1966 წელს გადაღებული ფილმის სიუჟეტი ასეთია: ნიკოს (რამაზ გიორგობიანი) და ოთარს (გოგი ხარაბაძე) სამუშაოდ ღვინის ქარხანაში გაანაწილებენ. კარიერისტი ოთარი თავიდანვე უფროსობის მაამებლობის გზას აირჩევს.
ფილმის ეკრანებზე გამოშვებიდან მცირე ხანში, 1967 წლის პირველივე თვეს, ერთიმეორის მიყოლებით საქართველოს რესპუბლიკის სამ მთავარ გაზეთში - ''სოფლის ცხოვრება'', ''თბილისი'', ''კომუნისტი'' - გამანადგურებელი სტატიები დაიბეჭდა. ფილმს უწუნებდნენ ყველაფერს – მხატვრულ დონეს, დრამატურგიულ გადაწყვეტას, მსახიობების შერჩევას და მათ გარეგნობას, პერსონაჟების დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, პროლოგს და ეპილოგს, მიუღებელ სიმბოლიკას, რომელშიც უმთავრესად ფილმში ეკლესიის გამოჩენა და ზარების რეკვის ხმა იგულისხმებოდა. მოკლედ, ფილმს ყველა მხრიდან შეუტიეს და კინოთეატრების ხელმძღვანელობას მისი ჩვენება აუკრძალეს. თუმცა კინოგაქირავებიდან მოხსნაზე მეტსაც ითხოვდნენ: ''გიორგობისთვე'' უნდა დაიწვას, კვალი არ დარჩეს მისი''...
აი, რას იგონებს კრიტიკოსი და პუბლიცისტი აკაკი ბაქრაძე ფილმის წინააღმდეგ აგორებული კამპანიისა და წერილების შესახებ: ''ცენტრალურ კომიტეტში წერილებს გზავნიდნენ კოლექტიურად და ინდივიდუალურად... ფილმის თითოეული კადრი უხამსობა, დამცირება და აგდებაა ქართველი ერისა...''.

არადა, ''გიორგობისთვის'' ეკრანებზე გაშვებას თითქოს პრობლემა არ შეჰქმნია. ფილმი ნახა საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანმა დევი სტურუამ და იმხანად სრულიად გამოუცდელი კინოდრამატურგის ამირან ჭიჭინაძისა და რეჟისორ ოთარ იოსელიანის სადებიუტო ნამუშევარი კინოგაქირავებას გადასცა.
ფილმის წინააღმდეგ ბრძოლა, რა თქმა უნდა, უპირველესად ხელისუფლებამ დაიწყო, მაგრამ იყვნენ ცალკეული ადამიანებიც, რომლებმაც ''გიორგობისთვე'', უბრალოდ, ვერ გაიგეს და სწორედ ამიტომ, გაბრაზებულებმა, სასწრაფოდ გამოაქვეყნეს წერილები ქართულ საბჭოთა პრესაში.
''გიორგობისთვე'' ეკრანებზე იმ დროს გამოვიდა, როცა საქართველო ვასილ მჟავანაძის თითქმის ოცწლიანი მმართველობის პერიოდში იყო. საქართვეელოს სსრ-ის ცკ კომპარტიის მაშინდელი პირველი მდივანი ამ წერილების შესახებ ინფორმაციას უშუალოდ ფლობდა. ამიტომ ქართველმა კინემატოგრაფისტებმა საქართველოს ცეკას პირველ მდივანთან სტუმრობა გადაწყვიტეს. აკაკი ბაქრაძე იგონებდა, მჟავანაძემ ფილმს ბოლომდე უყურა და ბრძანა, სასწრაფოდ ამოეღოთ ფილმის პროლოგიდან ახლო ხედით გადაღებული ბერიკაცი, გვარად იოსელიანი... კინემატოგრა-ფისტებს გაჰკვირვებიათ, საიდან იცნო ეს მოხუცი მჟავანაძემ, ანდა რატომ ჰქონდა მას ასეთი მძაფრი რეაქცია მის დანახვაზე.
აკაკი ბაქრაძე მჟავანაძის გაღიზიანების მიზეზს ხსნის: ''20- იანი წლების ბოლოს კულაკობის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობდა. მაშინ ქუთაისის მაზრის კომკავშირული აქტივის
წევრი მჟავანაძეც ყოფილა. იგი სხვებთან ერთად მონაწილეობდა ქართველი გლეხების საკუთარი მიწა-წყლიდან აყრასა და ციმბირში გადასახლებაში. დასჯილ გლეხებს შორის ის იოსელიანიც მოხვედრილა, ოთარმა ''გიორგობისთვეში'' რომ გადაიღო... ცეკას მდივანს ძველი ნაცნობი ფილმში რომ დაუნახავს, ელდა სცემია – ამას ჩემ წინააღმდეგ აკეთებენ, ამით ქართველ ხალხს ეუბნებიან, აი, ვინ არის მჟავანაძე, ჩვენი გლეხობის მტერიო.''
მჟავანაძემ იოსელიანი ამ კადრის ამოჭრაზე დაითანხმა, რის შემდეგაც ''გიორგობისთვის'' დამცველებს უთხრა, ნიკიტა ხრუშჩოვს მთელი ქართველი ხალხის ციმბირში გადასახლება უნდოდა, მაგრამ მე ამის საშუალება არ მივეციო. აკაკი ბაქრაძე არ წერს, დაიჯერეს თუ არა ეს ამბავი კინემატოგრაფისტებმა. რთულია იმის თქმაც, რატომ არ შემოდო რუსეთმა ეს ფილმი თაროზე, მაგრამ ამ წინააღმდეგობებისა და პრესაში დაბეჭდილი უარყოფითი გამოხმაურების მიუხედავად, ამ შეხვედრის შემდეგ ''გიორგობისთვე'' ხელახლა გამოვიდა ეკრანებზე.
''გიორგობისთვე'' იყო გოგი ხარაბაძის დებიუტი კინოში, თუმცა პირველადი პროფესიით მსახიობს, რომელმაც შემდეგში საკუთარი შესაძლებლობები რეჟისურასა და მწერლობაში მოსინჯა, უკვე ნათამაშები ჰქონდა სცენაზე რობერტ სტურუას სპექტაკლში ''ბრალდება''. მას შემდეგ გოგი ხარაბაძე რუსთაველის თეატრში 30 წელი მოღვაწეობდა.
რამაზ გიორგობიანი რეჟისორ ოთარ იოსელიანის აღმოჩენად მიიჩნევა. მისი კინოკარიერა მოულოდნელად დაიწყო. მაშინ ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. ამ დროს რეჟისორი ''გიორგობისთვის'' გადასაღებად ემზადებოდა და მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა. რამაზი მისმა ასისტენტმა შეამჩნია და ბატონ ოთართან მიიყვანა. მას უთქვამს, ზუსტად ასეთ ბიჭს ვეძებდიო. მოგვიანებით რამაზ გიორგობიანმა საბუთები ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადაიტანა, რადგან კარგად წერდა. სწავლის დასრულების შემდეგ მოსკოვში გამგზავრებას გეგმავდა, კინორეჟისურის ხელოვნების დაუფლებას აპირებდა, მაგრამ ზუსტად იმ წელს რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის კინოსარეჟისორო ჯგუფი თბილისშიც გაიხსნა და გიორგობიანი აქ დარჩა.
''გიორგობისთვის'' შემდეგ რამაზს ბევრ ფილმში იღებდნენ, შემდეგ უკვე თავადაც მოსინჯა ძალები რეჟისურაში, მაგრამ, სამწუხაროდ, რეჟისორობა ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში – გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მოუხდა, ამიტომ ფართო საზოგადოებამ ნაკლებად იცოდა მისი ფილმების შესახებ.
რაც შეეხება თავად კინორეჟისორს, ამ პროფესიის დაუფლებამდე ოთარ იოსელიანმა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრებით დაამთავრა, მოგვიანებით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ორი წელი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, შემდეგ კი - რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში.
ოთარ იოსელიანი არასდროს ჰყვარებიათ საბჭოთა კინორედაქტორებს, თუმცა, ''გიორგობისთვის'' შემდეგ, რეჟისორის ანტისაბჭოთა იდეოლოგია მის ნამუშევრებში ''იყო შაშვი მგალობელი'' და ''პასტორალის'' გადაღებისას კიდევ უფრო გამოიკვეთა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სამივე ფილმში არა მხოლოდ სისტემაზე, არამედ პიროვნების ხასიათსა და თვისებებზეა აქცენტი, რომელიც ნებისმიერ საუკუნესა და დროს ერგება.
''გიორგობისთვის'' არაერთგვაროვანი შეფასებების შემდეგ ხელისუფლება ოთარ იოსელიანს დისიდენტთა რიცხვში მოიაზრებდა. მას საქართველოში თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა აღარ ჰქონდა. გადაწყვიტა, საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო.
''პერესტროიკის'' პერიოდში კი დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ შემდგომ წლებში საზღვრებს გარეთ ყოფნა არჩია. მისი ფილმების დიდი ნაწილი საფრანგეთშია გადაღებული და დღესაც იქ მუშაობს და ცხოვრობს.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''