სალომე გოგიაშვილი: "ვერ ვიტან, როცა 6 წლის ბავშვს აქვს რომელიღაც ფირმის ბოლო მოდელის ტელეფონი"
- ჩემი ქალიშვილი უკვე 12 წლისაა, თავისი სტილი აქვს, ამიტომ ვცდილობ, შევუთანხმო დეტალები და ისე ვუყიდო, ან თავადაც წავიყვანო საშოპინგოდ. პატარების შემთხვევაში არ ვითვალისწინებ და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ჩემით ვახერხებ. ჩემი მეორე შვილი 7 წლისაა და საერთოდ ვერ ხვდება, შარვალს რომ ვყიდულობ, ძვირიანია თუ იაფიანი, შესაბამისად ამ შემთხვევაში განებივრებაზე საუბარი არაა სწორი. მაგრამ ჩემი ქალიშვილი, რომელიც უკვე ხვდება, რა კარგია და რა ცუდი, არასდროს არ მომთხოვს იმაზე მეტს, რაც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.
- რა სიხშირით ყიდულობ მათთვის სამოსს? იძენ მხოლოდ აუცილებელ ნივთებს თუ ე.წ. გასაპრანჭ სამოსსაც?
- როცა ვხვდები, რომ ფეხსაცმელი, შარვალი ან სხვა სამოსი სჭირდება, რა თქმა უნდა, ვიძენ, მაგრამ არ არსებობს, წავიდე ჩემთვის საყიდლებზე და ბავშვებს არ მოვუტანო რაღაც. ხშირად ყოფილა შემთხვევა, ჩემთვის წავსულვარ მაღაზიებში, მაგრამ ბავშვების ტანსაცმლით დატვირთული დავბრუნებულვარ და ჩემთვის არაფერი შემიძენია.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ბავშვი არ იყოს განებივრებული თუნდაც სამოსის მხრივ, თუმცა იმავდროულად შემოსოს საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით?
- განებივრება ისეთი თემაა, რომელიც მხოლოდ სამოსს არ ეხება, ამ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ სათამაშოები, ტექნიკა და ა.შ. ვერ ვიტან, როცა 6 წლის ბავშვს აქვს რომელიღაც ფირმის ბოლო მოდელის ტელეფონი, ჩემს შვილსაც აქვს ტელეფონი, მაგრამ სახლში, თავისთვის თამაშობს და ერთობა, გარეთ არ დააქვს. ჩემს ბავშვობაში, დედა რაიმე ახალს რომ მიყიდდა, ძალიან დიდი ხანი ვლაპარაკობდი იმაზე, დღევანდელი ბავშვები კი იმდენად განებივრებულები არიან სხვადასხვანაირი სათამაშოებით, ტექნიკით, რაც არ უნდა უყიდო, ეს მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, რაც ძალიან არ მომწონს. ჩემი აზრით, ბავშვის განებივრება ოჯახიდან მოდის, როცა ბავშვს ნაკლებ ყურადღებას აქცევ და საკომპენსაციოდ ახალ ნივთს ჩუქნი, ეს ძალიან დიდი ტყუილი და ცუდი საქციელია. არის შემთხვევები, როცა მამები ფიქრობენ, თუ შვილს საუკეთესო ტელეფონს უყიდიან, მერე შეიძლება ორი თვე არ ნახონ, რაც თავისთავად ცუდი მიდგომაა.
- თუ არსებობს რაიმე ზღვარი, რაზე უფრო ძვირ სამოსსაც არ უყიდი შვილებს?
- დაწესებული არ მაქვს ზღვარი, მაგრამ გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ბავშვს ძალიან ძვირიანი სამოსი არ უნდა უყიდო, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ყოველდღიურ სამოსში მილიონების გადახდა არ მიმაჩია სწორად, თუნდაც იმიტომ, რომ ბავშვია და დაახლოებით ერთ თვეში ის სამოსი უკვე პატარა ექნება. ყველა შესაძლებლობის მიხედვით ყიდულობს ნივთებს, მაგრამ ვისაც არ მოჰყვება ფინანსური მხარე, მაგრამ ვალებს იღებენ და იხდიან ძალიან ძვირს ბავშვის სამოსში, იმათი არ მესმის.
- დილაობით, სამოსის შერჩევისას თუ გაქვთ დისკუსია?
- ეს ეტაპი ყველა ბავშვს და ყველა მშობელს აქვს. დაახლოებით 9 წლიდან გოგონებს ეწყებათ ახირებები, ეს არ უნდათ და ის უნდათ, მერე ისიც აღარ უნდათ და ვერ იგებენ, რა უნდა გააკეთონ. ეს პრობლემა მეც მქონდა, მაგრამ მივხვდი, რომ ამაზე ნერვების მოშლა არ ღირს, უნდა მიუშვა, ჩაიცვას ის, რაც უნდა, ძალიან მალე გადაუვლის ეს პერიოდი და ყველაფერი მწყობრში ჩადგება. დღეს უკვე იმ ეტაპზე ვართ, რაღაცას რომ ჩაიცვამს, მეკითხება, კარგია თუ ცუდი. მე ძალიან მომწონს, როცა ბავშვს ბავშვურად აცვია და არა ქალურად. ჩვენც გვქონია პერიოდი, როცა მალე დაქალება გინდა, გგონია, რაც უფრო ქალურად ჩაიცვამ, უფრო მალე დაგიდგება ეს ეტაპი, მეც მქონდა ეს მიდგომა, მაგრამ მივხვდი, რომ ქალურად ჩაცმული ბავშვები ძალიან ცუდი შესახედია.
- სალომე, სათამაშოებისა და გასართობების შეძენის შემთხვევაში ზღვარი როგორ უნდა დავიცვათ, თუნდაც ფასთან მიმართებაში?
- ეს საკითხი უნდა დაარეგულიროს მშობელმა. სათამაშოების მაღაზიაში რომ შედიხარ, თვალები უფროსსაც კი გიჭრელდება და გიჭირს ჩამოყალიბება, მიუხედავად ამისა, ბავშვი უნდა მიაჩვიო იმას, რომ შეარჩიოს ერთი ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს და ის უყიდო. ჩემს მეუღლეს უნდა, ბავშვები გაახაროს და ჰგონია, თუ ძვირიან რაღაცას უყიდის, ეს განსაკუთრებულ სიხარულს მიანიჭებს მათ. რეალუარდ კი, პატარებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ფასიანია გასართობი, მაღაზიიდან სახლამდე მისულებს უკვე ბეზრდებათ და თან არ უფრთხილდებიან. ეს ყველაფერი ავუხსენი ჩემს ქმარს, თავადაც მიხვდა, რომ ბავშვებისთვის სათამაშოს ფასს მნიშვნელობა არ აქვს, იაფიანი საჩუქარიც ისევე ახარებთ, როგორც ძვირიანი, ამიტომ ვისწავლეთ ჭკუა - მივდივართ და ვიძენთ შედარებით დაბალფასიან სათამაშოებს.
ანა კოშაძე: "ძალიან რთულია, შვილს უყიდო რაღაც მისი გემოვნებით"

- ანა, ბავშვებისთვის სამოსს მხოლოდ მაშინ ყიდულობ, როცა რაღაც აუცილებლად გჭირდება, თუ იმ შემთხვევაშიც იძენ, თუ რამეს, შენთვის მოსაწონს წააწყდები, თუმცა, შეიძლება სულაც არ იდგეს მისი ყიდვის აუცილებლობა?
- სამოსს ძირითადად საჭიროების შემთხვევაში ვყიდულობ, იმდენი დრო არ მაქვს, ისე, უბრალოდ ვიარო მაღაზიებში და ბავშვების ტანსაცმელი ვათვალიერო. საბავშვო მაღაზიაში მივდივარ იმ შემთხვევაში, როცა ჩემს შვილებს სჭირდებათ რაღაც, შესაბამისად, ისე გამოდის, რომ ყველა ვარიანტში საჭიროების შემთხვევაში ვყიდულობ მათთვის სამოსს.
- რამდენად განებივრებულები არიან შენი შვილები სამოსის თვალსაზრისით?
იხილეთ გაგრძელება