29 მარტი, 2015
ელენე ფოჩხუა: "ჩემი 5 წლის შვილი მიხსნიდა, რას ნიშნავს საყვარელი..."
დღეს, როცა ადამიანები ძალიან დაკავებულები არიან, შვილების კულტურულ-ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნვა დროის, ხანდახან კი ფინანსების გამოც პრობლემური გახდა. გასაგებია, რომ ბავშვები დადიან სკოლაში, ათასგვარ წრეზე, მაგრამ თეატრი, ბალეტი, ცირკი, კონცერტი - ეს ყველაფერი კულტურული დონის ამაღლებისთვის საუკეთესო გზაა. ცნობილ დედებს სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ და ისიც გავარკვიეთ, უზღუდავენ თუ არა შვილებს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ყოფნის დროს, აკონტროლებენ თუ არა იმ ინფორმაციას, რომელსაც ბავშვები ამა თუ იმ საშუალებით იღებენ.

ელენე ფოჩხუა: "ჩემი შვილი დაინტერესებულია რომელიღაც ინდური სერიალით"

- ჩემი შვილი 5 წლისაა და შეძლებისდაგავრად დაგვყავს ყველგან: თეატრში, კონცერტზე და ა.შ.
- რა ასაკიდან დაიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ ბავშვს ჰქონოდა წარმოდგენა ხელოვნებაზე, კულტურაზე...
- სადღაც ორი წლის იყო, პირველად თეატრში რომ წავიყვანეთ, უფრო ინტენსიურად სამი წლიდან დავიწყეთ სხვადასხვა ადგილას სიარული.

- წიგნების სიყვარული და თუნდაც ზღაპრის მოსმენა უყვარს?
- კი, პატარა იყო, როცა ბევრი ნახატით გაჯერებული წიგნები მოსწონდა, ათვალიერებდა, მრავალფეროვნება იზიდავდა. ბევრი ზღაპრის წიგნი გვაქვს და ყველა იცის უკვე. თან იმავე ზღაპრის ანიმაციურ მულტფილმებს უყურებს, მერე დაიჭერს წიგნს და ნახატების მიხედვით ყვება, რომელ გვერდზე რა შეიძლება, ეწეროს... ჯერ პატარაა და კითხვა არ იცის, თუმცა წიგნი უჭირავს და ვითომ კითხულობს.

- კომპიუტერთან, ტელევიზორთან ჯდომის დროს უზღუდავთ?
- რა თქმა უნდა. ეს ალბათ ბევრი დედის პრობლემაა. არანაირი სურვილი არ მაქვს, დიდი დრო გაატაროს კომპიუტერთან, ამ პრობლემას განსაკუთრებით შაბათ-კვირას ვაწყდებით, როცა ბაღი არაა და მთელი დღე სახლში უწევს ყოფნა.

- როგორ აგვარებთ ამას უმტკივნეულოდ?
- ალტერნატივის შეთავაზებით. თუ სახლში ვართ, ვრთავთ სიმღერებს, ვცეკვავთ, ვერთობით, ან ვთავაზობთ გასეირნებას. ალბათ ყველა დედამ იცის, როგორ შეიძლება შვილის ყურადღების გადატანა სხვა საკითხზე. XXI საუკუნეა და კომპიუტერით ბავშვების დაინტერესებას ვერ გავექცევით, თან ვფიქრობ, რომ ელემენტარულად მაინც უნდა იცოდეს ბავშვმა კომპიუტერი, რაღაც დოზებით უნდა იჯდეს, სულ აკრძალვაც არ შეიძლება. ბავშვისთვის განკუთვნილ საიტებზე უნდა შედიოდეს და საბავშვო საკითხებით ინტერესდებოდეს. რაც შეეხება ტელევიზორს, ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ჩემი შვილი დაინტერესებულია რომელიღაც ინდური სერიალით. ოღონდ მე არ ვუყურებ, მეზობელთან იყო გასული და ეტყობა, იქ ნახა, დაიმახსოვრა დრო და თითქმის ყოველ საღამოს გამოთქვამს სურვილს, რომ უყუროს. მიუხედავად იმისა, რომ ორი პატარა გმირი ბავშვია, არაა საბავშვო სერიალი და არ მინდა, ამას უყურებდეს ბავშვი. თან, ამას წინათ ჩემი შვილის და მისი თანატოლი ჩვენი მეზობელი ბავშვის დიალოგი გავიგე, ამ სერიალზე საუბრობდნენ, ვიღაცის საყვარელიაო... გავედი და ვკითხე, დედი, რას ნიშნავს საყვარელი, საიდან მოიტანეთ ეს-მეთქი... ინდურ სერიალშიაო - როცა ცოლიც ჰყავს და სხვა გოგოც უყვარს, ეგაა სყავრელიო, ამიხსნა. ბავშვებმა მგონი, ჩვენზე უკეთ იციან ყველაფერი და კარგად ერკვევიან ამა თუ იმ საკითხში, მაგრამ ამ ყველაფერს ბავშვმა მაინც არ უნდა უყუროს. ამას წინათ თურმე მთავარი გმირი მოკვდა, ამაზე ძალიან ინერვიულა, მეუბნებოდა, დედა, ის ხომ მსახიობია, ვითომ მოკვდა და არა სიანმდვილეში, ხომ ასეაო? ნამდვილად არ მინდა, იაფფასიანი სერიალი ბავშვისთვის სტრესი გახდეს.

იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS