- ვერ ვიტყვი, რომ მანქანა და საჭე ბავშვობიდან მაინტერესებდა. არ მიოცნებია, მძღოლი ვყოფილიყავი და საჭეს მივჯდომოდი, მაგრამ 18 წლის რომ გავხდი და მართვის მოწმობის აღების საშუალება მომეცა, ვისწავლე ბილეთები. ზუსტად შვიდი დღე ვიარე პრაქტიკაზე. მასწავლებელი მეუბნებოდა,
- რამდენად რთულია შენთვის ბავშვთან ერთად მანქანის მართვა და თუ იყენებ სპეციალურ სავარძელს ბავშვისთვის?
- ჩემი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ გიო არ ჯდება ბავშვის სავარძელში და მასთან ერთად მანქანის მართვა ამის გამო რთულია. ოჯახის წევრები მარტოს, ბავშვთან ერთად საჭესთან დაჯდომას მიშლიან. მართლაც, როცა მძღოლი ხარ, რთულია, ყურადღება გადაიტანო ბავშვზე ან სხვა საკითხზე. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ ამას შეიძლება, ცუდი შედეგი მო-ჰყვეს. ყველანაირად ვცდილობ, გიო მანქანაში მარტოს არ მყავდეს, თუმცა იშვიათად არის ხოლმე გამონაკლისი შემთხვევები.
- ბექა როგორ აფასებს შენს მძღოლობას?
- თავიდან არ მოსწონდა, მასწავლიდა, შენიშვნებსა და მითითებებს მაძლევდა. იყო პერიოდი, ვეუბნებოდი, შენთან ერთად საჭესთან არ დავჯდები-მეთქი, დამღლელია, სულ რომ შენიშვნას გაძლევენ... მაგრამ ერთხელ მითხრა, ყოჩაღ, კარგად ატარებო და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
- კანონმორჩილი მძღოლი ხარ?
- კი, ვცდილობ, არ დავარღვიო და ყველაფერი წესების მიხედვით გავაკეთო. მხოლოდ ის მაღიზიანებდა, რომ დილის 6 საათზე, სამსახურში რომ მივდიოდი, 70-ით მიწევდა მოძრაობა სანაპიროზე, ცარიელ ქუჩაზე... სულ ერთადერთხელ ვარ დაჯარიმებული, ისიც იმიტომ, რომ მრგვალ ბაღთან არასწორად მეყენა მანქანა. სამი წელია მძღოლი ვარ, სულ სამჯერ გამაჩერა პატრულმა და სამივეჯერ შეღავათი გამიწია, რადგან სერიოზული არაფერი დამიშავებია.
- ''სითი პარკს'' თუ წაუყვანია შენი მანქანა?
- ერთ სასაცილო ამბავს მოგიყვები ამასთან დაკავშირებით. მე და ბექა სააგენტოში ვიყავით ვაჟა-ფშაველაზე, სულ ორი წუთით ავირბინეთ მეორე სართულზე, ფანჯრიდან გადავიხედე და ბექას შეწუხებულმა ვუთხარი, შეხედე, ვიღაცის მანქანა მიჰყავთ-მეთქი. რომ ასწიეს მანქანა და ჩვენი ნომრები დავინახეთ, მართლა ფეხით მივდევდით, მაგრამ მაინც გადაიყვანეს საჯარიმო სადგომზე. გასახსენებლად ძალიან სასაცილოა, მაგრამ იმ მომენტში შოკი იყო.
- საცობებსა და პარკინგის პრობლემას როგორ უმკლავდები?
- საშინელებაა, მაგრამ ჯიპი გვყავს და ასეთ შემთხვევებში ბორდიურებს ვიყენებ კარგად. პარკირების საკითხიც ძალიან რთულად დგას, რამდენიმე წრე დამირტყამს, დამიგვიანია იმის გამო, რომ მანქანა ვერ გამიჩერებია. ვიცი, რომ ბორდიურზე დაყენება დარღვევაა, მაგრამ ხანდახან მეც ვიქცევი ასე.
- პირველი მანქანა...
- მართვის მოწმობა რომ ავიღე, პირდაპირ ჩემი ქმრის მანქანაზე დავჯექი. ოჯახში რამდენიმე მანქანა გვყავს, ბექას მამასაც ჰყავს და დედასაც, ისე არ მომხდარა, რომ უმანქანოდ ვყოფილიყავი და ის მომენტი არ მაქვს, რომ სხვის მანქანაზე ვერ დავჯდე.
- რა მოთხოვნები გაქვს მანქანასთან მიმართებით?
- თავიდანვე დავჯექი ჯიპზე და მივეჩვიე, დიდი მანქანა უფრო კომფორტულია ჩემთვის. სედანი ნაკლებად მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ სედანის ბევრი ახალი და ლამაზი მოდელია.
- გარდა იმისა, რომ მანქანა გადაადგილების საშუალებაა, კიდევ რა დატვირთვა აქვს შენთვის?
- კომფორტია. სადმე რომ მეჩქარება, მე თუ ვზივარ საჭესთან, მგონია, უფრო მალე მივალ. შენს თავზე რომ ხარ დამოკიდებული, უფრო გემრიელად გადაადგილდები. სხვა რა გითხრა? გარდერობის ფუნქციას არ ითავსებს ჩემთვის. ეს, ალბათ, იმ გოგონებს უფრო ეხებათ, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით დადის და გამოსაცვლელი სჭირდება. თუმცა მანქანაში სათვალე სულ მაქვს.
- საჭე და მაკიაჟი...
- არასდროს გამიკეთებია მაკიაჟი საჭესთან, სახლიდან ყოველთვის მოწესრიგებული გავდივარ. თუ არ ვარ შეღებილი, სათვალე მიკეთია. თუ ექსტრემალური სიტუაციაა, მეჩქარება და მანქანაში მიწევს მაკიაჟის გაკეთება, მაშინ მძღოლის გვერდით ვიკავებ ადგილს. საჭესთან ტელეფონზე საუბარს ვერ უარვყოფ, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევაა, მაგრამ ყურზე არასდროს მიმიდია, ან ხმამაღლა საუბრის რეჟიმზე მაქვს, ან ბლუთუზით ვსაუბრობ.
- როცა მანქანას მართავ, შენი მგზავრები როგორ გრძნობენ თავს?
- არაფერს ვამატებ, ბევრი ადამიანისგან მიმიღია კომპლიმენტი ამასთან დაკავშირებით. მათაც კი შევუქივარ, ვისაც მძღოლი ქალის შექება უჭირს.
- მანქანის ნომრებთან დაკავშირებით გაქვს გართულება? მოგწონს ნომერს სახელის მსგავსი სერიით რომ იღებენ?
- არა და ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოგინდეს, მანქანას შენი სახელი ეწეროს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია და ცოტა სასაცილოა, ერთი მანქანის ფასი გადაიხადო ნომერში. ძალიან მომწონს ჩემი ნომრები, ესა კკკ-999, რომლებსაც ალბათ ყველა მანქანაზე გადავიტან. არაფერს უკავშირდება, უბრალოდ, მომწონს ციფრი.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''