08 თებერვალი, 2015
ლევან ყოჩიაშვილს დარბაისელი ძაღლი ჰყავს - ძნელია, როცა მას ''კარგავ''
ცხოველის სიყვარულს ვერავის აიძულებ კანე კორსო უძველესი იტალიური ჯიშის ძაღლია. უწინ მას იყენებდნენ სანადიროდ, სასახლეებისა და ეკლესია-მონასტრების დასაცავად, პირად მცველებად და ბრძოლებში. გასული საუკუნის 70-იან წლებში ეს ჯიში გადაშენების პირას იყო, მაგრამ იტალიელი მეცნიერის ჯოვანი ბონატის ძალისხმევით გადარჩა და დღეს მრავალი ქვეყნის ძაღლთსაშენებში ამრავლებენ.
მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი სწორედ ამ ჯიშის ძუ ლეკვის მფლობელია, რომელიც 6 თებერვალს 5 თვის ხდება...

- კანე კორსოს ჯიშის ძაღლები ყოველთვის ძალიან მომწონდა და მინდოდა. ამ ჯიშის ძაღლები ძირითადად შავები არიან,
მაგრამ ჩემი რუხია. ერთმა ახლობელმა, კარგმა კაცმა, ამ ლეკვის სახით საჩუქარი გამიკეთა.
- ძაღლს არამხოლოდ სიყვარული, არამედ მოვლაც სჭირდება...
- რა თქმა უნდა, მისთვის ოჯახის წევრებს დრო განაწილებული გვაქვს. აცრებს სანამ გავუკეთებდით, ლეკვს ორ თვემდე ძირითადად სახლში ყოფნა უწევდა. ძაღლი ჩაკეტილ სივრცეში როცაა, რთულია, რადგან ენერგიას შესაბამისად ვერ ხარჯავს, მაგრამ ახლა, რაც წამოიზარდა, მისი მოვლა გაადვილდა. მას ძირითადად მე და ჩემი მეუღლე ვუვლით, ასევე ჩემი ძმა, რომელიც ძალიან გვეხმარება.
- რა ჰქვია თქვენს ძაღლს?
- გაბი, გაბრიელა. ეს სახელი ჩემმა ძმამ შეურჩია, ისაა ნათლია (იცინის).
- გაგიჭირდათ მისი წესრიგისთვის მიჩვევა?
- თავიდან ყველა ლეკვი ასეა, მაგრამ დღეს უამრავი საშუალებაა იმისათვის, რომ ძაღლმა ავეჯი არ დააზიანოს. ლეკვებს არ ''უყვართ'' ინტერნეტისა და ტელეფონის გაყვანილობები, ამიტომ კაბელები ისე უნდა დამალო, რომ ლეკვისთვის გამაღიზიანებელი არ იყოს. ამ გზით ჩვენ თითქმის ყველაფერი გადაგვირჩა და შეიძლება ითქვას, ბევრი არაფერი გაუფუჭებია. ზოომაღაზიებში იყიდება რეზინის სათამაშოები და ლეკვს ეტაპობრივად ახალ-ახალი უნდა მოუტანო. ამ სათამაშოებით ერთობა. მთავარია, რამდენიმედღიანი შუალედით მიაწოდო და არა ერთბაშად დაუყარო, რომ შემდეგ ყველა ერთდროულად არ მოჰბეზრდეს.
- კანე კორსომდე გყოლიათ ძაღლი?
- ჩვენს ოჯახში ძაღლი ყოველთვის იყო. ჩემს მშობლებს ახლა ლაბრადორი ჰყავთ, რომელიც 4 წლისაა. ძალიან ლამაზი და კარგი ძაღლია. რაც შეეხება ჩემს საკუთარ ოჯახში ძაღლის ყოლას, გაბი პირველია.
- მეუღლეები ხშირად აპროტესტებენ შინ ძაღლის მიყვანას, თქვენი მეორე ნახევარი ადვილად შეეგუა ამ ამბავს?
- ადამიანს ძაღლი თუ არ უნდა, ასეთ დროს ძნელია მისი სახლში მოყვანა. ცხოველის სიყვარულს ვერავის აიძულებ და თუ ოჯახის რომელიმე წევრს ის არ სურს, ასეთ დროს ძნელია ამ ნაბიჯის გადადგმა. მარინას უყვარს ძაღლები, ჩემს შვილებსაც. თან, ამ ჯიშს კარგი ჯანმრთელობა და მოკლე ბეწვი აქვს, არ იდორბლება, არც სუნი აქვს და კარგი მოსავლელია.
- ფიზიკურად საკმაოდ დიდი იზრდება...
- დიდი, მაგრამ არა მძიმე, - ამ ჯიშის ძაღლებს სწორედ ასეთი დახასიათება აქვს. ხვადები უფრო დიდები არიან, მაგრამ რახან ჩემი ძუა, როცა გაიზრდება, თუ ყველაფერი სწორად წავიდა, 42-45 კილოგრამამდე უნდა იწონიდეს. დარბაისელი ძაღლია, დიდი თავი აქვს, მაგრამ ამბობენ, სავსე აქვს ტვინითო.
- ძაღლის გარდა სხვა ცხოველი თუ გყოლიათ?
- სხვადასხვა დროს მყავდა თუთიყუშები, ზაზუნა და გაგიჟებული ვიყავი ზღვის გოჭებზე. მამაჩემმა დედალ-მამალი ზღვის გოჭი მიყიდა და მათ ვუვლიდი. ბავშვობაში, რაიონში ყოფნისას, მყავდა მტრედები და კურდღლები. მტრედები ძალიან ლამაზები იყვნენ.
- შინაური ცხოველი ოჯახის წევრივით ხდებაო, ამბობენ. რომელიმეს სიკვდილი განსაკუთრებით განგიცდიათ?
- ცხოველმა იცის, თავი როგორ შეგაყვაროს. მათ იციან ადამიანების მართვა, ასე ვთქვათ, აქვთ თავიანთი ხრიკები (იღიმის). ცხოველს ძალიან ეჩვევი, მით უმეტეს მაშინ, თუ დიდხანს, წლობით არის შენთან, ზოგს ათ წელზე მეტი ჰყავს და რასაკვირველია, ძნელია, როცა მას ''კარგავ''. ერთი ძაღლი გვყავდა, რომელიც მანქანამ გაიტანა. მახსოვს, ყველამ ძალიან ვინერვიულეთ, ვიტირეთ და იყო ერთი ამბავი.
- ძაღლს უკბენია თქვენთვის? სხვისას ან საკუთარს, თუნდაც ვისაც ზრდიდით?
- არასდროს. ძაღლს არა, მაგრამ კურდღელს უკბენია.
- ალბათ, ამ დროსაც კეთდება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა...
- აუცილებლად, ყველა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს და არ აქვს მნიშვნელობა, ცხოველი აცრილი იქნება თუ არა. ძალიან საშიშია ღამურა, შეიძლება, არ გიკბინოს, მაგრამ ბრჭყალიც რომ გაგკრას, აცრა მაინც უნდა გაკეთდეს. მაშინ, კურდღელმა რომ მიკბინა, მეც გავიკეთე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა.
- თქვენი მეგობრებიდან ბევრს ჰყავს ძაღლი?
- რამდენიმეს. ასეთივე ძაღლი ჰყავთ ყიფშიძეებს. თუ არ ვცდები, 12 წელზე მეტისაა. გიორგისგან ვიცი, რომ მათი ძაღლი დედალია. სულ აქებდა. ხშირად ვეკითხებოდი, როგორი ხასიათი აქვს ყოფაში, ბავშვებთან როგორი დამოკიდებულება აქვს, როგორ იწვრთნება და სხვა დეტალებს. ამ ჯიშისთვის დამახასიათებელ თვისებებზე მანამდეც ძალიან ბევრი მქონდა წაკითხული. სხვათა შორის, ამ და გიორგის საუბრებმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ სურვილი გამიჩნდა, სწორედ ამ ჯიშის ძაღლი მყოლოდა სახლში.
- ამბობენ, ოჯახში ძაღლი ერთ პატრონს ირჩევსო და თქვენს დარბაისელ ძაღლს ყველაზე მეტად ვინ უყვარს?
- ყველა უყვარს, მაგრამ ძაღლები მართლაც ირჩევენ ერთს, ვისაც უფრო მეტ პატივს სცემენ. გაბის შემთხვევაში მგონი ეს მე ვარ. ესენი ხომ ხროვის ცხოველები არიან და მთავარს ემორჩილებიან. აქედან გამომდინარე, როცა ძაღლი შინ იზრდება, ამ შემთხვევაშიც ირჩევს ერთ წევრს. კი, გიყვარს, მასაც უყვარხარ, მაგრამ მთავარია, ურთიერთობაში არ გაიპაროს ის ფაქტი, რომ ის ქვედა საფეხურზეა და შენ მაღლა დგახარ. ეს ზღვარი თუ დაირღვა, უმართავი ხდება.
- როგორ ფიქრობთ, ოჯახში ცხოველის ყოლა ბავშვში ჰუმანურობის განცდას აჩენს და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო აღრმავებს?
- რა თქმა უნდა, ეს კარგია. ცოცხალ არსებაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა ადამიანს დადებითისკენ ცვლის. და არამხოლოდ ბავშვებს, უფროსებსაც. ძაღლს ყურადღება უნდა, გასეირნება და ამის გამო სულ ფორმაში ხარ, რეჟიმში. ვფიქრობ, ბავშვი პატარაობიდანვე თუ მიეჩვევა ცოცხალ არსებაზე ზრუნვას, ადამიანების მიმართაც თანაგრძნობის უნარი განუვითარდება და მეტად კეთილი ექნება.
- დაბოლოს, შეკითხვა ''ჩემი ცოლის დაქალებზეც''. როდის გავა მორიგი სერიები ეთერში?
- გადაღებები უკვე დაწყებულია. პროგნოზის მიხედვით, ახალი სეზონი 20 თებერვალს დაიწყება და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება, როგორც ყოველთვის არის ხოლმე.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS