27 თებერვალი, 2015
ფოტოგრაფი, რომელიც პოლიტიკოსების ცოლებს დასდევდა...
რამდენიმე თვეა რაც დავით ტეტელოშვილი (ტეტე) ''ინტერპრესნიუსში'' მუშაობს. 30 წლის არის, მაგრამ ძალიან უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს, და განსაკუთრებულად პოლიტიკა. მიაჩნია, რომ ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის საინტერესო რაღაცები ხდება და ამიტომ აქ მუშაობაც საინტერესოა. 2003 წლიდან არც ერთი მიტინგი არ გამოუტოვებია, არაერთი გამორჩეული ფოტოც გადაიღო, რომლებიც იმ გამოცემების კუთვნილებაა, სადაც იმ წლებში მუშაობდა.
ერთი პერიოდი პაპარაცობდა. შოუბიზნესის ვარსკვლავების გარდა, ხშირად უწევდა პოლიტიკოსების ცოლების თვალთვალიც, რათა მკითხველისთვის საინტერესო კადრები შეეთავაზებინა.

- ბავშვობიდან არ მიტაცებდა ფოტოგრაფია. მახსოვს, პატარა
რომ ვიყავი, მამას ფირიანი ფოტოაპარატი ჰქონდა, მოსკოვში შეიძინა ოჯახისთვის, მაგრამ განსაკუთრებულად არ მაინტერესებდა. სულ რამდენიმე ფოტო გადავიღე. სკოლის დამთავრების შემდეგ ტელე-რადიოინსტიტუტში ტელესაოპერატოროზე ჩავაბარე. სწავლისას ფოტოგრაფია ერთ-ერთი ცალკე საგანი იყო. სურათებს ფირზე ვიღებდით და შემდეგ ვამჟღავნებდით. საუკეთესო ფოტოები ფოიეში სტენდზე ხვდებოდა, სადაც ხშირად იყო ჩემი გადაღებული ფოტოები, თბილისის ხედები.

Rating

სწავლის დამთავერების შემდეგ რამდენიმე ტელევიზიაში ოპერატორად ვმუშაობდი. შემდეგ შემთხვევით ვნახე, რომ ერთ-ერთ გაზეთში ფოტოგრაფზე კასტინგი გამოცხადდა. იქ მისულს მი-თხრეს, ციფრული ფოტოაპარატი იშოვე და მერიის დროებითი დასაქმების პროგრამა გადაიღეო. წერეთელზე ხალხი რეგისტრაციისთვის იყო მისული. ჭყლეტა, ჩხუბი, რიგები, სასწაული ხდებოდა. ბევრი ფოტო გადავიღე და რედაქციაში რომ მივიტანე, მოეწონათ, მალე დამირეკეს და სამუშაოდ ამიყვანეს.

Rating

- ოპერატორობაზე უარი თქვი, რას იღებდი იმ პერიოდში გაზეთისთვის?
- ძირითადად მიტინგებს ვიღებდი. ისეთი პერიოდი იყო, რომ პოლიტიკაში სულ არეულობა ხდებოდა. 2003 წლიდან დღემდე ყველა მიტინგზე ვარ ნამყოფი. განსაკუთრებულად მაინც 2007 წლის 7 ნოემბერი მახსენდება და ერთი კადრი, როდესაც პარლამენტის წინ შადრევნებთან სპეცრაზმი ბავშვიან ქალს მისდევდა. უცებ უკნიდან ფეხი ჩაარტყეს და ქალი ბავშვიანად წყალში ჩავარდა. ბავშვი მაშინვე ამოხტა და ქალმა რომ ამოიწია, სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა. საზარელი სურათი იყო.

Rating

- მიტინგების პარალელურად შოუბიზნესსაც იღებდი და პაპარაცობდი კიდეც...
- როგორც პაპარაცს ძალიან ბევრი ისტორია მაქვს, ერთხელ რამდენიმე დღე ჩავუსაფრდი პოლიტიკოსის ცოლს, რომ გადამეღო, მაგრამ სახლიდან არ გამოსულა. მესამე დღეს ფანჯარა გამოაღო და სიგარეტის ნამწვი გადმოაგდო, მაგ დროს გადავიღე. მეორე შემთხვევა უფრო მძიმე იყო, პოლიტიკოსის ყოფილი ცოლი უნდა გადამეღო. ხუთი დღე ვიყავი ჩასაფრებული და არ გამოჩენილა. მანქანის მარკა ვიცოდი, მაგრამ სხვაგან ეყენა. მეხუთე დღეს რომ მივედი, მანქანა სადარბაზოსთან დამხვდა. ალბათ ღამე გავიდა და მოიყვანა, მე რომ წასული ვიყავი. მთელი დღე ველოდე და ისევ არ ჩამოვიდა. დაკეტილი სადარბაზო იყო და ბოლოს ასეთი რამე მოვიფიქრე, დავურეკე და ვუთხარი, რომ მისი მეზობელი ვიყავი, ავეჯი მომიტანეს და მისი მანქანა ხელს უშლიდა. ჩამოვიდა გადასაყენებლად და მაგ დროს გადავიღე.

- დღეს აღარ პაპარაცობ, არ გენატრება ის დრო?
- არა, რადგან პოლიტიკა ძალიან მიყვარს და თან დღეს საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დუღს.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გიორგიწმინდელი
ჩვენ მხარს ვუჭერთ ტეტეს კანდინატურას. მეტი ტეტე ხალხს
17:56 / 26-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მიროოო
ტეტე საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატად!!! :დ
17:38 / 26-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS