27 აპრილი, 2015
მორაგბე ლაშა ლომიძეს ფრანგი გოგონები საშინლად არ მოსწონს
ჩვენი ურთიერთობის პრობლემა მანძილი გახდა მორაგბე ლაშა ლომიძე საფრანგეთში, მონპელიესთან ახლოს ცხოვრობს. კლუბ ''ბეზიერთან'' კიდევ რამდენიმეწლიანი კონტრაქტი აქვს გაფომებული. ვარჯიშს დიდ დროს უთმობს, პირად ცხოვრებას - არა. მასთან რაგბის გარდა, სხვა თემებზეც ვისაუბრეთ.

- ლაშა, რაგბი ბავშვობიდან გიყვარდა?
- დედაჩემს საშინლად არ უნდოდა, რომ რაგბი მეთამაშა. ცხრა წლამდე ფეხბურთზე დავდიოდი, მერე ცურვაზე შემიყვანეს. ბიძაჩემი ირაკლი კეკელიძე ძველი მორაგბეა. თხუთმეტი წლის ვიყავი, როდესაც ხელი მომკიდა და რაგბიზე შემიყვანა. ხუთი წელი ვთამაშობდი საქართველოში და ოცი წლის მონპელიეში
წამოვედი. სამი წელია, საფრანგეთში ვარ.

- რატომ არ უნდოდა დედას, რომ რაგბიზე შესულიყავი?
- რაგბის თამაშისას დიდია ტრავმების ალბათობა და წარმატებას რომ მიაღწიო, დიდი შრომა გჭირდება.

- ხომ არ გინანია, სხვა სპორტი, ფეხბურთი ან წყალბურთი რომ არ აირჩიე?
- არასდროს მინანია. ბავშვობაში სპორტზე დედას გასართობად დავყავდი. არც ფეხბურთელობა მინდოდა და არც წყალბურთელობაზე მიოცნებია ოდესმე.

- სპორტს სწავლაში ხელი არ შეუშლია?
- რაც რაგბის თამაში დავიწყე, მას შემდეგ დამთავრდა ჩემი სწავლა. ჩვიდმეტი წლიდან სწავლას თავი დავანებე. ოჯახის მოთხოვნით, უმაღლეს სასწავლებელში იურიდიულ ფაკულტეტზე მაინც ჩავაბარე. მათ თხოვნას ვერ შევეწინააღმდეგებოდი. ერთ წელიწადში საფრანგეთში რომ წამოვედი, აკადემიური ავიღე. ახლა ვახერხებ, რაგბის პარალელურად ვისწავლო კიდეც. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, გამოცდებს მაშინ ვაბარებ.

- მომავალში გეგმავ იურისტობას, თუ უბრალოდ მშობლების სურვილი შეასრულე?
- აუცილებლად. ამ სფეროში მინდა გავაგრძელო მოღვაწეობა. ადვოკატობას ვერ გავქაჩავ, მაგრამ იურისტობას თავს არ დავანებებ. როგორც კი სპორტულ კარიერას დავასრულებ, თბილისში ჩემი პროფესიით გავაგრძელებ მუშაობას.

- სპორტულ ცხოვრებაში ყველაზე რთული რა არის?
- როცა არ გიმართლებს. თუ ბევრი ტრავმა გაქვს, მერე თავიდან უნდა ჩადგე ფორმაში, რაც ძალიან რთულია.

- შენს ცხოვრებაში იყო ასეთი ტრავმები?
- საფრანგეთში წამოსვლამდე მუხლზე სერიოზული ტრავმა მქონდა. თვრამეტი წლის ვიყავი, როცა თამაშისას მუხლის ჯვარედინი მყესები გამიწყდა და ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ეს სპორტსმენისთვის ყველაზე ცუდი პერიოდია, როცა ძალიან გინდა თამაში და არ შეგიძლია.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო თასზე, რუმინეთი-საქართველოს შეხვედრის წინ, ერთი კვირა მორაგბეების რაციონში შევა შვიდასი კილოგრამი ხორცი, ოთხასი კილოგრამი თევზი და 4000 კვერცხი. მართლა ამდენი ჭამა სჭირდებათ მორაგბეებს?
- კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს ცოტა გაზვიადებული მენიუა. მორაგბეები ბევრს არ ვჭამთ. სწორად უნდა იკვებო. მთავარია, ალკოჰოლი არ მიიღო და არ მოსწიო.

- საქართველოდან შორს ცხოვრება არ გიჭირს?
- ბოლო წელი უფრო მოსაწყენი იყო ჩემთვის. მონპელიეში ჩემ გვერდით იყვნენ ქართველი მორაგბეები მამუკა გორგოძე, მიშა ლალიაშვილი და არ მიჭირდა. სულ ერთად ვიყავით და ვერ ვგრძნობდით, რომ საქართველოდან შორს ვიყავით. ახლა სხვა გუნდში გადმოვედი, მარტო ვარ და ყოველდღიური ცხოვრება ცოტა მოსაწყენია, მაგრამ არ მიჭირს შეგუება. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ სპორტსმენმა თავს კარგად მიხედოს.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- ჯერჯერობით არაფერი.

- საფრანგეთში გოგონას გასაცნობად ენის ბარიერი ხომ არ გაქვს?
- ფრანგული კარგად ვიცი, უბრალოდ, საქმეში ვარ ძალიან ჩართული. ვერ ვახერხებ, რომ შეყვარებული და სპორტი ერთმანეთს შევუთავსო. მინდა, მყავდეს ქართველი შეყვარებული, რომელსაც ცოლად მოვიყვან.

- ფრანგი გოგონა არასდროს მოგწონებია?
- საშინლად არ მომწონს ფრანგი გოგონები. მათთან ურთიერთობა მქონია, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნებას ფრანგ გოგონებთან ვერ ვახერხებ.

- რატომ ხდება ასე, როგორ ფიქრობ?
- ვერ გეტყვი. მათთან ურთიერთობის გაფუჭება, შეიძლება, ჩემი ბრალია, არ ვიცი.

- რა არის ხოლმე დაშორების მიზეზი?
- პირველ რიგში, გაგება. ძალიან ტრადიციული ტიპი ვარ, რაც შეიძლება, ფრანგებისთვის მიუღებელია. ეჭვიანიც ვარ და ეს ყველაფერი ფრანგ გოგონებთან ურთიერთობაში ხელს მიშლის.

- ქართველ გოგონებთან იგივე პრობლემები გქონია?
- ერთხელ მყავდა ქართველი შეყვარებული. ჩვენი ურთიერთობის პრობლემა მანძილი გახდა. ერთად ყოფნას ვერ ვახერხებდით და დავშორდით.

- საქართველოში დაბრუნებას როდის გეგმავ?
- სარაგბო კარიერის დამთავრებამდე აქ ვიქნები. საფრანგეთში თამაშობენ რაგბის. საქართველოში კარგი პირობები არაა შექმნილი ამ სპორტისთვის. რაგბის რომ დავანებებ თავს, აუცილებლად საქართველოში დავბრუნდები.

- შენს კარიერაში ყველაზე წარმატებული თამაში როდის გქონდა?
- წელს ორი წარმატებული თამაში მქონდა. საქართველოში იაპონიის წინააღმდეგ ვითამაშეთ და საუკეთესო მოთამაშე გავხდი. ძირითად შემადგენლობაში ეს ჩემი პირველი თამაში გახლდათ და ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. საფრანგეთში ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ბოლო თამაშზეც საუკეთესოდ მაღიარეს. ჯერჯერობით ყველაზე დიდი წარმატება ორჯერ საუკეთესო მოთამაშედ დასახელება იყო და მერე ვნახოთ.

- საფრანგეთში შენს ცხოვრებაზე გვიამბე.
- საფრანგეთში ვცხოვრობ ძალიან მარტივად. ვარ ბაზაზე. აქ არის სტადიონები და სავარჯიშო დარბაზები და ბაზიდან გასვლა საერთოდ არ გვიწევს.

- რა გენატრება ყველაზე მეტად?
- ხაჭაპურის ფანი ვარ და ყველაზე მეტად ხაჭაპური მენატრება.

- საფრანგეთში თავად რომ მოამზადო, არ გიცდია?
- კერძების მომზადება მეხერხება, ვწვალობ და ვაცხობ ხოლმე. გემრიელი გამოდის, მაგრამ საქართველოში გამომცხვარს ვერ შეედრება. ფრანგული და იტალიური ყველით არ გამოდის ისეთი მაგარი ხაჭაპური, როგორიც საქართველოში.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თათია
რა საყვარელია,ადვოკატობას ვერ გავქაჩავო :))))
16:43 / 27-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS