ლაშა კანკავა ამბობს, რომ მსახიობობისადმი ინტერესი სამი წლის ასაკიდან გაუჩნდა. თეატ-რალურ უნივერსიტეტში ჩააბარა, გოჩა კაპანაძისა და ლევან წულაძის ჯგუფში სწავლობდა, ჯერ კიდევ სტუდენტობისას რუსთაველის სარდაფის სპექტაკლებში მონაწილეობდა და იმავე დროს ორ ფილმშიც გადაიღეს. თუმცა თეატრალურის დამთავრების შემდეგ იყო პერიოდი, როცა არაერთ სხვა საქმეშიც მოსინჯა ძალები. ახლახან ლაშა რამიშვილთან ერთად სიმღერა ''არ დანებდე'' ჩაწერა, რომლის მოსმენაც მალე იქნება შესაძლებელი.
- ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ,
- და რა საქმით იყავით დაკავებული, სანამ რუსთავის თეატრში მიგიღებდნენ?
- მშენებლობაზე დამხმარედ ვმუშაობდი, პურის საცხობ ქარხანაში დაცვაში, ცვლის უფროსის მოადგილე ვიყავი, რუსთავის ერთ-ერთ ინტერნეტკაფეში ვმუშაობდი, ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მეგობრებს ვეხმარებოდი საქმიანობაში. ერთი პერიოდი საზღვარგარეთ წასვლაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ჭოლამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა, პირველად თეატრალურში სწავლის პერიოდში და მეორედ, უკვე როცა ჩემს პროფესიაში დავბრუნდი.
- დღეს კიდევ ფიქრობთ სხვა პროფესიაზე?
- არა. გეტყვით რა იყო: როცა შენი გარემოდან სრულიად სხვა გარემოში ხვდები, ცოტა რთულია შეგუება, რაღაცების გადალახვა, ადაპტაცია. საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე, რომ ძალიან გამტარი ვყოფილიყავი. მიმეღო ყველაფერი ისე, როგორც არის. როცა ყველაფერს იღებ ისე, როგორცაა, მაშინ ბევრად ნაკლებად გვეტკინება გული და სანერვიულო ცოტაა. ასე უფრო ორიენტირებული იქნები შენს საქმეზე.
- ბავშვობაში რომელიმე წიგნის პერსონაჟი თუ მოგწონდათ გამორჩეულად?
- ძალიან საინტერესო კითხვაა... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა არტისტობა, არ მყოლია საოცნებო გმირები, რომელთა თამაშიც მინდოდა, მაგრამ იყო ჟანრები, რომელშიც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. და მივედით ''ტიფლისამდე'', რომელიც სწორედ იმ ჟანრის სერიალია, სადაც თამაშზე სულ ვოცნებობდი. როგორი მომენტია, გეტყვით, ჩემს იერთან დაკავშირებულ ამბავს: პირველი ორი როლი რუსი სამხედროსი მქონდა. როგორც ჩანს, ასე დამინახეს და მერე ისე აეწყო, რომ სულ არაქართული გარეგნობის, სახეგაპარსულ, თავგადაპარსულ ცუდ ტიპებს ვთამაშობდი. არადა, კოლხი ვარ და ჩემი წინაპრებიც კოლხები არიან. თავიდან ამაზე ცოტი გული მტკიოდა, მაგრამ ჩემს პროფესიაში რომ გავერკვიე, მივხვდი, რაც უფრო გაყიდვადია, იმაზე უნდა გადაერთო. მოგვიანებით სპეციალურად გადავიღე ფოტოსესია ქართული კოსტიუმით, წვერითა და განსხვავებული იერით, რომელშიც მეგობარი ფოტოგრაფი დამეხმარა. ეს ფოტოები განვათავსე ''ფეისბუქზე''. ამ სოციალურ ქსელს ჩემს საქმეში კარგად ვიყენებ. პერიოდულად ''ვამარიაჟებ'', ვატრიალებ და ვატრიალებ ამ სურათებს და ასე მიკავშირდებიან სხადასხვა პროექტიდან. ჯერ გადამიღეს რეკლამებში. მერე ჩემმა მეგობარმა ნიკოლოზ ხომასურიძემ მოკლემეტრაჟიან ფილმში მიმიწვია. წელიწადში 10-15 ფილმში არა, მაგრამ საქართველოს რეალობაში რა ფილმებსაც იღებენ, უმეტესობაში ვმონაწილეობ. ''ტიფლისის'' გადაღებები რომ დაიწყო, ძალიან გამიხარდა. მსახიობისთვის ასეთ სერიალში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. სერიის გასვლის შემდეგ, მეორე დღეს ქუჩაში რომ გადიხარ, გრძნობ ხალხის ყურადღებას. კი, მანამდეც იყო პროექტები, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ცნობილი რუსთაველი მანიაკის როლი ვითამაშე, ''შუა ქალაქში'' - კაკი და ყოველი სერიის შემდეგ ხალხის რექციებზე ვხვდებოდი, ვინ უყურებდა და გცნობდა. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ეს მსახიობისთვის ძალიან სასიამოვნო მომენტია.
- ბავშვის ენაზე რომ ვთქვათ, სულ ''ცუდი'' და ''ბრაზიანი'' კაცის როლები გაქვთ...
- მე რომ რომეო არ ვარ და ამ პერსონაჟზე პრეტენზია რომ არ უნდა მქონდეს, ვიცი. თუ რეჟისორი კლასიკას გადაუხვევს და რამე სიგიჟეს არ გააკეთებს, მაშინ მე არ დამიძახებს. უარყოფითი, მკაცრი პერსონაჟის იერი მაქვს და კასთინგების დროსაც, თუ ასეთ სახეს ეძებენ, ვითვალისწინებ და მივდივარ.
- ალბათ, ამიტომ არ იღიმოდით ჩვენი ფოტოსესიის დროს, ფოტოების 90%-ზე რომ მკაცრი იერი მოგერგოთ...
- შეიძლება (იღიმის). ამას მივეჩვიე. არ ვამბობ, რომ კარგი მთავარი გმირი ვარ, მაგრამ კარგი უარყოფითი პერსონაჟი რომ ვარ, ვიცი. სხვათა შორის, რეკლამის გადაღებებზე ნიკოლოზ ხომასურიძეს ვინი ჯონსი ჰყავდა ჩამოყვანილი და მან ზუსტად ახსნა ის პრინციპი, რომელიც ჰოლივუდში მოქმედებს. ის ''პროდუქტი'' უნდა ატრიალო, რაც უფრო კარგად იყიდება. სხვათა შორის, მისი მხრიდან ძალიან კარგი შემოთავაზება მქონდა, მითხრა, ჰოლივუდისთვის კარგი ''ცუდი ბიჭი'' იქნებოდიო. ეს წინადადება ძალაში რჩება, მაგრამ იქამდე რაღაც ეტაპები მაქვს გასავლელი.
- კომპლიმენტი უთქვამს ვინი ჯონსს...
- კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: რენი ჰარლინი ''აგვისტოს ხუთ დღეს'' რომ იღებდა, კასტინგი გავიარე და იქ ერთ-ერთი უარყოფითი გმირის, ჯარისკაცის როლი უნდა მეთამაშა. გრიმზე მუშაობდნენ ქართველები და ამერიკელები. ჩვენმა გრიმიორებმა ჩემგან ძალიან კარგი ''ცუდი ბიჭი'' შექმნეს. ამერიკული ჯგუფის მთავარმა გრიმიორმა, ყველას რომ გადახედა, ჩემზე თქვა, ეს მთავარ უარყოფით გმირზე უარეს შთაბეჭდილებას ტოვებს, მასზე უხეში ჩანს და ცოტა მაკიაჟი ''გაულაითეთო''. ამპარტავნებაში არ გადავვარდნილვარ და არც თავში ამვარდნია რამე, თუ შეგნებული ხარ, ეს გესმის. გასაღები ვიპოვე და ვიცი, რომ ჩემი ეს კონკრეტული ''ობრაზი'' მუშაობს, ეს უნდა განვავითარო და ასეც ვიქცევი.
- დაბოლოს ყვითელი შეკითხვაც პირადზე, დაოჯახებული ხართ თუ არა?
- დიახ, მყავს მყავს მეუღლე და ორი არაჩვეულებრივი შვილი. ლუკა 6 წლისაა, მარიკო - 8 თვის. მეუღლე, ნინო ნადიბაიძე, მხატვარ-დიზაინერია, მაგრამ ამ ეტაპზე არა თავის პროფესიით, არამედ ერთ-ერთ სატელეფონო კომპანიაში მუშაობს.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''