31 იანვარი, 2015
რა ხდება ქართულ თეატრში -''დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს...''
არ ვიცი, თუ დარჩა რომელიმე თეატრი, სადაც მსახიობებს კატეგორიებად ყოფენ დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე თეატრალური პროცესები ერთ- ერთი აქტუალური თემაა. მაყურებელი, რომელიც სპექტაკლის სანახავად მიდის, თეატრის''სამზარეულოს'' შესახებ ნაკლებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა ბევრისთვის საინტერესოა, როგორ ნაწილდება დირექტორებისა და სამხატვრო ხელმძღვანელების ფუნქცია- ვალდებულებები, ვინ განკარგავს დასს, რეპერტუარს, ვის ეხება მსახიობის მიღებისა და თეატრიდან გათავისუფლების საკითხი. ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილს მივმართეთ.

- ლაშა, თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი პოსტზე ინიშნებიან თუ მათ ირჩევენ?
-
სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელებს ნიშნავს კულტურის მინისტრი. თავის მხრივ, მას კანდიდატურას წარუდგენს კულტურის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია თეატრმცოდნეებით და მისი წევრები შერჩეულია თავად თეატრებისა და თეატრალური ორგანიზაციების მიერ, ხოლო დირექტორებს ნიშნავს ისევ მინისტრი, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინების შემდგომ. სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის კიდევ ერთი''შემოვლითი'' გზა არსებობს, რომელიც ასევე კანონშია ჩადებული. სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნა კულტურის მინისტრს შეუძლია თეატრის სამხატვრო საბჭოს წარდგინებით, სარეკომენდაციო საბჭოს გზის ავლით.
- შტატი''თეატრის მმართველი'' - დირექტორმა ჩაანაცვლა?
- დიახ, შტატი ნამდვილად ჩაანაცვლა, თუმცა უფლება- მოვალეობები ამჟამინდელ დირექტორებს უფრო შეეზღუდათ. დირექტორები აღარ წარმოადგენენ სახელმწიფოსთან ანგარიშვალდებულ ფიგურებს, ახლა თეატრის საქმიანობაზე საერთო პასუხისმგებელი, სახელმწიფოსთანაც და მაყურებელთანაც, სამხატვრო ხელმძღვანელები არიან. დირექტორი, მოქმედი კანონმდებლობით, სამხატვრო ხელმძღვანელის დამხმარე რგოლია, რომელიც აგვარებს ტექნიკურ- ადმინისტრაციულ საკითხებს სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
- როგორ ხვდებიან მსახიობები ამა თუ იმ თეატრის დასში?
- ყველა თეატრს მსახიობთა მიღების თავისებური, ინდივიდუალური მეთოდი და წესი აქვს. მსახიობთა მიღება სხვადასხვა პრინციპით ხდება, ეს არის კასტინგები, სხვადასხვა სახის შერჩევა, რეკომენდაციები და ახალგაზრდა მსახიობების მიერ შესრულებული როლები, რომლებიც რომელიმე თეატრის დასში მიღება- გაწევრიანების წინაპირობა ხდება. მსახიობს ირჩევს სამხატვრო ხელმძღვანელი და ის ამ არჩევანში მთლიანად თავისუფალია.
- რას ნიშნავს პირველი, მეორე, მესამე კატეგორიის მსახიობი?
- არ ვიცი, თუ დარჩა რომელიმე თეატრი, სადაც მსახიობებს კატეგორიებად ყოფენ. თუკი ეს ასეა, ბუნებრივია, ეს ტიპური საბჭოური გადმონაშთია და მიდგომა ჩვენს თანამედროვეობაში არასწორია. ბუნებრივია, ჩვენს თეატრებში განსხვავდება მსახიობთა ხელფასები, ზოგს დამსახურების მიხედვით აქვს და ზოგს დატვირთვის მიხედვით. ეს საკითხი მოგვარებული არ არის და დიდ პრობლემას წარმოადგენს. რა დააშავა ახალგაზრდა მსახიობმა, რომელიც მოქმედი რეპერტუარის 80% - ში არის დაკავებული და დაბალი ხელფასი აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჯერ სახელობითი პრემიები არ მიუღია და მასზე სამჯერ მეტი ხელფასი აქვს მსახიობს, რომელსაც წლებია, როლი არ უთამაშია. ბუნებრივია, ეს უსამართლობაა. მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ თეატრი, გარდა ესთეტიკურ- შემეცნებითი დაწესებულებისა, არის საპენსიო ფონდიც, რომელიც სამუზეუმო ექსპონატებს ინახავს. შეიძლება, ასეც არის, არადა, სამხატვრო ხელმძღვანელებს ექმნებათ პრობლემები, როცა სურთ ახალგაზრდა მსახიობების მიწვევა და ვერ იწვევენ იმის გამო, რომ შედეგად ვიღაც დამსახურებული თეატრის მიღმა აღმოჩნდება. არ მინდა იფიქროთ, რომ თეატრი უფროსი თაობის გარეშე წარმომიდგენია, მე მხოლოდ უუნარო მსახიობზე ვსაუბრობ.
- რა შემთხვევაში ჩამოეჭრება მსახიობს ხელფასი?
- მსახიობთა დასჯის მექანიზმიც ინდივიდუალურია, ამ საკითხებს თეატრის შინაგანაწესი აწესრიგებს, ზოგან ფინანსური სანქციებია, ზოგან დაუსჯელობის სინდრომი ყვავის. სანქციები მსახიობთა მიმართ ძირითადად ვრცელდება რეპეტიციაზე დაგვიანების ან გაცდენის, სპექტაკლის ჩაშლის გამო, ან შინაგანაწესის დარღვევაზე, თუ მსახიობი ნასვამი გამოცხადდა თეატრში და სხვა.

Rating

- თუ მსახიობი დასის წევრია და მას სპექტაკლებში არ აკავებენ, რა ხდება ასეთ დროს?
- ვერც ერთ რეჟისორს ვერავინ აიძულებს, იმუშაოს იმ მსახიობთან, რომელთანაც მას მუშაობა არ სურს, მაგრამ თუ რეჟისორი სამხატვრო ხელმძღვანელია, ის ვალდებულია, ერთხელ მაინც იმუშაოს არასასურველ მსახიობთან. ასევე ვალდებულია, თავის სპექტაკლებში თუ არა, მოწვეული რეჟისორების სპექტაკლებში მაინც დააკავოს მსახიობი, რათა ის დაუსაქმებელი არ იყოს. მსახიობს, თავის მხრივ, ერთხელ აქვს უფლება, უარი თქვას შეთავაზებულ როლზე.
- ცოტა ხნის წინ თუმანიშვილის თეატრიდან სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ, 30- წლიანი მუშაობის შემდეგ, გია როინიშვილი გაათავისუფლა. ერთ- ერთ მთავარ მიზეზად დასახელებულია, რომ ის ბოლო 5 წელია თეატრში არ ყოფილა. ეთანხმები გადაწყვეტილებას?
- ამ პრობლემის განხილვა ცალსახად არ შეიძლება. მე ვიცი, რომ გია როინიშვილი ერთ- ერთი საუკეთესო მსახიობია და ის მნიშვნელოვანი ძალა იყო თუმანიშვილის თეატრისთვის, მაგრამ არ ვიცი, თანხმდებოდა თუ არა შეთავაზებულ როლებს, როგორი იყო მისი, როგორც არტისტის დისციპლინა თეატრში. ეს მაინც ლოკალური პრობლემაა და თავად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადასაწყვეტია და არა დასის, როგორც ამას ქალბატონი ქეთი აღნიშნავდა, მით უფრო ჩვენი, მაყურებლის. მაყურებელს კი სურს, იხილოს საყვარელი მსახიობი სცენაზე.
- მცირე ხნის წინ თუმანიშვილის თეატრის დირექტორმა ზურა გეწაძემ განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე დარჩება თავის პოსტზე და შემდეგ თავის პირველად საქმიანობას, მსახიობობასა და რეჟისურას დაუთმობს მთელ დროს.
- ზურა გეწაძე, როგორც მმართველი, ერთ- ერთი წარმატებული ხელმძღვანელი იყო. არ მახსენდება პრობლემა, რომელიც გასაჯაროვდა და საზოგადოებაში სერიოზული განხილვის საგანი გახდა. არ ვიცი, ზურა გეწაძეს რამდენად უშლიდა ხელს ადმინისტრაციული საქმიანობა, ის ამ პერიოდშიც ახერხებდა სპექტაკლების დადგმას. ეს მისი პირადი გადასაწყვეტია, თუმცა მე, როგორც რიგით მაყურებელს, ის წარმატებული მსახიობისა და რეჟისორის ამპლუაში მირჩევნია, ვიდრე მმართველის.
- რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუაა. დღეს ამავე თეატრის მსახიობი ზაზა პაპუაშვილი პარლამენტარია. მისი მონაწილეობით სპექტაკლები მოხსნილია, თუმცა იმავე მიზეზით ბატონ ზაზას არავინ ათავისუფლებს...
- ესეც რობერტ სტურუას პრობლემაა და მან უნდა გადაჭრას, რომელშიც ვერავინ ჩაერევა. თუმცა ეს თავად თეატრისთვის ცუდი ფაქტია და დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს, შერჩევითი სამართალი ღუპავს თეატრს და ეს მის სამხატვრო ხელმძღვანელს ბუმერანგივით დაუბრუნდება, ვინც უნდა იყოს ის. არტისტები შეცდომებს არავის აპატიებენ. ასეთი ვითარება ხელს უწყობს დისციპლინის მოშლას თეატრში, რაც თავისთავად ცუდი ფაქტია.
- დაბოლოს, როგორ და რა პირობებში მუშაობენ რეგიონული თეატრები?
- რეგიონების თეატრის პრობლემების სია დაუსრულებელია, მთავარი კი მაინც დასების ახალგაზრდებით შევსებაა.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS