17 მარტი, 2015
სახლი, რომელიც ფილარმონიის მშენებლობას შეეწირა
ბუნებრივია, ადგილმდებარეობამ შენობის მოცულობასა და სივრცით კომპოზიციაზე თავისი გავლენა მოახდინა XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს თბილისში დიდი საკონცერტო დარბაზის აუცილებლობის საკითხი წამოიჭრა. ოპერისა და ბალეტის თეატრისა და სპორტის სასახლის დარბაზები ვეღარ იტევდა ამა თუ იმ ღონისძიებაზე მისულ მაყურებელს.

არც მათი სცენები იყო კონცერტისთვის სათანადოდ მოწყობილი და გაფორმებული, ამიტომ საჭირო გახდა როგორც ტექნიკური, ისე ეთიკური თვალსაზრისით თანამედროვე სტანდარტების შენობის აგება და ამ მასშტაბური მშენებლობის პროექტის ავტორობა ივანე ჩხენკელის სახელს უკავშირდება...

თბილისის საკონცერტო დარბაზი, დღეს ასე ჰქვია
ამ შენობას, მაგრამ ყველა ისევ ''ძველებურად'' მოიხსენიებს- ფილარმონია. ზოგიერთ ქვეყანაში ფილარმონია საკონცერტო ორგანიზაციებისა და საზოგადოებების სახელწოდებაა. XIX საუკუნეში ევროპისა და ამერიკის ქალაქებში შეიქმნა ფილარმონიული საზოგადოებები, რომლებიც პროპაგანდას უწევდნენ სიმფონიურ მუსიკას.

XX საუკუნეში ასეთი საზოგადოებები ფართოდ გავრცელდა, ევროპის სოციალისტურ ქვეყნებსა და საბჭოთა კავშირში- სახელმწიფო ორგანიზაციებად იქცნენ. საბჭოთა კავშირში ფილარმონიის მიზანი იყო მუსიკალური ნაწარმოებების, ცალკეულ შემსრულებელთა საესტრადო ხელოვნების სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია. პირველი ფილარმონიები ჩამოყალიბდა პეტროგრადსა და მოსკოვში 1921-1922 წლებში. საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სულ 140-მდე ფილარმონია იყო, ხოლო საქართველოში ფილარმონიული საზოგადოება 1905 წელს შეიქმნა.

ახლა კვლავ საკონცერტო დარბაზს მივუბრუნდეთ. ის ქალაქის ცენტრალურ ადგილას უნდა აეგოთ, რომ მოსახერხებელი და ადვილად მისადგომი ყოფილიყო თბილისის ყველა უბნისათვის. იმ დროს ლენინისა (ახლანდელი კოსტავას ქუჩა) და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ერთი ქონგურებიანი, ძველი ქართული ციხესიმაგრის მსგავსი გრძელი, სამსართულიანი, 1928 წელს აშენებული სახლი იდგა.

როცა ამ ადგილას საკონცერტო დარბაზის მშენებლობის საკითხი გადაწყდა, მობინადრეების გამოსახლება დაიწყეს. თბილისში ამბობენ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ღამ-ღამობით მხოლოდ ერთი ფანჯრიდან გამოდიოდა სინათლე. იქ მცხოვრები სანდრო ელიაძე დიდი ხნის განმავლობაში არ ტოვებდა ბინას, მაგრამ სხვა გამოსავალი რომ არ იყო, ბოლოს მაინც დანებდა.
შენობა დაანგრიეს და მის გარშემო ტერიტორია გაწმინდეს. ახლა რთულად ამოსაცნობია და მხოლოდ ძველ ფოტოებზეა შემორჩენილი ის ქუჩა და სახლი, სადაც გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ფილარმონიის მშენებლობა დაიწყეს.

ბუნებრივია, ადგილმდებარეობამ შენობის მოცულობასა და სივრცით კომპოზიციაზე თავისი გავლენა მოახდინა. შეიქმნა ასიმეტრიულად განლაგებული ფართო საზეიმო კიბე, რომლის ბოლოს ხელოვნების თემაზე შექმნილი 8-მეტრიანი ფიგურა ''მუზა'' დაიდგა. მისი ავტორიც მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილია. შენობის ვესტიბიულის ინტერიერიც მხატვრულად მერაბ და ელგუჯა ბერძენიშვილებმა გააფორმეს.

პროექტში შენობაში გათვალისწინებული იყო ორი დარბაზი- დიდი, რომელიც 2500 მაყურებელს დაიტევდა და მცირე- 650-კაციანი დარბაზი, რომელიც დიდი დარბაზის სცენის ქვემოთ მოთავსდებოდა. მცირე დარბაზი ძირითადად სიმფონიური და კამერული ორკესტრების კონცერტების ჩასატარებლად და კინოფილმების ჩვენებისთვის იქნებოდა განკუთვნილი.

ხოლო დიდ დარბაზს ექნებოდა უნივერსალური დანიშნულება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დიდი კონცერტების და თეატრალიზებული დადგმების, ასევე სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და 5 ენაზე სინქრონული თარგმნით უზრუნველყოფილი ყრილობების ჩატარება. დიდი დარბაზის ფოიეს თავზე, უკანასკნელ სართულზე განლაგდებოდა კაფე-ბარი, რომელიც ერთდროულად 350 კაცს მოემსახურებოდა. ლენინის ქუჩის მხარეს კი გათვალისწინებული იყო სალაროების, ყვავილების მაღაზიისა და სამხატვრო სალონის მოწყობა.

ამ მასშტაბური კინოსაკონცერტო დარბაზის პროექტის ავტორი საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე ივანე ჩხენკელი გახლდათ. პროექტის მთავარი ინჟინერი- ვილსონ იაკუბოვი, მთავარი კონსტრუქტორი- შალვა გაზაშვილი. სამშენებლო სამუშაოებს საბინაო და სამოქალაქო მშენებლობის მთავარი სამმართველოს- ''მთავართბილმშენის'' მუშები და ინჟინერ-ტექნიკოსები აწარმოებდნენ.

თავდაპირველად სამუშაოები სწრაფად წარიმართა, რადგან დარბაზის ექსპლუატაციაში გადაცემის თარიღად 1969 წელი იყო მიჩნეული, მაგრამ თარიღმა გადაიწია, რის მიზეზებსაც იმავე პერიოდის ქართულ პრესაში განმარტავენ: ''საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ განიხილა საკითხი თბილისის კინოსაკონცერტო დარბაზის მშენებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მშენებლობა უაღრესად არადამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს.

საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტრომ და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულმა სამონტაჟო და სპეციალურ სამუშაოთა სამმართველომ ვერ უზრუნველყვეს სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოთა გეგმის შესრულება. თბილისის საქალაქო მშენებლობის საპროექტო ინსტიტუტმა დროულად არ შეიმუშავა სამუშაო ნახაზები და ხარჯთაღრიცხვები.

დამამზადებელმა ქარხნებმა დადგენილ ვადებში არ შეასრულეს არასტანდარტული მოწყობილობების შეკვეთები. ამის შედეგად ჩაიშალა კინოსაკონცერტო დარბაზის საექსპლუატაციოდ გაცემის ვადა, რომელიც 1969 წელს იყო გათვალისწინებული. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ დანიშნა კინოსაკონცერტო დარბაზის საექსპლუატაციოდ გადაცემის ახალი ვადა- 1970 წლის დეკემბერი''...

''მთავართბილმშენის'' კოლექტივმა დიდი ძალისხმევის ფასად შეძლო ახალი კინოსაკონცერტო დარბაზის დროულად დამთავრება, რის გამოც, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1971 წლის 21 აპრილის ბრძანებულების მიხედვით, საპატიო სიგელები გადაეცა ფილარმონიის შენობაზე, სხვადასხვა სამუშაოზე დაკავებულ 27 ადამიანს. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის პირველ დირექტორად ივანე ტუსკაძე დანიშნეს. ფილარმონიის შენობის გახსნა კი საბჭოთა საქართველოს 50 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS