- მანქანა ყოველთვის მაინტერესებდა და მომწონდა, როცა ქალი იჯდა საჭესთან, თან, დედაჩემი დიდი ხანია, მანქანას მართავს, ბევრი წელი ''ნივა'' ჰყავდა და იმით დადიოდა. მეც ''ნივაზე''
- ეს შენი პირველი მანქანაა?
- კი, ორკარიანი ''მიცუბიში პაჯერო'' - ესაა ჩემი პირველი მანქანა, პატარა, მოხდენილი, მუშა. არაა მაღალი კლასის მანქანა და სიმართლე გითხრა, არც მაქვს გართულება, რომ მაინცდამაინც სასწაული მანქანით ვიარო.
- ტექნიკური საკითხები თუ გესმის?
- კი. მძღოლისთვის მთავარია ალღო, თუ გაქვს ეს თვისება, ტარებასაც მარტივად ისწავლი და მიხვდები კიდეც, რომ რაღაც ისე არ აქვს მანქანას. ვერ ვიტყვი, ხმა რომ მესმის, აუცილებლად ვხვდები, საიდან შეიძლება მოდიოდეს და რა შეიძლება ჰქონდეს გაფუჭებული, მაგრამ ყოველთვის ყურადღებით ვარ, საბურავებს ვუყურებ, ვამოწმებ. არ ვიცი, დამთხვევა იყო თუ რა, ინტერვიუზე სანამ წამოვიდოდი, საბურავი დაშვებული დამხვდა, წავიყვანე ვულკანიზაციაში და გამიკეთეს, თუმცა, როცა რაღაც სერიოზულია, თუნდაც ზეთის გამოცვლა და ა.შ. მაშინ ჩემს ქმარს, ძმას ან მამას მიჰყავს.
- ხშირად ქალებისთვის მანქანა სახლია, გარდერობის თვალსაზრისითაც.
- ხშირად ვერ ვახერხებ სამსახურიდან სახლში გავლას, გამოცვლას, ამიტომ ზოგჯერ მანქანაში რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი მიდევს, საკიდებზე ტანსაცმელი კიდია და ა.შ. ამ მხრივ ცოტა მოუხერხებელია ეს მანქანა, რადგან ორკარიანია, წინიდან გიწევს სავარძლის გაწევა და ისე მოქმედება. ხშირადაა შემთხვევა, როცა ვინმე უნდა წავიყვანო, მაგრამ უკან ისეთი ამბავი ხდება, დასაჯდომი აღარაა, თან მიდევს ''ქარსითი'', რომელიც ბავშვის დასაჯდომად აუცილებელია და ერთ სრულ ადგილს იკავებს.
- გვანცა, საცობებსა და გართულებულ პარკინგს როგორ უმკლავდები?
- სიმართლე გითხრა, მივეჩვიე იმიტომ, რომ ასეთ საგიჟეთში დავიწყე მოძრაობა. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ იდეალური მძღოლი ვარ და საავარიო სიტუაცია არ შემიქმნია. საჭეს თავიდან რომ მივუჯექი, პირველსავე დღეს ძალიან ბევრი საქმე მქონდა და ბევრ ადგილას ვიყავი მისასვლელი. ამ სიარულში შემომაღამდა, ორ-სამჯერ რეალურად საავარიო სიტუაცია შევუქმენი ჩემს თავსაც და სხვასაც, ოღონდ ვერ მივხვდი, რატომ, მაშინ, როცა ყველაფერს კარგად ვასრულებდი, მისიგნალებდნენ, ერთმა გოგომ ხელიც კი გადმოყო მანქანიდან. თუმცა ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა, აღმოჩნდა, რომ ფარები არ მენთო, ხილვადობა მქონდა ნაკლები და შესაბამისად, რეაქციასაც ვაგვიანებდი. იმის შემდეგ ძალიან ყურადღებით ვარ, ყოფილა შემთხვევა, რომ გადამიყენებია და დამიძინია მანქანაში, როცა ვხვდებოდი, რომ უსაფრთხო აღარ იყო ჩემი მგზავრობა.
ზოგადად, მძღოლი რისკიანი კი არა, გაბედული უნდა იყო, რომ მოძრაობა არ შეაფერხო და იმავდროულად, უსაფრთხოდ იმგზავრო. ცუდი მძღოლი არ ვარ, მამაჩემმა, რომელიც ყველაზე კრიტიკულია, მითხრა, ლამაზად მართავ მანქანასო და ეს ბევრ რამეს ნიშნავს (იღიმის). თავიდან ჩემი მეუღლეც მაძლევდა შენიშვნებს, თუმცა აღიარებს, რომ ცუდი მძღოლი არ ვარ. ისე, ზოგჯერ ახლაც მეუბნება - ოდნავ სწრაფად დადიხარ, მკვეთრად ამუხრუჭებ და ა.შ.
- სისწრაფე გიყვარს?
- არა, გაზს რომ ფეხი დავადგა და გავიქცე, ეგ არ მახასიათებს, მაგრამ ნელა რომ ''დაჩოჩიალობენ'', ეგეც არ შემიძლია, თუმცა წესებს ყოველთვის ვემორჩილები. პატრულთან ჩემი ძირითადი პრობლემა ტელეფონზე საუბარია, ხან საცობში ორი საათი გიწევს ყოფნა და ტელეფონით ოჯახთან კონტაქტობ, ან აგვარებ საქმეს. სამჯერ დავჯარიმდი და სამივეჯერ ეგ იყო მიზეზი, ერთხელ მომივიდა ვიდეოჯარიმა. პარკირება ხომ ცალკე საკითხია, იყიდი ''სითი პარკის'' ნიშნულს, მაგრამ ე.წ. ''სტაიანშიკს'' მაინც უნდა მისცე ფული, რეალურად საკმაოდ ძვირი ჯდება პარკინგი თბილისში, ხან საერთოდ ვერ აყენებ. მიუხედავად ამისა, არასდროს გამიჩერებია მანქანა არც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ადგილას და არც იქ, სადაც ადამიანების გადაადგილებას შევუქმნი პრობლემას. მქონია შემთხვევა, ხუთი წრე დამირტყამს მთელი უბნისთვის და მაინც ვერ დამიყენებია.
- ქალ მძღოლებთან დაკავშირებულ სტერეოტიპს ეთანხმები?
- მგონი, ქალები ამ სტერეოტიპის მსხვერპლნი ვართ. იმდენი იძახეს, ქალები ცუდი მძღოლები არიანო, რომ დაგვაკომპლექსეს. ავტოსაგზაო შემთხვევის ასარიდებლად ვფრთხილობთ და რიგ შემთხვევაში, შეიძლება, ვაფერხებთ კიდეც მოძრაობას, თორემ ჩაიხედოს ყველა კაცმა სტატისტიკაში, ავტოსაგზაო შემთხვევებში ვინ უფრო ხშირად ხვდება. რა თქმა უნდა, მამაკაცები, რადგან უფრო რისკიანები არიან, ამით შეგვიძლია განვსაჯოთ, ვინ როგორი მძღოლია. ბოლომდე არ ვეთანხმები ამ სტერეოტიპს, მაგრამ არც იმას ვამბობ, რომ სრულიად არარეალურია.
- როგორია შენი რეაქცია, როცა მძღოლი არასწორად იქცევა?
- ხანდახან მინდა გადავიდე და პირდაპირ ვუთხრა, რა საშინლად იქცევა. ერთხელ ისე გავბრაზდი, მშვენიერ გოგოს ქალბატონოთი მივმართე და ვუთხარი, მინიშნებას მაინც შეხედე-მეთქი (იღიმის). კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ და ყველამ უნდა დაიცვას, ცნობადობის გამო მე პატრულს არც ერთხელ არ გავუშვივარ, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ სახელით მომმართავენ ხოლმე.
- საჭე და მაკიაჟი…...
- კი, ყოფილა ასეთი შემთხვევა. სრული მაკიაჟი არ გამიკეთებია, მაგრამ ნაწილობრივ კი... შუქნიშნებს ვიყენებ ხოლმე.
- როგორ ფიქრობ, რამდენად კომფორტულია მგზავრობა, როცა საჭეს გვანცა დარასელია უზის?
- ვფიქრობ, არის. საერთოდ, ყველაზე კარგი შემფასებელია ის, ვინც თვითონ არაა მძღოლი. თუ მგზავრი შენს მანქანაში ნაკლებად იღლება, ე.ი. ცუდი მძღოლი არ ხარ, ჩემი ვესტიბულარული აპარატი საშინლად მუშაობს და თუ საჭესთან არ ვზივარ, მიჭირს მგზავრობა, შესაბამისად, ზუსტად ვხვდები, ადამიანი როგორი მძღოლია, როცა გვერდით ვუზივარ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''