11 ივლისი, 2013
''ჩემი შემოქმედების მთავარი თემა ადამიანი და მისი შინაგანი სამყაროა...''
ფოტოგამოფენის მოწყობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და თუ ამ "ტექნიკური საკითხის" მოგვარება შევძელი, გპირდებით საინტერესო და მრავალფეროვან ფოტოგამოფენას თორმეტი პერსონალური და თხუთმეტი ჯგუფური გამოფენის მონაწილე კახა ჩხატარაიშვილის ფერწერა საკმაოდ ინდივიდუალურია და მაშინვე იქცევს ყურადღებას. მოგვიანებით მისი ფოტოხელოვნებით გატაცების შესახებაც შევიტყვეთ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ''რეიტინგის'' ფურცლები მისი ფერწერისთვის, გრაფიკისა და ფოტოებისთვის დაგვეთმო...

- ხშირად ადამიანი მშობლების პროფესიას ირჩევს, თუმცა თქვენი მშობლები მხატვრები არ ყოფილან...
- მამაჩემი, ქველი ჩხატარაიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გახლდათ. სამწუხაროდ, 1995 წელს გარდაიცვალა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მუშაობდა. შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მამა მრავალმხრივ განათლებული პიროვნება იყო, იცოდა შვიდი ენა, სწავლობდა საქართველოს ისტორიისა და სამხედრო ისტორიის საკითხებს... კარგად იცნობდა ხელოვნების ისტორიას, უყვარდა პოეზია და ახალგაზრდობაში მშვენიერ ლექსებსაც წერდა. საოცრად საინტერესო ადამიანი გახლდათ. სახლში მამის დატოვებული დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს, სადაც ისტორიის, ხელოვნების ისტორიის, ბიბლიოგრაფიული იშვიათობების გარდა, არის უამრავი წიგნი მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესახებ, მრავალრიცხოვანი უცხოენოვანი ლიტერატურა და მხატვართა ალბომები, ასევე ლიტერატურა ფოტოგრაფიაზე. მამა ახალგაზრდობიდან გატაცებული ყოფილა ფოტოგრაფიით და კარგ ფოტოებსაც იღებდა. მას დიდი დამსახურება მიუძღვის შვილების განათლების საქმეში. დედა, დოდო მახარაძე, მედიცინის მუშაკია, თუმცა უკვე რამდენიმე წელია პენსიაზეა. იგი 46 წლის განმავლობაში თბილისის სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის ჰემატოლოგიურ განყოფილებაში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ხელოვანი არ არის, მიმაჩნია, რომ უნიჭიერესი დიზაინერია. დედა შესანიშნავად კერავდა. შვილები მისი შეკერილი სამოსით კარგა ხანს ვიწონებდით თავს. იგი სილამაზის დიდი ტრფიალია და ყველაფერს მოხდენილად აკეთებს. სამწუხაროდ, ახლა ავადმყოფობს. მყავს და, რომელიც ისტორიკოსია, მაგრამ მასაც საოცრად უყვარს ხელოვნება. ალბათ სწორედ ხელოვნების სიყვარულით სავსე გარემომ განსაზღვრა ჩემი მომავალი პროფესია.
Rating
- ბავშვობაში ყველა ბავშვი ხატავს, ალბათ თქვენც არ იქნებოდით გამონაკლისი...
- მეც, როგორც ბევრი ბავშვი, პატარაობიდან ვხატავდი და ვძერწავდი. ჩემი მაშინდელი ნახატები დედას დღემდე შენახული აქვს. ბავშვობაში ვხატავდი პეიზაჟებს, მსიამოვნებდა ცნობილ მხატვართა ნამუშევრების კოპირება, დიდი გატაცებით ვხატავდი პორტრეტებს. ერთი წელი პიონერთა სასახლეშიც დავდიოდი ძერწვის წრეზე, თუმცა შემდეგ უფრო მეტი დრო ზოგად განათლებას დავუთმე.
