ნინო შენგელიამ ბავშვობის ოცნება აიხდინა და დღეს ნახევრად პროფესიონალური აპარატით ბუნება კადრებზე გადმოაქვს. მის ფოტოარქივში ძირითადი ადგილი წელიწადის სხვადასხვა დროს გადაღებულ სურათებს უკავია.
- სამეგრელოში (ჩხოროწყუში) დავიბადე და გავიზარდე, როგორც ყველა ბავშვი, მეც ცელქი და მეოცნებე ვიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ იურისტობა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ეს პროფესია ჩემს შინაგან სამყაროსთან ახლოს არ იყო. გადავწყვიტე, ტურიზმის მენეჯმენტზე ჩამებარებინა. ტურიზმი თავისთავად მრავალფეროვნებასთან, მოგზაურობასთან, საინტერესო ისტორიებსა და ადამიანებთანაა დაკავშირებული.

-8/10848923_781661958588425_8582977569194034123_o.jpg" border="0" alt="Rating" title="ფოტოხელოვანი გოგონა სამეგრელოდან, ფერადი სამყაროთი და კადრებზე გადატანილი ემოციებით " width="500" style="border: 0px;" />
- პირველი შეხება ფოტოაპარატთან რა ასაკში გქონდა?
- ბავშვობიდან ცნობისმო-ყვარე ვიყავი, განსაკუთრებით ფოტოების მიმართ. მათი მეშ-ვეობით უფრო მეტს ვიგებდი წარსულზე. მახსოვს, სკოლაში რომ ვსწავლობდი, თვეში ერთხელ მაინც მოდიოდა ჩვენთან ფოტოგრაფი და სურათებს ვიღებდით. დიდ ინტერესს ვიჩენდი ამ ადამიანის მიმართ. მინდოდა მეკითხა, როგორ ჩნდებოდა ქაღალდზე კადრი, მაგრამ ვერ ვბედავდი. ერთ დღეს მამას ვკითხე, მაგრამ მანაც არ იცოდა. დაახლოებით მერვე კლასში ვიყავი, სახლში რომ ვთქვი, ფოტოაპარატი მიყიდეთ-მეთქი, მაგრამ ყური არავინ მათხოვა. დაჟინებული თხოვნის შემდეგ მამამ 70-ლარიანი ფირიანი აპარატი მიყიდა. პირველად შორიდან ეგრისის მთები გადავიღე. შემდეგ მობილური ტელეფონით დავიწყე გადაღება, მალე მეგობარმა ჯიბის ციფრული ფოტოაპარატი მაჩუქა, ახლა ნახევრად პროფესიონალი ფოტოაპარტი მაქვს.

- შენს ფოტოებზე ძალიან დიდი ადგილი უკავია ბუნებას...
- ადამიანი სამყაროს გვირგვინია, ბუნების შვილია, მისი ნაწილია. ბუნებაში ჩვენგან დამოუკიდებლად უამრავი რამ არსებობს, მთავარია, მისი დროსა და სივრცეში დროული დაფიქსირება. ამ დროს სპეციალური ადგილის შერჩევა გადამწყვეტი არაა... ძალიან მიზიდავს ფერადი სამყარო, ჩემთვის ყველა დრო საყვარელია, თავისი ფერებით, ემოციებით და განწყობით.

- რომელია საყვარელი კადრი შენს ფოტოარქივში?
- ჩემთვის ჩემი ყველა ფოტო საყვარელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაქვს რამდენიმე საყვარელი კადრი, ძირითადად, ბუნების ლამაზი მომენტები. განსაკუთრებით მომწონს კადრი, რომელზეც ატმის ყვავილი მზის ფონზე მაქვს გადაღებული...

- ყველაზე რთულად რომელი გადაღება გახსენდება?
- 2008 წელს, აგვისტოს ომის დაწყებიდან მეორე საღამოს არაჩვეულებრივი დაისის გადაღება. ეს ფოტო მობილურით გადავიღე, ხარისხი არ აქვს, მაგრამ ეს კადრი ჩემთვის ემოციებს უკავშირდება. ცოტა სტრესულიც კი იყო, იმიტომ, რომ გაგანია ომის დღეებში დაისის სილამაზით ტკბობისთვის არავის ეცალა საქართველოში. ყველა ქართველთან ერთად მეც იმაზე ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა საქართველოსთვის მეორე დღის აისი.

- შენი საოცნებო პროექტის შესახებ მოგვიყევი.
- არ ვიცი, პროექტი ვუწოდო თუ არა, მაგრამ ჩემი ოცნებაა, საქართველოდან დავიწყო და ბევრი ვიმოგზაურო. უამრავი იდეა მაქვს, მაგრამ, მოგეხსენებათ, საჭიროა უფრო მეტი პროფესიული დახვეწა და კიდევ ფინანსები, რაც დღეს არ გამაჩნია და მაფერხებს კიდეც...
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი '''რეიტინგი'