ვინ იცის, თითოეულ ჩვენგანს რამდენჯერ უნახავს პროვინციელი მოქანდაკე აგულისა და მისი ოჯახის ამბავი. ნიჭიერი ხელოვანი აგული მასწავლებლის ნაჩუქარი მარმარილოს ქვისგან არაჩვეულებრივი მონუმენტის შექმნაზე ოცნებობს, მაგრამ ფრონტიდან დაბრუნებული მხოლოდ
ფილმში ცოლ-ქმრის პერსონაჟებს მსახიობები გურამ ლორთქიფანიძე და ვალენტინა ტელეჩკინა განასახიერებენ. მათი ოჯახის თავი კი მაღალი ჭაღარა, ულვაშიანი კაცია - პიპინია ერისთავი, იგივე ვასილ ჩხაიძე, რომელიც ფილმის გადაღებისას უკვე სამოც წელს იყო გადაცილებული.
ის გურიის სოფელ აცანაში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენის განხრით დაამთავრა. 1927-34 წლებში ბათუმის თეატრის მსახიობი იყო, ერთხანს კი სკოლაშიც მუშაობდა რუსულისა და გერმანულის მასწავლებლად. 1956-62 წლებში ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის მსახიობი 1967 წლიდან კინოსტუდია ''ქართულ ფილმში'' მოხვდა. მას შემდეგ სხვა რეჟისორებთანაც მუშაობდა და 30-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა. ''ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი'' მისი ბოლო ფილმია, რომელს გადაღების დროსაც, ის კვლავ ელდარ შენგელაიასთან მუშაობდა, ვისი მეშვეობითაც პირველად გამოჩნდა ეკრანზე.
''არაჩვეულებრივი გამოფენისთვის'' პიპინიას როლზე თბილისში ვერავინ ვიპოვე, - იხსენებდა მოგვიანებით ელდარ შენგელაია, - ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთში იყო. იქ მსახიობ აკაკი დობორჯგინიძეს წავაკითხე სცენარი და ვკითხე, ვინმეს ხომ არ იცნობდა, ვინც პიპინიას როლს შეასრულებდა. აკაკი დობორჯგინიძე ის კაცია, რომელსაც ''არაჩვეულებრივ გამოფენაში'''ძაღლი მოჰყავს. მან მითხრა, რომ გურიაში, სოფელ აცანაში იყო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა გამოგვდგომოდა - ვასილ ჩხაიძე, ის ფოთის თეატრში მუშაობდა, იქიდან უნიჭობის გამო გარიცხეს და მას შემდეგ სოფელში გერმანულისა და რუსულის მასწავლებლად მუშაობდა.
გურამ ლორთქიფანიძე ჩემი ასისტენტი იყო და არ ვფიქრობდი, აგულის როლზე ამეყვანა. გურიაში ჩასულებს საოცარი სახლი დაგვხვდა, ზღაპრებში რომაა, ისეთი. გამოვიდა კაცი, რომელიც ისეთივე ჩაცმული იყო, როგორიც შემდეგ ფილმშია. ფაქტობრივად, მის ჩაცმულობაში ბევრი არაფერი შეგვიცვლია. გურამი და ვასილ ჩხაიძე ერთად რომ დავინახე, მივხვდი, რომ ესენი აგული და მამამისი პიპინია იყვნენ. ვასილ ჩხაიძემ მთავარ როლზე უარი მითხრა, ეპიზოდში ვითამაშებო. შევეცადე გადამერწმუნებინა და თბილისში დავიბარე. როცა ჩამოვიდა, რკინიგზის სადგურში გურამი დახვდა და პირდაპირ კინოსტუდიაში მოიყვანა. სინჯებს რომ ვუღებდით, კაცი გაქვავდა. მივხვდი, განათებას და მსგავს გარემოს არ იყო შეჩვეული. ჯერ სხვებს გადავიღებ, თქვენ დამელოდეთ და მერე ჩვენ ვცადოთ-მეთქი, - ვუთხარი ბატონ ვასოს. ასეც მოვიქეცი და მოგვიანებით კიდევ გადავიღე. ეტყობა, შეეჩვია გარემოს და აი, მაშინ უკვე კარგი ნამუშევარი გამოვიდა. ის იყო, რომ მას ხმა არ უვარგოდა და მეორე რეჟისორის, რამაზ შარაბიძის რჩევით, გახმოვანებისას ეროსი მოვიწვიეთ. ეროსისთან დამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შემოქმედებისათვის. მან არაჩვეულებრივ გამოფენაში'პიპინია და შემდეგ შერეკილებში'ქრისტეფორე მგალობლიშვილის პერსონაჟები გაახმოვანა. მისი ხმა გადამწყვეტი გამოდგა''...
''ო, თამუნია, თამუნია'' - ეს კი უკვე ტრაგიკული ბედის ფიზიკოსი ქრისტეფორე მგალობლიშვილია, ელგარ შენგელაიას ფილმიდან ''შერეკილები''. მხატვრული ფილმი-კომედია 1973 წელს გამოჩნდა ეკრანებზე.
სოფლიდან ქალაქში ბედის საძებნელად გამგზავრებული ღატაკი ბიჭი ერთაოზ ბრეგვაძე (დავით ჟღენტი) ციხეში ხვდება, სადაც უცნაურ პატიმარს ქრისტეფორეს გაიცნობს. საფრენი აპარატის შექმნის იდეით შეპყრობილი თანასაკნელი ახალგაზრდას თავის ჭკუაზე ''მოაქცევს''. ''შერეკილებად'' მონათლული პატიმრები ციხიდან გაქცევას, ცათამფრენის აგებასაც მოახერხებენ და ყველას გასაკვირად, ცაში აფრენასაც შეძლებენ.
ამ დროისთვის ელდარ შენგელაია იმდენად კარგად იცნობდა ვასილ ჩხაიძის შესაძლებლობებს, რომ როცა რეზო გაბრიაძესთან ერთად ფილმის სცენარზე მუშაობდა, წერის პროცესშივე იცოდა, რომ ამ მხატვრული ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ ვასილ ჩხაიძე იქნებოდა. ფილმი რეზო გაბრიძის წიგნის ''უცხო ჩიტის'' მიხედვით შეიქმნა და ვასილ ჩხაიძესთან ერთად, მასში მონაწილეობდნენ არიადნა შენგელაია, ბორის წიფურია, აბრეკ ფხალაძე, მერაბ ელიოზიშვილი, კაკო ბაქრაძე, გრიგოლ ტყაბლაძე და სხვანი.
მიუხედავად იმისა, რომ ვასილ ჩხაიძე ქართულ კინოში ძალიან გვიან ''მოვიდა'', 1969-1982 წლებში შეძლო მონაწილეობა მიღო ისეთ ფილმებში, როგორიცაა: ''ფეოლა'', ''ცოტნე დადიანი'', ''ლაზარეს თავგადასავალი'', ''პირელი მერცხალი'', ''სამანიშვილის დედინაცვალი'', ''ყვარყვარე'' , ''დათა თუთაშხია'' და სხვა.
როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ვასილ ჩხაიძე კინოში მოხვდა, ეროსი მანჯგალაძის გარდა, მის რამდენიმე პერსონაჟს გოგი გეგეჭკორი ახმოვანებდა. მსახიობი საკუთარი ხმით მხოლოდ თითო-ოროლა ფილმში მეტყველებდა.
ვასო ჩხაიძის გარდაცვალებიდან თითქმის 30 წლის გასვლის შემდეგ, 2013 წელს, ელდარ შენგელაიამ მეგობრებთან ერთად მსახიობის ნეშტის მუხათგვერდის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადასვენება ითავა. ვასილ ჩხაიძე ეროსი მანჯგალაძის გვერდით დაკრძალეს...
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''