13 იანვარი, 2015
თხოვნა, რომელიც სიკვდილის წინ ზაქარია ფალიაშვილს არ შეუსრულეს
ბავშვობაში ზაქარია და მისი ძმა კათოლიკურ ეკლესიაში გალობდნენ ფალიაშვილები წარმოშობით სამხრეთ საქართველოდან, მესხეთ-ჯავახეთიდან იყვნენ. მისი ოჯახი იმ ქართველ კათოლიკეთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც ახალციხიდან ქუთაისში დასახლდნენ. ქართული ოპერის ერთ-ერთი ფუძემდებელი ზაქარია ფალიაშვილი სწორედ იქ, 1871 წლის ზაფხულში დაიბადა. პეტრე ფალიაშვილისა და მარიამ მესარქიშვილის მრავალშვილიან ოჯახში ზაქარია მესამე ბავშვი იყო...

პეტრე ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში მსახურობდა, მარიამი ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული. უჭირდათ, 11 შვილის მოვლა-პატრონობა არ იყო მარტივი. ცოლ-ქმარს შვიდი შვილი სხვადასხვა დროს მცირეწლოვან ასაკში გარდაეცვალა.

როგორც ჩანს,
ცოლ-ქმარს მუსიკალური ნიჭი ჰქონდა - პეტრეც მღეროდა და მარიამიც. ოჯახის უფროსს ჩვევად ჰქონია, ჩუმი ღიღინის დროს, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ქნევა, რის გამოც ნათესავ-მეგობრები ''პეტრე ღიღინას'' ეძახდნენ.

ბავშვობაში ზაქარია და მისი ძმა კათოლიკურ ეკლესიაში გალობდნენ. ზაქარიას წკრიალა ხმა (დისკანტი) ჰქონია. იქვე სწავლობდა ორგანზე დაკვრასაც. დაწყებითი განათლებაც ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მიიღო. მოგვიანებით ის და ივანე (ვანო) თბილისის კათოლიკეთა მიძინების ეკლესიის წინამძღვარმა ალფონსო ხითარიშვილმა დედაქალაქში წაიყვანა.

''...პატარაობიდანვე მთელს ჩვენს მრავალრიცხოვან ოჯახში და-ძმებს ბუნებითად მუსიკალური ნიჭი დაგვყვა. ეს, ჩემი აზრით, იმით უნდა აიხსნებოდეს, რომ როგორც კათოლიკენი, ხშირად მოსიარულენი ეკლესიაში, სადაც საეკლესიო ორგანის ნაზი ხმები სმენას ატკბობს და ანვითარებს, ჩვენც, და მომეტებულად მე და ჩემს უფროს ძმა ივანეს, რომელმაც პირველად თავის უმცროს და-ძმებს ჩაგვინერგა სიყვარული მუსიკისადმი, ერთთავად ეკლესიაში ვიმყოფებოდით და ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ჩვენი მუსიკალური სმენაც ვითარდებოდა'', - იგონებდა მოგვიანებით კომპოზიტორი. 

თბილისში ზაქარია სამუსიკო სასწავლებელში ლითონის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ფაკულტეტზე სწავლობდა. პარალელურად, მან 40-კაციანი გუნდიც ჩამოაყალიბა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. მართავდა ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს. თბილისის მოწინავე საზოგადოებამ ასე გაიცნო წარჩინებული ახალგაზრდა და მალე, მათი დახმარებითა და ფინანსური ხელშეწყობით, სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა.
რუსეთის დედაქალაქის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე სწავლის დასრულებისას, საგამოცდო კომისიამ ასე შეაფასა: ''ხუთიანი მიმატებით''. 1903 წელს ზაქარიამ იულია უტკინაზე იქორწინა და მასთან ერთად თბილისში დაბრუნდა. მალე წყვილს ვაჟიც შეეძინა, რომელსაც ირაკლი დაარქვეს.

ამ დროიდან იწყება ზაქარიას ინტენსიური შემოქმედებითი ცხოვრება. ძველ გუნდთან ერთად კონცერტებს მართავდა და პარალელურად, ფონოგრაფით ხელში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩადიოდა და სახალხო მომღერლების შესრულებულ სიმღერებს იწერდა. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის შეგროვება-შესწავლაში და წლების განმავლობაში 300-მდე ხალხური სიმღერა ჩაწერა, მუშაობდა საეკლესიო საგალობლების დამუშავება-გამოცემაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1910 წლის 31 ოქტომბერს სწორედ ზაქარია ფალიაშვილის გუნდმა მიიღო მონაწილეობა ახლად გახსნილი ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიის საზეიმო კურთხევის ცერემონიაში.

...როცა ზაქარია ფალიაშვილს ოპერის შექმნის სურვილი გაუჩნდა, ძველი ქართული ეპოსის, ''ეთერიანის'' შესწავლას შეუდგა. ''აბესალომ და ეთერი'', ასე უნდა დარქმეოდა ოპერას, სადაც უფლისწული აბესალომისა და გლეხის ქალი ეთერის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია იქნებოდა აღწერილი.

ზაქარიას ვაჟ ირაკლის მუსიკა პატარაობიდანვე იტაცებდა. ის მამას ხშირად დაჰყავდა რეპეტიციებზე და ოპერაში ჩუმად აკვირდებოდა, როგორ დირიჟორობდა ორკესტრს. ოთხი წლის ყოფილა, როცა თავისი პატარა თითებით ფორტეპიანოსთან იჯდა და უკრავდა. მიუხედავად მცირე ასაკისა, თავადაც ქმნიდა მუსიკალურ კომპოზიციებს. მალე ვიოლინოზე დაკვრაც შეისწავლა. ''აბესალომ და ეთერის'' წერის დროს ირაკლი მამის გვერდით ტრიალებდა, ''მამა, ეს არ მომწონს, გადააკეთე'' - ''ერეოდა'' ოპერის შექმნაში. ცხადია, ამაზე კომპოზიტორს ეღიმებოდა და შვილის ''შენიშვნებს'' ითვალისწინებდა. ოპერის წერის პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როცა 1915 წელს ზაქარია ფალიაშვილის ოჯახს თავს დიდი უბედურება დაატყდა.

აგარაკზე იყვნენ. ირაკლის ტანზე მორი დაეცა და ცალი ხელი საგრძნობლად დაუზიანდა. თავიდანვე სუსტი გული ჰქონდა, მერე ამ ყველაფერს ქუნთრუშაც დაერთო და... დიდხანს იწვა ლოგინში, მაგრამ უკეთესობის მაგივრად ბავშვის მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდებოდა. შეშფოთებულმა მამამ დასახმარებლად ექიმებს უხმო, მაგრამ ყოველგვარი სამედიცინო ჩარევა უშედეგო აღმოჩნდა.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მისუსტებულმა ბავშვმა გვერდით მყოფ ექიმს მიმართა: ''ექიმო, მე ვკვდები? თუ მოვკვდი, მაშინ... ჩემი მამაც და დედაც მოკვდება!''

შვილის გარდაცვალებამ ზაქარია ძალიან მოტეხა. აღარაფერი ახარებდა. ნერვიული და გულჩათხრობილი გახდა. მთელ დღეებს შვილის საფლავზე ატარებდა და შინ გვიან ღამით ბრუნდებოდა. იმ პერიოდში ზაქარიას ფორტეპიანოს დანახვაც არ უნდოდა, ''აბესალომი'' სადღაც კუთხეში მიაგდო და მიივიწყა.

მოგვიანებით ზაქარია ფალიაშვილი თბილისის სამუსიკო სასწავლებელში მიიწვიეს, რომელიც 1917 წელს კონსერვატორიად გადაკეთდა. იმ პერიოდში სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, რაც ზაქარიასთვის მიუღებელი იყო. 1922 წელს, დიმიტრი არაყიშვილის ინიციატივით, ქართული ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო სკოლის საფუძველზე მეორე კონსერვატორია დაარსდა. მასში სწავლა ქართულ ენაზე წარიმართა და როდესაც 1923 წელს პირველი და მეორე კონსერვატორია ერთმანეთს შეუერთდა, კომპოზიტორი ამ ფაქტს დიდი სიხარულით შეხვდა.

დრო გავიდა და ერთ დღესაც ზაქარია ისევ მიუჯდა ფორტეპიანოს. ''აბესალომსა და ეთერზე'' მუშაობა განაგრძო. პირველი ნაწყვეტები საჯაროდ 1913 წელს შესრულდა, ხოლო 1919 წლის 21 თებერვალს ოპერის პრემიერა ავტორისვე დირიჟორობით გაიმართა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. იმ დროს აბესალომისა და მურმანის პარტიების შემსრულებლები ვანო სარაჯიშვილი და სანდრო ინაშვილი თავიანთი მოღვაწეობის ზენიტში იყვნენ და პრემიერიდან მეორე დღეს მათ არიებს მთელი თბილისი მღეროდა...
''აბესალომ და ეთერი'' დაახლოებით ათი წლის განმავლობაში იწერებოდა. კომპოზიტორმა ის თავის გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა, წარწერით: ''ძეგლად დედისერთა ყრმის ირაკლის უმანკო სულისა, მამამისის ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილისგან''
ამის შემდეგ შექმნა კომპოზიტორმა თავისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპერა ''დაისი''. წერა აბასთუმანში დაიწყო და იქვე დაამთავრა. თავდაპირველად ''ღამის თევაზედ, ანუ ორ მიჯნურს'' უწოდა, თუმცა 1923 წლის პრემიერამდე გადაიფიქრა და მოკლე სახელწოდება ''დაისით'' შემოიფარგლა.
დაბოლოს, რამდენიმე შტრიხი კომპოზიტორის პორტრეტისათვის:
ზაქარია მშობლიურ ქუთაისს ხშირად სტუმრობდა. ზაფხულობით დილით ადრე დგებოდა და საათობით იჯდა ფორტეპიანოსთან. მუშაობის პროცესში ყოველთვის ედგა ჩაით სავსე ჭიქა. იმერული კერძების სიყვარულით გამოირჩეოდა, ეზოში ხილს საკუთარი ხელით კრეფა. ერთხელ ქუთაისში შემოდგომაზე ჩასულა და ნათესავების რთველში ჩაბმულა. მოულოდნელად გაწვიმდა, ყველამ თავი შეაფარა, ზაქარია ადგილიდან არ დაძრულა. მალე სხვებიც დაბრუნდნენ ვენახში და კომპოზიტორის წამოწყებულ ''ჟუჟუნა წვიმა მოვიდას'' აჰყვნენ...

ექიმების ხშირი სტუმარი ყოფილა. პატარა გაციებასაც შიშით უმზერდა. ერთხელ მთელი კვირა დაწვა საავადმყოფოში, სანამ ყველა ანალიზმა და გამოკვლევამ კარგი შედეგი არ აჩვენა, იქაურობა მანამდე არ დატოვა. შეიძლება, ეს ერთგვარი წინათგრძნობაც იყო, რადგან 1933 წლიდან ზაქარია მართლაც შეაწუხა ჯანმრთელობამ, ჯერ ხელისა და წელის ტკივილი დაეწყო და ამის გამო დირიჟორობა გაუძნელდა. მალე ლენინგრადში კომპოზიტორს თირკმელზედა ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. კომპოზიტორს სიმართლე დაუმალეს, მკურნალობას აღარავითარი აზრი არ ჰქონდა, თუმცა თბილისში დაბრუნებულს მაინც ჩაუტარდა შესაბამისი პროცედურები. ფალიაშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეების ათვლა დაიწყო...

1933 წლის ოქტომბრის უჩვეულოდ თბილ დღეს ზაქარიამ ფანჯრიდან გაიხედა და სინანულით თქვა: ''ლამის აყვავდეს ყველაფერი და მე კი... ვჭკნები!'' ამ სიტყვებიდან მეორე დღეს აღესრულა. კონსერვატორიის შენობიდან მისმა ხუთმა ძმამ გამოასვენა და პროცესია რუსთაველს გაუყვა. ხალხმა მისი ოპერის ბაღში დაკრძალვა გადაწყვიტა. კომპოზიტორს ანდერძი არ შეუსრულეს - მას სურდა, შვილის, ირაკლის გვერდით დაეკრძალათ. მოგვიანებით კომპოზიტორის ქანდაკება ჩამოისხა, ოპერის ბაღში არსებული ზაქარია ფალიაშვილის ძეგლის ავტორი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილია.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
მამუკა
საინტერესოა საქართველოს გასაბჭუებას როგორ შეხვდა?)
12:48 / 28-02-2021
გამოხმაურება / 0 /
NNNNNNNNNN
საქართველოს უდიდესი და უმაგრესი კომპოზიტორია ზაქარია ფალიაშვილი
13:45 / 04-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ვასიკო
ხარების ეკლესიში შევდივარო რომ წერთ, ზაქარია ხარების ეკლესიაში არ დადიოდა,ის დადიოდიი ქუთაისი ღვთისმშობლის შობის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიითვისა, სახელი გადაარქვა,მას ხარების ეკლესია უწოდა. სინამდილეში ეგ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა. საპატრიარქო აღარ უბრუნებს ქუთისელ კათოლიკეებს. სხვათა შორის, 90-იან წლწბში, ტაძარში კათოლიკურობის კვალის წაშლის მიზნით გაანადგურე ის ორღნი, რომელზეც ფალიაშვილი უკრავდა.
00:46 / 14-01-2015
გამოხმაურება / 0 /
დავით (26წ)
რაღაცნაირი გრძნობაა, როცა ხარების ეკლესიაში მივდივარ და ფალიაშვილის სახლმუზეუმს ვხედავ (სხვათაშორის არასოდეს დამინახავს იქ დამთვალიერებლები). თავში გამიელვებს, რომ ოდესღაც აქ თამაშობდა ეს დიდებული ადამიანი. ისე, ვინც ამ ადგილს და ეკლესიას იცნობს (რიონის პირზე) და თვითონ ხარების ბაღში მოჟღურტულე ჩიტების გალობა მოუსმენია გაზაფხულზე წვიმის შემდეგ, ძნელია იქ რაიმე დიდებულის შემქნის სურვილი არ დაებადოს.
11:51 / 13-01-2015
გამოხმაურება / 0 /
აფულავა
აცხონოს ღმერთმა ბატონი ზაქარია, ქი უცოცხლია 262 წელი :) ახლა ჩამორჩა მედიცინა თორე მაშინ 2 საუკუნეზე მეტს ცხოვრობდა კაცი
11:46 / 13-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო
მართლაც დიდებული კომპოზიტორი იყო დიდი ზაქარია ფალიაშვილი. დიდება და სასუფეველი მის ნათელ სულს. მიუხედავად ასეთი დიდი ტრაგედიისა, რასაც ერთადერთი და უსაყვარლესი შვილის დაკარგვა ჰქვია, მან დაგვიტოვა ისეთი გენიალური ქმნილებები, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ მრავალ თაობას მიეცემა საშუალება მოისმინოს მისი უკვდავი ოპერები.
11:32 / 13-01-2015
გამოხმაურება / 0 /
lal
ესე რაა,ვიღაც "ვარსკვლავებზე"ჭორაობას დიდ ადამიანებზე წერა არ ჯობია?
11:01 / 13-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS