05 თებერვალი, 2015
ხატია შამუგიამ ერთდროულად სამი მანქანა დაამტვრია
აპარატურა, ტექნიკა, მანქანები დიდად არ მიტაცებს მიუხედავად იმისა, რომ ხატია შამუგია ბუნებით პედანტია, მანქანის ტარება რომ ისწავლა, ერთი წელი ქალაქში მართვის მოწმობის გარეშე დადიოდა. შეიძლება ითქვას, გაუმართლა, ამ დროის განმავლობაში პატრულს ერთხელაც არ გაუჩერებია. მართვის მოწმობის ასაღებად საკუთარი მანქანით მივიდა, გამოცდა პირველივე ჯერზე ჩააბარა, დღეს კი უკვე გამოცდილი მძღოლია.

- არასდროს მქონია მანქანაზე გართულება, შესაბამისად, განსაკუთრებული სურვილიც არასდროს გამჩენია, რომ ტარება მესწავლა. აპარატურა, ტექნიკა, მანქანები დიდად არ მიტაცებს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში დადგა ის ეტაპი, როცა
მივხვდი, მანქანა მჭირდებოდა.
თავიდან გურამიკო ცდილობდა, ესწავლებინა ჩემთვის ტარება, იმ პერიოდში ''ბმვ ტროიკა'' ჰყავდა, მაგრამ ხომ იცი, ოჯახის წევრი რომ გასწავლის, როგორ მთავრდება?! ჩხუბით, ნერვების აშლით, იმიტომ, რომ ამის ნერვები არავის აქვს. და რას აკეთებდა, იცი? ახალდაბაში რომ მივდიოდით, ხაშურიდან ახალდაბამდე მისასვლელ გზაზე, 10-წუთიან მონაკვეთზე მსვამდა საჭესთან, სადაც გზა არის სულ სწორი, თან მეუბნებოდა, რა გინდა, ხომ გასწავლი ტარებასო?! რადგან ამ მონაკვეთზე ვატარებდი, ჩავთვალე, რომ მართვა ვიცოდი, გავთამამდი და იშვიათად თბილისში გარკვეულ ადგილებში დავდიოდი.
ერთხელაც ნატო დუმბაძისგან მოვდიოდით მე და გურამიკო, ნატო აივნიდან გვაცილებს, მე საჭესთან ვზივარ და ვეუბნები, ნატ, ნახე, რა მაგარი მძღოლი ვარ, ხედავ, როგორ ვისწავლე-მეთქი. სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ დავეჯახე წინ მდგომ მანქანას, ის დაეჯახა მის წინას, და კიდევ წინას, მოკლედ, სამი მანქანა დავაზიანე, ასეთი ფიასკოთი დასრულდა ჩემი მძღოლობა. მერე კარგა ხანს არ მქონდა საჭესთან დაჯდომის სურვილი.
როცა გურამიკოს გავშორდი და დავრჩი ბავშვით ხელში, მქონდა ორი სამსახური და სულ სარბენი ვიყავი, მივხვდი, მანქანა მჭირდებოდა. ჯერ ვიყიდე მანქანა, დავაყენე და მერე დავიწყე მასწავლებელთან სიარული. ვიცოდი, იმ ფეხსაცმლით უნდა მესწავლა ტარება, რითაც ყოველდღიურად დავდიოდი, ზოგი ბოტასით სწავლობს მანქანის მართვას და მერე ქუსლით უჭირს. მე სულ ქუსლიანი ფეხსაცმლით დავდივარ, გამოპრანჭული ჩავდიოდი გაკვეთილზე. დღემდე ქუსლით ისე ვატარებ, პრობლემა არ მაქვს.
- ვიცი, რომ თითქმის ერთი წელი მართვის მოწმობის გარეშე დადიოდი...
- ასე იყო და ის კომპლექსი, რომ მეშინოდა პატრულს არ გავეჩერებინე, ახლაც გამოყოლილი მაქვს და დღესაც, პატრულს რომ ვხედავ, ვიძაბები, არადა, მართვის მოწმობაც მაქვს, ტარებაც ვიცი და არანაირი პრობლემა არ მაქვს.
მახსოვს, მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩემი მანქანით მივედი. როგორც წესი, ტარება მეც მექანიკაზე ვისწავლე, მაგრამ მყავდა ავტომატიკა და ძალიან შეჩვეული ვიყავი ამას. გამოცდაზე რომ მივედი და სამი პედალი დავინახე, ცოტა მეუცხოვა, მაგრამ არ შევიმჩნიე, მომიწია მექანიკის ტარების გახსენებამ, თუმცა პირველივე ჯერზე ჩავაბარე.
- ზოგადად, რამდენად კანონმორჩილი მძღოლი ხარ?
- ძალიან კანონმორჩილი ვარ, დილის 5 საათზეც რომ გამოვიდე სახლიდან და გზაზე ჩემ გარდა არც ერთი მანქანა არ იყოს, არ არსებობს, რომელიმე წესი დავარღვიო და შუქნიშანზე არასწორად გავიარო. თუმცა მაქვს ჩემი სისუსტეებიც, მაგალითად, მანქანის ნებისმიერ გა-ჩერებაზე, წითელი იქნება ეს თუ საცობი, მაშინვე სარკეს ვწევ და პომადას ვისვამ, ამასობაში ხან გამომრჩება ხოლმე, რომ აინთო მწვანე და უკნიდან მახსენებენ, კარგია პომადა, მაგრამ გაიარეო (იცინის).
პატრული საკმაოდ ხშირად მაჩერებს და მაჯარიმებს, ძირითადად, ტელეფონზე საუბრის გამო, მაგრამ ახლა უკვე მაქვს ყურსასმენი, რომელსაც ხშირად ვიყენებ. მესიჯი თუ მაქვს გასაგზავნი, მაშინ არაა საქმე კარგად, რადგან ხელში დაგინახავენ თუ არა ტელეფონს, მაშინვე ჯარიმას გიწერენ.
ჩემი და, ზოგადად, ხალხის მტერი გახლავთ ''სითი პარკი'', რომელსაც ვერავინ იტანს. მახსოვს, ერთხელ მანქანა შარდენზე დავაყენე, სულ ათი წუთით შევედი, გამოვედი და ვეძებ მანქანას, ვერ ვპოულობ. იმდენად ვერ წარმოვიდგინე, რომ წაყვანილი ეყოლებოდათ, მეგონა, სხვაგან გავაჩერე. მთელი შარდენი მოვიარე, ვიხსენებდი, სად დავაყენე, მერე მითხრეს, მგონი, თქვენი მანქანა ''სითი პარკმა'' წაიყვანაო. მაშინ დაბადების დღეზე ვიყავი მისული, სადაც ზაზა გოროზიაც იყო, დამეხმარა, კომფორტულად წამიყვანა და გამომაყვანინა მანქანა, წარმოდგენა არ მქონდა, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ''სითი პარკის'' სადგომი.
მეორე შემთხვევა დაახლოებით ნახევარი წლის წინ მოხდა. ''შანელის'' სტუმარი მყავდა ჩამოყვანილი, შუადღეს დავსხედით კაფეში, ვსაუბრობდით და კაფეს მინიდან დავინახე, როგორ წაიყვანეს ჩემი მანქანა. ობიექტურად რომ ვთქვა, მართლა წასაყვანი იყო, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ადგილას მყავდა გაჩერებული, დამსახურებულად მომექცნენ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ასეთი კაბალური ზომები არ უნდა მიეღოთ. შეიძლებოდა, ჯარიმა გამოეწერათ და არ წაეყვანათ. ერთადერთი, რასაც ჩემს ქვეყანაში ვებრძვი, ''სითი პარკია''.
- მანქანის ტექნიკურ მხარეში თუ ერკვევი?
- კი, ვერკვევი იმდენად, რამდენადაც დროულად ვიცი ზეთის გამოცვლა, დანიშნული მაქვს და ვიცი, როდის უწევს, თორემ იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, ხმაზე ვატყობ-მეთქი. ზოგადად, მიყვარს მანქანის მოვლა. რაც მეზარება, გარედან გარეცხვაა, თუმცა შიგნიდან სულ სუფთა მაქვს. სიგარეტს ჩემს მანქანაში არავის ვაწევინებ, თავად არ ვარ მწეველი. ყოველთვის ვცდილობ, კარგი არომატიც იყოს და ალბათ, ეს არავის გაუკვირდება. მოკლედ, ჩემი მანქანა ჩემი პატარა სახლია, კუსავით ვარ, ყველაფერი მანქანაში მიდევს.
- აქამდე რა მანქანები გყავდა?
- ახლა მყავს ახალი, ცისფერი ''რავ 4'', ამის წინ მყავდა ''ლექსუსი რიქს 60'' და იმის წინაც იყო ''ტოიოტა რავ 4'', ოღონდ უფრო პატარა და ორკარიანი. მგონია, რომ დაბალ მანქანაზე ვერ დავჯდები. ალბათ, თავიდანვე ჯიპზე რომ დავჯექი, იმიტომ.
- ქალი მძღოლების მიმართ გავრცელებულ მოსაზრებაზე რა ფიქრობ?
- ვფიქრობ, ეს სტერეოტიპი მცდარია, ქალი მძღოლები ბევრად უფრო ფრთხილები არიან, ვიდრე მამაკაცები. კაცები ძალიან დიდი ამბიციებითა და რისკიანობით გამოირჩევიან. ჰგონიათ, მანქანის მართვა ქალზე კარგად შეუძლიათ, მაგრამ ასეც არაა. ზოგადად, მე სისწრაფეც არ მიყვარს, ძალიან ფრთხილი მძღოლი ვარ.
- საცობებს როგორ უმკლავდები?
- ეს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. ამბობენ, ასეთი საცობები მეგაპოლისებს ახასიათებსო, მაგრამ მე თბილისს მეგაპოლისად არ აღვიქვამ, ამიტომაც ჩემთვის უჩვეულოა ამდენი ავტომობილი ჩემს ქალაქში. ბოლო დროს მოვერგე უკვე ამ სიტუაციას, საქმიანი შეხვედრა იქნება, თუ სხვა რამ, ვცდილობ, პიკის საათებში არ დავნიშნო და ამ დროს გასვლამ არ მომიწიოს.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
კახი
მეტი საინტერესო თემა ვერაფერი ნახეთ? არავის ეს არ აინტერესებს.
13:08 / 12-02-2015
გამოხმაურება / 0 /
lia
სათაური წავიკითხე :)! ვინმეს ეს აინტერესებს????
11:49 / 12-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ხოხ რ მოტხარით ეს?!
17:05 / 07-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS