ამა წლის იანვარში გამოვლინდნენ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ სრულმეტრაჟიანი ფილმის დასაფინანსებლად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები, რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და დიმიტრი მამულია. ელდარ შენგელაიას ახალმა პროექტმა კი კონკურსში ვერ გაიმარჯვა. დღეს ამ სატირული კომედიის წარმოების
- სცენარზე გოგა ხვედელიანთან ერთად ვიმუშავე და უკვე მზად არის, მაგრამ ფილმის გადასაღებად ფული არ გვაქვს. სცენარი კინოცენტრის კონკურსზე წარვადგინე, სადაც ჩაჭრეს. მერაბ კოკოჩაშვილი და მე, ასე ვთქვათ, ''არ გაგვიშვეს''. პრეზიდენტი ნაზარბაევი თავის დროზე 9 აპრილის კომისიაში იყო, ისევე როგორც მე, და მაშინ დავახლოვდით. მას მივმართეთ და ფილმის გადასაღებად გარკვეულ თანხას ყაზახები გაიღებენ. გარდა ამისა, მყავს ესპანელი ოპერატორი, გვარად გორკა, და ამ პროექტის განხორციელებისას ფილმის შექმნაში ესპანეთის მხარე აპარატურით ''შემოდის'', ანუ ამ ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს. გამოდის, რომ ყაზახეთი და ესპანეთი მაძლევენ ფულს, მაგრამ საქართველო - არა.
- მას შემდეგ, რაც ეროვნულ კინოცენტრში თქვენმა პროექტმა ვერ გაიმარჯვა, რამდენიმე კვირა გავიდა, თუ გამოგეხმაურათ ვინმე?
- არავინ გამომხმაურებია. კინოცენტრის მხრიდანაც არაფერი - ეს ჩვეულებრივი ამბავიაო.
- ბუნებრივია, თქვენი ფილმი კოპროდუქცია იქნება. რა თანხაა საჭირო საქართველოს მხრიდან?
- მაქსიმუმ 700 ათასი და მინიმუმ 500 ათასი ლარი.
- კოპროდუქციის შემთხვევაში, მსახიობების ნაწილი უცხოელია ხოლმე. ამ თემაზე გიფიქრიათ?
- არა, ასეთ თემებზე ჯერ არ ვფიქრობ, რადგან სცენარი არ არის მიღებული და ვერც კასტინგი ჩატარდება. თუ გამოჩნდება დაფინანსება, მერე ჩავატარებ კასტინგს და მაშინ გადაწყდება, ვინ ითამაშებს ფილმში. ვინაიდან სურათს ყაზახეთის მხარე აფინანსებს, შეიძლება, ერთი არტისტი ყაზახეთიდან იყოს.
- წლების წინ სახელმწიფო არაერთი ფილმს აფინანსებდა. დღეს თუ რამე გამოდის, ძირითადად, კოპროდუქციის სახით და უახლესი მაგალითისთვის ''მანდარინები'' გვაქვს...
- დიახ, ''მანდარინები'' ''ოსკარზე'' ესტონეთმა წარადგინა. მათ ამის უფლება ჰქონდათ, მაგრამ სცენარი ქართულია, რეჟისორი და მსახიობების უდიდესი ნაწილი ქართველები არიან, ფილმში ორი ესტონელია და სხვათა შორის, მთავარი როლის შემსრულებელი ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ უცნაური არ არის, ასე რომ ხდება?! სხვათა შორის, ეროვნული კინოცენტრის კონკურსზე ვერც გიორგი ოვაშვილის პროექტი ''გავიდა''. ნუ, კარგი, ჩვენ უფროსი თაობა ვართ, მაგრამ გიორგიმ გადაიღო ''სიმინდის კუნძული'', მანამდე ''გაღმა ნაპირი''.
ორივე უბრწყინვალესი ფილმია, მაგრამ არც მას აძლევენ დაფინანსებას. უდიდესი რეჟისორი გია დანელია მოსკოვში 7 წელიწადს აკეთებდა ანიმაციურ ფილმს ''ქინ-ძა-ძა'' და შვიდივე წელიწადი კულტურის სამინისტრო აფინანსებდა. ეს იმიტომ, რომ მათ იციან უფროსი თაობის დაფასება. სხვათა შორის, კინოსტუდია ''მოსფილმში'' უფროსი თაობისთვის დღესაც ის აპარატურაა, რომელიც იყო წინათ. იქ ასეა და ჩვენთან კი ამას არავითარი ყურადღება არ ექცევა. მე, მაგალითად, სიმართლე გითხრათ, კომპიუტერის არაფერი ვიცი, სამონტაჟო მაგიდაზე ფირთან ვიმუშავებ.
- თუმცა, ბატონო ელდარ, თქვენ რომ დაფინანსება გქონდეთ, კომპიუტერთან უამრავი სხვა ახალგაზრდა იმუშავებს და ეს საკითხი არ შეგიქმნით პრობლემას...
- რა თქმა უნდა, მაგრამ როცა სურათზე ვმუშაობდი, ყველაფერს თავად ვაკეთებდი. მაგალითად, ''ცისფერ მთებზე'' შესანიშნავი მემონტაჟე მყავდა - ლეილა აშიანი, მაგრამ ის აკეთებდა იმას, რაც მე მინდოდა.
- დღევანდელი კულტურის სამინისტრო პრიორიტეტებზე როცა ლაპარაკობს, ყოველთვის აქტუალური თემაა, რას ანიჭებენ უპირატესობას და რას არა...
- მე გეტყვით, რას ანიჭებენ... ჯაზს. ჯაზსა და ჯაზფესტივალებს. ისეთი შესანიშნავი რეჟისორი, როგორც დიტო ცინცაძეა, მივიდა მინისტრთან და მან თქვა, კინოზე ჩვენ ფულს არ გაძლევთ, წადით კინოცენტრშიო. კინოცენტრი კი თავისთავად ვერ გამოყოფს თანხებს. მე ძალიან მიყვარს ჯაზი, ლუი არმსტრონგი და სხვა შემსრულებლები, კი ბატონო, დააფინანსონ ეს სფერო, მაგრამ კინოსაც მიაქციონ ყურადღება. იცით, ხანდახან მენატრება საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდი. კინოსტუდია ''ქართულ ფილმში'' იღებდნენ 10 მხატვრულ და 10-მდე ანიმაციურ ფილმს, ცალკე იყო დოკუმენტური ფილმების სტუდია, სადაც 50-მდე სურათი მზადდებოდა. გარდა ამისა, ''გოსტელერადიოს'' შეკვეთით იქმნებოდა ფილმები, მაგალითად, როგორიცაა ''დათა თუთაშხია'' და რეზო გაბრიაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები. რა თქმა უნდა, ამ რაოდენობის ნამუშევრებში იყო ცუდიც და საშუალოც, მაგრამ აუცილებლად იყო კარგი ფილმიც, ამიტომ, ჩემი აზრით, სახელმწიფომ მეტი ფული უნდა გამოუყოს კინოცენტრს.
სხვათა შორის, კინოცენტრი ჩემი ინიციატივით დაარსდა და ამ საქმეში ოთარ იოსელიანი დამეხმარა. კანონპროექტი პარლამენტში ბატონმა ზურაბ ჟვანიამ გაიტანა და მის დროს დამკვიდრდა. კინოცენტრმა უნდა აღადგინოს ის პუნქტი, რომელიც გოკა გაბაშვილის დროს ამოიღეს. მაშინ კანონში ეწერა, რომ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს კინოცენტრი, მაგრამ კინოკავშირი ადგენს სიას, სადაც შედიან მძლავრი რეჟისორები, ოპერატორები, მწერლები და ეს კომისია ორი წლის განმავლობაში მუშაობს, იმავდროულად, ამ საქმეში მათ უხდიან ფულს. ისინი არიან პასუხისმგებლები. ახლა ჩაივლის ერთი კონკურსი და ჟიურის წევრებს უშვებენ, ცხადდება მეორე კონკურსი, სხვა შემადგენლობა მონაწილეობს და განიხილავს პროექტებს. კომისიის წევრების მუდმივი ცვლა კი არ შეიძლება.
- კერძო პირები, ბიზნესმენებიც არ დებენ ფულს ქართულ კინოში?..
- ამაზეც გიპასუხებთ. დღეს საქართველოში სულ რამდენიმე კინოთეატრია. საბჭოთა კავშირის დროს უამრავი კინოთეატრი ფუნქციონირებდა და რაც უნდა ცუდი ფილმი გასულიყო ეკრანზე, მის გადაღებაზე დახარჯულ ბიუჯეტს ამოიღებდა. ამ საკითხსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ბიზნესმენებმა უნდა ააშენონ პატარა კინოთეატრები, თუნდაც 100-130 კაციანი, სხვადასხვა ადგილას, ვთქვათ ზესტაფონში, ხობში, იქ ახალგაზრდობა აუცილებლად ივლის. აჩვენონ უცხოური ფილმები, მაგრამ იმავდროულად, ქართული კინოც.
- ბატონო ელდარ, პირადად ჩემთვის ცოტა დაუჯერებელია, რომ არავინ გამოთქვამს სურვილს თქვენი ფილმის დაფინანსებაზე...
- თანადგომის სიტყვები ბევრისგან მოვისმინე, მაგრამ ჯერჯერობით დაფინანსებაზე საუბარი არავისგან ყოფილა.
- უშუალოდ თქვენი ემოციური მდგომარეობა მაინტერესებს, ხელი ხომ არ გაქვთ ჩაქნეული ჩანაფიქრზე?
- ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე, იმედია დაფინანსებას მოვიპოვებ.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''