01 მარტი, 2015
ქამრით ნაცემი ბიჭები, მობილურში ჩამძვრალი გოგონები და "ოტელო" გუგა კუზანოვი
გარდატეხის ასაკი ყველააზე ფაქიზი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, ესაა ეტაპი, როცა ცდილობ თავის დამკვიდრებას, გაქვს პროტესტი სამყაროს მიმართ, გგონია, რომ უკვე დიდი ხარ და დამოუკიდებლადაც შეგიძლია, ყველაფერი აკეთო. თინეიჯერობის ეტაპის მშვიდად გატანაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მშობელს. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს ამ მნიშვნელოვან ასაკში, რისი დათმობა ღირს და როდის უნდა დავსაჯოთ. ამ თემებზე ნინო ნადირაძეს, ნათია გოგოჭურსა და სოფია სებისკვერაძეს ვესაუბრეთ, რომელთაც გარკვეული გამოცდილება დაუგროვდათ.

ნინო ნადირაძე: "ძალიან მიჭირდა იმასთან შეგუება, რომ ბაია პატარა
აღარაა და იზრდება"

- როგორ გახსენდება გარდატეხის ასაკი და როგორი იყავი თავად თინეიჯერობის ასაკში?
- საკუთარი გარეგნობა ხან მომწონდა, ხან – არა, თუმცა ოპტიმისტი ტიპი ვარ და ალბათ უფრო მომწონდა (იღიმის). გამძაფრებული მქონდა სამართლიანობის შეგრძნება, მეგონა, მარტო მე ვიყავი მართალი, მარტო მე ვიცოდი ყველაფერი, ამასთან, ვიყავი უფრო მეტად კონფლიქტური, თუმცა, 24 საათი ვმეცადინეობდი.

- შენს შვილს როგორი გარდატეხის ასაკი ჰქონდა? გქონდათ პრობლემები?
- ბაიასთან ეს ამბავი არ მიგრძნია, მშვიდი, წყნარი ბავშვი იყო და ასეთია დღემდე. ერთადერთი, რა მქონდა, იცი?! როცა ვხედავდი, რომ პატარა აღარ იყო და უკვე დიდია, მე თვითონ მქონდა პროტესტი და ვცდილობდი, თვალი ამერიდებინა მისი ზრდის პროცესისთვის. ძალიან მიჭირდა იმასთან შეგუება, რომ ბაია პატარა აღარაა და იზრდება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, კიდევ უფრო არ შემეფერება ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ასე იყო, არაფრით არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ბაია უკვე დიდი იყო.

- რატომ? დიდი შვილი გაკომპლექსებდა?
- არა, მენანებოდა მის პატარაობასთან გამოთხოვება, მინდოდა, რომ პატარა ყოფილიყო.

- როგორი იყო ბაიას ემოციური ფონი იმ დროს?
- ბაიასთან ამ პერიოდში არანაირი დისკომფორტი არ შემქმნია, ერთადერთი რაც იყო, ტანსაცმელს მპარავდა (იცინის). მე მახსოვს, ჩემს მშობლებს ამ ასაკში ენას ვუბრუნებდი, ვეპასუხებოდი, უზრდელურად კი არა, სულ თავდაცვის რეჟიმში ვიყავი, ბაიასთვის კი რაც არ უნდა მეთქვა, არ მეწინააღმდეგებოდა. ვერც გავიგე, ისე გაიარა ამ ეტაპმა. საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი აქვს, ჩემგან განსხვავებით, მე უფრო ავი, მიმწოლი, გამტანი ვარ, ბაიას კი მშვიდი აურა აქვს. მეც კი, როცა რაღაცაზე ვბრაზობ, ვცხარობ, გვერდით რომ დამიჯდება, ამითიც კი მამშვიდებს.

- ახლა შენი ბიჭი რამდენი წლისაა?
- ჯერ პატარაა ამ ასაკისთვის, მაგრამ მის შემთხვევაში როგორ გვექნება საქმე, არ ვიცი, ამბობენ, ბიჭებს საკმაოდ რთულად გადააქვთ ეს პერიოდიო. იმასაც თბილი ხასიათი აქვს.

- ბაია პირად თემებზე თუ გესაუბრება?
- მე თვითონ მიჭირს ამ ყველაფრის მოსმენა, ბაია თვითონ, თავისი ინიციატივით მიყვება ხოლმე რაღაცებს, მე ვცდილობ, ავირიდო თავიდან და არ მოვისმინო, არ შემიძლია შვილთან დაქალობა.

- რაღაც რომ გამოგეპაროს მისი ცხოვრებიდან, არ გეწყინება?
- თვითონ ცდილობს, ყველაფრის საქმის კურსში ჩამაყენოს, თუმცა მე იმით უფრო ვინტერესდები, რა წარმატებები აქვს სწავლაში, პრაგმატული თემები უფროა ჩემთვის აქტუალური. ჩემი მშობლების შვილი ვარ მაინც და ისინი როგორც მექცეოდნენ, გამოდის, რომ მეც ისე ვექცევი ჩემს შვილს, რაც ძალიან ცუდია. ალბათ იმიტომ, რომ მისი პირადი თემები მაფრთხობს, სირაქლემას პოზიციაში ვარ, მირჩევნია, არ ვიცოდე... თუმცა არ მაცდის, მაინც მიყვება. იცის, რომ ლოიალური დედა ვარ, მამამისისგან განსხვავებით, გუგა არის საშინელი ოტელო. გუგა დღემდე ვერ შეეგუა იმ ამბავს, რომ ბაია 18 წლისაა, მე ვიჯერებ და თვალს ვარიდებ, მაგრამ ის არა. მას ვერ გააგებინებ, რომ ბაია 18 წლისაა.

- რის გამო შეიძლება, გაუბრაზდეს გუგა ბაიას?
- ყველაფერზე, 9 საათზე სახლში უნდა იყოს, რატომ გავიდა, რატომ შემოვიდა, ტელეფონზე რატომ ლაპარაკობს, ეს რატომ აცვია, თმა რატომ შეიღება და ა.შ.

- შენ გამოდიხარ დამცველის როლში?
- კი, ყოველთვის ვიცავ ბაიას, იმიტომ, რომ ვიცი, მშობლებისგან წამოსული უაზრო, არაფრით გამართლებული ტაბუები კიდევ უფრო დიდ პროტესტის გრძნობას იწვევს და გინდა, უფრო უკუღმა გააკეთო, ზუსტად ამიტომ ბაიას ბევრ რაღაცაში არ ვტუქსავ და არ ვავიწროებ, შედეგად, არ მატყუებს, თორემ აუცილებლად მივხვდებოდი, სხვა თუ არაფერი, მეც ვიყავი მაგხელა.

სოფია სებისკვერაძე: "ჩემი შვილი სულ ტელეფონშია ჩამძვრალი"

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS