07 თებერვალი, 2015
რომელ სფეროში მიაღწევთ წარმატებას - სასარგებლო რჩევები ასტროლოგისგან
ადამიანის ფენომენალურ შესაძლებლობათა შორის ერთ-ერთი ინტუიციაა. ის ლათინური სიტყვაა და ჭვრეტას ნიშნავს. ეს უნარი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა ზოგი მას ენდობა და ზოგიც - არა. ამ თემის ირგვლივ ასტროლოგი და პარაფსიქოლოგი დავით ბუტიკაშვილი გვესაუბრება:

- რა დაფარული ფენომენალური შესაძლებლობები აქვს ადამიანს?
- ჩვენ გვგონია, რომ მატერიალურ სამყაროს ძირითადად მხედველობისა და სმენის საშუალებით აღვიქვამთ. სინამდვილეში კი ჩვენს მიერ გარე სამყაროს აღქმა გაცილებით ვრცელ სპექტრს მოიცავს. იოგაში არის ასეთი ვარჯიში - ადამიანი გარკვეული პერიოდი თვალახვეული ატარებს, ამას
ყოველდღიურად აკეთებს - იწყებს 5 წუთიდან და ვარჯიშის დროს 1 საათამდე ზრდის. დროთა განმავლობაში აღმოჩნდება, რომ ის უკვე თვალებდახუჭულიც კარგად ხედავს, თავს კომფორტულად გრძნობს და იწყებს დანახვას „მესამე თვალის“ მეშვეობით. ასევე არსებობს სმენის გასავითარებელი ვარჯიშიც... ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანს შეუძლია ფენომენალური თვისებები იმ დონეზე განივითაროს, რომ ასტრალური სამყაროს შეგრძნება დაიწყოს. თუმცა თანამედროვე ტექნოკრატიულმა განვითარებამ ინტუიციის ფაქტორი მინიმუმამდე დაიყვანა და ლოგიკის ფაქტორი გაზარდა. ადამიანი ფიქრობს, რომ მას ყველაფრის დაგეგმვა წინასწარ შეუძლია. ეს მცდარი მიდგომაა. ინტუიცია უფრო სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა, ვიდრე ლოგიკური.
- ყველაზე მეტად ეს უნარი რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს გააჩნია?
- ინტუიცია მართლაც ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ მთავარია ვინ რამდენად ენდობა მას. ზოდიაქოს ყველა ნიშანს აქვს შესაბამისი სფერო, სადაც მისი ინტუიცია ყველაზე კარგად „მუშაობს“. დავიწყოთ ვერძით. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანი ყველაზე კარგად შეიგრძნობს ხიფათს. ყველაზე კარგი და მამაცი ჯარისკაცები, რომლებიც ბრძოლის ველზე დიდხანს ცოცხლობენ, სწორედ ვერძები არიან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერძს არ შეუძლია ინტუიცია სხვა სფეროში განივითაროს. კუროს ინტუიცია ყველაზე კარგად „მუშაობს“ ფინანსური დაბანდებების სფეროში, ანუ მას შეუძლია შეიძინოს ისეთი ნივთი, რომელზეც დროთა განმავლობაში ფასი გაიზრდება. კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთა შორის ბევრი კოლექციონერია, რომელიც სწორედ ამ გზით გამდიდრდა. ტყუპებს შეუძლიათ ინტუიციურად ზუსტად მიხვდნენ, თუ რა ფრაზებით უნდა შესთავაზონ ადამიანს რამე, რომ იგი ტყუპების წინადადებას დათანხმდეს. ტყუპები ყველაზე კარგი გამყიდველები და შუამავლები არიან.
კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ინტუიციურად ყველაზე კარგად შეიგრძნობენ არსებულ გარემოში წარმატების მომტან ადგილს, ამიტომ გარემოებებზე მორგებაში კირჩხიბებზე ნიჭიერი არავინაა. მაგალითად შეიძლება სილვესტერ სტალონე გავიხსენოთ, რომელიც 30 წლის ასაკამდე ერთი ჩვეულებრივი „ნეუდაჩნიკი“ იყო. ის ზუსტად კირჩხიბივით მოიქცა: ერთ დღეს გაზეთში წაიკითხა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ მუჰამედ ალიმ ქუჩიდან გამოიწვია ვიღაც მოკრივე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონი ალი კინაღამ დაამარცხა. ეს პატარა სიუჟეტი სტალონემ „დაიჭირა“ და ამის მიხედვით დაწერა ფილმის სცენარი, რომელიც მოუწონეს და ავტორს ფული შესთავაზეს. მართალია, სტალონე თავის ბიოგრაფიაში წერს, იმდენად მიჭირდა, ლამის საკუთარი ტანსაცმელი მეჭამაო, მან ფულზე უარი თქვა და დაინტერესებულ მხარეს პირობა წაუყენა, რომ ფილმში მთავარი როლი თავად უნდა ეთამაშა. სტალონეს წინადადებას დათანხმდნენ.
- და ფილმმა „როკიმ“ სტალონე არამარტო წარმატებული მსახიობი, არამედ მილიონერიც გახადა. თუ შეიძლება განვაგრძოთ...
- ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები კარგი აზარტული მოთამაშეები არიან. ლომი თუ თავის ინტუიციას ამ კუთხით განავითარებს, მას კაზინოში თუ სხვა ადგილას თამაშის დროს ბედი გაუღიმებს. ქალწულების ინტუიცია საუკეთესოდ „მუშაობს“ მედიცინის სფეროში. შესაძლოა, მედიცინაში სრულიად გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმა ზუსტი დიაგნოზი დასვას და ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზიც დაადგინოს. სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ნებისმიერ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, უაღრესად ქაოტურ სიტუაციაშიც კი, შერიგებისა და ურთიერთშეთანხმების გზას პოულობს. ისინი საუკეთესო ადვოკატები და შუამავლები არიან. სასწორების კარგი ინტუიცია აქვს სასარგებლო საქმიანი პარტნიორების მოზიდვასა და ხელშეკრულება-გარიგების დადების დროსაც. მორიელი ინტუიციურად კარგად გრძნობს, ადამიანთა აზრებს.
შეიძლება მას არაფერი უთხრათ ან მოატყუოთ, მაგრამ ყოველთვის იცის, რაზე ფიქრობთ რეალურად და რას უმალავთ. მშვილდოსნები კარგად შეიგრძნობენ მომავალს. ბევრი ნათელმხილველი, რომელიც მომავალს წინასაწარმეტყველებს და მისი განვითარების გზებზე საუბრობს სწორედ მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული. მშვილდოსანი ადამიანები ხშირად საოცარ სიზმრებს ნახულობენ, რომლებიც ხილვების დონისაა. მშვილდოსანი ერთადერთი ზოდიაქოა, რომელსაც მთლიანად სჯერა თავის სიზმრებისა და ხილვების. ისინი ყველაზე რისკიანები არიან და ინტუიციურად გრძნობენ მომავალს.Lლოგიკაზე მეტად მათ ინტუიცია აქვთ განვითარებული. თხის რქა ინტუიციურად ყოველთვის კარგად გრძნობს ნებისმიერი საგნისა და პროექტის სუსტ მხარეებს. თუ თხის რქას მტერი ჰყავს, მას შეუძლია უშეცდომოდ აღმოაჩინოს მტრის სუსტი წერტილი, დარტყმა სწორედ იქ მიაყენოს და გაანადგუროს. მერწყული კარგად გრძნობს მოვლენათა განვითარებას შორ დისტანციაზე. რაც შეეხება თევზებს, რომელიც ყველაზე მისტიკური ნიშანია, ის ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ინტუიციურ დონეს აერთიანებს. თუმცა თევზებს საკუთარი ინტუიციის ფლობაში ხშირად ხელს უშლის შიში. თუ თევზი მოახლოებულ საფრთხეს გრძნობს, ის იბლოკება. თევზები მე-12 სახლია და ის მოიცავს ყველა იმ ინტუიციას, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. ისინი ლოგიკით არ ცხოვრობენ, თევზები ერთადერთი ნიშანია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ინტუიციით ცხოვრობს.

ანა კალანდაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS