- ეს სპექტაკლი კონკრეტულ პიესაზე დაყრდნობით არ დადგმულა, შემოყვანილია სხვადასხვა გმირი, მაგალითად ფიფქია, ჯუჯები და ა.შ. მსახიობებს გვაქვს ცალკეული ნომრები. მე ქალ-ბატონ მარინა
- ლაშა, რამდენი ხანია, რაც რუსთაველის თეატრის დასში ხარ?
- ერთი წელია, ჯერ პატარა ვარ (იღიმის). იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, უდიდესი პასუხისმგებლობაა მაყურებლის, დასის წინაშე. ჯერ კიდევ ვსწავლობ იმ ნორმებს, რომელიც უნდა დაიცვა, თუ გინდა, მათი ნაწილი იყო.
- რობერტ სტურუასთან პირველად მოგიხდა მუშაობა თუ მანამდეც გქონდა შეხება?
- არა, აქამდე არ მითამაშია ბატონი რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლში, პირველი სწორედ ''ჯადოსნური ღამე'' იყო. მუშაობის პროცესში მსახიობებზე ბევრად აქტიურია. თვალებს დახუჭავს, გაახელს და უკვე ახალი იდეა აქვს, ისე დეტალებში გაწვდის ყველაფერს, შანსი არ გაქვს, ვერ გაიგო ან არ გააკეთო. არიან რეჟისორები, რომლებიც ''რეჟისორობენ'', ბატონი რობერტი კი გაძლევს საშუალებას, შენც მოიფიქრო, შესთავაზო შენი ვარიანტი, რაც ძალიან კარგია. ნუ, ეს ადამიანი გენიოსია, ამას მარტო მე ხომ არ ვამბობ?!
- ლაშა, ახლა პირადზე გადავინაცვლოთ. როგორც ვიცით, დაოჯახდი..
- ზოგადად, ამ თემაზე ვრცლად საუბარი არ მიყვარს და არ მინდა, ამიტომ მოკლედ გეტყვით. ჩემი მეუღლე სხვისთვის ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ ჩემთვის იდეალური ქალი ქეთევან ჩხეიძეა, რომელიც სამი წლის წინ გავიცანი, მიყვარს, დავაგვირგვინეთ ჩვენი ურთიერთობა და იდეალურად მიდის ყველაფერი.
- ქეთევანი შენი შემოქმედების როგორი შემფასებელია?
- ძალიან უყვარს და აფასებს ჩემს პროფესიას. ზოგადად, ძალიან რთულია გაიგო ის, რომ შეიძლება, რეპეტიცია ღამის 2 საათზე დამთავრდეს. რამდენჯერმე ვცადე, მის მდგომარეობაში წარმომედგინა თავი და ნერვები დამეგლიჯა. გვერდში მიდგას, ძალიან კრიტიკულად მაფასებს და არაფერს მაპატიებს. მეც, რასაკვირველია, ვითვალისწინებ მის აზრს. ჩემი არც ერთი პრემიერა არ გამოუტოვებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია, ჯანდაცვის სფეროში მოღვაწეობს, კონკრეტული კომპანიის კოორდინატორია ექვს ქვეყანაში და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია.
- რამდენ ხანს ითვლის თქვენი სასიყვარულო ურთთიერთობა და რა შეცვალა ოჯახურმა ცხოვრებამ?
- სამი წელი გრძელდებოდა სასიყვარულო ურთიერთობა და ორი თვეა, რაც დავოჯახდით. ოჯახურმა ცხოვრებამ, რასაკვირველია, ბევრი რამ შეცვალა, პირველ რიგში ის, რომ რეჟიმში ჩავჯექი.
- რას გულისხმობ?
- თუნდაც იმას, რომ აღარ შეიძლება, წახვიდე და დალიო ძალიან ბევრი. ოჯახი პასუხისმგებლობაა, რის გამოც რაღაც-რაღაცებზე, ათასგვარ ცდუნებაზე გიწევს უარის თქმა. მაგალითად, მეგობრებთან წასვლა-წამოსვლაზე, რადგან ჩემი წასვლით შეიძლება, ჩემს მეუღლეს ვაწყენინო, ამიტომ ძირითადად ერთად დავდივართ, კლუბი იქნება ეს თუ რესტორანი. ბიჭებისგან მსმენია, კლუბში ცოლი როგორ წამოვიყვანოო, მე კი პირიქით ვარ ამ საკითხში, ის ჩემთვის, პირველ რიგში, მეგობარია და ამიტომ გასართობადაც ერთად დავდივართ ჩვენს დიდ სამეგობრო წრესთან ერთად. ოჯახის შექმნის შემდეგ სხვანაირად ვუყურებ რაღაცებს, თუნდაც ჩემს პროფესიას, ადამიანებთან დამოკიდებულებას. უფრო ზედაპირულად ვუყურებდი, ბევრ რამეს ''ვატარებდი'', დღეს კი ყველაფერზე სხვაგვარი აზრი მაქვს, ბევრს ვფიქრობ. ალბათ, იმიტომ, რომ ის ადამიანია ჩემ გვერდით, ვინც უნდა იყოს, თორემ მარტო ცოლის მოყვანით ყველაფერი ვერ შეიცვლება, მგონი, ასე არ ხდება, ძალით არაფერს ვაკეთებ.
- როგორი ქმარია ლაშა, ჯუჯღუნა კაცების კატეგორიას მიეკუთვნები?
- ჯუჯღუნა ვარ და სახლში რომ მივდივარ, ძალიან სასაცილო ვხდები - ვიწყებ ჯუჯღუნს, მიზეზს ვერ ვპოულობ, მერე იმაზე ვჯუჯღუნებ, რაღაც მიზეზი დამიტოვეთ, რომ ვიჯუჯღუნო-მეთქი. ქეთევანს ყველაფერი ყოველთვის მზად აქვს, ამ თვალსაზრისით იდეალურია. როგორი ქმარი ვარ, ცოტა მიჭირს თქმა, რაც ყველაზე მთავარია, ყურადღებიანი ვარ. მიუხედავად დაკავებულობისა, დღის განმავლობაში მაინც ვახერხებთ ერთმანეთის მოკითხვას მესიჯით ან ზარით.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''