...და იმ პერიოდში, როდესაც გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი), ''ევროპული თბილისი'' იწყებდა სიცოცხლეს და მოსახლეობაც ნელ-ნელა ტრადიციულ ქართულ სამოსს ევროპული კოსტიმებით ანაცვლებდა, მამადავითის მთა თბილისელთა ყურადღების ცენტრში
ბევრს სურდა მშენებარე ქალაქისათვის ზევიდან გადმოეხედა და თბილისის ხედით საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმარიც დაეტკბო, ამიტომ იქ ასასვლელი გზის გაყვანა გახდა საჭირო. მთაწმინდის რელიეფის შესაფერისი კი სამთო-საბაგირო რკინიგზა, ფუნიკულიორი თუ იქნებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფუნიკულიორი ლათინური სიტყვიდან ''ფუნის'' წარმოდგება და ბაგირს, თოკს ნიშნავს. ასეთი გზები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაჰყავდათ და ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.
გამოჩნდა საქმის მოთავეც - თბილისის ''კონკის'' დირექტორი, ბელგიელი ინჟინერი ალფონს რობი. მანამდე, მთაწმინდა სპეკულაციის ერთგვარ წყაროს წარმოადგენდა. ხან ''ქალაქის მამები'' იყენებდნენ ფულის მოსახვეჭად და ხანაც - კერძო მესაკუთრეები. რევოლუციური მოძრაობის გარიჟრაჟზე, 1901 წელს, ერთმა რევოლუციონრმა, გიორგი ლელაშვილმა იქ არალეგალური სტამბა მოაწყო, რომელიც პროკლამაციებს ბეჭდავდა და თბილისში ავრცელებდა. ცნობილია, რომ ერთხანს მთაწმინდის ფერდობებზე არალეგალურ კრებებს ატარებდა სტალინიც.
ალფონს რობიმ ფუნიკულიორის მშენებლობის იდეა 1896 წელს წამოაყენა. თავისი გადაწყვეტილება ქალაქის მმართველობას გააცნო და ფუნიკულიორის გაყვანის ნებართვა ითხოვა. ჯერ იყო და, მოლაპარაკების პროცესი სამი წელი გაიწელა, ქალაქის მმართველობამ ინჟინერს მხოლოდ 1900 წლის ზამთარში დართო ნება, ფუნიკულიორის მშენებლობა დაეწყო, მაგრამ ამ დროს ბელგიელმა მთაწმინდის მიწა ნაკვეთებად დაყო და ასე ვთქვათ, აგარაკების სახით მის გაყიდვას შეუდგა. როგორც ჩანს, ფუნიკულიორის მშენებლობის საკითხმა მისთვის მეორე ეტაპზე გადაინაცვლა, მაგრამ შეძენილი მიწების მფლობელები განაწყენდნენ და რობის წინააღმდეგ საჩივარი აღძრეს.
მდგომარეობის გამოსასწორებლად რობი მშენებლობას მხოლოდ 1903 წელს შეუდგა. ამ პროცესში ჩართული იყო არაერთი უცხოელი სპეციალისტი. პროექტის ავტორი ფრანგი ინჟინერი, გვარად ბლანში გახდა, ხოლო არქიტექტურულად თბილისში მოღვაწე პოლონელმა ალექსანდრე შიმკევიჩმა დაამუშავა. მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა პუბლიცისტმა, საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივითა და მხარდაჭერით შესრულდა რკინა-ბეტონის სამუშაოები ფუნიკულიორის ესკადისათვის.
ქალაქის გამგეობის ნებართვით, ფუნიკულიორის საზოგადოებამ ქალაქის ცენტრისა და ფუნიკულიორის დასაკავშირებლად, ფუნიკულიორის ქვედა სადგურიდან ერევნის (ახლანდელი თავისუფლების) მოედნამდე მგზავრთა ტრანსპორტირებისათვის ელექტროტრამვაი გაიყვანა. საბოლოოდ ფუნიკულიორის მშენებლობა 1904 წელს დასრულდა და ეს თარიღი ერთგან ფუნიკულიორის ლიანდაგზეცაა დაფიქსირებული.
გუბერნიის სატახტო კომისიისა და ქალაქის ინჟინრების დათვალიერების შემდეგ, ფუნიკულიორს მუშაობის ნება დართეს.
ორიოდ სიტყვა მშენებლობის ხარჯებზეც. 501-მეტრიან ფუნიკულიორზე, 400 ათასი მანეთი დაიხარჯა. თავდაპირველად ვაგონი სამი კუპესგან შედგებოდა, თითო 4000 კილოგრამს აღწევდა და ყოველ მათგანში რვა კაცი ეტეოდა. ზევით და ქვევით მიმავალი ვაგონები ერთმანეთს გზას შუა ნაწილში უვლიდნენ - ერთი ფუნიკულიორის ზედა სადგურისკენ და მეორე ქვევით მოემართებოდა. გზა 6 წუთში იფარებოდა და მგზავრობა 20 კაპიკი ღირდა.
1905 წლის 27 მარტი ფუნიკულიორის საზეიმო გახსნის თარიღია. დილის ათ საათზე ქვედა სადგურში თავი მოიყარეს ქალაქის ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა. ახალი ნაგებობა წმინდა დავითის ეკლესიის მოძღვარმა აკურთხა. ნიკო ფიროსმანმა ფინიკულიორს მიუძღვნა თავისი ერთ-ერთი დიდი ტილო, ხოლო დიმიტრი ერმაკოვმა გახსნის დღე ფოტოზე აღბეჭდა.
ფუნიკულიორის პირველი მემანქანე ვასო ყვავილაშვილი იგონებდა, რომ თურმე თავდაპირველად მოსახლეობა ვერ ეგუებოდა ამ სიახლეს და მგზავრობას უფრთხოდნენ. ''...ხალხს ეშინოდა ბაგირის გაწყვეტისა და ვაგონებში არ სხდებოდა. ფაეტონებით მოჰყავდათ და ფულს აძლევდნენ - აიღეთ ფული, ნუ გეშინიათ, ჩასხედითო. მერე ხალხი რომ შეეჩვია, იცოცხლე, ბილეთებზე რიგი იდგა''.
როგორც ჩანს, შიში უსაფუძვლო არ ყოფილა, რადგან ფუნიკულიორის გახსნიდან დიდი ხნის შემდეგ, ერთხელ ბაგირი მართლაც გაწყდა და სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. დატრიალებულმა ტრაგედიამ ხალხის ნაწილი დააფრთხო, მაგრამ ამას ფინიკულიორის დამთვალიერებელთა რიცხვის შემცირება არ მოჰყოლია.
ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხდა I მსოფლიო ომისა და მენშევიკების მმართველობის პერიოდში. XX საუკუნის 20-იან წლებში კი მთაწმინდის ფერდობის გამწვანება დაიწყეს. 1934 წელს მთაწმინდაზე კულტურისა და დასვენების პარკის მშენებლობა დაიგეგმა, რომელსაც შემდეგ სტალინის სახელი მიაკუთვნეს. ორწლიანი მუშაობის შედეგად კი, უკვე გამწვანებული ფუნიკულიორის ზედა სადგურის ადგილას, სამსართულიანი შენობა აღიმართა. იმ პერიოდში ერთგვარი სიახლე - ღია დარბაზიანი და ვერანდებიანი შენობა, თბილისელთათვის ერთ-ერთი საყვარელი რესტორანი გახდა...
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''