ტელეჟურნალისტებისთვის სადღესასწაულო უქმე დღეები არ არსებობს. მუშაობა მაშინაც გვიწევს, როცა სხვები ისვენებენ. ჩემი ყოველი დილა იწყება ფინჯანი ყავით, შემდეგ ვწესრიგდები და სამსახურში მივდივარ, სადაც თმას ვივარცხნი და მაკიაჟს ვიკეთებ. განსაკუთრებულ დღეებში საინფორმაციოს სამჯერ ვუშვებთ, სხვა შემთხვევაში, ყოველ საათში. რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში ცხოვრება რთულია, თუმცა უკვე შევეჩვიე. საღამოს საინფორმაციოს გაშვებამდე აუცილებლად გავდივარ სუფთა ჰაერზე.
''წონაში ადვილად ვიკლებ და რთულად ვიმატებ''
აუცილებელია, ქალმა თავს მოუაროს, ეს
თმის ნიღბებს ვხმარობ, რომ არ გამომიშრეს. ფრჩხილებს დიდ ყურადღებას ვაქცევ. იშვიათად ვდიეტობ, წინასააღდგომო პერიოდში ცომეული შევამცირე. არ მაქვს გაცხოველებული მადა, ამიტომ ხშირად არ მჭირდება საკუთარი თავისთვის აკრძალვის დაწესება. თუ ჩავთვლი, რომ ერთი კვირა მსუბუქად კვებაა საჭირო, მხოლოდ პურს ვიღებ კვების რაციონიდან. წონაში ადვილად ვიკლებ და რთულად ვიმატებ.
კვირაში სამ-ოთხჯერ შვიდი საათისთვის აუზზე მივდივარ და ვცურავ. შაბათ-კვირას დილის საათებში ვამჯობინებ ფიზიკურ დატვირთვას.
გარემო, რომელშიც ლაღი და ბუნებრივი ვარ
ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა მეუღლესა და ვაჟთან ერთად უბრალოდ სეირნობაც კი. საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ლაღი და ყველაზე ბუნებრივი ვარ. მთელი ოჯახი კინოსა და თეატრშიც დავდივართ, თუმცა სპექტაკლებზე დასწრებას,
ჩემდა სამწუხაროდ, უფრო იშვიათად ვახერხებთ.
ფსიქოლოგიური დრამების ყურება მიყვარს. არ მომწონს ფილმი, რომელიც ერთი წუთით გაგაცინებს, მერე კი დაგავიწყდება. სიუჟეტმა და პერსონაჟებმა უნდა დამაფიქრონ, კინოსგან მიღებული ემოციები გარკვეული პერიოდი უნდა გამყვეს. სხვათა შორის, ჩემს მეგობრებს ძალიან უკვირთ, რომ დაძაბული რეჟიმის შემდეგ განტვირთვას კომედიებით ვერ ვიღებ, როგორც ხალხის დიდი ნაწილი.
ბავშვობის ოცნება, რომელსაც ხორცი შევასხი
ჟურნალისტობა, განსაკუთრებით წამყვანობა, ბავშვობიდან მინდოდა. სარკესთან ვჯდებოდი და გაზეთებს ხმამაღლა ვკითხულობდი. ყოველი დღე ჟურნალისტიკასთან იყო დაკავშირებული, შესაბამისად, თავიდანვე ვიცოდი, რომ ამ სფეროში ვიტრიალებდი. 13 წლისას ,,საყმაწვილო ქრონიკები" და ,,თვალსაწიერი" მიმყავდა. იმის მიუხედავად, რომ ეს დიდხანს არ გრძელდებოდა, ნაყოფიერი და სასარგებლო გამოცდილება მივიღე. მეცხრე კლასში, საჯარო სკოლის პარალელურად, დავდიოდი ხელოვნების სკოლაში, სადაც ჟურნალისტიკას ვეუფლებოდი.
მოგვიანებით ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა მოხდა, რამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი, თუმცა ჟურნალისტიკის სიყვარული არ გამნელებია. მამაჩემი მანუგეშებდა, რომ კარგი ჟურნალისტი, პირველ რიგში, არის კარგი ფილოლოგი, ამიტომ არ გეგონოს, თითქოს შენს პროფესიას ასცდიო.
ჟურნალისტიკაში მიყვარს ის, რომ მოვლენათა ეპიცენტრში ხარ. დინამიკა ამ პროფესიის განუყოფელი ნაწილია.
ჟურნალისტებს ბევრი ლანძღავს, არ ილევა პრეტენზიები მათი მისამართით. ჩვენ არ ვუყვარვართ, რადგან კრიტიკულები ვართ, ვსვამთ შეკითხვებს და ვცდილობთ, მათზე პასუხები მივიღოთ, მივიწევთ სიღრმეებისკენ და ჩვენთვის მეორეხარისხოვანია ზედაპირი. ყველაფერი ეს რესპონდენტებს აღიზიანებთ. ხშირად მქონია სამსახურებრივი იმედგაცრუება.
ნათელი წარსული, სულიერი ტრავმების გარეშე
მიზანდასახული, მაგრამ მშვიდი და წყნარი მოზარდი ვიყავი. თანდათან შევიცვალე. სხვაგვარად რთულია, კონკურენციას გაუძლო.
ბავშვობაში ბებია-ბაბუა ცოცხალი მყავდა, არავინ დამიკარგავს, ვიზრდებოდი სითბოსა და სიყვარულში. ნათელი წლები გამოვიარე, ყოველგვარი სულიერი ტრავმების გარეშე. ათი წლისას შემეძინა და ძალიან ბედნიერი ვიყავი!
უწინ მეშინოდა ძაღლების, მაგრამ დავძლიე და დღეს უკვე საკუთარი მყავს. ცხოველები და ადამიანები აღარ მაფრთხობს. მხოლოდ აბსტრაქტული რაღაცები მაღელვებს. მაგალითად, მარტოობა.
სიყვარული არის მოტივაცია
ჩემი მეუღლე, ზაზა, დავით დოიაშვილის ერთ-ერთი სპექტაკლის პრემიერაზე გავიცანი. გალანტური, ინტელიგენტი და მომხიბვლელი იყო და არის, ქალთან მოქცევა იცოდა, მის სიამოვნებას საკუთარ სურვილზე წინ აყენებდა. შეუძლებელი იყო, არ შემყვარებოდა. ძალიან მოკლე პერიოდში გადავწყვიტეთ დაოჯახება. დედაჩემს გაუკვირდა ჩემი გათხოვების სურვილი, მაგრამ ავუხსენი, რომ ზაზას გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომედგინა. პირადად ჩემთვის სიყვარული მოტივაციაა. სიყვარულით ვიწყებ და ვამთავრებ ყოველ დღეს. ძალიან რომანტიკული წყვილი ვართ, ორივე ვცდილობთ, ყოველდღიური სითბოთი და მზრუნველობით შევინარჩუნოთ სიყვარულის ცეცხლი და მას ჩაქრობის საშუალება არ მივცეთ.
წარჩინებული სტუდენტი
საქართველოში წარჩინებული სტუდენტი ვიყავი, მაღალი ქულებით ჩავაბარე, ამიტომ რექტორთან დამიბარეს და მთხოვეს, სტუდენტებისთვის მისასალმებელი სიტყვა მომემზადებინა. თანაკურსელებში თავის დამკვიდრება არ დამჭირვებია. თვითრეალიზებული გამოვცხადდი პირველ კურსზე.
მომდევნო წელს, მეუღლესთან ერთად, რუსეთში გადავედი. ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა. შემოსავლის წყაროსთვის მუშაობა არ მიწევდა, მეუღლე უზრუნველყოფდა ჩვენს ფინანსურ მხარეს.
ამიკო, დედისერთა შვილი
ჩემი ვაჟი 14 წლისაა, მისთვის ერთდროულად მეგობარიც ვარ და დედაც. ყოველთვის ვაკონტროლებ, როგორ სამეგობრო წრეში ტრიალებს. მიხარია, რომ მისი მეგობრების მშობლებს ვიცნობ. ამიკო ჩემი ერთადერთი შვილია, ამიტომ ვიეგოისტებ და კარგი დედამთილი არ ვიქნები.
რთული ფეხმძიმობა მქონდა, ოთხი თვის განმავლობაში ვიწექი. საკეისრო გავიკეთე, რადგან ახლომხედველი ვარ. ამიკო ხშირად ხდებოდა ავად, ამიტომ ღამეს ვათენებდი მის სასთუმალთან და თან ვმეცადინეობდი.
თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''