19 იანვარი, 2015
ფოტოგრაფის მიტინგებიდან დაწყებული კარიერა და უნიკალური კადრები მძიმე 90-იანებიდან
ირაკლი გედენიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. 25-ე წელი დაიწყო, რაც საყვარელ საქმეს ემსახურება და ამის გამო, ხშირად რთული პერიოდიც ჰქონია. იყო დეპრესიაც, როდესაც სახ-ლიდან გამოსვლა არ უნდოდა, მაგრამ დღეს ისევ აქტიურად მუშაობს, ''ინტერპრესნიუსის'' ფოტორეპორტიორი და ''პალიტრა მედიის'' ფოტობიუროს ხელმძღვანელია.

Rating

- 15 წლის ვიყავი, როდესაც ფოტოაპარატი ხელში დავიჭირე. მაშინ ეროვნული მოძრაობა პიკში იყო. სახლში ბაბუას ძველი აპარატი გვქონდა, ხელში ავიღე და გადასაღებად გავედი. 9 აპრილის შემდეგ ეროვნული მოძრაობა უფრო გაძლიერდა და ვფიქრობდი, ქუჩაში დროშის ფრიალის ნაცვლად, ჩემი
არქივისთვის ისტორია შემექმნა. მაშინ ფირი არ იშოვებოდა და კადრების რაოდენობა დათვლილი მქონდა. ერთი ფირი ორი კვირა უნდა მყოფნოდა. ერთი წლის შემდეგ განცხადება გამოქვეყნდა, რომ ''საქინფორმის'' რედაქცია ფოტოგრაფობის მსურველებს სასწავლებლად იწვევდა. ჩემი ფოტოფირები რომ ნახეს, მითხრეს, ამას სწავლა არ უნდაო და შტატგარეშე კორესპონდენტად ამიყვანეს. 1990 წელი იდგა და წარმოიდგინეთ, საბჭოთა პერიოდის აპარატიდან ''ნიკონის'' ფირმის ფოტოაპარატზე გადავედი. მაშინ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ჩემი პროფესიისთვის.

Rating

- ძირითადად, რისი გადაღება გიწევდა?
- ქუჩის მოვლენების. უფრო დიდი მოტივაცია მქონდა, რადგან ჩემი გადაღებული სურათები ქართულ პრესაში იბეჭდებოდა. ასევე საკავშირო პრესაშიც. თუ ექსკლუზიური კადრები მქონდა, ''როიტერზეც'' გადიოდა. პირველი სამოქალაქო ომის დროს ჩეჩნეთში ''როიტერმა'' გამიშვა. ზვიად გამსახურდიას დაკრძალვა გადავიღე. ასევე მხედრიონსა და ზვიადისტებს შორის ომი. აფხაზეთის ომში არ ვყოფილვარ, პატარა ვიყავი და შესაბამისი გამოცდილება არ მქონდა. თბილისში ვიღებდი მძიმე კადრებს, როდესაც დაჭრილები და გარდაცვლილები გადმოჰყავდათ.

Rating

- შემდეგ როგორ გაგრძელდა შენი კარიერა?
- ერთ-ერთ გაზეთში დავიწყე მუშაობა. მერე წლები ''ინტერპრესნიუსში'' ვმუშაობდი, ამას მოჰყვა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფობა და ცნობილი მოვლენების შემდეგ, ისევ ''ინტერპრესში'' დავბრუნდი.

Rating

- ყველაზე მძიმედ რომელი გადაღება გახსენდება?
- ყველა ომი, რაც გამოვიარეთ. ძალიან მძიმე იყო აგვისტოს ომი. ასევე 26 მაისი და ძირს დაგდებული ნაცემი მამაკაცის კადრი.

Rating

- როდის დაგწყდა გული, რომ შენთვის მნიშვნელოვან გადაღებაზე არ იყავი?
- როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, მაშინ ფილარმონიაში იყო შეკრება. სახლში ვიჯექი, სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი, რადგან ციხიდან ახალი გამოსული გახლდით. გადაღების სურვილი მქონდა, მაგრამ სახლიდან გამოსვლა არ მინდოდა.

Rating

- საოცნებო პროექტზე მოგვიყევი.
- ახლა დავასრულე აეროფოტოების პროექტი, რომლის პირობითი სახელი იყო ''ზეციდან დანახული საქართველო''. პატარა უპილოტო საფრენი აპარატი მაქვს, რომლის საშუალებითაც ზაფხულის განმავლობაში ოჯახთან ერთად კარვებით მთელი საქართველო მოვიარე და სურათები გადავიღეთ. ფოტოალბომი მალე გამოვა, ბევრი მასალაა დაგროვილი, ათასობით ფოტოა. მსგავსი პროექტი ქართულ რეალობაში არ განხორციელებულა.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS