17 ივლისი, 2013
ვინ ანერვიულა უცხოეთში ყოფნისას დათო არჩვაძემ და რატომ დარჩა მშიერი
კონცერტის დროს ღია ცის ქვეშ ბევრი კოღო იყო და მაინცდამაინც მაშინ მომიწია რამდენიმე სიმღერის გიტარაზე დაკვრამ... სცენიდან დაკბენილი ჩამოვედი... მომღერალი და კომპოზიტორი დათო არჩვაძე გამოცდილი მოგზაურია. ბავშვობიდან თავისი ნიჭის წყალობით მრავალ ქვეყანაშია ნამყოფი გასტროლებით. მისთვის მოგზაურობამ განსაკუთრებული ხიბლი შეიძინა მას შემდეგ, რაც დაქორწინდა და მეუღლესთან ერთად მოგზაურობს. დათო ამჟამად ამერიკაშია და მისი ჩაწერა ინტერნეტის საშუალებით მოვახერხეთ.

- პირველ რიგში, მოგესალმებით თქვენ და სრულიად საქართველოს. ''ქართული ხმების'' კვარტეტს გვქონდა კონცერტები ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში. კონცერტებმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
მოვეფერეთ უამრავ ქართველ ემიგრანტს და ძალიან ამაღელვებელი შეხვედრები იყო.
ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი დღე ჩვენთვის ის გახლდათ, როდესაც ვაშინგტონში კონცერტების ორგანიზატორის გელა საჩალელის და ჩვენი ერთობლივი ინიციატივით მოვინახულეთ ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები. ეს დღე ცხოვრებაში არ დაგვავიწყდება. მათ ჩავუტანეთ საჩუქრად ლილიკო ნემსაძის ახალი სიმღერა, რომელსაც ანსამბლი ''ქართული ხმები'' ვასრულებთ.
- რამდენადაც ვიცი, ამერიკაში პირველად არ ხარ. როცა პირველ ჯერზე ჩახვედი, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე?
- ეს მეოთხე გასტროლია ამ მართლა საოცარ ქვეყანაში. პირველი გასტროლი 1991 წელს თემურ ქევხიშვილის ანსამბლ ''დარიალთან'' ერთად იყო. მოგეხსენებათ, ბავშვობის შთაბეჭდილება საერთოდ სხვა რამეა, მით უმეტეს, ასეთ ქვეყანაში და ყველაფერი სასწაულად გამახსოვრდება. ვცხოვრობდით ოჯახებში, ჯორჯიის შტატში და ნიუ-იორკში გვქონდა მაშინაც კონცერტი. საქართველოდან საკმაოდ დიდი დელეგაცია იყო, ბატონი გელა ჩარკვიანი, გივი სიხარულიძის ანსამბლი. ატლანტაში ბატონი ნუგზარ რუხაძე დაგვხვდა და მახსოვს ამერიკელების განსაკუთრებული ემოცია, როდესაც ვასრულებდით სიმღერას ''ამერიკა'' .
შემდეგი, მეორე გასტროლი ამერიკაში უკვე მაშინდელი ანსამბლ ''უნივერსიტეტს'' გვქონდა ქალაქ ნიუ-პორტში, კლასიკური მუსიკის ფესტივალზე, სადაც მსახიობ ჯონ მალკოვიჩის ბიძაშვილმა, მარკ მალკოვიჩმა მიგვიწვია. ის საქართველოში იმყოფებოდა, მოგვისმინა და ჩვენი მიწვევა გადაწყვიტა. ეს 2003 წელს იყო. ზემოხსენებული ფესტივალი ჩვენი სოლოკონცერტით გაიხსნა. ამ წელს, როგორც გავიგეთ, გამონაკლისი დაუშვიათ ჩვენი მონაწილეობით. ამ ფესტივალის ისტორიას მსგავსი რამ არ ახსოვდა. მარკ მალკოვიჩი ქართული ფოლკლორით ძალიან მოიხიბლა და ამიტომაც გადაწყვიტა გამონაკლისის დაშვება.
ამერიკული ვოიაჟების კულმინაცია ჩემთვის წლევანდელი გაზაფხულის პირველი დღეები გახლდათ, როცა ჩემს უსაყვარლეს მეუღლესთან, ეთუნასთან ერთად გახლდით ქალაქ ლას-ვეგასში, სტუმრად ჩემს უფროს მეგობართან, ალექს დავითიანთან. ამ ქალაქმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პირველ მარტს დავესწარით ჩემი საყვარელი ჯგუფის ''ბოიზ თუ მენის'' კონცერტს, სადაც ძალიან მაგარი ფაქტი მოხდა. 10-წლიანი პაუზის შემდეგ მათთან ერთად სცენას დაუბრუნდა ჯგუფის მეოთხე წევრი, ყველაზე მაგარი ბანი (იღიმის) და ძალიან ამაღელვებელი კონცერტის მომსწრენი გავხდით. ასევე მოვიარეთ კალიფორნია, სადაც ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ მოგვატარა ჰოლივუდი, ბევერლი ჰილზი და სანტა-მონიკა.
- მოგზაურობის პროცესი თუ გიყვარს, პირველად როდის გახვედი ქვეყნის საზღვრებს გარეთ?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი ცხოვრება ვმოგზაურობ, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ეს პროცესი. განსაკუთრებით ისეთ ადგილებში მოგზაურობა, სადაც არასდროს ვყოფილვარ. პირველი გასტროლით გერმანიაში გახლდით. იქ ასევე თემურ ქევხიშვილის წყალობით აღმოვჩნდი. 40 ბავშვი მატარებლით ვიყავით და ეს გასტროლი მართლაც ზღაპარივით მახსოვს. თქვენ წარმოიდგინეთ, კონცერტი არ გვქონია, მაგრამ მთელი ევროპა, რა თქმა უნდა, სიმღერ-სიმღერით შემოვიარეთ. ამ გასტროლზე გავსინჯე პირველად სიგარეტი და იმის მერე აღარ მომიწევია (იცინის). შეგახსენებთ, რომ ეს იყო პირველი გასტროლი 9 წლის ასაკში და მას მერე სულ დავდივარ.
Rating
- რომელ ქვეყნებში ყოფილხარ, შეგიძლია ჩამოთვლა და გახსენება?
- ალბათ გამიჭირდება ჩამოთვლა, მაგრამ შევეცდები - გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ამერიკა, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, იაპონია, ავსტრია, რუსეთი, ბულგარეთი, მალდივის კუნძულები და სხვა. ამათ შორის, რა თქმა უნდა, გამოვარჩევდი ყველაზე ეგზოტიკურ ადგილს, მალდივის კუნძულებს, სადაც გახლდით საქორწინო მოგზაურობაში ჩემს უსაყვარლეს ეთუნასთან ერთად. ეს იყო ვოიაჟი ყველაზე ლამაზ და საინტერესო ადგილას და ისეთი თავგადასავალი, ფილმებში რომ გვინახავს.
- იაპონიაზე არაფერს გვეტყვი?
- რაც შეეხება იაპონიას, სულ ვამბობ, ეს ქვეყანა უკვე 50-ე საუკუნეშია გაჭრილი თავისი განვითარებით. უდიდესი კულტურითა და ტრადიციით იაპონიაში ჩასვლისთანავე შოკი მოგვგვარა ქალაქ ოსაკას აეროპორტმა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი უჩვეულობით. გგონია, რომ წყალზე ჯდები. აქეთ-იქიდან ხმელეთი არ ჩანს დაჯდომის მომენტში და ვისაც თვითმფრინავის ეშინია, მათთვის ამ ქალაქში ჩაფრენა აკრძალულია. გამოდიხარ თუ არა, ისეთი ჰავაა, რომ გგონია, დაიხრჩობი და ვერ ისუნთქებ.
- საინტერესოა, როცა რომელიმე ახალ ქალაქს სტუმრობ, რის სანახავად მიდიხარ პირველ რიგში?
- საერთოდ, ყველა ქალაქში ჩასვლისას, პირველ რიგში, ვცდილობ მოვინახულო ადგილები, რომლითაც ეს ქალაქი არის გამორჩეული. პარიზი არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქალაქი და იქ ძალიან ბევრი რამ მაქვს ნანახი, რასაკვირველია, შეძლებისდაგვარად. ასევე გამოვყოფდი ფლორენციას, რომელიც, ჩემი აზრით, პატარა მუზეუმია. ძალიან მიყვარს მუზეუმებში სიარული და არაერთგან ვარ ნამყოფი. განსაკუთრებულად მოვიხიბლე რომში წმინდა პეტრეს ტაძრით, საოცრებაა, ფლორენციით მთლიანად, პარიზში ლუვრით და ორსეის მუზეუმით. ძალიან რთულია ყველაფრის გახსენება და ჩამოთვლა...
Rating
- თუ გაქვს ხოლმე სურვილი, სადაც ჩახვალ, იქაური სამზარეულოს კერძები დააგემოვნო?
- როდესაც გასტროლზე მივდივარ, ყოველთვის ვცდილობ, მივირთვა ყველაფერი იქაური, ადგილობრივი ლუდი, ღვინო და ა.შ. შესაბამისად, გამისინჯავს არაერთი ეგზოტიკური, საინტერესო და უცნაური კერძი თუ სასმელი. ქალაქ ნევარკში ჩვენმა მეგობარმა, ლერი ჭუმბურიძემ, პორტუგალიურ რესტორანში დაგვპატიჟა. იქ ხორცის 17 სახეობა იყო. რატომღაც ამ რესტორანში მირთმეული კერძები განსაკუთრებულად მახსენდება და ასევე სასმელიც. ხილით გავსებული დიდი გრაფინებით უგემრიელესი ღვინო დავაგემოვნეთ.
ერთხელ კი ოკეანისპირა რესტორანში პირდაპირ აკვარიუმიდან იყვანდნენ თევზებს, იქვე წვავდნენ და მიირთმევდნენ, მაგრამ ისეთი ფერისა და სილამაზის თევზები არასდროს მინახავს, ხელი ვერ ვახლე და დავრჩი მშიერი (იცინის).
- ვიცი, რომ საკმაოდ დაბნეული ადამიანი ხარ. შენი მოგზაურობა ნამდვილად არ ჩაივლიდა კურიოზების გარეშე.
- სასაცილო და კურიოზული ამბებით ჩემ ირგვლივ მყოფთ ყოველთვის ვანებივრებ, მაგრამ ალბათ ისინი უკეთესად გაიხსენებდნენ ამ ისტორიებს. ერთხელ მახსოვს, ევროპაში ავტობუსით მოგზაურობისას კახა გრიგალაშვილი დაგვრჩა გზაში და ნახევარი საათის შემდეგ გაგვახსენდა (იღიმის). საწყალი სამარშრუტო ტაქსით მოგვდევდა და ძლივს დაგვეწია. საბერძნეთში ერთ-ერთი კონცერტის დროს ღია ცის ქვეშ ბევრი კოღო იყო და მაინცდამაინც მაშინ მომიწია რამდენიმე სიმღერის გიტარაზე დაკვრამ... სცენიდან დაკბენილი ჩამოვედი...
Rating
- ამდენი მოგზაურობის შემდეგ ალბათ მაინც გექნება საოცნებო ქვეყანა, სადაც სიამოვნებით წახვიდოდი. ასევე მაინტერესებს, ყველაზე მეტად სად გაოცებულხარ ხალხით და ბუნებით?
- ვისურვებდი მოგზაურობას ბრაზილიაში, ასევე ინდოეთსა და არაბეთში. ჩინეთი მაინტერესებს ძალიან, ავსტრალია. სანახავი და საინტერესო მართლაც ბევრია. ბუნების სილამაზით გამოვარჩევდი ავსტრიისა და იტალიის ალპებს, ხალხს - თავისი კულტურითა და თბილი ურთიერთობებით ალბათ იაპონიაში. ისე ყველაზე ჩვენებურები მაინც იტალიელები არიან, ან ჩვენნაირები უფრო (იღიმის).
- რომელიმე ქვეყანაში თუ დაკარგულხარ?
- არ დავკარგულავ ნამდვილად, ალბათ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება გუნდთან ერთად დავდივარ. ბოლო წლებში ნეკა სებისკვერაძესთან ერთად მომიწია გამგზავრებამ გერმანიასა და შვეიცარიაში და ცოტა ნეკას ვანერვიულებდი ხოლმე ამ თვალსაზრისით. ის ზედმიწევნით ორგანიზებული ადამიანია. ამ მხრივ ჩემი მეუღლეც გამოირჩევა, რაც მთავარია და სადაც უნდა წავიდეთ, მასთან ერთად ძალიან მშვიდად ვარ.
- მგზავრობისას ცნობილ ადამიანებს თუ შეხვედრიხარ?
- ერთხელ მოსკოვიდან მოვფრინავდი. რეისი გადაიდო და ორი საათით ელ ჯეროსა და მის ბენდთან მომიწია აეროპორტში ყოფნამ. გამაოგნა ამ მუსიკოსის უბრალოებამ. ბავშვობაში კი სოფი ლორენს შევხვდი ნიუ-იორკში. ჩვენი სასტუმროს წინ შემთხვევით აღმოჩნდა და მთელი ჩვენი დელეგაცია გახარებული იყო ამ ულამაზესი მსახიობის ნახვით. ისე უცბად მოხდა ეს ყველაფერი, რომ, სამწუხაროდ, სურათი ვერ გადავიღეთ და ვერც ავტოგრაფის თხოვნა მოვასწარით.
- დათო, როგორ კამპანიაში გსიამოვნებს მოგზაურობა ყველაზე მეტად?
- ყოველთვის შთამბეჭდავი და საინტერესოა საგასტროლო მოგზაურობა, მაგრამ ჩვენი ინტერვიუდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ ყოველთვის მეუღლესთან ერთად ვარჩევდი (იღიმება).
- დაბოლოს, ვიცი, რომ ამ ზაფხულს უკვე მოასწარი ამერიკამდე გასტროლებზე წასვლა.
- ივნისში მე და ზვიად ბერიაშვილს ანსამბლი ''მოძახილი'' იტალიაში გვყავდა გასტროლებზე, კერძოდ, ვენეციაში. პატარა მოძახილელებმა მაგრად გვასახელეს. ქართული ფოლკლორი და გალობა უნიკალური ფენომენია. ასეთ გასტროლებს ყოველთვის უდიდესი დატვირთვა აქვს. მიხარია, რომ საქართველოში ტრადიცია გრძელდება!..

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS