18 იანვარი, 2015
ნანა ფაჩუაშვილი: "ქალებს მინდა ვურჩიო, რომ რესურსების რაღაც ნაწილი საკუთარი თავისთვის შემოინახონ"
მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის პირადი ცხოვრება სიმძიმებითაა სავსე, პირველი მეუღლე შეუღლებიდან ოთხთვე-ნახევარში დაეღუპა, მალევე გაიგო, რომ ორსულად იყო... ბიჭი გააჩინა... რამდენიმე წლის შემდეგ შეხვდა ადამიანს, რომელსაც კვლავ დაუკავშირა ცხოვრება, მასთან გოგო შეეძინა... მეორე მეუღლესთვის ხელი ჰქონდა ჩაკიდებული, როცა სული დალია... საშინლად გაუჭირდა ამის გადატანაც... თუმცა, ცხოვრება გრძელდება... ქალბატონ ნანას ორი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი ჰყავს... მიუხედავად მისი ასაკისა, ყველაზე თავად ზრუნავს, დღემდე ძალიან აქტიურია და ცდილობს, შვილსაც და შვილიშვილებსაც ყურადღება არ მოაკლოს.

- ქართველ დედებს განსაკუთრებული
ტრადიციები, ჩარჩოები გვაქვს. მშობლობა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველი დედა კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას იღებს და ეს კარგია, თუ არა, არ ვიცი, რადგან ზოგჯერ, ამით თამამდებიან შვილები. ყოველშემთხხვევაში ჩემს ოჯახში ასე იყო და არის. მე ზედმეტად ყურადღებიანი და პასუხისმგებლოიბით სავსე ვარ, რითაც ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი ვვნებ. შვილებს დამოუკიდებლობას ნაკლებად ვაჩვევთ, ჩემში ეს ნაკლი არის. ბევრ რაღაცას ვიღებ საკუთარ თავზე, რაც მგონია, რომ კარგი არაა. ბავშვი პატარაობიდნავე უნდა მიაჩვიო ბრძოლას, შერკინებას და საკუთარ თავზე მეტი რაღაცის აღებას. მე პირიქით ვიქცეოდი, ამ ყველაფერს ვაცილებდი შვილებს და საკუთარ თავზე ვიღებდ. მეტიც, შვილების დაოჯახების შემდეგაც კი არ ჩამომიშორებია პასუხისმგებლობა. შვილიშვილების შემთხვევაშიც იგივენაირი დამოკიდებულბა მაქვს, როგორც შვილებთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ 18 წლის ლევანიკო მყავს და 25 წლის ანი, რომელსაც უკვე ოჯახი ჰყავს და მე დიდი ბებიაც ვარ. დიდი ბებიის პირობაზე მაინც ძალიან ვაქტიურობ, ზოგჯერ საკუთარ თავთან მაქვს მონოლოგი, რომ ეს არაა საჭირო, რომ ეს არ უნდა გავაკეთო. მხოლოდ მე კი არ ვარ კარგი დედა და კარგი ბებია, ესაა ტიპიური ქართველი ქალის მიდგომა ოჯახის და შვილების მიმართ. ლევანი შედარებით უფრო დამოუკიდებელია და ეს მომწონს. მაინც მგონია, რომ შვილები დამოუკიდებლად უნდა აღვზარდოთ, არაა ეს იოლი, მაგრამ სასურველია, ბავშვი თავიდანვე მივაჩვიოთ დამოუკიდებლობას და არ ავიღოთ საკუთარ თავზე ისეთი რაღაცები, რაც ჩვენი გასაკეთებელი არაა.

- აღზრდის დღევანდელ მეთოდებს როგორ აფასებთ?
- დღეს ბავშვის აღზრდაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ძიძა, რადგან ქალების დიდი ნაწილი დაკავებულია და ორიენტირებულია იმაზე, რაც შეიძლება მეტი მისცეს შვილს, განათლება, სხვადასხვა წრე და ა.შ. ამის ფონზე დედა თითქოს იცდენს აღზრდის თემას, უფრო ყოფით საკითხებზე არიან გადასულები და ორიენტირებულები. რასაკვირველია, ეს კარგია, მაგრამ აღზრდა კიდევ სხვა მეთოდს მოითხოვს, რაც ვფიქრობ, ნაკლებად აქვთ შესწავლილი დედებს, მან სულიერად უნდა მიაქციოს ყურადღება, ბავშვს ბევრი რამ უნდა ასწავლოს დედის სითბომ. არსებობს გამონათქვამი, ბავშვი მუცელშივე უნდა აღზარდო, რომ დაიბადება უკვე გვიანაა მისი აღზრდაო, მაგრამ მთალდ ასეც არაა. ვინაიდან ბავშვები ძირითადად ძიძებთან არიან, ძიძებს აქვთ დიდი პასუხისმგებლობა, რომ გარკვეული წვლილი შეიტანონ აღზრდის საკითხშიც.

- თქვენ ყოველთვის დაკავებული იყავით, გყავდათ ძიძა?
- 19 წლის უკვე დედა ვიყავი, ყოველთვის აქტიურობით გამოვირჩეოდი დაა დღესაც ასეაა, თუმცა, მეხმარებოდნენ მშობლები. ხანდახან ჩვენ ისეთი ცუდი შვილები აღმოვჩნდებით, რომ ბავშვი თუ გათამამებულია, ბებიას ან ბაბუას ვაბრალებთ, მათ გაათამამესო. რეალურად, ბავშვის აღზრდა მშობლების ხვედრია და ეს სიმძიმე მშობლებმა უნდა ზიდონ გარკვეულ წლამდე. უცხოეთში ბავშვებს 16-17 წლის ასაკში სრულ დამოუკიდებლობას ანიჭებენ, ჩვენთან კი ასე არ არის, ხშირად 50 წლის კაციც დამოკიდებულია დედაზე. ცუდია თუ კარგია, ეს ჩვენი ტრადიციებია, გარკვეულწილად ვერევით შვილების ცხოვრებაში, თუნდაც პროფესიის არჩევაში, ზოგჯერ შეიძლება მხოლოდ რჩევით, მაგრამ ამას უნდა გადავეჩვიოთ და ბავშვებს უნდა მივანიჭოთ აზროვნების, ქმედების თავისუფლება.

- პროფესიის არჩევაში ჩარევა ახსენეთ, ასევე ერევიან ხოლმე პირადშიც...
- პირადში არ უნდა ჩაერიოს ადამიანი და მეც არასდროს არ ჩავრეულვარ, იმიტომ რომ ადამიანი მაინც იმას გააკეთებს, რაც მას უნდა და ცხოვრებას მაინც იმ რჩეულს დაუკავშირებს, რომელთანაც წარმოუდგენია ბედნიერი ყოფა. თუ ამაში ვინმე ხელს შეუშლის, მთელი ცხოვრება უკმაყოფილო იქნება... ამიტომ პირადი თემა თავად უნდა გადაწყვიტონ, ან უნდა გაბედნიერდნენ, ან ცხვირი უნდა წაიტეხონ (იცინის).

- ქალბატონო ნანა, პირველი შვილი უკვე ქვრივმა გააჩინეთ, ეს ალბათ ძალიან რთული იყო...
- მართლაც ასეა, მაგრამ ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი და პროფესია იყო და არის, ამიტომ ჩემი მთელი რესურსები ორივე მხარეს მოვახმარე და ხანდახან ვამბობ ხოლმე, გამომელია რესურსი-მეთქი. უკვე 70 წელს გადავცდი და ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, ადამიანმა თავისთვის რაღაც უნდა დაიტოვოს, ვგულისხმობ რესურსს, თუნდაც საკუთარი თავის ოდნავ განებივრებას და ა.შ. ადამიანი რომ შემომხედავს, შეიძლება იფიქროს, რა თქმა უნდა, ნანას თავისი თავისთვის სცალიაო, მაგრამ ეს ყველაფერი გარეგნული შეხედულებაა... მე მსახიობი ვარ და მუდამ ფორმაში უნდა ვიყო, დღემდე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ოჯახს და პროფესიას არაფერი დავაკლო, რაშიც გადის ცხოვრება. ამას არ ვნანობ, მაგრამ ქალებს მინდა ვურჩიო, რომ რესურსების რაღაც ნაწილი საკუთარი თავისთვის შემოინახონ, შეძლებისდაგავრად საკუთარი თავი გაანებივრონ და უნდა ეცადონ, თვითონაც კმაყოფილები წავიდნენ. მე ვიცი, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები ძალიან კმაყოფილები არიან, რასაც მე მათი ყურადღებით, სიტყვებით ვგრძნობ, მაგრამ ჩემს თავთან მარტო რომ ვრჩები, ვხვდები, ჩემთვის ცოტა რამ დავიტოვე და არ ვიცი, ეს სწორია თუ არა.

იხილეთ გაგრძელება

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS