30 მაისი, 2015
''ჩემი მანქანით მის სალონში შევედი...''
მე არ უნდა დამმართვოდა ასეთი რამ, რადგან ასე თუ ისე, ყველაფერი ვიცი, მაგრამ მოხდა ''ყველა მეუბნება, გამოცვალე მანქანაო, მაგრამ მენანება, ძალიან მიყვარს. მოგზაურობები, ტკბილი მოგონებები ამ მანქანას უკავშირდება. მანქანისთვის საჭირო ატრიბუტები, ხელსაწყოები: ''დანკრატი'', ''პერემიჩკები'' ყოველთვის მანქანაში მაქვს და საჭიროების შემთხვევაში უპრობლემოდ ვცვლი საბურავსაც, სხვათა შორის არაერთხელ გამიკეთებია ეს'', - ამბობს მსახიობი ნინო შავგულიძე.

- ბავშვობიდან ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი, რომ საკუთარი ავტომობილით მემოძრავა. მანამდე კი თხოვნით, დამსვი საჭესთან, ყველას ვაწუხებდი. მანქანის მართვა ჩემთვის ძალიან
დიდი ბედნიერება და აზარტი იყო, ე.წ. მანქანის ''ლომკა'' მქონდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მანქანის ტარება 13-14 წლის ასაკიდან ვიცი, ოღონდ არა მექანიკის. მართვის მოწ-მობის აღების დრო რომ დადგა, მერე მომიწია ამის სწავლამ. 18 წლისამ დავიწყე ავტოსკოლაში სიარული, ერთ თვეში ვისწავლე ყველა ბილეთი, ოღონდ ამას იმიტომ კი არ ვაკეთებდი, ოღონდ მართვის მოწმობა ამეღო, რეალურად მაინტერესებდა და ვერთობოდი ამ ყველაფრით. პირველივე გასვლაზე სულ რაღაც 5 წუთში ჩავაბარე თეორიაც, პრაქტიკაც და ავიღე მართვის მოწმობა.

- პირველი მანქანა შენი დანაზოგით შეიძინე?
- კი. მართვის მოწმობა რომ ავიღე, მანქანა უკვე მყავდა, მაგრამ დედა არ მაძლევდა დაჯდომის უფლებას. როცა რაღაცის ყიდვა მინდა და მიზნად ვისახავ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ფული დავზოგო. გარდა ამისა, არანაირ შემოთავაზებაზე, რაც ჩემი პროფესიის ფარგლებში ჯდებოდა, უარს არ ვამბობდი, რომ დღიური შემოსავალიც მქონოდა. წელიწად-ნახევრის განმავლობაში აქტიურად ვიყავი მომართული, რომ მანქანა მეყიდა, კარგ დანაზოგს ვაკეთებდი და საბოლოო ჯამში ვიყიდე კიდეც. უკვე 7 წელია მყავს ჩემი ''მერსედესი ა'' კლასი.

- მანქანის განებივრება აქსესუარებით გჩვევია?
- ძალიან მომწონს წამწამები, თან ჩემი მანქანა რაღაცნაირი კუსკუსელაა და ძალიან მოუხდებოდა, მაგრამ ჩემი მეგობრები დასცინოდნენ ამ წამწამებს, რა გოიმობააო, ამბობდნენ და ამის ფონზე შემრცხვა დაყენება, თორემ მე ძალიან მომწონდა (იღიმის). განებივრება მიყვარდა, როდესაც ახალი იყო, პირველი 2-3 წელი წვიმაშიც კი სისინებდა, ისეთი გარეცხილი იყო, ახლა კი ისე მეზარება სამრეცხაოში მიყვანა, რომ ვერ აგიხსნი. მაგრამ არის გამონაკლისები, როდესაც ძირფესვიანად მივხედავ ხოლმე.
მიუხედავად ამისა, მანქანის კარგად მოვლა მაინც არ ვიცი, პროფილაქტიკაში მანამ არ შევდივარ, სანამ არ გაჩერდება.

- მანქანას ქუჩაში დაუტოვებიხარ?
- კი, რამდენჯერაც გინდა. ჩემი მანქანის ნომრების სერია არის ''ციც'', ამიტომ მანქანას დავარქვი ციცინო. ჩემი და ციცინოს ქუჩაში დარჩენის ისტორიები უხვადაა. იყო შემთხვევა, საბურავი გამისკდა, დისკი გამეღუნა, ''რემენი'' გაწყდა, ''მატორმა'' დაასტუკა და ა.შ. ჩემი სიძე კურირებდა მანქანის ავტოტექმომსახურებაში წაყვანას, გაკეთებას, გარეცხვას და ა.შ., მაგრამ ბევრს მოგზაურობს და როცა ის აქ არაა, ოჯახისა და მანქანის საკითხში ქალიც მე ვარ და კაციც. ორი წლის განმავლობაში წასული იყო და იქიდან მეუბნებოდა, მანქანას ზეთი შეუცვალეო. ვიფიქრე, როცა ''ამინთებს'', მერე შევცვლი-მეთქი, მაგრამ ერთ დღესაც მივედი სამსახურში და ადგილზე მისულს ჩამიქრა მანქანა, ძრავამ ''დაასტუკა'' ზეთის შეუცვლელობის გამო. მე არ უნდა დამმართვოდა ასეთი რამ, რადგან ასე თუ ისე, ყველაფერი ვიცი, მაგრამ მოხდა.

- ავტოსაგზაო შემთხვევა გქონია?
- კი, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო. ყველა მძღოლი ასე ამბობს, მაგრამ მართლა არაფერ შუაში ვიყავი, არც ავარიის ჯარიმა გადამიხდია და მანქანაც იმან გამიკეთა, ვისაც შევეჯახე. გზაზე ტაქსის მძღოლმა დაინახა მგზავრი, გადაწყვიტა, რომ შეეძლო გადაეჭრა გზა, არ გაიხედა და შეიძლება ითქვას, ჩემი მანქანით მის სალონში შევედი. ავარიის ძალიან მეშინია და ასეთ სიტუაციებში ცუდად ვხდები. როცა ვიაზრებ, უნდა დავარტყა მანქანას, სრული ისტერიკა მემართება და მანქანიდან ვხტები. ამ შემთხვევაშიც შეჯახება ვერ მოვასწარი, რომ მანქანიდან გადმოვედი, ოღონდ დამუხრუჭების დროს თავი საქარე მინას დავარტყი და დღემდე გაბზარულია, ეტყობა, საკმაოდ ძლიერი დარტყმა იყო. გადმოვდგი თუ არა მანქანიდან ფეხი, ჩავიკეცე, ტვინის შერყევას გადავრჩი, მაგრამ ცოტა ხანს წოლითი რეჟიმი მქონდა.

- სისწრაფე გიყვარს?
- კი, მაშინ, როცა საჭესთან მე ვზივარ, თუმცა სწრაფად ხშირად არ დავდივარ, რადგან ჩვენთან მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობის კულტურა არ არსებობს, მეც არ მიყვარს და ვაღიარებ, რომ გადავრბივარ ხოლმე გზაზე, რაც კარგი ნამდვილად არაა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ქალაქში აუცილებლად ფრთხილად და ნელა დავდივარ.

- პატრული და ჯარიმები – ამ მხრივ როგორ გაქვს საქმე?
- ერთი-ორჯერ ვიჯექი ნასვამი საჭესთან და გადავურჩი პატრულს, არ დავუჭერივარ, მაგრამ ერთხელ მე და ერთი ჩემი მეგობარი ძალიან გამომწვევად ვიქცეოდით პატრულის მახლობლად. ძალიან მთვრალები გამოვედით, მანქანასთან ახლოს დავბორიალებდით, ისე, როგორც მთვრალებს ეკადრებათ. მეუბნებოდა ის ადამიანი, არ წახვიდე მანქანით, ტაქსის გამოგიძახებო, ამ დროს მე თავი გავიგიჟე, რა სისულელეა-მეთქი, ჩავჯექი და წავედი. როგორც ჩანს, ჩაგვისაფრდა ის პატრული, ჩავედი სანაპიროზე, მივხვდი, რომ პატრული ამეკიდა და მარჯანიშვილის თეატრთან ავედი, ვიფიქრე, სადმე გავაჩერებ და მანქანიდან გადავალ-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი. გამაჩერა, სახეზე შემოხედვისას მიხვდა ჩემს მდგომარეობას და საბუთები მომთხოვა. თუ შეიძლება, თან ტაქსის გამოგიძახებთ და ტაქსით წაბრძანდით სახლშიო. ამასობაში ჩემმა მეგობარმა გაიგო, რა მდგომარეობაშიც ვიყავი, უცებ მოვარდა და ისე გააკეთა, რომ საკუთარ თავზე გამოაწერინა ჯარიმა. მაშინ გადავრჩი, მაგრამ ერთადერთხელ დამიწერა პატრულმა 250-ლარიანი ჯარიმა. ''კაცების შოუში'' მეჩქარებოდა, უკან პატრული მომყვებოდა და მეუბნებოდა იმოძრავეო, წინ, შუქნიშანთან იდგა მარეგულირებელი, რომელიც აჩერებდა მანქანებს, დაბნეუ-ლობისგან ზოგი მძღოლი წინ წავიდა, ზოგი გაჩერდა და ამ გაუგებრობაში ჩემ წინ მდგომი მანქანის მისაბმელს ოდნავ მივედე. მოვიდა ჩემ უკან მოძრავი პატრული, რომელსაც ძალიან ეჩქარებოდა და 250-ლარიანი ჯარიმა გამომიწერა. ძალიან გავბრაზდი. ზაფხული იყო, დასასვენებლად ვემზადებოდი, ფულს ვაგროვებდი და ამ დროს შუბლზე ამხელა ჯარიმა რომ ამაკრეს, გავცოფდი, მაგრამ რას ვიზამდი?!.

- ქალი საჭესთან...
- არ მიყვარს ქალი მძღოლები, ვგიჟდები იმ გოგონებზე, რომლებიც კარგად მართავენ მანქანას. როგორც წესი, გოგონები ძალიან დაბნეულები არიან, სარკეებს არასდროს უყურებენ, ვერ აკონტროლებენ სიტუაციას და ა.შ. მანქანას უკნიდან რომ შევხედავ, ვხვდები, ქალი მართავს თუ კაცი. თუმცა არიან მამაკაცები, რომლებიც ასევე ცუდად მართავენ ავტომობილს. ისე, კაცი თუ ვერ ცურავს და კარგად ვერ მართავს მანქანას – დამღუპველია, ხაზი აქვს გადასასმელი (იცინის).

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლლლ
ძალიან საყვარელი გოგოა ნინი
06:27 / 30-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS