- ქუთაისელი თეატრალების ოჯახში გავიზარდე. ბაბუაჩემი ქუთაისის თეატრის რეჟისორი იყო, მამაჩემი იმავე თეატრის მსახიობია და დღემდე თამაშობს სპექტაკლებში. ბებიაჩემიც მსახიობი გახლდათ, სხვათა შორის, თეატრალური ინსტიტუტის პირველი
იმ პერიოდში მსახიობობაზე არ ვფიქრობდი, კარგად ვხატავ და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მაშინ ისეთი სერიოზული ჩაწყობების პერიოდი იყო, ვინც ხატვა სრულიად არ იცოდა, აკადემიაში ისინი ხვდებოდნენ. გავიკითხე-გამოვიკითხე და მითხრეს, შანსი არ გაქვს, პიკასოც რომ იყო, ვერ მოხვდებიო. არადა, სტუდენტობა მინდოდა, იქ თუ ვერ მოვხვდებოდი, რა უნდა მეკეთებინა, არ ვიცოდი. იმ პერიოდში ნუგზარ ლორთქიფანიძის სპექტაკლი ''წუთისოფელი ასეა'' ვნახე. ჩემზე ძალიან იმოქმედა. ჩავიარე თეატრალურთან, ინფორმაცია მოვიძიე, მომზადების გარეშე შევიტანე საბუთები და მოვხვდი. გამოცდაზე ძალიან მაღალი სიცხე მქონდა და ჩავფლავდი, მაგრამ გიზო ჟორდანიამ მაინც მიმიღო და დიდი მადლობა მას ამისთვის. მერე ისე მოხდა, რომ სიმრავლის გამო, ჯგუფი გაყვეს და ნუგზარ ლორთქიფანიძეც გვასწავლიდა. ანუ ის ადამიანი, ვისი სპექტაკლის გამო ცხოვრების სტილის შეცვლა გადავწყვიტე.
- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს პროფესიულ არჩევანს?
- დედაჩემმა იცოდა, მან ყოველთვის ყველაფერი იცოდა. დედიკოს ბიჭი ვიყავი და დღემდე ვარ (იღიმის). მამაჩემმა რომ გაიგო, მაგრად ''დაიძაბა'', ნიჭიერი ბიჭია, სხვა რამ სცადოს, მსახიობობა რად უნდა, რომ ცხოვრებაში გაწვალდებაო. დაახლოებით ისეთი სიტუაცია იყო, როგორც ქურდებს არ უნდათ, მათი შვილიც ქურდი გახდეს (იღიმის). ალბათ, მამამ იფიქრა, კიდევ ერთი უნიჭო მსახიობი შეგვემატება და გაწვალებული დაიბოღმებაო.
- ხატვას დღემდე აგრძელებთ?
- კი, სულ ვხატავ. შოტლანდიაშიც იმიტომ ვცხოვრობ, რომ ჩემთვის წყნარად ვზივარ და ვხატავ. ფაქტობრივად, ''სოფელში'' ვარ, მთებსა და ულამაზეს ბუნებაში. გამოფენები არ მიზიდავს, რომ ნამუშევრები სადმე გამოვფინო, უბრალოდ, როგორც ქუთაისში იტყვიან, ხელი მაქვს მაკვარანცხი და ხატვა მიყვარს.
- საქართველოში პროფესიით მუშაობდით...
- 1993 წელს, ქალბატონი გურანდა გაბუნიას რეკომენდაციით, მარჯანიშვილის თეატრში მოვხვდი ვარსკვლავი მსახიობების გვერდით და დიდი მადლობა ქალბატონ გურანდას ამისთვის. მაშინ თემურ ჩხეიძე ''ბახტრიონს'' დგამდა და ჯერ იქ დამაკავეს, შემდეგ ლევან წულაძემ - ''ქაქუცა ჩოლოყაშვილში''. მერე იქვე დოიმ ''მეფე ლირი'' დადგა და ამ სპექტაკლით ბევრი ქვეყანა მოვიარეთ. სხვათა შორის ამ სპექტაკლით წყალობით გავედი პირველად ევროპაში. 1996 წელს, მაშინდელი ჩაბნელებული საქართველოდან ედინბურგის ფესტივალზე რომ გავემგზავრეთ, ისე მომეწონა შოტლანდია, გავგიჟდი. ვამბობდი, შოტლანდია ჩემი ქვეყანაა-მეთქი, მაგრამ მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ ვიცხოვრებდი. ედინბურგიდან ცოტა შორს კი ვარ, მაგრამ მაინც აქვე ვარ (იღიმის).
- ნანახი მაქვს თქვენი სპექტაკლების ფოტები, რომლებიც საქართველოში არ დადგმულა...
- კი, აქ სპექტაკლებში ვთამაშობ. რაც წავედი, ხუთ სპექტაკლში ვითამაშე. მათ შორის გამორჩეული იყო ინგლისის ყველაზე ძველ თეატრ ''ბრისტოლდ ოლდ ვიქში'' მუშაობის პერიოდი, სადაც სპექტაკლი ''ლურჯი დათვები'' ვითამაშეთ. ინგლისშივე მონაწილეობა მაქვს მიღებული შექსპირის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში: ''როგორც გენებოთ''. აქ თეატრებში დასი არ ჰყავთ. ყველა მსახიობი თამაშობს კონკრეტულ სპექტაკლს, 3-4 თვე. წესია, რომ ამ დროის მერე სპექტაკლს ხსნიან. რაღაც მომენტში მართალიცაა და ვფიქრობ, სწორი მიდგომაა. ერთ სპექტაკლში რამდენიმე წელი რომ მონაწილეობ, მერე ჩალასავით ხდები. ყველაფერი ინერციით მიდის და ენერგია აღარ გაქვს. არ არის საჭირო, აწვალო მაყურებელი და შენი თავი. კი, არის მიუზიკლები, რომლებიც წლობითაა სცენაზე - ''კატები'', ''მეფე ლომი'' ''ბილი ელიოტი'' და სხვა, მაგრამ მსახიობებს ცვლიან და ახალ-ახალი სიცოცხლე შემოდის. გარდა სპექტაკლებისა, ერთ ფილმსა და ხუთ ტელეფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან ორი სერიალი იყო.
- ახლა ვისთან ერთად ცხოვრობთ და რა სიხშირით ჩამოდიხართ საქართველოში?
- მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ. ის ბრიტანელია. თეატრის პროდიუსერი და რეჟისორია. საერთო შვილები არ გვყავს. ორი შვილი მყავს სხვადასხვა დედისგან. ბიჭი ჰოლანდიაში დაიბადა და 14 წელია იქ ცხოვრობს, გოგონა კი 6 წლისაა და თბილისშია. წესად მაქვს, საქართველოში სამ თვეში ერთხელ ჩამოვდივარ. ჩემი გოგონა პატარაა და არ მინდა, 6 წლის ბავშვმა ერთი წელი მხოლოდ ''სკაიპით'' მნახოს. ასე რომ, საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ, არ დამიტოვებიხართ (იღიმის).
- როცა მანდ ახალი ჩასული იყავით, როგორ გიკავშირდებოდნენ და როგორ გაიგეს თქვენი არსებობის შესახებ თეატრებმა?
- აქ უზარმაზარი სივრცეა და არავის აინტერესებ... მარტო ლონდონში 500-ზე მეტი თეატრალური კომპანიაა და ყველა ცდილობს დადგას სპექტაკლი. თუმცა, ვერც იპოვი მათ და რომ იპოვო, პირდაპირ ვერ მიადგები. ანდა მიხვედი, რა უნდა უთხრა?! ერთადერთი გამართლება ის იყო, რომ მეუღლის წყალობით ''სწორ'' ხალხში მოვხვდი. ამა თუ იმ შეხვედრაზე, ვიღაცას რომ დაელაპარაკები, შეიძლება დაგიმახსოვროს და როცა დასჭირდები, გიკავშირდება. ახლა უკვე აგენტი მყავს და როცა ის თავისი საქმის პროფესიონალია, თითქმის ნახევარი საქმე გაკეთებულია. წარმოიდგინეთ, ხუთი აგენტი ზის გამართულ ოფისში და 24 საათი მუშაობენ. კომპიუტერით ახორციელებენ მიმოწერას. კარგი აგენტის სახელი იმით განისაზღვრება, რამდენად წარმატებული კლიენტები ჰყავს. ჩემს აგენტს კი ჰყავს ასეთები. მის შეთავაზებას ისმენენ და განიხილავენ, თორემ ეგრე მეც შემიძლია გავხდე აგენტი. მაგრამ მე ვინ მომისმენს, წაიკითხავენ წერილს და მომწერენ, დიდი მადლობა რომ შეგვეხმიანეთ, ვიფიქრებთო. აქ ძალიან ზრდილობიანები არიან, უყურადღებოდ არ დაგტოვებენ, მაგრამ უარსაც ასე კარგად ''მოგარტყამენ''.
- ჯეიმს ბონდის ახალ სერიაში სათამაშოდ მიგიწვიეს, ესეც თქვენი აგენტის დამსახურებაა?
- რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ფილმის შემქმნელებს ჩემმა მეგობარმა ურჩია ჩემზე, ნახეთ, იქნებ, რამეში გამოგადგეთო. ბონდზე კასტინგს ყოველთვის ერთი ბიურო აცხადებს და მათთან მივედი. წინასწარ მომზადებული ტექსტი არ მქონდა, მაგრამ ათას რამეზე ვილაპარაკეთ, მათ შორის პოლიტიკაზე. ვიფიქრე, გამოცდილების გასაღრმავებლად ეს კარგი იყო. წამოვედი და მერე დამირეკეს, დღემდე არ ვიცი, რა როლზე ვუნდივარ. ყველაფერი ძალიან გასაიდუმლოებულია. ხელი მომაწერინეს საბუთებზე და ფიცი დამადებინეს, დაახლოებით ასეთ ტექსტზე: პირობას ვდებ სამშობლოს წინაშე, რომ არ გავამჟღავნებ ჩემი ქვეყნის საიდუმლოებას. არც არაფერი ვიცი და რა უნდა ვთქვა-მეთქი, გავიფიქრე (იცინის). ''ცვეტში'' კუკუს დამაძახებინებენ, სადღაც ვიდგები და მექნება ''დაკერილი როჟა'', ვითომ მაგარი ბიჭი ვარ (იცინის).
- მაინც სასიამოვნო ფაქტია... და მე მაქვს უფლება, რომ დავწერო?
- კი, დაწერეთ. პრეზენტაცია უკვე იყო. ბონდი ისევ დენიელ კრეიგია და მთლიანობაში მაგარი ''სასტავი'' მონაწილეობს. მგონია, შევხვდები მათ და ვნახოთ (იღიმის). გადაღებები უკვე დაწყებულია, ჩემი გადაღება თებერვლის შუა რიცხვებში დანიშნეს.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''