- დედაჩემი ძალიან კარგად მღერის, მისი
- ძმების საზღვარგარეთ გამგზავრება ვისი იდეა იყო?
- როცა დრო დადგა, ჩვენი განვითარებისთვის სამომავლო ნაბიჯი გადაგვედგა, ორივემ იტალიაში გამგზავრება გადავწყვიტეთ. იტალიური ენის ცოდნა და ამ ენაზე სიმღერა ძალიან მნიშვნელოვანია ოპერის მომღერლისთვის. ეს ჩემი ოცნება იყო. ჩემი ოჯახი არ არის მდიდარი, ამიტომ ჩვენი ფინანსებით ვერ გავწვდებოდით. სპონსორს დიდხანს ვეძებდით, კულტურის სამინისტროსგანაც ველოდით დაფინანსებას, მაგრამ იმ პერიოდში ვერ მივიღეთ და ვალის აღება მოგვიხდა. კულტურის სამინისტრომ დაფინანსება მოგვიანებით კი გამოგვიყო, მაგრამ ვალის პროცენტები იზრდებოდა და მამიკომ გადაწყვიტა, გაგვეყიდა ერთადერთი ბინა ქუთაისში, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ. მოკლედ, იტალიაში ჩვენ გამგზავრებას ბინა შეეწირა. ახლა სახლი გვაქვს სოფელ სიმონეთში, სადაც ძალიან მიყვარს ჩასვლა. უჩა თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ის ჩემთვის ძმაზე მეტია. ბავშვობიდან ერთი საძმაკაცო გვყავს და საერთო ინტერესები გვაქვს. დღეს მას ულამაზესი ოჯახი აქვს.
ჩემს ძმისშვილ ეფემიას 24 თებერვალს პირველი დაბადების დღე ჰქონდა და ძალიან ცუდი ბიძია ვარ, რომ მის დაბადების დღეზე ვერ ჩამოვედი. აქ კი, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად მიდის და ვიმედოვნებ, მალე გვექნება თბილისში ჩვენი ბინა.
- იტალიაში გატარებული პირველი წლები გაიხსენეთ...
- ჩემს ცხოვრებაში ეს იყო უმნიშვნელოვანესი და იმავდროულად, ურთულესი პერიოდი. მე და ჩემმა ძმამ ოსიმოს აკადემიაში ჩავაბარეთ და პირველივე დღე სტიმულის მომცემი აღმოჩნდა. აკადემიის დირექტორმა ჩვენი პედაგოგის ტელეფონის ნომერი გამოგვართვა. მოგეხსენებათ, ნოდარ ანდღულაძე შესანიშნავად ლაპარაკობდა იტალიურად. დირექტორმა ჩვენს პედაგოგს უთხრა, აბულაძეებმა დიდ ზეიმად გადაგვიქციეს გამოცდა და ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთო. არასოდეს დამავიწყდება, როგორი გახარებული იყო მაესტრო, დაგვირეკა და სიხარულით ტიროდა. ასეთი ბედნიერი მომენტები ენერგიას მაძლევს.
იტალიაში ჩასვლისას პირველ თვეებში, სანამ ქუთაისში ბინა გაიყიდებოდა, ფინანსური კრიზისი გვქონდა. ყველა კაპიკი გათვლილი იყო. სწორედ იმ პერიოდში, 2010 წელს, ფერანაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეობის შანსი მოგვეცა. მე და ჩემმა ძმამ თანხა რომ დავთვალეთ, აღმოჩნდა, რომ ფული მხოლოდ 15-ევროიან ჰოსტელზე გვეყოფოდა, სადაც ოთახში რამდენიმე ადამიანს სძინავს. ქალაქიდან კი გავემგზავრებოდით, მაგრამ უკან წამოსას-ვლელად 2 ბილეთს ნამდვილად ვეღარ შევიძენდით. გადავწყვიტეთ, მარტო მე წავსულიყავი და გამერისკა (იღიმის).
ფესტივალზე მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 250 ადამიანი მონაწილეობდა, ღმერთმა გადმომხედა და გავიმარჯვე. ფესტივალის წესის მიხედვით, ბოლო დღეს მაყურებელს უნდა გამოევლინა გამარჯვებული. 500-კაციანი დარბაზიდან 430-მა ადამიანმა მომცა ხმა და შესაბამისად, დიდი უპირატესობით გავიმარჯვე. ეს კონკურსი მნიშვნელოვანი გამოდგა, ვინაიდან კომუნალეს თეატრში მომცეს ჯუზეპე ვერდის შედევრ ''ტრავიატაში'' მთავარი როლი - ჟერმონის პარტიის შესასრულებლად მიმიწვიეს. გამიმართლა, რომ სპექტაკლის მეორე დღეს ძალიან ცნობილმა იტალიურმა ჟურნალმა ერთი გვერდი დაუთმო რეცენზიას სათაურით: ''დაიბადა ვერდის ახალი ქართველი ბარიტონი, მას გოჩა აბულაძე ჰქვია''. როცა ''გუგლში'' განთავსებული ეს ინფორმაცია აღმოვაჩინე, მე და ჩემი ძმა სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდით (იღიმის).
- გერმანიაში როდის გადაინაცვლეთ?
- იტალიაში სამი წელი გავატარე, მაგრამ იქ რთული სიტუაციაა. თეატრებს ფინანსურად უჭირთ და ერთი-მეორის მიყოლებით იხურებიან.
იტალიის მთავრობამ ცუდი ნაბიჯი გადადგა ხელოვნებისთვის, დაფინანსება შეუმცირა თეატრებს და ახლა ისინი სპონსორებზე არიან დამოკიდებული. ამხელა ქვეყანაში დღეს, ფაქტობრივად, ხუთი თეატრი მუშაობს. თითზე ჩამოსათვლელ პროექტებს სპონსორები აფინანსებენ და მაშინაც კი ძალიან მცირე ანაზღაურებაა მომღერლებისთვის. იტალიური კარგად ვისწავლე და ხალხი კარგად გავიცანი. ძალიან მიყვარს, გიჟები არიან (იღიმის). იტალია ძალიან ჰგავს საქართველოს და თავი სრულიად არ მიგრძნია ემიგრაციაში. გერმანიაში კი პირიქითაა და იტალია მენატრება. მართალია, მაგდებურგის თეატრის სოლისტი გავხდი, უკვე მეორე სეზონია აქ ვარ და სტაბილურად ვცხოვრობ, მაქვს ძალიან კარგი პირობები, მშვენიერი რეპერტუარი და წამყვანი ბარიტონი ვარ, მაგრამ ხალხთან შეგუება გამიჭირდა. ვმეგობრობთ, მაგრამ სითბოს არ გამოხატავენ.
- თქვენს ყოველდღიურობაზეც გვიამბეთ...
- შეიძლება, უახლოეს მომავალში რომსა და ნეაპოლში მქონდეს კონცერტები. ზაფხულში კი საქართველოში ჩამოვალ, სადაც უკვე შვიდი თვეა, არ ვყოფილვარ და ეს ძალიან დიდი დროა. დილას ადრე ვდგები, რადგან ხანგრძლივი ძილი არ მიყვარს. აუცილებლად ვსვამ ყავას, რომელსაც იტალიაში შევეჩვიე და მთელი დღის განმავლობაში ვიღებ 7-8 ჭიქას და თან ორმაგს (იღიმის).
- ყავის ასეთი რაოდენობა ჯამრთელობას არ უქმნის პრობლემას?
- არა (იღიმის). ჩემი აზრით, ეს მოსაზრება ფსიქოლოგიური პრობლემა უფროა, ვიდრე ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი. ჭიქა ყავის მერე ვკითხულობ, თუ კარგი ამინდია, დავრბივარ, ცუდი ამინდის შემთხვევაში კი სპორტდარბაზში ვვარჯიშობ. 10-დან 1 საათამდე რეპეტიციებია, შემდეგ - შესვენება. საღამოობით კი სპექტაკლები მაქვს. ოპერის გარეთ არ ვფიქრობ სიმღერაზე და განტვირთვას ვცდილობ. რეპეტიციებს შორის შუალედში ვეცნობი სხვადასხვა ინფორმაციას, უფრო ხშირად სპორტის თემაზე. საერთოდ, არ ვარ პრეტენზიული მომღერალი, ზოგი ზაფხულშიც რომ კაშნეთი დადის, არ ლაპარაკობს და ა.შ (იცინის).
- საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პორცესებს თუ ადევნებთ თვალს?
- არა, ნერვები მეშლება და საერთოდ არ ვეცნობი. ძალიან მტკივა გული დღევანდელობაზე. სამწუხაროდ, დღემდე არ მინახავს მართალი პოლიტიკოსი, რომ თავის ქვეყანას ბოლომდე გამოდგომოდეს. ჩემთვის ჩემი ქვეყანა ყველაფერია. ყველაზე ძვირფასი ადამიანები იქ ცხოვრობენ და, რა თქმა უნდა, საქართველოში თუ რამე ცუდი ხდება, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ვინაიდან ბუნებით ოპტიმისტი ვარ, მგონია, რომ სამომავლოდ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება.
პ.ს. ძმები აბულაძეების ნამღერმა გასულ კვირას ინტერნეტი დაიპყრო.
იხილეთ ვიდეო
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''