09 ივლისი, 2013
''ტურისტულ ზონებში მძიმე ეკოლოგიური ფონი გვაქვს!..''
ეს წყლები ჩაედინება მტკვარში და ამის გამო ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, კონკრეტულად აზერბაიჯანთან, გარკვეული პრობლემები გვექმნება. დასვენების სეზონი დაიწყო, მაგრამ უდავოა, რომ ამ პერიოდში უამრავი პრობლემა იჩენს თავს. მოუწესრიგებელი ეკოლოგიური ფონი ქართველი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის ნაცნობი თემაა, თუმცა წლების განმავლობაში, არაერთი დაპირების მიუხედავად, მოუგვარებელია.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, ამ პრობლემას მხოლოდ ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება და საზოგადოების აქტიურობაა საჭირო. რა სიახლეებს გეგმავს ახალი ხელისუფლება, ამის შესახებ პარლამენტარი ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს...

- წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა
საკურორტო ზონები, განსაკუთრებით ზღვის კურორტები, კანალიზაციის მოუწესრიგებლობა და ა.შ.
- დიახ, საკმაოდ მძიმე ეკოლოგიური ფონი გვაქვს და ეს ეხება ტურისტულ ზონებსაც. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის არის მოსახლეობა, რომელიც გარემოს დაცვას არანაირ ყურადღებას არ აქცევს. რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, არ შეიძლება, სადაც ისვენებ და ცხოვრობ, ის ადგილები დაანაგვიანო და გააპარტახო. ამას ხელისუფლება ვერ გასწავლის, თუმცა პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც სხვადასხვა ტურისტული ზონის დაბინძურებისთვის გარკვეული ადმინისტრაციული სასჯელის, ჯარიმებისა და სანქციების შემოღებას გულისხმობს, აუცილებელია და ამას ვაკეთებთ კიდეც. მიმდინარე კვირიდან პარლამენტი დაიწყებს ჩემ მიერ ინიცირებული ახალი პაკეტის განხილვას, რომელიც დაცული ტერიტორიების დაბინძურებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხება. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც წინა ხელისუფლების პირობებში გაუგებარი და გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ კეთდებოდა. ვგულისხმობ ჩემი კომიტეტის საკეთებელ საქმეს. შემდეგი ეტაპი უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მერე კი საზოგადოებაზე გადადის.
- ამის შესახებ ოპოზიციისაა და საზოგადოების ნაწილისგან ხშირად მოისმენთ, რომ ახალ ხელისუფლებას პიარი არ უვარგა...
- არ არის ასე... რაც შეეხება ზღვის კურორტებს, ჩამდინარე წყლებსა და კანალიზაციას - წინა ხელისუფლებამ ვითომდა დაიწყო ბათუმის კეთილმოწყობის გრანდიოზული პროექტი, მათ შორის ქალაქის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება. საქმე ისაა, ამ პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა, ეს პროექტი არა თუ დასრულდა, ჯერ კიდევ შუა გზაშია. გამდინარე წყლები ისევ შავ ზღვაში ჩაედინება, რაც ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, იქ არის კოლექტორები, საკანალიზაციო ჭები, მაგრამ ჩვენ ახლა ბუნებრივი, ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაზე უნდა ვიფიქროთ. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთი გამწმენდი ნაგებობა არსებობს და ისიც საჩხერის რაიონში, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. არადა, ყველას ახსოვს მათი დაუსრულებელი ტყუილები, თუ როგორ აშენებდნენ ქვეყანას... საკითხი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მეტსაც გეტყვით, თბილისს არ გააჩნია ბუნებრივი გამწმენდი ნაგებობა, მხოლოდ ერთი, ამორტიზებული ტექნიკური ნაგებობის ამარა ვართ, რომლის შეკეთების ვალდებულებაც თავის დროზე ხელშეკრულებით საკუთარ თავზე აიღო ''თბილისის წყალმა'' . ეს ვალდებულება წინა ხელისუფლებამ ამ კომპანიას, თუ არ ვცდები, 2017 წლამდე გადაუვადა... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეს წყლები ჩაედინება მტკვარში და ამის გამო ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, კონკრეტულად აზერბაიჯანთან, გარკვეული პრობლემები გვექმნება.
- რა გეგმები აქვს ახალ ხელისუფლებას ამ პრობლემების მოსაგვარებლად?
- რა თქმა უნდა, გადამჭრელი ზომების მიღებას ვაპირებთ. კონკრეტულად, გარდაბანში უნდა აშენდეს ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა. ასეთივე ნაგებობის აშენებას ვაპირებთ ყველა ზღვისპირა დიდ ქალაქში, ეს ეხება ფოთს, ბათუმს, ქობულეთს... ამაში ჩვენ დონორი ორგანიზაციები გვეხმარებიან. ზღვას თავის ბუნებრივი გამწმენდი თვისებები აქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და მას ჩვენ, ადამიანები უნდა დავეხმაროთ, რათა არ დაბინძურდეს. ჩვენ მიერ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება ჩვენი ევროპელი პარტნიორების უპირობო მოთხოვნაც არის.
მკითხველის ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც 28 ნოემბერს ვილნიუსის სამიტზე უნდა გაფორმდეს, ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის შეთანხმებას ვგულისხმობ. ევროკავშირის მიერ შედგენილ ამ ტექსტში ძალიან ბევრი საკითხი სწორედ ეკოლოგიური ფონის გაუმჯობესებასა და ამ მხრივ არსებული პრობლემების მოგვარებას ეხება, რასაც წინა ხელისუფლება მხოლოდ მცირე ყურადღებას უთმობდა. თუ ამ პირობებს ვერ შევასრულებთ, ევროკავშირში საქართველო ვერასდროს შევა... მხოლოდ ამ პრობლემების მოგვარებით შეგვიძლია ტურიზმის განვითარება.
- საპარლამენტო ოპოზიცია შეშფოთებული საუბრობდა ტურისტების რაოდენობის მკვეთრ შემცირებაზე...
- სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ წლეულს, წინა წლებთან შედარებით, უკვე 30%-ზე მეტი ტურისტი შემოვიდა, რაც რუსეთთან, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად ნორმალიზებულმა ურთიერთობებმა განაპირობა. რამდენიმე დღის წინ ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელის ინტერვიუ წავიკითხე, ის წინა წლებთან შედარებით ტურისტების საგრძნობლად გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობდა. ჯერ მხოლოდ ივლისის დასაწყისია და წელს 5 მილიონზე მეტ ტურისტს ველოდებით. ეს რეალური რიცხვია და წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ტყუილი არ დაგვჭირდება. მათგან განსხვავებით, ტურისტების რაოდენობაზე ციფრებით მანიპულირებას არ ვაპირებთ... ასე რომ, ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის მცხოვრებლებისთვის, საქართველო დღითიდღე მიმზიდველი ხდება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიდეს, რათა საქართველოდან გაიტანოს ინფორმაცია. მხოლოდ დასვენებასა და მომსახურებას არ ვგულისხმობ, იმ გარდაქმნებზე მაქვს საუბარი, რომლებიც ამ ბოლო დროს განხორციელდა. საჭიროა შეიქმნას ახალი ტურისტული მარშრუტები და დაცული ტერიტორიები.
ერთი სასიამოვნო სიახლე მინდა გაგაცნოთ, ამ წელს, თუ ჩვენი გერმანელი პარტნიორების მეშვეობით 8-მილიონიანი გრანტის დაფინანსება მოვიპოვეთ, ვაპირებთ, შევქმნათ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორია.
- ბატონო გია, რა ბედი ეწევა ანაკლიასა და განმუხურს?
- თუ ''პატრიოტთა ბანაკებზე'' მეკითხებით, არ ვიცი, ახლა რა ხდება იქ, მანამდე რაც ხდებოდა, გეტყვით, - ბატონი სააკაშვილი ''ბანაკებში'' ჩასულ ახალგაზრდებს მიმართავდა, აგერ არის ბუჩქები და თქვენი ახალგაზრდული ჟინი დაიკმაყოფილეთო... დიდი ექსპერტობა არ უნდა იმას, რომ ადამიანი ავად არის. მას ალბათ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა ბავშვობაში, სხვანაირად წარმოუდგენელია, პრეზიდენტმა ბავშვებს ასე მიმართოს. თუმცა იმ საშინელებების შემდეგ, რასაც თურმე მისი მანიაკების ბანდა ვიდეოფირებზე აღბეჭდავდა, ფარულ ვიდეოჩანაწერებს ვგულისხმობ, დასკვნის გაკეთება, რატომ საუბრობდა ბუჩქებზე, ადვილია. ის ''პატრიოტთა ბანაკები'' იყო ახალი კომკავშირული ორგანიზაცია, სადაც ბოკერია-ბენდუქიძე-სააკაშვილი-ჩერგოლეიშვილის ტიპის ახალი ქართველი უნდა გამოეყვანათ, რომელიც თავისი პრეზიდენტის გამო ცეცხლში თავით გადახტებოდა. ჩემი ინფორმაციით, ახალი ბანაკები ამ ტიპის აღარ იქნება. ისინი, პირველ რიგში, ალბათ სკოლამდელი დაწესებულების ბავშვებს დაეთმობა. შესაძლოა, სტუდენტური ბანაკებიც შეიქმნას, ოღონდ ეს არ იქნება ბავშვების ფსიქიკაზე იდეოლოგიური თავდასხმის საშუალება, გაუკუღმართებული ყოფაქცევისთვის შექმნილი ადგილი, რომელიც მხოლოდ სექსისთვის იქმნებოდა... ასეთი ტიპის ბანაკები საქართველოში აღარ იარსებებს. ეს იქნება სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების დასასვენებელი ადგილი, სადაც არაერთი შემეცნებითი ღონისძიება განხორცილდება, ახალგაზრდები დაესწრებიან სხვადასხვა თემაზე წაკითხულ ლექციებს, მათ შორის უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისას. ყოველ შემთხვევაში, მე ასე წარმომიდგენია და არა, დილიდან საღამომდე 5-იანის პიარი და კოცონთან მჯდარი, ეგზალტირებული, შორტიანი პრეზიდენტის საღლაბუცო და საღლიცინო ადგილი. ეს ჩვენს ახალგაზრდებს არ სჭირდებათ.
- ეს ადგილები ტურისტულ დატვირთვას შეინარჩუნებს?.. წინა ხელისუფლებამ იქ არაერთი მაღალი კლასის სასტუმრო ააშენა, ამ დროისთვის კი იქაურობა ჩამკვდარია.
- იცით, არა მგონია, საქართველოს ჩერქეზების გენოციდის აღმნიშვნელი ძეგლის ან შადრევნის გახსნა სჭირდებოდეს ანაკლიასა და განმუხურში. კარგი იქნებოდა, ეს თანხები სხვაგან წასულიყო. თუმცა არც ერთი პროექტი, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ ტურიზმის განვითარების კუთხით იყო დაწყებული, არ უნდა შეფერხდეს, თუ ნორმალურად იყო დაწყებული და მისი განვითარება შეიძლება. პირიქით, პროექტების განვითარებას ახალმა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს და ეს უდავოდ ასე იქნება. თუმცა არის პროექტები, რომლებიც გადასახედია. ზოგადად კი ქვეყანა ტურიზმზე დამოკიდებული არ უნდა იყოს, რადგან ეს სარისკოა. ამის მაგალითია იტალია, ესპანეთი, სადაც ტურიზმი ძალიან იყო განვითარებული, მაგრამ ერთ დღესაც კრიზისი დაიწყო და რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ...

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS