04 თებერვალი, 2015
ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სიყვარულის ამბავი - მამამ ვერიკო რძლად მაინც ვერ მიიღო...
ვერიკომ ყველაზე სადა კაბა და უქუსლო ფეხსაცმელი ჩაიცვა, თმა გადაივარცხნა, თავშალი მოიხურა და მამამთილთან წავიდა გასული საუკუნის 20-იან წლებიდან შემდგომ წლებში შექმნილი ქართული ფილმების უმრავლესობას დღეს უკვე ბევრი უწუნებს მხატვრულ დონეს, შინაარსს, ხარისხს, მსახიობს ზედმეტ ხელოვნურობაში სდებენ ბრალს, მაგრამ ალბათ, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა პირობებში იღებდნენ ფილმებს. როგორც დღეს, მაშინაც ჩიოდნენ: „ყველაფერი ნაცნობობით ხდება“; „ჩაწყობილი ამბავია“; „ყველა საქმეში უპირატესობას ნაცნობ-მეგობრებს ანიჭებენ“; სწორედ ეს ბრალდებები გაისმა მიხეილ ჭიაურელის მისამართითაც, როცა მან თავის ერთ-ერთ ბოლო
ფილმში ოჯახის სამი წევრი დააკავა...

დღეს, ალბათ, არაერთი ირონიანარევი ღიმილით ადევნებს თვალს ხელოსანი ბიჭის ამბავს, რომელსაც მაწვნის გასაყიდად სოფლიდან ქალაქში ჩამოსული გოგონა მოეწონება და მაშინვე მის ცოლად მოყვანას გადაწყვეტს. ყოველგვარი შეხვედრების, წინასიტყვაობის, გრძნობის გამხელისა და სამომავლო გეგმებზე საუბრის გარეშე, გოგია იმავე საღამოს მიდის გოგონასთან და „ნიშანს“ აუტანს.

დამთავრდა, ქალი მისია, ამ დღეებში ქალაქიდან ამოვა და თავისთან წაიყვანს. ტასია არ არის უარზე, პირიქით, თანახმაა, მაგრამ ეს „ბანალური იდილია“ მაშინ დგება საფრთხის ქვეშ, როცა გოგონა ბატონის სახლში მოსამსახურედ მიჰყავთ და სულ მალე მასპინძელი ახალგაზრდა ასულზე დაქორწინებას გადაწყვეტს.

რასაკვირველია ფილმს ბედნიერი ფინალი აქვს და „სიყვარული გაიმარჯვებს“, რაც კარგ განწყობაზე ტოვებს მაყურებელს. ფილმის რეჟისორმა ამგვარი დასასრულის გარდა, კიდევ ერთი წინდახედული ნაბიჯი გადადგა, როცა ფირზე ეპოქის ცნობილი არტისტები აღბეჭდა.

1964 წელს რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა მუშაობა დაიწყო მუსიკალურ კომედიაზე: „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, რომელშიც იმ პერიოდში საქართველოში ცნობილი მსახიობები დააკავა: აკაკი ხორავა, ვასო გოძიაშვილი და ვერიკო ანჯაფარიძე - მხოლოდ ეს სამი სახელი საკმარისი იყო, რომ ავქსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით გადაღებულ ფილმს მაყურებელი მოეზიდა. მთავარ როლებზე დააკავეს ახალგაზრდები: სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია.

გარდა ამისა, თავიანთ შემოქმედებით გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს ვახტანგ ნუნუამ, რომელიც თავადი ავთანდილის როლს ასრულებს, და არჩილ გომიაშვილმა. იმერულ კილოზე მეტყველი, ციბრუტივით მოტრიალე კოსტაია, თავისი დაუვიწყარი კითხვით „ხაჭაპური ხოჩეშ?“- ღიმილს იწვევს ყველაზე კრიტიკულ მაყურებელშიც.
მიხეილ ჭიაურელმა თბილისის სახელოსნო სასწავლებელი დაამთავრა. სკულპტურა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით შეისწავლა.

1915 წლიდან მუშაობდა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის თეატრებში როგორც მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. დავით ძნელაძესთან ერთად არის მუსიკალური ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის ფუძემდებელი. თავდაპირველად კინოში მსახიობის ამპლუაში გამოჩნდა. რეჟისორი ფილისა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ სხვადასხვა წელს მონაწილებდა ფილმებში: „არსენა ჯორჯიაშვილი“, „სურამის ციხე“, „ხანუმა“ და სხვა. გადაღებული აქვს ისეთი ფილმები, როგორებიცაა: „უკანასკნელი მასკარადი“, „არსენა“, „ფიცი“, „ოთარაანთ ქვრივი“.

სცენარზე ფილმისათვის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ ნოდარ წულეისკირმა და მიხეილ ჭიარელმა ერთად იმუშავეს. მხატვრებად სერაფიონ ვაწაძე და ფარნაოზ ლაპიაშვილი მიიწვია. ფილმში ოჯახის წევრების: ცოლის, შვილისა და მაშინდელი სიძის - გიორგი შენგელაიას გადაღებამ საზოგადოება გააღიზიანა, თუმცა, ფილმი მაინც შედგა და მისი პრემიერის შემდეგ, მიხეილ ჭიაურელმა მულტიპლიკაციაში გადაინაცვლა.

მანამდე, დიდი ხნით ადრე, ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი ერთმანეთს საგარეჯოში შეხვდნენ, სადაც საფრანგეთიდან დაბრუნებულ გიორგი ჯაბადარს თეატრალური სტუდია ჰქონდა გახსნილი. იქ, ბევრი სხვასავით, მოსკოვიდან ჩამოსული ვერიკოც დადიოდა. ლამაზს ვერ იტყოდით, თუმცა ის ყოველთვის იქცევდა მამაკაცების ყურადღებას. ჰქონდა ისეთი ეშხი, რომლითაც ძლიერ სქესს იზიდავდა.

24 წლის მიხეილ ჭიაურელი მათ შეხვედრას ასე იხსენებდა: "მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა. ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა... ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი... და ვხედავდი მხოლოდ მას. ეზოში, მწვანეზე ჩამოვსხედით ყველანი.

მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს... ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობს სთხოვა, რამე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც... "ვთხოვ, იქნებ, დამიჯეროს" – გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი: მეც გეხვეწებით-მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო... რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი... ვერაფერს ვგრძნობდი... მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე..."

იმ დღიდან მათ შორის დიდი გრძნობა გაჩნდა. თუმცა, გარკვეული დროის მერე, ერთმაც შექმნა ოჯახი და მეორემაც. ორივემ თავ-თავის საქმეში გაითქვა სახელი. ცალ-ცალკე ყოფნის მიუხედავად, როგორც ჩანს, მათ შორის გრძნობა არ განელებულა, თუმცა დიდხანს ვერ ბედავდნენ ოჯახებიდან წამოსვლას... ბოლოს, მაინც შეძლეს ყურადღება არ მიაქციეს ჭორებს, გაკიცხვას, რისხვას და ბინა ვერაზე დაიდეს. ორი ხელოვანი ფიქრის გორაზე დასახლდა. მიხეილ ჭიაურელმა ორსართულიანი სახლი იმ ადგილზე ააშენა, სადაც პირველად აკოცა ვერიკოს.

მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული ორმხრივი იყო, შვილის ოჯახის დანგრევას მიხეილ ჭიაურელის მამა ედიშერი ვერ ეგუებოდა და დიდხანს ვერ აპატია ეს საქციელი. ამბობდა, ვერიკო თვალით არ დამენახოსო. ერთხელ მიხეილი და ვერიკო გერმანიაში გაემგზავრნენ, ქალი თბილისში ქმარზე ადრე დაბრუნდა და გადაწყვიტა, მეუღლის ოჯახში მისულიყო და ის საჩუქრები მიეტანა, რომლებიც რეჟისორმა ოჯახის წევრებისათვის შეიძინა. ქმრისგანაც ჰქონდა დასტური: წადი, როდესაც შენ დაგინახავს, მაპატიებს, გემოვნება აქვსო.

ვერიკომ ყველაზე სადა კაბა და უქუსლო ფეხსაცმელი ჩაიცვა, თმა გადაივარცხნა, თავშალი მოიხურა და მამამთილთან წავიდა. მოხუცი საფეხურზე იყო ჩამომჯდარი და კრიალოსანს ათამაშებდა. მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
- გამარჯობა, ბატონო ედიშერ. ეს თქვენმა შვილმა მიშამ გერმანიიდან გამოგიგზავნათ.
- გმადლობ. შენ ვინ ხარ?
- მე ის ვერიკო ვარ, ბატონო ედიშერ....
- ჰო... ახლა მესმის მიშასი, შენ ისეთი ლამაზი ხარ, ისეთი კარგი. - თქვა მოხუცმა, როცა ყურადღებით შეათვალიერა ვერიკო და დაამატა: - განა, შეიძლებოდა, არ შეჰყვარებოდი?!
ვერიკომ უხერხული სიტუაციიდან თავის დაძვრენა თემის შეცვლით სცადა:
- ბატონო ედიშერ, აი, აქ მიშამ რაღაც-რაღაცები გიყიდათ თქვენ და აქვეა ძალიან ლამაზი თავშალი დედამისისთვის.
- ჰოო? გმადლობ საყვარელო. ახლავე დავუძახებ, - თქვა და ცოლს გასძახა: -სონია, სონია! ქალმა ქმარს მესამე სართულიდან გადმოხედა, კაცმა „აუწყა“: - აქ მოდი! მიშას საყვარელი მოვიდა!

ამ სიტყვების მერე ალბათ ნათელია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიხეილ ჭიაურელის მამამ ვერიკო რძლად მაინც ვერ მიიღო...
დღეს, როცა ამ ორი ადამიანის სახელი და გვარი ისმის, მათი ცალკეული შემოქმედებისა თუ ერთობლივი ნამუშევრების გარდა, მაშინვე მათი შთამომავლობა გვახსენდება და იმავდროულად, ის სიყვარულის ამბავი, რაც შეიძლება, ჩვენს ეპოქაში აღარავის უკვირდეს, თუმცა იმ დროის საქართველოში საკმაოდ „ხმამაღლა“ ჟღერდა...

ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
პპ
ბოლო ეპიზოდს სოფიკო ცოტა "სხვანაირად" ყვებოდა-"დედაკაცო აქ მოდი, ჩვენი მიშას ბოზი მოსულა..."
09:36 / 08-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ბადილა
სოფო ქალო, გამოდი მიშას ბოზი ევრიკო ჩამოვიდაოოოოოო
21:35 / 07-02-2015
გამოხმაურება / 0 /
გურჯი ხათუნი
თავდაპირველად ვერიკო ანჯაფარიძე ემიგრანტი მწერლის_დავით ამირეჯიბის, ჭაბუა ამირეჯიბის ბიძის ცოლი იყო. საერთო შვილიც ჰყავდათ, რომელიც გარდაიცვალა. მიხეილ ჭიაურელმა უსირცხვილოდ წაართავა ცოლი ამირეჯიბს და ვერიკომაც ღარიბ ცხოვრებას ზიზიკ-პიპილოები ამჯობინა. (ეს სასიყვარულო სამკუთხედი აღწერილი აქვს ჭაბუას წიგნში "გორა მბორგალი").
14:39 / 07-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკრინე-ს
მარტო მე რატომ? იციით რამდენი ფიქრობს ჩემსნაირად, ბეჩავო ვერ ხედავ რომ, მარტო მე კი არა, -მარტო შენ ხარ სხვა აზრისა.
21:32 / 05-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
მომწონს, დიდ ადამიანებს დიდი სიყვარული შეუძლიათ........ მადლობთ,დიდი ადამიანების სასიყვარულო ისტორიები საინტერესოა, ოღონდ მათალი და არა ჭორი....
21:21 / 05-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
"რაც გინახავს ,ვეღარ ნახავ"..- გენიალური ფილმია,ამას წინათ ვუყურე და და კიდევ ერთხელ გავოცდი-ნრწყინვალე მსახიობთა "ესკადრილიით"და ფილმის დინამიკით!
02:19 / 05-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ქალბატონი ვერიკო და ბატონი მიხეილი მეოცე საუკუნის ქართულ კინო და თეატრალურ ხელოვნებასთან არიან გაიგივებული. მათ მთელი ეპოქა შექმნეს. მადლობა მათ, მე და ჩემი თაობა მათ ფილმებზე გავიზარდეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ.
20:54 / 04-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
იქექებით ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებაში და ყველას ჩირქს სცხებენ..რა უბედურებაა ?!აღარავინ დაგრჩათ გასაჭორი...
20:03 / 04-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკრინე
რას ილანძღები, შე კაცო, რა იყო, ამხელა საქართველოში მარტო შენ დარჩი აზრიანად დაბადებული და სირცხვილ-ნამუსიანად გაზრდილი???)))))))))))
17:36 / 04-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
რა სასაცილოები ხართ ეხლანდელო და ვაიხელოვნებო! თქვენ ახსენებთ ძველ რეჯისორებს და მსახიობებს?! ერთჯერადო ხალხო! მე ერთხელაც არ ვუყურებ თქვენს ფილმებს!თუ ფილმებს დბარქმევთ!
17:22 / 04-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS