08 თებერვალი, 2018
ნინო გვენეტაძის ერთადერთი ინტერვიუ - ''სიყვარულზე სალაპარაკოდ არც დრო მაქვს და არც განწყობა...''
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობა დატოვა. გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 2015 წელს დაინიშნა და პირად საკითხებზე, ერთადერთი ინტერვიუ "რეიტინგს" მისცა.  ორი კვირის წინ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მან გამონახა დრო და ჩვენს კითხვებს უპასუხა.

- როგორია თქვენი ემოციები ახალი სამსახურის დაწყებისას?
- მეორე დღეა, რაც ახალ სამსახურში ვარ. პირველმა დღემ ემოციურად და პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობით ჩაიარა. პასუხისმგებლობა
სავალდებულოა მაღალჩინოსნებისთვის და მით უფრო, ჩემი თანამდებობის ადამიანისთვის. გავერკვიე სპეციფიკაში, თუმცა მოგეხსენებათ, ეს ჩემთვის უცხო არაა. 2005 წლამდე უზენაეს სასამართლოში მოსამართლე ვიყავი.

- რისი აღმოფხვრა იქნება რთული?
- საქმის განხილვის გაჭიანურებული ვადები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და კიდევ არსებობს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის პრობლემა. მენეჯმენტის გაუმჯობესების კუთხით დავიწყეთ მუშაობა. მთავარია, მოსამართლეებს კომფორტული გარემო შევუქმნათ. მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა. თქვენ, ჟურნალისტებს არ გაგიჭირდებათ ჩემთან კონტაქტი და ინფორმაციის მიღება ყველა პრობლემურ საკითხზე.

- რა შეცვალეთ კაბინეტში?
- დღეს ჩემი ყოფილი თანამშრომლებისგან, ერთ-ერთი სასწავლებლის ლექტორებისგან, თაიგული მივიღე, იქ წლების განმავლობაში ვმოღვაწეობდი. ბედნიერი ვარ, რომ კაბინეტს პირველად ეს თაიგული შევმატე. მაქვს წიგნების დიდი მარაგი, რომელიც წინა სამსახურიდან წამოვიღე და თაროებზე დავალაგებ. რაიმეს შესაცვლელად დროც არ მაქვს. მისაღები და კომფორტულია ყველაფერი. კოტე კუბლაშვილმა თემიდა დამიტოვა, რომელსაც ადგილს არ შევუცვლი.

- თქვენს ახალ სამსახურს ახლობლები როგორ შეხვდნენ?
- ასეთი რანგის სამსახური არასდროს მქონია, მაგრამ დაახლოებით სულ ამ ფორმატში ვმუშაობ.

- თავისუფალი დროის ნოსტალგია გაგიჩნდათ?
- მსგავსი ნოსტალგიები არ მაქვს, მაგრამ მყავს თერთმეტი წლის გოგონა, რომელსაც გასაგებია, რომ გარკვეული დროის დათმობა სჭირდება. მასთან ყოფნის ნოსტალგია დიდი ხანია მაქვს, მაგრამ სხვაგვარად არ ძალმიძს. როდესაც ლექციებს ვკითხულობდი, 7-8 საათს ვატარებდი სამსახურში.

- თქვენს ოჯახზე გვიამბეთ.
- ოჯახში ვართ ოთხნი. მე, ჩემი და და ჩვენი ორი შვილი. მეც ერთი გოგო მყავს და ჩემს დასაც. ვცხოვრობთ დატვირთული რეჟიმით, ორივე და დასაქმებული ვართ. ჩემი შვილი - თიკო, თერთმეტი წლისაა, ჩემი დისშვილი - 15-ის. სტანდარტული ოჯახი გვაქვს. ვჩხუბობთ სწავლასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ტელეფონები და კომპიუტერებია დავის საგანი. წიგნთან ყველა ნაკლებად ურთიერთობს და მათ შორის ჩვენი ბავშვებიც, რასაც ძალიან განვიცდი, მაგრამ ვერ გეტყვით, პრობლემის გადაჭრა მოვახერხე-მეთქი. იმდენად დამოკიდებული არიან ტელეფონებზე, რომ ამის გამო ძალიან ხშირად კონფლიქტამდეც მივდივართ, მაგრამ გამოსავალი ჯერ ვერ ვიპოვეთ. შეიძლება ითქვას, ცუდად არ სწავლობენ სკოლაში, მაგრამ რისი მოცემაც წიგნთან ურთიერთობას შეუძლია, ამაში ნამდვილად პრობლემები გვაქვს. დაკავებული არიან ცეკვით და კალათბურთით, რაც მათ დიდ დროს ართმევს. დამოუკიდებლად ცხოვრების წესს მიჩვეულები არიან, ელემენტარულად თავის მიხედვა შეუძლიათ, როცა უფროსები არ ვართ შინ. სახლში საქმეებს მე და ჩემი და ვინაწილებთ. არ გვყავს დამხმარე და არც არასდროს გვყოლია. დასვენების დღეებში სახლის საქმეებს შეთანხმებულად ვუძღვებით. მე ჰიგიენის დაცვა მევალება, ჩემს დას კერძების მომზადება.

- სამზარეულოში რატომ არ ტრიალებთ?
- ძალიან კარგად მეხერხებოდა საჭმელების მომზადება, უბრალოდ, ასე გადავინაწილეთ ფუნქციები.

- და რას საქმიანობს?
- იურისტია. გარდა ამისა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელიცაა და ექსპერტიზაში მუშაობს.

- არ გიხსენებიათ მეუღლე...
- არ მყავს. მე და ჩემი და ვზრდით ორ გოგონას.

- სამწუხაროა, რომ ასე მოხდა...
- მგონი, არც ისე. ჩვენ ამ ცხოვრების სტილს უკვე დიდი ხანია, შევეგუეთ. ასე რომ, ეს ჩემთვის დისკომფორტი ნამდვილად არაა.

- გვეტყვით, ვინ იყო თქვენი მეუღლე?
- მეტ კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ.

- თიკოს რა გვარი აქვს?
- გვენეტაძეა.

- მგონია, რომ ძალიან მკაცრი ხართ ურთიერთობებში.
- არანაირად არ ვარ მკაცრი. ადამიანურად ძალიან ლიბერალი ვარ. ეს თავის ქება არაა, ნა-მდვილად ასეა. მკაცრი მხოლოდ იმ საკითხებში ვარ, რაც საქმეს შეეხება.

- მინდოდა მეთქვა, მამაკაცებთან დაკავშირებით იქნებოდით მკაცრი.
- არც ამ შემთხვევაში ვარ მკაცრი. ძალიან კარგი სამეგობრო მყავს და იქ ნამდვილად არ გამოვირჩევი სიმკაცრით.

- სიყვარული ვიგულისხმე.
- ამ თემაზე ვერ გიპასუხებთ. სიყვარულზე სალაპარაკოდ არც დრო მაქვს და არც განწყობა. მესმის, ჟურნალისტებს გაინტერესებთ, მაგრამ ჩემგან მეტ ინფორმაციას ვერ მიიღებთ.

- როგორ ფიქრობთ, თიკო მომავალი იურისტია?
- ვერ გეტყვით. ამჟამად ცეკვით არის გატაცებული, თუმცა ხანდახან ჩემს ლექციებზე რომ დადიოდა, ამ სფეროს მიმართ ინტერესი გამოავლინა. მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან უყვარს ცეკვა, განსაკუთრებით ბალეტი.

- რას ეტყოდით მათ, ვინც თქვენზე ამბობს, რომ შევარდნაძის დროინდელი მოხელე ხართ?
- ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს უკვე სტაჟის მქონე და პროფესიონალი იურისტი ვიყავი. მაშინ სასამართლო კორუმპირებული იყო. დაიწყო სასამართლო რეფორმები, ლადო ჭანტურია და მიშა სააკაშვილი იყვნენ რეფორმის წარმატებაზე პასუხისმგებელნი. იმ პერიოდში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავი. ძნელი წარმოსადგენია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ეჭვმიტანილი ყოფილიყო კორუფციაში. 1998 წელს გავხდი საიას თავმჯდომარე. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავართ. შემდეგ რეფორმატორებმა, ყოველგვარი გამოცდისა და ბარიერის გარეშე, როგორც სამართლის გამორჩეულ სპეციალისტს, უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ მუშაობა შემომთავაზეს. იმ პერიოდში Mმხოლოდ ორი იურისტი, მე და მერაბ ტურავა გაგვამწესეს უზენაეს სასამართლოში უგამოცდოდ. 2005 წლამდე ვახორციელებდი მართლმსაჯულებას. შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ნებისმიერ გადაწყვეტილება, შეფასებულიც და მოწონებულიც, გაკრიტიკებული კი თითქმის არ მახსოვს. ჩვენ ვიბრძოდით სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.

სიტყვა კორუმპირებული შეურაცხმყოფელია. როგორც საჯარო მოხელეს, თმენის ვალდებულება მაქვს, მაგრამ ეს ბრალდება იმდენად არასერიოზულია, რომ ამაზე კომენტარიც არ გამიკეთებია. ჩემი ცხოვრებით ყველაფერი დავამტკიცე. შევარდნაძის ბნელი ეპოქის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მოსამართლე ვიყავი. ეს იმ ეპოქაშიც შეიძლებოდა.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ტინა რამიშვილი
წინ სვლა და გახარება ნინოს
14:02 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ტინა რამიშვილი
ძალიან მომწონს წინსვლას უსურვებ
13:57 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მომწონს ძალიან
13:53 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მიშას დროს რომ იბრძოდით სამართლიანობისთვის იქედან მახსოვხართ, მაშინ ძალიან მოგვეწონეთ მე და ჩემს ქალიშვილს, ის პედაგოგია და ერთი პროცენტი არ ცდება ადამიანის ამოცნობაში, თვალებში შეხედავს და გეტყვის ვინ ხარ. ამას ვინ გააკარებს საპასუხისმგებლო საქმეს, მიშამ რა იცის რა არის პასუხისმგებლობაო, მითხრა მაშინ. ახლა ძალიან ნასიამოვნები დავრჩით თქვენ რომ გიხილეთ იქ სადაც ხართ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს ქალბატონო ნინო, გისურვებ წარმატებას. ვუცურვებ საქართველოს შენ დარ ქალებს.
12:30 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
lia
ნინო საოცრად კარგი ადამიანია, კარგი დედა და მეგობარი. პროფესიონალიზმს რაც შეეხება-ყველა დაინახავთ, მალე. წარმატებები ჰქონოდეს. ჟურნალისტის ზოგიერთი შეკითხვა ცოტა უტაქტოდ კი მომეჩვენა...
12:15 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
გილოცავთ ქალბატონო ნინო, წარმატებებს გისურვებთ, ძალიან გამიხარდა ვადებს რომ მიაქცევთ ყურადღებას, 4 ივლისს გვაქვს შეტანილი მეზობლებს ერთობლივი საჩივარი, დღემდე განუხილველია!!!!! ახლა 1 მაისს გვაქვს დანიშნული, თუ კიდევ გადაიდო, აუცილებლად მოგმართავთ!
11:45 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ზოია
ქალბატონი ნინო, პირველ რიგში გილოცავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას, წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში, ღირსეული ადამიანი ბრძანდებით, ძალიან მომწონხართ.
10:46 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ზიზი
გაწონასწორებული,თავშეკავებული,განათლებული,ქალბატონის შთაბეჭდილებას ტოვებს წარმატებებს გისურბებთ,აი ვინ არის რკინის ლედი
10:13 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS