17 მაისი, 2015
გიო ხუციშვილი: ''არატრადიციული ორიენტაცია ანომალიური გადახრაა''
ქართველებს ტვინი ცოტა სხვანაირად გვაქვს მოწყობილი ''პატრიოტობა გულშია, შენი ქალაქის, ქვეყნის სიყვარულშია. აფხაზეთში რომ ვიბრძოდი, ადრე ეგ იყო პატრიოტობა, დღეს კი სიგარეტს რომ ქუჩაში კი არა, ურნაში ჩააგდებ, ეგეც პატრიოტიზმია. როცა შენი ქვეყნის, ქალაქის, ოჯახის ყველა სატკივარი გტკივა, უკვე პატრიოტი ხარ'', - აღნიშნა გიო ხუციშვილმა, რომელთანაც ინტერვიუ ტრადიციების თემაზე ჩავწერეთ.

- ცხოვრება წინ მიდის, ყველაფერი იცვლება, ხალხი ისეთი აღარ არის, როგორიც იყო, მაგრამ ტრადიცია ისეთი რამაა, რასაც კი არ უნდა მიჰყვე, შენში უნდა იყოს. ჩემი
მშობლების მიერ დატოვებული ოჯახური ტრადიციები გენეტიკური კოდივით მაქვს ჩანერგილი და ვცდილობ, არ დავკარგო. ერთად შეკრება, ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარება, თუნდაც სუფრის გაშლა, შვილების მეგობრებთან ურთიერთობა, ერთად სადილობა - ასეთი ტრადიციები არ უნდა დავივიწყოთ. ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, თორემ ჩოხით არასდროს მივლია, გახეხილი ჯინსიც მცმია და გრძელი თმაც მქონია. ყველაფერს თავისი დრო აქვს და მგონია, ტრადიციების დიდი პატივისცემა ასაკთან ერთად მოდის.

- ოჯახურ ტრადიციებზე საუბრობთ და მაინტერესებს თქვენი აზრი წყვილის ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე.
- როცა ქართველ კაცს ქალიშვილი გყავს, რთული აღსაქმელია ქორწინებამდე თანაცხოვრება, ბიჭის შემთხვევაში ამას უფრო მარტივად უყურებ. ხომ იცი, ქართველებს ტვინი ცოტა სხვანაირად გვაქვს მოწყობილი. დიდი ხანია ვფიქრობ ამ თემაზე და მგონია, ცუდი არაა, თუ წყვილი ერთმანეთს ქორწინებამდე გაიცნობს და დაოჯახებამდე ერთად იცხოვრებს, ოღონდ ეს სიყვარულით უნდა ხდებოდეს, თორემ კლუბში ყოველ შესვლაზე რომ იცვალო პარტნიორი, ეს სულ სხვა რამაა.

- ჩვენს რეალობაში ბევრი ოჯახი ინგრევა, რატომ?
- ერთმანეთს არ იცნობენ. პატარები რომ ქმნიან ოჯახს, ყველაფერს შესაბამისად ვერ აცნობიერებენ. ხშირად ერთმანეთის მიმართ ლტოლვა აქვთ და არა დიდი სიყვარული. გარკვეული დროის შემდეგ კი დგებიან სიყვარულის, მოფერების, გაგების, კიდევ ბევრი სხვა პრობლემის წინაშე. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა პატარებს შეუქმნიათ ოჯახი და ბოლომდე შერჩენილან ერთმანეთს, მაგრამ, ძირითად შემთხვევაში პატარა ასაკში ოჯახი ლტოლვის საფუძველზე იქმნება, ეს არაა ის დიდი სიყვარული, რომელიც ოჯახს სჭირდება. ცოლ-ქმარს რთული და ეკლიანი გზის გავლა უწევს, თავიდან ყველაფერი ლამაზია, მაგრამ როგორც კი პატარა ეკალი იჩენს თავს, ყველაფერი ფუჭდება. მე ძალიან შორს ვიყავი წინასწარი თანაცხოვრების საკითხისგან, მაგრამ რაღაცებზე რომ დავფიქრდი, რაღაცებს შევხედე, მივხვდი, ჯობს, წინასწარ იცხოვრონ ერთად, კარგად გაიცნონ ერთმანეთი და მერე მიიღონ ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება...

- ეთანხმებით იმას, რომ ოჯახის უფროსი კაცია?
- კი, მამაკაცმა უნდა იგრძნო, რომ შენს მხრებზე ჰკიდია ძალიან ბევრი რამ. უფროსი ცოტა უხეში ნათქვამია, რადგან ჩვენთან ყველას განაწილებული გვაქვს ფუნქციები. მაიას
რომ არ დაეკრა ჩემთვის და ზუკასთვის, არც ვიმღერებდით, არადა, მუსიკას ჩვენი ცხოვრების 50% უკავია, მეორე 50% უკვე საყოფაცხოვრებო თემებს ეკუთვნის. ონკანი რომ გაფუჭდება და ნათურა რომაა გამოსაცვლელი, ვიცი, რომ მე უნდა მივხედო, მატერიალური მხარეც მე უნდა გავაკონტროლო. როცა კაცი ხარ, ასეთი საკითხები საკუთარ თავზე უნდა აიღო. 18 წლისა რომ გააჩენ შვილს, მარტო ეს არაა საქმე, მას გაზრდა უნდა, განათლება უნდა მისცე. ზოგი დალევს დიდ ყანწს, ეს ყველაფერი ავიწყდება და მერე თვალი ''სხვაგან'' გაურბის, არადა, ოჯახი ერთი ორგანიზმია, კაცს მეტი ძალა აქვს, ქალს კი - უფრო მეტი ჭკუა და ისიც მართავს ყველაფერს. შეიძლება, შენ რაღაცები დააშავო, მაგრამ ქალმა თუ არ ''მოგწია'' აქეთ, აირევი. ამიტომ ვამბობ, რომ ოჯახური ცხოვრება ძალიან რთულია, ტრადიციულად ოჯახის უფროსი არის კაცი, მაგრამ რეალურად ჩვენ გაყოფილი გვაქვს ფუნქციები, პრობლემები ყველას ზურგზე გადადის და არამარტო ჩემზე.

- ალბათ, ოჯახში გენდერულ თანასწორობას სკეპტიკურად არ უყურებთ.
- ქალი რომ ჭკვიანია, ამას არ უნდა ლაპარაკი. კაცს უნდა ესმოდეს, შენი ჩამოყალიბება, შექმნა ქალის დამსახურებაა, ქალი ქმნის კაცის 50%-ს, ამიტომ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ორივე ხელს ვწევ და ვამბობ, ქალი აუცილებლად უნდა დაიყენო გვერდით.

- როგორია თქვენთვის ჭკვიანი ქალი?
- ქალი, რომელიც ახალგაზრდობაში ყველაფერში წამოგყვება, შენს ბევრ სიგიჟეს გაუძლებს. წლების მერე კი მიხვდები, რომ მისი დამსახურებაა, დღესაც ერთად რომ ხართ.

- როგორ ფიქრობთ, ქალისა და კაცის ღალატი სხვადასხვაგვარად რატომ აღიქმება?
- არ ვიცი, როგორ აღიქმება, მაგრამ ღალატი ღალატია ქალისგანაც და კაცისგანაც. მეც იმდროინდელი ვარ, კაცის ღალატი რომ არაფრად მიაჩნდათ, მაგრამ რომ ვუკვირდები, არაფერი კი არა, ძალიან ცუდი საქმეა. კაცისა და ქალის ღალატი ორივე ერთნაირად უნდა ისჯებოდეს.

- ერთხელ ღალატის გამო ოჯახი უნდა დაინგრეს?
- რატომ მეკითხებით ამას? ხომ იცით, რომ ბოჰემურად მაქვს ნაცხოვრები. ჩემი ცოლი გადამყვა და იმიტომ ვართ ერთად, თორემ მთელი ჩემი ცხოვრება პატარა საგიჟეთი იყო.

- ზემოთ ყანწი ახსენეთ, ქართული სუფრის ტრადიციები მოგწონთ?
- ყანწები წარსულს უნდა ჩაჰბარდეს, ჭიქები აუცილებლად უნდა დავიტოვოთ, ქართულ სიმღერაზე აღარაფერს ვამბობ, ეს კლასიკაა. ჩემი სამეგობროს შეკრება უფრო კონცერტია, ვიდრე ღრეობა და სუფრა. ყანწები და საფლავებზე ჩაქაფულის გაცხელება ჩემგან ძალიან შორსაა. 20 წლის ბიჭი მარტო ხინკალზე არ უნდა ფიქრობდეს, ალტერნატიულ მუსიკასაც უნდა მოუსმინოს, წიგნებიც იკითხოს და დახეული ჯინსიც უნდა ეცვას იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

- ამბობენ, ძველად უფრო ძლიერი მამაკაცები იყვნენ და ეს თაობა სუსტიაო.
- ასე არაა, მე ვისთანაც მაქვს შეხება, ძალიან მაგარი ახალგაზრდობა მოდის. ცხოვრება გაჭირდა და ბევრი რამ თანხებს უკავშირდება. რესტორნებს რომ გადახედოთ, ძირითადად ქალები სხედან, ისინი ერთად კრებენ ფულს და ისე მიდიან გასართობად. შენ, ბიჭმა, მეუღლე და მისი ოცი ამხანაგი რომ დაპატიჟო, ამ ხარჯის გაწევის შესაძლებლობა აღარ არის. შეიძლება, ბევრ ახალგაზრდას აქვს ამის გაკეთების სურვილი, მაგრამ ფინანსები არ უწყობს ხელს.

- არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე რა აზრი გაქვთ?
- არატრადიციული ორიენტაცია ანომალიური გადახრაა, ამიტომ არ განვსჯი ასეთ ადამიანებს, მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარშემო ასეთი ბევრია, არასდროს მქონია ვინმესთან კონფლიქტი მისი ორიენტაციის გამო. თუმცა ქალისა და მამაკაცის სიყვარული მხიბლავს და ყოველთვის ეს აზრი მექნება.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
nina
სამწუხაროდ თითქმის ყოველთვის ქართველი კაცების ცხოვრება დიდი საგიჟეთია. კაცები ძალიან გვიან ხვდებიან მეუღლის როგორი მადლობელი უნდა იყინ ოჯახი რომ აქვთ. თუ გულწრფელი ხართ თქვენს შემთხვევაში, კიდევ ადრე მიმხვდარხართ. ნუ მიწვენთ.
15:43 / 18-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მიკა
ნეტა ბიჭების სიყვარული არ ხიბლავს?!
12:19 / 18-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ბაბულიას
ბაბულია, თქვენ ტვინი უკვე გამორეცხილი გაქვთ.ღმერთმა არ ქნას რომ თქვენს შვილებსაც მასე გამოურეცხონ ტვინი.
11:35 / 18-05-2015
გამოხმაურება / 0 /
nina
რატომაა ამოწურული როცა არც დაწყებულა.
18:14 / 17-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ბაბულია
ბუნებაში იმიტომ შეიქმნა მდედრი და მამრი ინდივიდები, რომ თაობები შეიქმნას და ინდივიდებმა სიცოცხლე გააგრძელონ. უკეთესები გახდნენ ბუნებრივი გადარჩევის გზაზე,გენეტიკური ნიშან თვისებები შთამომავლობას შემოუნახონ.ეს ყველამ იცის.მაგრამ ასეთი თანაცხოვრების ფონზე მათ მომავალს ხომ გადაშენება უწერია?ასეთი კავშირები ბუნების წინააღმდეგ სვლაა.გარყვნილებაა და უნდე ისჯებოდეს ალბათ .იკრძალებოდეს პროპაგანდა და ჩვენი შვილების ტვინების გამორეცხვა.
14:29 / 17-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS