა გოგონები როგორ შეხვდნენ შენს გამარჯვებას?
- რა თქმა უნდა, ყველას გამარჯვება უნდოდა და მეც დამწყდებოდა გული, რომ არ გამემარჯვა, მაგრამ მაინც კარგად მიიღეს და მომილოცეს. „ფეისბუქზე“ მომილოცა „მის თელავმა“ , ლიკა მეტრეველმაც. გამარჯვება ძალიან კარგი განცდაა. ქუჩაში რომ გამოდიხარ, თვალს გაყოლებენ და გცნობენ. ყველა გოგონას ვუსურვებ ამ სასიამოვნო განცდას. ყველა გიყურებს და გაკვირდება. ყველამ იცის შენი გამარჯვების ამბავი.
- თაყვანისმცემლებმა იმატა?
- მანამდეც მყავდა და ახლაც მყავს (იცინის).

- სკოლაში სწავლობ?
- ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემს გამარჯვებას დიდი სიხარულით შეხვდნენ, კონკურსზე თითქმის ყველა ჩემი კლასელი იყო. დავდივარ მუსიკაზე, ვუკრავ ალტზე, მრავალი კონკურსის გამარჯვებული და ლაურეატი ვარ. ალტზე სერიოზულად ვუკრავ და კონსერვატორიაში ჩაბარებას ვაპირებ. თავიდან ვიოლინოზე დავდიოდი, მაგრამ ალტზე გადავინაცვლე, რადგან ამ ინსტრუმენტს უფრო მსუყე ბგერა აქვს. ასე რომ, კონკურსებში ადრეც მიმიღია მონაწილეობა, თუმცა „მის თელავზე“ გამარჯვება ყველაზე მეტად გამიხარდა, რადგან ბავშვობის ოცნება ავიხდინე.
- მოდელობას აპირებ?
- თუკი წარმატებას მივაღწევ, ეს ალბათ ჩემი მეორე პროფესია გახდება. შესაძლოა, კიდევ გავიდე სხვა კონკურსებზე. გავყვებოდი ამ პროფესიას. მინდა ფოტოსესიებში მონაწილეობა, სიამოვნებით ვიქნებოდი ფოტომოდელი.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
- მიყვარს მეგობრებთან გართობა, ვუსმენ მუსიკას, კომპიუტერთან ვზივარ, წიგნს ვკითხულობ.
- საერთაშორისო კონკურსებზე გასვლაც გინდა?
- რა თქმა უნდა. ზოგადად სცენის არ მეშინია, რადგან ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ, ასე რომ, დიდი კონკურსისთვისაც მზად ვარ.
ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“




















