02 მარტი, 2015
პარლამენტის შენობის აშენების საინტერესო დეტალები და ისტორია
საქართველოს დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, რომელიც შოთა რუსთაველის სახელს ატარებს, ჩვენს რეალობაში ხშირად გამხდარა სხვადასხვა ტი პის საპროტესტო აქციის გამართვისა და მომიტინგეთა შეკრების ადგილი. აქვე აღინიშნება საზეიმო ღონისძიებებიც. სხვა უბნებთან შედარებით, ყველაზე მეტად ვზრუნავთ მის გარეგნულ მხარეზე, რადგან ვასეირნებთ ტურისტებს და თბილისში ჩამოსული ყველა უცხოელი სტუმარი ამ გამზირზე ერთხელ მაინც ხვდება...

რუსთაველის გამზირზე ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა განთავსებული, სადაც ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა და დღესაც წყდება. პარლამენტის შენობის ადგილას ადრე ტაძარი იდგა. მართლმადიდებლური ქრისტიანული
საკათედრო ტაძარი კავკასიის ომში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა და შუა საუკუნეების რუსი წმინდანის ალექსანდრე ნეველის სახელს ატარებდა.

მშენებლობა 1871 წელს დაიწყო, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო მალევე შეჩერდა. მშენებლობა მოგვიანებით განახლდა და 1897 წელს უკვე მზა ტაძარი საზეიმოდ ეკურთხა. ტაძარი არაერთი წელი ფუნქციონირებდა და მუდმივი მრევლიც ჰყავდა. 1921 წლის თებერვალში ტაძრის ეზოში დაკრძალეს საქართველოს სამხედრო სკოლის სტუდენტები, ე. წ. იუნკერები, რომლებიც წითელ მე-11 არმიასთან ბრძოლაში დაიღუპნენ.

როცა საბჭოთა საქართველოს მთავრობის დადგენილებით თბილისის მთავრობის სასახლის აგება გადაწყდა, მის ადგილმდებარეობად ქალაქის მთავარი მაგისტრალი, ნეველის ტაძრის შენობის ადგილი შეირჩა და 1930 წლის 7 თებერვალს საბჭოთა მმართველობამ ტაძრის დემონტაჟი დაიწყო.

მას შემდეგ, დღესაც, თბილისელთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ მრავალი უბედურებისა და სისხლის ღვრის მიზეზი, რაც ამ ადგილას მომხდარა, შენობის საძირკველში მოქცეული ტაძრის ნაშთებია. ალბათ თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც სმენია ფრაზები იმის შესახებ, რომ ტაძრის ადგილას აგებული ნებისმიერი შენობის ბედი წარუმატებლობისთვისაა განწირული, და რომ პარლამენტის შენობა და მის გარშემო ტერიტორია დაწყევლილია.

მაშინვე გვახსენდება 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, 1991-1992 წლის ე. წ. ''სამოქალაქო'' ომი, რომელმაც არაერთი ქართველის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ უფრო ცხადად გვახსოვს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის სისხლიანი დასასრული და უახლოეს წარსულში მომხდარი არაერთი სხვა ავბედითი დღე.

ასტროლოგებსა და პარაფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ იმ ადგილას, სადაც ადამიანები არიან დაკრძალული, ან
უწინ სასაფლაოები იყო, არ შეიძლება საცხოვრებელი სახლების, კორპუსების ან სხვა ტიპის დაწესებულების აგება. ადგილს, რომელიც ერთ დროს ეკლესიას ეკავა და სხვადასხვა მიზეზთაA გამო დაზიანდა ან დააინგრიეს, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს პირვანდელი ფუნქცია. ამის მაგალითად მოჰყავთ ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ბოლო ათწლეულებია საქართველოში ყოველგვარი ტიპის ვნებათაღელვის ეპიცენტრი ხდება.

მას შემდეგ, რაც 1930 წელს პარლამენტის შენობის აგების იდეა გაჩნდა, 1932 წლის დადგენილებით, შეიქმნა მშენებლობის კომიტეტი და მთავრობის სასახლის პროექტზე კონკურსი გამოცხადდა. პროექტები სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების არქიტექტორებმა წარადგინეს და საბოლოოდ, მოსკოვური ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელსაც იმ პერიოდის ცნობილი არქიტექტორები წარმოადგენდნენ, გაიმარჯვა ვიქტორ კოკორინისა და გიორგი ლეჟავას პროექტმა.

1933 წლის 17 სექტემბერს მშენებლობას საფუძველი საზეიმო ვითარებაში ჩაეყარა და მას მთავრობის წარმომადგენლები, არქიტექტორები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები დაესწრნენ. მშენებლობის უფროსად არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი სიკო ფიცხელაური დანიშნეს.

მშენებლობა ორ ეტაპად მიმდინარეობდა: 1933-1938 და 1946-1953 წლებში. თავდაპირველად აშენდა შენობის უკანა, ანუ ბ კორპუსი, შემდგომ წინა, ა მთავარი კორპუსი, სადაც უნდა განთავსებულიყო საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ორგანოები - უმაღლესი საბჭო და მინისტრთა საბჭო. ნაგებობა რუსთაველის პროსპექტიდან (ასე ერქვა მას და არა გამზირი) 13 მეტრით სიღრმეში იყო შესული, რაც მის აღქმას აადვილებდა და უკეთ აჩენდა ნაგებობის მასშტაბებს.

გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს რუსთაველის პროსპექტზე აიყარა ტრამვაის ლიანდაგი, დაიგო ასფალტი და მასზე ტროლეიბუსების მიმოსვლა გაჩაღდა. მშენებლობის მეორე ეტაპზე კოკორინისა და ლეჟავას პროექტში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო და თავისი შესწორებები შეიტანა არქიტექტორმა ვლადიმერ ინასარიძემ. საბოლოოდ მთავრობის სასახლის შენობის აგება ამ სამი არქიტექტორის სახელს უკავშირდება.

მოგვიანებით, 1965 წლის შემოდგომაზე, რუსთაველის გამზირის მხარეს, შენობის კიბის წინ, კვარცხლბეკზე დაიდგა ორი მონუმენტური კომპოზიცია. აქვე გაამწვანეს ტერასებიც, რომლებიც შემდეგში შადრევნებმა ჩაანაცვლა.
ამ მშენებლობის შესახებ პერიოდული პრესისა და სხვა ინფორმაციის ძებნისას კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს გადავაწყდით:

''...თბილისის სიამაყეა მთავრობის ახალი სასახლე. როცა ამ ახალი სასახლის ფასადს კარგად დააკვირდებით, უთუოდ დარწმუნდებით, რომ ნამდვილი ხუროთმოძღვარი ახერხებს, ქვაც აამეტყველოს. სადა, მაგრამ გრანდიოზული, დარბაისლური და შთამაგონებელი დიდებულება მჟღავნდება თვალისმოკვრის უმალვე ამ შენობის პირველ ფასადზე...

სიდარბაისლე, სიდიადე და სისადავე მოცემულია კლასიკურ მკაცრ პროპორციებში. მზისფერი ბოლნისური ტუფი მალე უფრო და უფრო ფერს გააღებს. სადარბაზო ვესტიბიულში შესვლისუმალვე ორი შესანიშნავი პორტალია, ეკლარის ქვაზე ამოკვეთილი ჩუქურთმებით დამშვენებული მცენარეული სახეობებით.

მათი მოტივები ბექა ოპიზარის ჭედური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებიდან უსესხებიათ ამ სასახლის პროექტის ავტორებს - აკად. ვიქტორ კოკორინსა და არქ. გიორგი ლეჟავას. ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება არ მოუხდენია არც ერთ ჩუქურთმას. ამ სასახლის გვერდით ჩავლისას, თითქმის ყოველთვის აღმეძვრებოდა ხოლმე სურვილი, ისევ შევიდე იმ ვესტიბიულში, კიდევ და კიდევ მოვავლო იმ ჩუქურთმას თვალი.

დიდ ქმნილებებს სჩვევია აგრე, სულერთია, წიგნი იქნება იგი თუ რომელიმე ხუროთმოძღვრული დეტალი, კიდევ და კიდევ გინდა წაიკითხო, ისევ და ისევ მოავლო თვალი. რა უნდა ითქვას ასეთი ქმნილების გამო: ერთადერთი სიტყვა: ბრწყინვალეა''!.. - ასე აფასებდა კონსტანტინე გამსახურდია ამ შენობას და მის მოსაზრებას ბევრი ეთანხმება.

მთავრობის სასახლედ წოდებული შენობა მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა ჩვენს ქალაქში. ალბათ კონსტანტინე გამსახურდია მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ მისი შვილი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდებოდა და თანამდებობაზე ყოფნის ორ წელიწადს სწორედ ამ შენობის კედლებში გაატარებდა...

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თ ბ ი ლ ი ს ი
ქრისტიანობა არასოდეს არ ყოფილა მხოლოდ ნაგებობა და ტაძარი! ათასი ურჯულო და ურმერთო (მათ შორის ქართველები!)ტაძრების დანგრევით ცდილობდნენ ქართველი ხალხის გადაგვარებას და ის კი არ იცოდნენ უგუნურებმა, რომ ღმერთი ქართველი კაცის სულშია და არა ბოლნისის ტუფსა თუ დმანისურ ბაზალტში!!!
12:40 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ივერია
მოინანიეთ
19:47 / 02-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS