31 იანვარი, 2015
ნინო თარხან-მოურავის სახლში მარადონა და ლეო მესი ცხოვრობენ
პატარაობიდან ვყიდულობდით სპეციალურად ძაღლებისთვის განკუთვნილ ნივთებს მსახიობ ნინო თარხან-მოურავს ცხოველები ძალიან უყვარს. დღემდე რამდენიმე ძაღლი ჰყოლია. ამჟამად ნინოსა და მისი მეუღლის, ასევე მსახიობ თემიკო ჭიჭინაძის ოჯახში ექვსი და სამი წლის მამა-შვილი ჩიხუახუა ცხოვრობს. ორივე ძაღლი მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელების სახელს ატარებს...

- ცხოველები ბავშვობიდან მიყვარს და ოჯახში ძაღლი ყოველთვის გვყავდა. პირველი სამეფო პუდელი იყო. პირველ კლასში ვიყავი, როცა მკითხეს, რა გინდა: ძმა თუ ძაღლი. მე ძაღლი ავირჩიე და მიყიდეს (იღიმის). ეს ჯიში დაახლოებით 18 წელი ცხოვრობს...
ჩემი პუდელი ძალიან მიყვარდა.
- როგორც ვიცი, სამეფო პუდელი ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ჯიშად მიიჩნევა...
- დიახ, ასეა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ნათლად მახსოვს, რომ უჭკვიანესი, კეთილი და დამჯერი ძაღლი იყო. მახსოვს, დილაობით მამაჩემი ჩუსტის მიტანას სთხოვდა და ისიც უსრულებდა თხოვნას - ჯერ ერთი მიჰქონდა და მერე მეორე. მეორედაც პუდელი მყავდა, რომელიც საკმაოდ დიდხანს იყო ჩემთან. შვილი რომ შემეძინა, მაშინ მოკვდა. მას შემდეგ დიდხანს არ მყოლია, რადგან ეს ამბავი ყველამ ძალიან განვიცადეთ. დიდი ხნის პაუზის შემდეგ გადავწყვიტე, შინ კიდევ მომეყვანა ძაღლი. პატარა ჩიხუახუა ჩემმა მეგობარმა მაჩუქა. ასე ვთქვათ, ოჯახს შემოვაპარე. ამჯერად ერთად ვცხოვრობთ: მე, ჩემი მეუღლე, შვილი და დედაჩემი. ყველანი კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი ბოლო ძაღლის, პუდელის დაღუპვა მძიმედ გადავიტანეთ.
საერთოდ, ვფიქრობ, რომ ძაღლი ერთ-ერთი თბილი, ერთგული და მოსიყვარულე ცხოველია. კატებიც ასევე მიყვარს, ბავშვობაში მყავდა კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს შვილს, ელისაბედს ალერგია აქვს და ამიტომ კატა შინ ვერ მომყავს.
- პატარა ზომის ძაღლები უფრო ავები და კაპარჩხანები არიანო...
- კი, ნამდვილად ასეა. ავები და კაპარჩხანები არიან, ალბათ იმიტომ, რომ ეს მათი კომპლექსია და ერთგვარი თავდაცვითი ინსტინქტი აქვთ. ოჯახის წევრებთან არა, მაგრამ სტუმრებსა და უცხოებთან ზომით მათზე გაცილებით დიდ ძაღლებს უფრო ღირსეულად უჭირავთ თავი, ვიდრე პატარებს. არიან ადამიანები, რომლებსაც არ სიამოვნებთ ძაღლის გვერდით ყოფნა და როცა ასეთები გვსტუმრობენ, ძაღლები ან სხვა ოთახში გაგვყავს, ან ხელში მიჭირავს და ვარიდებ.
- ბევრისთვის მიუღებელია ისიც, როცა ძაღლი საძინებელში შედის და საწოლზე წევს...
- ბევრს ისიც უკვირს, როგორ ვიჩერებთ სახლში ძაღლს, მაგრამ ჩემთვის თუ ეს მისაღებია, შეიძლება, სხვა რამ მიუღებელი იყოს და პირიქით. მე მიყვარს ცხოველები და შესაბამისად, საძინებელში მათი შემოსვლაც პრობლემას არ წარმოადგენს. სიამოვნებით მეყოლებოდა სხვა ცხოველიც, მაგრამ ამის საშუალებას ქალაქის ბინა არ იძლევა. სხვებს მეტი მასშტაბი, საშუალება და დრო სჭირდება, ცხოველის მოვლა ხომ დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. მგონია, რომ ამ ორს კარგად ვუვლით და ამ ეტაპზე, არ მგონია, მათ რამე შევმატოთ.
- სახელად რა ჰქვიათ?
- უფროსს დიეგო არმანდო მარადონა ჰქვია (იღიმის), დიეგოს ვეძახით. ეს ძაღლი დაიბადა ჩემი მეგობრის ოჯახში, რომელსაც იმ დროს მარადონას იმპრესარიო სტუმრობდა. იმავე დღეს იყო მარადონას დაბადების დღე, ფეხბურთელი იმ პერიოდში საქართველოში ჩამოვიდა და მეგობრულ თამაშს მართავდა ''დინამოს'' სტადიონზე. რამდენიმე ლეკვს შორის ერთი ''ბიჭი'' გაჩნდა. საერთოდ, ჩიხუახუა ორი ლეკვს აჩენს, იშვიათად - სამს და ოთხს. მარადონას იმპრესარიო ამ ამბავს რომ შეესწრო და ნახა, ერთი მამრობითი სქესის ლეკვი დაიბადა, თქვა, მარადონა უნდა დაარქვათ, თან, დღეს მისი დაბადების დღეაო და ასე შეირჩა ეს სახელი.
- დიეგოს შვილს რა ჰქვია, ისიც ფეხბურთელის სახელს ხომ არ ატარებს?
- დიახ. როგორც იცით, ჩემი მეუღლე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, ამიტომ მარადონას შვილს ლეო ჰქვია, ლეო მესი (იღიმის). ისე მიყვარს ეს პატარა, საყვარელი არსებები, საშუალება რომ მქონდეს, ფეხბურთის გუნდს შევაგროვებდი.
- რამდენი შვილი ჰყავს მარადონას?
- ვერ მოვთვლი. როგორც ბიჭი ძაღლის პატრონებს, მისი თანამეწყვილე რომ გააჩენს, თითო ლეკვი გვეკუთვნის. ლეო დიეგოს შვილებიდან ერთ-ერთი პირველი იყო. როცა მომიყვანეს, ერთი თვისაც არ იყო და ხელის გულზე მეტეოდა. საერთოდ, არ ღირს, ცხოველი დედას სამ თვემდე მოაშორო. ძაღლის დატოვებას არ ვაპირებდით, ვფიქრობდი, სამ თვემდე გავზრდით და მერე ლეკვს ვინმეს მივცემ-მეთქი, მაგრამ ვერავინ ვთქვით მასზე უარი და ლეო ჩვენ შეგვრჩა.
- ვიცი, მარინა კახიანსა და მის შვილ ვათას ჰყავთ დიეგოს კიდევ ერთი შვილი...
- დიახ, ჩიკიტა ვათას პირდაპირ ქუჩიდან გავატანეთ. სახლშიც არ მოგვიყვანია, რადგან შეგვეშინდა, შეიძლებოდა, მასაც ვერ შევლეოდით. თან, შინ ერთი სქესის ძაღლები უნდა გყავდეს. გამოდის, გოგონა ძიძას გავატანეთ. ბევრი ჩემი მეგობარი თეატრალური სამყაროდან გველოდება, როდის გვეყოლება მორიგი ლეკვი, რომ გავცე (იღიმის).
- მამა-შვილს შორის როგორი დამოკიდებულებაა? ხშირად აქვთ უთანხმოება?
- ჩხუბობენ, მაგრამ არასერიოზულად და მეგობრულად. ერთმანეთისგან ხასიათით განსხვავდებიან. უფროსი გაცილებით ავია, უმცროსი - მოსიყვარულე, თუმცა ძალიან ეჭვიანი. როცა დაინახავს, უფროსს ვეფერებით, ყველაფერს გააკეთებს საიმიოსოდ, რომ მოგვაშოროს და თავად დაიკავოს მამამისის ადგილი. საერთოდ, არა მგონია, ხვდებოდნენ, რომ მამა-შვილი არიან, მაგრამ ხშირ შემთხევაში უფროსი უმცროსს ყველაფერში უთმობს.
- ავეჯს, ფეხსაცმელს აზიანებენ თუ მოწესრიგებულები არიან?
- არც ერთს არ გაუფუჭებია რამე, არც ავეჯი დაუღრღნიათ და არც ფეხსაცმელი შეუჭამიათ. პატარაობიდან ვყიდულობდით სპეციალურად ძაღლებისთვის განკუთვნილ ნივთებს, მათი კბილებისა და ღრძილებისთვის, რომლებსაც ძვლის ფორმა აქვს. ყველაფერი განვითარდა, ახლა ძაღლებისთვის ჩუსტის ფორმის სათამაშოებიც არსებობს. ამ ნივთებს ყოველთვის ვყიდულობ და ძაღლები სათამაშოებით ერთობიან. შეიძლება, აქედან გამომდინარე გადარჩა ყველაფერი.
- სპექტაკლი ან გასტროლი რომ გაქვთ, განშორებაზე როგორ რეაგირებენ?
- ექვს თვემდე ძაღლი მარტო არ უნდა დატოვო. ვცდილობდით, ასე მოვქცეულიყავით. ჩვენი ძაღლი რომ წამოიზარდა, მაინც ასე ვიქცეოდით. მე და ჩემი მეუღლე, შინიდან რომ გავდიოდით, სასურველი იყო, სახლში ვინმე დარჩენილიყო. მეორე ძაღლი რომ მოვიყვანეთ და თან უკვე დიდები არიან, ერთად მშვენივრად ერთობიან.
- ბოლო პერიოდში თქვენს მეუღლეს ხშირად უწევს საზღვარგარეთ მუშაობა. როგორ ხვდებიან ძაღლები მის ჩამოსვლას?
- ის რომ ჩამოდის, ეს ისეთი სიხარული და სანახაობაა, ვფიქრობ, ამაზე ცალკე ფილმის გადაღება შეიძლება. საერთოდ, ნებისმიერ ჩვენგანს მცირე განშორების შემდეგ დიდი სიხარულით გვხვდებიან. ოჯახის რომელიმე წევრი სახლში თუ არ არის, ხშირად ბინის კართან სხედან და გველოდებიან. რამდენიმე სართულის ამოვლის შემდეგ ჩვენს ფეხის ხმას სადარბაზოშივე ცნობენ და ყეფას იწყებენ.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS