29 მარტს საქართველოსა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი მსოფლიო ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა, რასაც, ალბათ, მოულოდნელობას ვერ დავარქმევთ. გერმანიას საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ოფიციალურ მატჩს, რომელიც მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების წინ ჩვენი ქვეყნისა და ფედერაციისთვის ერთგვარი
- 2012 წლის იანვრიდან ვმუშაობ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ეროვნული ნაკრების მედიაოფიცრისა და ფედერაციის პრესსპიკერის თანამდებობაზე. სპორტულ ჟურნალისტიკაში დღემდე ვაგრძელებ მოღვაწეობას, ''პირველ არხზე'', მაგრამ წლების გან-მავლობაში მიღებული გამოცდილების პარალელურად, ჩემი მეორე საქმიანობა ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ამ სფეროს შიგნიდან დანახვის საშუალება მომეცა. მინდა, ფეხბურთის ფედერაცია და მედია ერთმანეთთან ახლოს იყოს და ამას ჩემი პროფესია მიადვილებს.
- ეროვნული ნაკრების მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება ალბათ არ გიკვირთ.
- ეს ჩვენთვის სიურპრიზი არ არის, რადგან ყველა ქვეყანაში ეროვნული ნაკრებისადმი განწყობას განსაზღვრავს ის შედეგი, რაც ნაკრებს აქვს. ამის მიუხედავად, მაინც არის ინტერესი ფეხბურთისადმი, ვინაიდან ახალგაზრდული ნაკრებები კარგად ასპარეზობენ და აქვთ შედეგი, რაც არასდროს გვქონია. ეს უკეთესი მომავლის იმედს გვაძლევს. ისიც მესმის, რომ ეროვნული ნაკრებია პირველი და ქვეყნის სახეა, ამიტომაც გვესმის ხშირი კრიტიკა. ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის ცდილობს, რომ ახლოს იყოს საზოგადოებასთან. ჩვენ ვერ ვითამაშებთ მოედანზე, მოედანზე ფეხბურთელები გამოდიან. შედეგს თუ არ გავითვალისწინებთ, ფეხბურთის ფედერაცია არის თანამედროვე ორგანიზაცია, გვაქვს დიდი ნდობა ''უეფასგან'' და ეს ნდობა აისახება იმაზე, რომ მაღალი რანგის თამაშების ორგანიზების უფლება გვეძლევა.

- ოთო, როგორც ვიცი, სამ მსოფლიო ჩემპიონატს დაესწარი.
- პირველად 2006 წელს გერმანიაში გახლდით, 2010-ში - სამხრეთ აფრიკაში და 2014 წელს - ბრაზილიაში. სხვათა შორის, ძალიან კარგად ვიცნობ გერმანიის ნაკრების მედიაოფიცერ შტეფან ეიერმანს. საფრანგეთთან თამაშის შემდეგ ვიულა (იღიმის). ცნობილი ფეხბურთელები მუშაობდნენ ტელევიზიებისთვის, მატჩების კომენტატორებად მოგვევლინნენ რობერტო კარლოსი, რონალდო, დელ პიერო. ასეთი დონის ადამიანებთან ურთიერთობა უდიდეს გამოცდილებას გძენს. ფინალურ დღეს, მიუხედავად გამანადგურებელი ანგარიშისა, მთელი ბრაზილია გერმანიას გულშემატკივრობდა ერთადერთი მიზეზით, არ სურდათ, რომ ბრაზილიიდან თასი არგენტინაში წასულიყო (იცინის).
- საკუთარი თვალით გაქვს ნანახი, რა შეუძლია გერმანიის ნაკრებს და ალბათ, საქართველოსთან მატჩს დიდი იმედით არ ელოდი.
- (იღიმის) უკვე ვიცოდით, რომ გერმანია საქართველოს უნდა შეხვედროდა საკვალიფიკაციო ეტაპზე. მაშინ ჩვენი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო. იყო მსჯელობა, რომ გერმანია ჯგუფის უპირობო ლიდერი გახდებოდა და ქულების გადანაწილების შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებსაც ჰქონოდა შანსი, მაგრამ გერმანიამ წააგო, ფრე ითამაშა, მოიგო და ლიდერი ვერ გახდა. თბილისში, ბრაზილიასთან ასპარეზობას თუ შევადარებთ, ყველაზე მეტმა, 15-მა მსოფლიო ჩემპიონმა ითამაშა, რადგან გერმანიას დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდებოდა.
- ამ მატჩს უამრავი ინციდენტი ახლდა და მედიის უდიდესი ყურადღება მიიპყრო.
- კენჭისყრა შარშან თებერვალში გაიმართა. მაისში კი ''უეფადან'' პირველი წარმომადგენლობა ჩამოვიდა ამ თამაშის მოსამზადებლად. თანამედროვე ფეხბურთი მთლიანად სატელევიზიო ფორმატის რეჟიმშია აწყობილი, ცნობილი გახდა, რომ ორი ტელეჯგუფი იმუშავებდა, ამიტომაც კამერების დამატებაც კი გახდა საჭირო და ასე მასშტაბურად მატჩი საქართველოში პირველად გადაიღეს.
რაც შეეხება უშუალოდ დელეგაციას, სხვებთან შედარებით, რაც უნდა გასაკვირი იყოს, განსა-კუთრებული მოთხოვნები არ ჰქონიათ. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც არ მოსწონთ მოედნის რაღაც დეტალი, ბალახის სიგრძე ან სხვა რამ. ასეთი რამ გერმანიის შემთხვევაში არ ყოფილა. წინასწარ ჩამოვიდნენ, ნახეს რამდენიმე სასტუმრო და თავად აარჩიეს, სად იცხოვრებდნენ. თბილისში იმყოფებოდა ნაკრების მზარეულიც, რომელმაც პროდუქტები მოითხოვა და შეაფასა. მოგეხსენებათ, ფეხბურთელებს კვების გამორჩეული რეჟიმი აქვთ. იყო ოფიციალური ვახშამი, რომელსაც ნაკრები არ ესწრებოდა, მხოლოდ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. თავად ნაკრები ჩამოვიდა ფრანკფურტიდან პა-რასკევს, ჩარტერული რეისით, სხვათა შორის, მათ თან ჩამოჰყვა 60-მდე ჟურნალისტი. აქედან ნაკრები იმავე რეისით გაფრინდა, ოთხი ფეხბურთელის გამოკლებით. ''ბაიერნმა'' კერძო თვითმფრინავი გამოუგზავნა ნოიერს, მიულერს, გიოტცესა და შვაინშტაიგერს.
- ოთო, როგორ მოიპოვა აკრედიტაცია ბიჭმა, რომელიც შვაინშტაიგერს ბუცზე ემთხვია?
- ის არ გახლავთ ჟურნალისტი, თუმცა ფოტოზე გამოჩნდა, რომ მას საშვი ჰქონდა. მოხალისე იყო, რომელსაც მოედანზე უნდა ემუშავა. როგორც ჩანს, გულშემატკივრის ემოციებმა გადასძალა. ფანების შევარდნა სტადიონზე ყოფილა და ყოველთვის იქნება, მაგრამ დიდი დისკომფორტი შექმნა იმან, რომ მას საშვი ჰქონდა. რაც შეეხება შვიდი გულშემატკივრის შევარდნას მოედანზე, ძალიან საწყენია, რომ ასეთი ფაქტები დაფიქსირდა. ტელეეთერში მხოლოდ ერთი შევარდნა მოხვდა, რადგან რეგულაციების მიხედვით, ეს ყველაფერი ეთერში არ უნდა მოხვდეს. ''უეფა'' ყველაზე მკაცრად სჯის წახალისებას. ჩვენ შემთხვევაში რაოდენობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ერთადერთი პლუსი ის იყო, რომ არავინ დაზარალებულა, ეს სასწაულ სანქციებს გამოიწვევდა. ახლა ველოდებით, რა სანქციები მოჰყვება ამას, მკაცრი ფულადი ჯარიმა აუცილებლად იქნება, მაგრამ ვნახოთ, რას გადაწყვეტენ სექტემბერში შოტლანდიასთან მაყურებლის დასწრების თაობაზე. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ პა-სუხისმგებლობა იგრძნონ და მსგავსი ფაქტები აღარ დაფიქსირდეს.
- არ გაუკვირდათ, ქართველები რომ ქომაგობდნენ საქართველოს წინააღმდეგ თამაშზე?
- იმ დონის გუნდი და ვარსკვლავები არიან, რომ ამგვარი გამოცდილებაც აქვთ, თუმცა აქ ძა-ლიან მასშტაბური ქომაგობა დახვდათ (იღიმის). მოედანზე შევარდნა, ჩახუტება და ამბორი სიახლე არ არის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გავრცელებული ჟესტია ბუცებზე შეხება. ესპანეთთან მატჩი რომ გავიხსენოთ, უმეტესობა მოედანზე ესპანეთის სანახავად მოვიდა, მაგრამ გიორგი ლორიას კარიერა რეალურად ამ მატჩის შემდეგ დაიწყო. ხალხი მიხვდა, რომ თამაში ასეთი დონის ნაკრებთანაც შეგვიძლია.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''