- ტრადიცია არის ის ფასეულობები, რასაც ქართველი კაცი ვერ გადააბიჯებს. ყველაზე მთავარია, გქონდეს პატივისცემა ერისა, ოჯახისა და წარმომავლობისა, მოუსმინო უფროს ადამიანს, თუ მართალს ამბობს, გაიზიარო მისი აზრი, თუ არადა, შენი გონებით გადაწყვიტო ყველაფერი.
ქართველმა ცენზურა უნდა შეინარჩუნოს ყველგან და
- როცა ქალები უფრო გაძლიერდნენ… (მაწყვეტინებს)...
- და ვინ თქვა, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან, ან კაცები?! ამ საკითხში მე შეიძლება, ტრადიციების დამრღვევიც ვიყო. კაცსა და ქალს ოჯახში თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ. ადრე ასე იყო – ქალო, მე როგორც ვიტყვი, ისე იქნება, მე შენი... მაგრამ მსგავსი რამ არც მამაჩემის და არც ჩემს ოჯახში არ მომხდარა. თუ საკითხი ოჯახის წევრებთან ერთად არ განვიხილე, არასდროს ვიღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
- ოჯახის შექმნამდე წყვილის წინასწარ თანაცხოვრებაზე რას ფიქრობთ?
- მე ორი წლის განმავლობაში ვხვდებოდი ჩემს მეუღლეს, ყველაფერი ტრადიციულად, ოჯახების ჩარევითა და ეთიკის დაცვით გავაკეთეთ. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს ვეცნობოდით სიტყვით, აზრით, გონებით, უბრალო ხელის შეხებით, ოღონდ ეს არ ნიშნავს რამე სხვას. მაგრამ, თუ ორ ადამიანს უნდა, ქორწინებამდე ჰქონდეს ფიზიკური სიახლოვე, მაშინ უნდა ჰქონდეთ ამ სახის ურთიერთობა, ვისაც არ უნდა, არც ესაა პრობლემა. ზოგადად, ამ თემაზე მიჭირს საუბარი, მე ამ საკითხში ალბათ მაინც აზიატი ვარ, თუმცა ამაზე ბევრი მიფიქრია. ვიცი ისიც, რომ ბევრი ოჯახი დანგრეულა იმის გამო, რომ ერთმანეთისთვის ვერ გაუგიათ, თუნდაც ლოგინში, თუნდაც ქორწინების შემდეგ ურთიერთობაში, ამიტომ თითქოს ვემხრობი იმას, რომ გაიცნონ და მერე დაუკავშირონ ცხოვრება ერთმანეთს.
- ქალს მამაკაცზე მეტი შემოსავალი თუ აქვს, ეს მამაკაცს აკნინებს?
- არაფერი არაა დამაკნინებელი. ბევრია ისეთი კაცი, რომელსაც სამსახური არ აქვს და მეუღლის ფრთის ქვეშაა. მე მყავს მეგობარი, რომლის მეუღლესაც საკმაოდ სოლიდური ხელფასი აქვს, ქმარი კი მსახიობია და მოგეხსენებათ, როგორიცაა მსახიობის შემოსავალი. და, ცუდი კაცია იმიტომ, რომ მისი მეუღლე უფრო მაღალანაზღაურებადია?!. ვფიქრობ, ფინანსები მთავარი არაა.
- არ შეიძლება, სუფრის ტრადიციებზე არ გკითხოთ.
- ქართული სუფრის გამო ბოლო დროს საკმაოდ მოვსუქდი. იყო შემთხვევა, როცა თამადობა თანხის სანაცვლოდ შემომთავაზეს, მაგრამ არ დავთანხმდი, რა თქმა უნდა. თუ ადამიანს სუფრა მიჰყავს, როგორც პოეტს, მომღერალს, მაშინ ის სუფრა დამღლელი და გამთანგველი არ არის.
მნიშვნელოვანი ის კი არაა, რამდენს ილაპარაკებს ადამიანი, არამედ ის, რას იტყვის.
- განსხვავებული სასმისი ქართული სუფრის აუცილებელი ატრიბუტია?
- არა მგონია. ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა მიირთვას, ყოფილა შემთხვევები, სუფრიდან ავმდგარვარ და წამოვსულვარ იმის გამო, რომ მითქვამს, მე ამ განსხვავებულს არ დავლევ-მეთქი. კაცმა ზომა-წონა უნდა იცოდეს, დალევის შემდეგ მაგიდის ქვეშ არ უნდა აღმოჩნდეს, არ უნდა ხვრინავდეს ისე, რომ მეუღლემ მუჯლუგუნი ჰკრას.
- გამოთქმაზე - ''რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ'' - რას ფიქრობთ?
- აბსოლუტურად ვეთანხმები ამ გამოთქმას. რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, მაგრამ ერთადერთი მინუსი გვაქვს, ერთმანეთს ვჭამთ, ყველა მხრიდან ნეგატიური ინფორმაცია ისმის, ტელევიზორის ყურება აღარ მინდა, სოციალურ ქსელში ხომ საერთოდ აღარ შევდივარ.
- არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ თქვენს დამოკიდებულებაზე მინდა გკითხოთ.
- ერთი შემიძლია ვთქვა, თუ ვინმეს რაღაცის გაკეთების სურვილი აქვს, თუ ვინმეს წამლის გაკეთება უნდა, ან თუ ქალს უნდა ქალთან ცხოვრება, ან კაცს კაცთან, ეს მათი პირადია, ჩემი პრობლემა არ არის და მე არ უნდა შევწუხდე ამ თემით. არ ვემხრობი არავითარ დევნას. მეტიც, მყავს არატრადიციული ორიენტაციის მეგობრები, რომლებიც პროფესიონალები, ნიჭიერზე ნიჭიერები არიან და მე მათ არასდროს შევუწუხებივარ საკუთარი ორიენტაციით. ვფიქრობ, უმთავრესია, არ შევწუხდეთ და არ შეგვაწუხონ საკუთარი პირადით, ვინმეს გაუგია ან უნახავს, რომ კაცები გამოვსულიყავით და გვეყვირა, ტრადიციული ორიენტაციის ხალხი ვართ და მსვლელობა უნდა მოვაწყოთო. რა თქმა უნდა, არა. ამიტომაც, ჩემი გადმოსახედიდან, ორიენტაცია არ ქმნის არანაირ უარყოფით დამოკიდებულებას, თუ მას თავზე არ მოგვახვევენ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''