- ფოტოგრაფიამ როდის გაგიტაცათ? ფოტოებზე ძველი თბილისის ხედები, პორტრეტები ვნახე. რომელ თემაზე მუშაობაა თქვენთვის ყველაზე საინტერესო?..
- ფოტოგრაფიით თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლისას დავინტერესდი. სახლში გვქონდა მამის ფოტოაპარატი "ზენიტი". პირველი სურათები სწორედ ამ აპარატით გადავიღე. ფოტოგრაფიით ჩემი გატაცება მოგვიანებით პროფესიულ საქმიანობაში გადაიზარდა. სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოტოხელოვნების ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ ინტენსიურად ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან. ცოტა ხანს სახელმწიფო არქივის კინო-ფოტო-ფონოარქივშიც ვიმუშავე. ისევე როგორც მხატვრობაში, პორტრეტი ჩემთვის ფოტოგრაფიაშიც გამორჩეული თემაა. მე მაინტერესებს ადამიანის სულიერი სამყარო, ხასიათი, განწყობა, ფსიქოლოგია... ძალიან მიყვარს ძველი თბილისის და სხვა ქალაქების ხედების გადაღებაც. თუმცა ქანდაკება იქნება, მხატვრობა თუ ფოტოგრაფია, ჩემი შემოქმედების მთავარი თემა მაინც ადამიანი და მისი შინაგანი სამყაროა.
Rating
- მოქანდაკე ხართ, თუმცა გრაფიკა და ფერწერაც თქვენია - უფრო მეტად ფერწერაში მუშაობთ...
- პროფესიის არჩევის საკითხი, რასაკვირველია, სკოლის დამთავრების დროს დადგა. გადავწყვიტე მხატვარი გავმხდარიყავი და სწავლა გამეგრძელებინა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც იმ დროს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სამხატვრო სასწავლებელი იყო. გამოცდებამდე ორი თვით ადრე დავიწყე მომზადება ხატვაში ქალბატონ ლამარა მესხთან. მანამდე მხატვრობასთან სერიოზული პროფესიული შეხება არ მქონია. ჩავაბარე გამოცდები და გავხდი ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის ქანდაკების ფაკულტეტის სტუდენტი. სიმართლე გითხრათ, ქანდაკება იყო არა ჩემი, არამედ ჩემი მასწავლებლის, ქალბატონი ლამარა მესხის არჩევანი. ერთ დღეს, მეცადინეობის შემდეგ, ქალბატონმა ლამარამ შემომთავაზა, მიქელანჯელოს "დავითის'' ყურის ასლი გამომექანდაკებინა. ქალბატონი ლამარა თავადაც მოქანდაკე იყო და სასწავლებელში სტუდენტებს მიქელანჯელოს დავითის სხეულის დეტალების ასლებს აკეთებინებდა. მე წამოვიღე სახლში "დავითის ყური'' და ღამით, როცა ყველამ დაიძინა, დავიწყე მასზე მუშაობა. მთელი ღამე მოვანდომე ამ საქმეს და გამთენიისას "ყური" მზად მქონდა. ქალბატონი ლამარა სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ჩემი ნამუშევრით და მაშინ გადაწყდა ჩემი პროფესიული ბედიც. ასე გავხდი ჯერ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტის სტუდენტი. აკადემიაში ჩავირიცხე ბატონ გოგი ოჩიაურის ჯგუფში. აკადემიაში სწავლის ხანა ერთ-ერთი უბედნიერესი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ეს წლები პროფესიული თვალსაზრისით ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. აკადემიაში სწავლისას ვაგრძელებდი ხატვასაც. მოქანდაკეებს ხატვას აკადემიაშიც გვასწავლიდნენ. საბოლოოდ, ხატვა, ფერწერა, გრაფიკა და ფოტოხელოვნება გახდა ჩემი ძირითადი საქმიანობა. ინტენსიურად ვმუშაობ ფერწერაში, გრაფიკასა და ფოტოგრაფიაში.
- ''ცოცხალი", ''მჭახე'' ფერები... ეს ყურადღების მიქცევის მცდელობაა, თუ უბრალოდ ასეთ ფერებს ანიჭებთ უპირატესობას?
- ყურადღების მიქცევა არაფერ შუაშია. მე ამ ფერებით ვცდილობ გადმოვცე განწყობა და ხასიათი.
Rating
- ნახატებს ასათაურებთ? სახელი ყველას აქვს?
- თითქმის ყველა ფერწერულ ნამუშევარს აქვს სახელი. რაც შეეხება გრაფიკულს, მათ უმეტესად სახელები არ აქვთ.
- ალბათ უთქვამთ, რომ თქვენი ნამუშევრები რაღაცით დალის სტილშია, ზოგიც პიკასოს გავლენას დაინახავს...
- არ მგონია, რომ ჩემი ნამუშევრები დალის სტილშია. ალბათ, იმპრესიონისტებთან უფრო ახლოს ვარ.
- დღემდე რამდენი გამოფენა გქონდათ?
- მქონდა თორმეტი პერსონალური გამოფენა. აგრეთვე ვარ თხუთმეტი ჯგუფური გამოფენის მონაწილე.
- თქვენი ნამუშევრები თუმანიშვილის თეატრის ფოიეშიც მაქვს ნანახი, პირველად როდის წარუდგინეთ ისინი საზოგადოებას?
- ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როცა ფართო საზოგადოებამ იხილა ჩემი პირველი ფერწერული ნამუშევრები, რომლებმაც კარგი შეფასება დაიმსახურა. ისინი წარმოდგენილი იყო სამხატვრო აკადემიისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტების ერთობლივ გამოფენაზე. ასევე სტუდენტობის დროს გამოიფინა ჩემი პირველი ქანდაკებები რუსთაველის პროსპექტზე მდებარე საგამოფენო დარბაზ "მერანში". 7 ნოემბერს მქონდა დიდი პერსონალური გამოფენა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის საგამოფენო დარბაზში. სულ ახლახან დასრულდა ჩემი გამოფენა სალონ-რესტორან "ზაზანოვაში", სადაც წარმოდგენილი იყო ათი ახალი ნამუშევარი. გამოფენამ, რომელიც ორი კვირის ნაცვლად ერთ თვეს გაგრძელდა, დიდი მოწონება დაიმსახურა. ამჟამად ჩემი სურვილია, მოვაწყო დიდი პერსონალური ფოტოგამოფენა. ამ წლების განმავლობაში უამრავი საინტერესო ფოტონამუშევარი დამიგროვდა, რადგან ხატვასთან ერთად ბევრს და ინტენსიურად ვმუშაობ ფოტოგრაფიაში. თუმცა ფოტოგამოფენის მოწყობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და თუ ამ "ტექნიკური საკითხის" მოგვარება შევძელი, გპირდებით საინტერესო და მრავალფეროვან ფოტოგამოფენას. რაც შეეხება ფერწერას, ალბათ, შემდეგი გამოფენა ევროპაში მოეწყობა.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
მელი
უსაზღვრო წარმატებას გისურვებთ!
22:01 / 11-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ელენი
ძალიან თვითმყოფადია, ინდივიდუალისტი. მისი ნამუშევრებისგან საოცარი ენერგია მოდის.
15:33 / 25-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ბელა ალანია
წარმატებებს გისურვებთ!
13:41 / 02-03-2016
გამოხმაურება / 0 /
NANA
წარმატებებს გისურვებთ
22:16 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თინიკო გიგაური
ჩემო კეთილო მეგობარო,თავი აწიე და ამაყად იარე.შენნაირი მხატვარი ბევრი არ დადის ჩვენს ქუჩებში.არადა რა უზომოდ უბრალო ხარ.ეს მიყვარს შენში.
17:59 / 29-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS