- ჩემი შვილი მეორე წელია სასწავლებლად რომშია წასული, ინტერიერის დიზაინს სწავლობს.
- სკოლა აქ დაამთავრა?
- კი, სკოლაც და კავკასიის
ხატვის საფუძვლებისა და ანბანის შესასწავლად ცოტა ხანს გუგა კოტეტიშვილთან იარა, მერე კი წავიდა იტალიაში, ენები იცის გადასარევად და არ გაუჭირდა კომუნიკაცია. იქ სწავლა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ეს თანხა შეიძლება ვიღაცისთვის ერთი თვის შემოსავალია, მაგრამ ჩვენთვის ასე არაა. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვს ძალიან უნდოდა სწავლა და ეს არ იყო უბრალო კაპრიზი, ან "ოღონდ წასულიყო" თემა, ყველანაირად გვერდში დავუდექით. თვითონ ეძება უნივერსიტეტი, ჯერ გერმანიაში ეძებდა, რადგან იქ სწავლა უფასოა, ჩვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რასაკვირველია, გვერჩივნა გერმანია, მაგრამ ის ფაკულტეტი, რაც თვითონ აინტერესებდა და რაზე სწავლის სურვილიც ჰქონდა, იტალიაში აღმოაჩინა...
ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ წასულიყო. შეიძლება, ასე მარტივად სათქმელია, მაგრამ რად გვიჯდება მისი იქ სწავლა და ცხოვრება, ეს კიდევ ცალკე თემაა. მოგვიწია ბინის ბანკში ჩადებამ, კრედიტის აღებამ და მართლა ყველაფრის გაკეთებამ, რომ განათლება მივცეთ, ისწავლოს ის, რაც ძალიან უნდა. ისიც თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, როდის მძინავს და როდის ვჭამ, მავიწყდებაო, ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, სულ სწავლობს, ბევრს მეცადინეობს. ეს სასწავლებელი სამწლიანია, იმისათვის, რომ სამის ნაცვლად ორი წლის საფასური გადავიხადოთ, საგნები დაიმატა, ზედმეტად სწავლობს ახლა, რომ ორ წელიწადში მოასწროს იმის სწავლა, რასაც სამი წელიწადი სჭირდება. ზოგადად, არ მჩვევია საკუთარი შვილის ქება, მაგრამ საუკეთესო მაჩვენებლები აქვს, უმაღლეს ქულებზე სწავლობს. თავს იკლავს სწავლით, საკუთარ თავსაც და ჩვენც გვიმტკიცებს, რომ ეს ფული გადაყრილი არაა, ამართლებს მოლოდინს. ძალიან იღლება, ფიზიკურად დრო არ რჩება ძილისთვის, ჭამისთვის...
- არის პერსპექტივა, რომ იქ დარჩეს და სამსახური დაიწყოს?
- არა მგონია, მაინც ევროპაა, ამერიკაში უფრო მეტი შანსი შეიძლებოდა ყოფილიყო, ევროპაში ჯერ თავისებს აკმაყოფილებენ სამსახურით და მერე ჩასულებს, მით უმეტეს, რომ მთელ მსოფლიოში კრიზისი და უმუშევრობაა. ამ ფონზე არ მგონია, იქ სამსახური დაიწყოს, ასეთი ადვილი არაა... მაგრამ, ძალიან მეცოდება, აქ რომ ჩამოვა და უსაქმოდ იქნება... ჩემი ქმარია არქიტექტორი და ვხედავ, რომ ამ მხრივ აღარაფერი კეთდება, არადა ჩემი მეუღლე კარგ არქიტექტორად ითვლება და ყოველთვის ბევრი კლიენტი ჰყავდა, მეტიც, უდროობის გამო ბევრისთვის უარის თქმაც უწევდა, ფიზიკურად ვერ ასწრებდნენ ამდენი საქმის აღებას. ბოლო ორი წელია უკვე არაფერი კეთდება, ყველაფერი გაჩერდა და მგონი ყველაფრის ფასი დავარდა და გაუფასურდა. ბევრი დაწყებული საქმე გაჩერდა, ფული არაფერში იდება და ცოტა უპერსპექტივობაა ამ სფეროში.
გლობალურად არ ვსაუბრობ, მე რასაც ვეხები და რასთანაც კონტაქტი მაქვს, იმაზე ვლაპარაკობ. ინანო აქ რომ ჩამოვიდეს, ასეთი ნასწავლი და ნაწვალები, 300-ლარიან ხელფასზე რომ დაჯდეს, შეიძლება გამიგიჟდეს, არ ვიცი რა იქნება... ამაზე ფიქრიც არ მინდა. ცოდნას ვაძლევთ, მაგრამ მერე როგორ გამოიყენებს, ეს გარკვეულწილად იღბალზეცაა დამოკიდებული. რამდენად დასჭირდება საქართველოს მისი ცოდნა, არ ვიცი... ხშირად იძახიან, ყველა გაქცევაზეაო, ხალხი იმიტომ გარბის, რომ მაქსიმლაური ცოდნა შეიძინონ, მაგრამ თუკი ამ ცოდნის რეალიზების საშუალება მიეცემათ, სხვა ქვეყანაში აღარ დარჩებიან...
იხილეთ გაგრძელება