22 აპრილი, 2015
ზურა გორგაძე ''რუსთავი 2'' -ის ტელეწამყვანზე ქორწინდება
ვისი მეჯვარეც ვიყავი, მეუღლეს დაშორდა ზურა გორგაძე ფართო მაყურებელმა''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან'' გაიცნო. მსახიობის მეწყვილე სალომე ჭაჭუა იყო და მისგან ბევრს მოითხოვდნენ, თუმცა სალომესთან ერთად ცეკვა, მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ადვილი არავისთვისაა, მით უფრო დილეტანტი მოცეკვავისთვის.

- ისე გამოვიდა, რომ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ჩემ გარშემო სკანდალები ერთი-მეორეს ცვლიდა. ჩემს ახლობლებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ არ ვარ სკანდალური ადამიანი. არც ის ადამიანები მომწონს, რომლებიც ცდილობენ, პოპულარობა სკანდალებით მოიპოვონ. ამ შემთხვევაში კი ისე მოხდა, რომ რაც მეზარება, სწორედ ის მომეძალა. ჩემი ტურიდან
ტურში გადასვლა სკანდალებით იყო მოცული. ცხოვრების განმავლობაში, რა ნერვებიც უნდა მყოფნოდა, იმის 30% ამ პროექტში დავტოვე.

- ნანობ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობას?
- არანაირად. იმ დროის განმავლობაში ბევრი გულშემატკივარი შევიძინე. მაშინ შეძენილი გულშემატკივრები დღემდე მწერენ სოციალურ ქსელში და მეკითხებიან, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში.

- რას საქმიანობ?
- ვაგრძელებ მუშაობას''რუსთავი 2''-ში, რადიოში, ხმის ჩამწერ სტუდიაში და სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოში. სულ ცოტა ხანში მაყურებელმა შეიძლება, ახალ გადაცემაშიც მიხილოს. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან დაკავებული ვარ.

- ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მურატ ილდირიმთან და­კავშირებითაც გაეხვიე სკანდალში. ტელეკომპანია''მაესტრო'' შენგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა...
- მთლად ასეც არ ყოფილა. ტელეკომპანიისგან ბოდიშს მეც დღემდე ველოდები ჩემდამი უტაქტო გამონათქვამებისთვის. მათ მე გადაცემები მომიძღვნეს. შუა დღის გადაცემაში განიხილეს, როგორ მოვატყუე მაყურებელი და სავაშის გახმოვანება დავიბრალე. რა თქმა უნდა, კარგად ვიცი, რომ ისინიც და მეც ამაოდ ველით ბოდიშის მოხდას. უცილებლად ახმოვანებენ და შემდეგ მსჯელობენ, გაუშვან თუ არა ეთერში. ვერავინ დამიწყებდა ექსკლუზივზე საუბარს, რადგან დღის განმავლობაში ხან რობერტ დე ნიროს ვახმოვანებ, ხან ალ პაჩინოს, ხან მაიმუნი ვარ, ხან ციყვი და ხან ბაჭია (იცინის). მე ვარ გახმოვანების მსახიობი და სახლშიც რომ გამეხმოვანებინა ილდირიმი, ვალდებული არ ვიყავი, ვინმესთვის ანგარიში ჩამებარებინა. სკანდალი რომ ატყდა,''რეალ ტვ''-ის პროდიუსერს მოგვიანებით გაახსენდა, რომ მართალს ვამბობდი. დაურეკა''მაესტროს'' ჟურნალისტს. კომენტარიც აიღეს მისგან, რაც ეთერში აღარ გაუშვეს. როგორც აწყობდათ, ყველაფერი ისე გააკეთეს. ამაში არ იყო დიდი ტრაგედია. როდესაც მათ დაინახეს, რომ თავიანთი დაპიარებული სერიალის ერთ-ერთ გმირს სხვა ტელევიზიამ მოჰკიდა ხელი და თავისი რეიტინგისთვის გამოიყენა, რასაკვირველია, გული დასწყდათ. ამ გულისწყვეტის გამო არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ და ხელში მოხვდათ ზურა გორგაძე.

- პროექტის დამთავრების შემდეგ შენს მეწყვილე სალომე ჭაჭუას სტუდიაში აგრძელებ ცეკვებს?
- არა, რას ამბობ. პროექტში პირველ ორ რეპეტიციაზე გიორგი ვარდოსანიძე დამყვებოდა და მეხმარებოდა. ვამბობდი, თუ მომეწონება და ჩემგან კარგი მოცეკვავე დადგება, აუცილებლად გავაგრძელებ ცეკვას-მეთქი. ახლა შემიძლია გითხრა, რომ ცეკვები მეზიზღება. აღარ მინდა არანაირი ცეკვის სწავლა. პროექტში ჩემი მიზანი იყო, ბოდიში და, არ ჩამესვარა და ღმერთს მადლობა, ასე არ მომხდარა. ცეკვები ჩემი საქმე ნამდვილად არაა. ეს კონკრეტული სუბიექტების საქმეა, რასაც აბსოლუტურად სხვა მონდომება სჭირდება.

- სალომესა და გიორგისთან აგრძელებ ძველებურად ურთიერთობას?
- რა თქმა უნდა. იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დაძაბული და დატვირთული გრაფიკი მაქვს, მეგობრების სანახავად მცირე დრო მრჩება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ეს წყვილი შერიგდეს. მათი მეჯვარე ხარ და ალბათ, ზუსტად იცი, რა ხდება მათ შორის.
- ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც მათი დაშორების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ჟურნალისტებს უნდოდათ ჩემგან კომენტარის აღება, მაგრამ რაიმეს თქმისგან ყოველთვის თავს ვიკავებდი. არ მგონია, ორი ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა საჭირო იყოს.
გიორგისა და სალომეზე გაგებული კარგი ამბები ისე გამახარებს, რომ ჩემზე ბედნიერი კაციშვილი არ იქნება დედამიწის ზურგზე. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მთელი ცხოვრება ერთად იქნებიან.

- მათი შერიგება ხომ არ გიცდია?
- არა, რადგან დაშორებისა და შერიგების შემთხვევაშიც მესამე ადამიანის ჩარევა ზედმეტია. ამ დროს შესაძლოა, რაიმე ურჩიო, მეტი არაფერი.

- ცრურწმენებს თუ დავუჯერებთ, მეჯვარეზე ბევრი რამაა დამოკიდებული. შენ ამ შემთხვევაში როგორი ფეხი გაქვს?
- (იცინის) ყველაფერი გულახდილად რომ გითხრათ, ჩემი მეჯვარეობა აღარავის მოუნდება.

- ვისი მეჯვარეც იყავი, ყველა დაშორდა ერთმანეთს?
- ყოფილა მსგავსი პრეცედენტი, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ, ხალხო (იცინის). პირველ შემთხვევაში ვისი მეჯვარეც ვიყავი, მეუღლეს დაშორდა. ამის გამო გული ძალიან მტკივა. ცუდი დამთხვევაა, არ დაიჯეროთ, მეგობრებო, ამ ცრურწმენის, მეჯვარედ წამიყვანეთ, პრობლემები არ გექნებათ (იცინის). გარდა ამისა, გიორგის და სალომეს შემთხვევაში მგონია, რომ სერიოზული არაფერი მომხდარა. ორი ადამიანის ცხოვრებაში გაუგებრობა ყოველთვის ხდება. დიდი სურვილი და იმედი მაქვს, რომ ისინი ერთად იქნებიან.

- შენი პირადი ცხოვრების გეგმები როგორია?
- ძალიან მალე მოვიყვან ცოლს. ჩემი რჩეული ყველასთვის ცნობილი ადამიანია, თუმცა მის ვინაობას ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ.

- ჟურნალისტია?
- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ''რუსთავი 2''-ის ტელეწამყვანია.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS