13 იანვარი, 2015
აჩიკო სოლოღაშვილს მეუღლე ხორციანი კერძებით ანებივრებს
მახსოვს, შოკში ვიყავი, როცა მასწავლებელი ქალი დაბოხებული ხმითა და შეწითლებული ლოყებით რაღაცებს ამბობდა და იყო თოვლის ბაბუ მსახიობმა და ტელეწამყვანმა აჩიკო სოლოღაშვილმა ჩვენი ჟურნალისთვის ფოტოები იმ სპექტაკლის წინ გადაიღო, რომელიც ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ. ''იყო და არა იყო რა, ანუ საშობაო ზღაპარი'' - ამ სპექტაკლში ჩვენი რესპონდენტი მგელს თამაშობს. აჩიკოს ახალ წელზე ვესაუბრეთ.

- შეაჯამე 2014 წელი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
- ასეთ დროს რატომღაც სულ დადებითი მახსენდება. 2014 წელი იყო ნაყოფიერი, თეატრში დაიდგა სპექტაკლი
''ფსკერზე'', რომელიც გამოშვების პირველივე დღიდან ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. როდესაც ასეთი რანგის სპექტაკლი იდგმება, ჩვენთვის ისეთი დიდი სიხარულია, რომ შეიძლება ითქვას, ახალი წლის ტოლფასია. გარდა ამისა, პროექტი ''ბრავო'', რომლითაც მე ტელევიზიაში მოვხვდი, კიდევ ერთხელ გამეორდა და კიდევ ვიმუშავე მასზე. დღემდე მომყვება ''ნიჭიერი'', რომელიც ძველით ახალ წელს დამთავრდება. რაც შეეხება ჩემს მეორე ოჯახს, ''შუადღეს'', იქ დიდი ცვლილება არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ უფრო გახალისდა, უფრო ფერადი გახდა და მგონია, რომ უფრო კარგი საყურებელია, ვიდრე იყო. უხვად იყო გასტროლი და უახლოეს მომავალშიც იგეგმება ავსტრალიაში გამგზავრება.
- ცოტა იმ სპექტაკლის შესახებ მოგვიყევი, რომლის დაწყებამდეც ჩვენი კამერის წინ იპოზიორე.
- ეს გახლავთ ''იყო და არა იყო რა, ანუ საშობაო ზღაპარი'', რომელიც ''მსუნაგი მგლისა და მშვიდი ბეკეკას'' ინსცენირებაა. მგლის როლს ვასრულებ და რატომღაც ბავშვებს ჩემი უარყოფითი პერსონაჟი ძალიან უყვარდებათ. მიხარია, XXI საუკუნის თაობას სპაიდერმენთან ერთად რომ მოსწონს ისეთი გმირები, რომლებზეც ჩვენ გავიზარდეთ. ვერ ხვდებიან, რატომ ვიტაცებ ბეკეკებს და კითხვებიც უჩნდებათ, რომლებზეც პასუხი არ მაქვს. ვეუბნები, ცხვრები არ იქცეოდნენ კარგად და დროებით წავიყვანე-მეთქი. უკვე ბევრი წელია, ამ სპექტაკლს ვთამაშობთ და ალბათ, კიდევ კარგა ხანს იქნება, იმიტომ რომ კარგი განწყობა მოაქვს. ერთხელ, ამ სპექტაკლის შემდეგ, ფოტოს გადასაღებად ბედნიერებისგან იმდენად აკანაკლებული ბავშვი შემოვიდა, შემეშინდა, გული არ გაუჩერდეს-მეთქი. ერთ-ერთმა ბავშვმა გამომიცხადა, შენ ჩვეულებრივი კი არა, ''გლამურნი მგელი'' ხარო, დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა.
- აჩიკო, საახალწლო სამზადისს როდიდან იწყებ ხოლმე?
- საახალწლო პერიოდში სულ ვმუშაობ, ამიტომ ახალ წელს 31 დეკემბერს 12 საათის შესრულებისას ვგრძნობ, მანამდე ვერა, ამ დროს კი ვცდილობ, ყველაზე კარგ ხასიათზე დავდგე, რადგან მგონია, როგორც შეხვდები, ისე წავა მთელი წელი. სრულ მობილიზებას ვახდენ, რომ 12 საათზე ვიყო ძალიან კარგ ხასიათზე, გამოწყობილი, სხვანაირად მოწესრიგებული. სხვა განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს, ნაძვის ხეს, ძირითადად, 30 დეკემბერს ვდგამთ, იმიტომ რომ მანამდე დრო არ მაქვს, არ მიყვარს, როცა სახლში ასეთი რაღაცები ჩემ გარეშე ხდება, მე უნდა ვიყო მონაწილე და დამსწრე, შესაბამისად, როცა მოვიცლი, მაშინ კეთდება. მეც და ნუცასაც ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა, ერთმანეთზე ვიყავით აწყობილები, 30-ში ყველაზე თავისუფალი დღე გვქონდა და ამ დღეს ავაწყვეთ, თუმცა სათამაშოებზე მანამდე ვიზრუნეთ და წინასწარ შევიძინეთ. სამზარეულოს თვალსაზრისითაც განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვართ, მთავარია, კარგი განწყობა იყოს, ოჯახის წევრები იყვნენ ჯანმრთელად და კარგად და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა იდება სუფრაზე.
- გამორჩეულად თუ გახსენდება რომელიმე ახალი წელი, თუნდაც ბავშვობიდან?
- მახსოვს ერთი ახალი წელი, როცა ვნახე, როგორ იყო თოვლის ბაბუა ბაღის ერთ-ერთი მასწავლებელი, მახსოვს, შოკში ვიყავი, როცა მასწავლებელი ქალი დაბოხებული ხმითა და შეწითლებული ლოყებით რაღაცებს ამბობდა და იყო თოვლის ბაბუ. ვერაფრით ამოვხსენი, რატომ იყო ის ქალი თოვლის ბაბუ, როდესაც წინა დღით სხვა ჯგუფში ვნახე. მას შემდეგ ჩემთვის თოვლის ბაბუა აღარ არსებობს. ეს იყო ჩემთვის დიდი სტრესი და ტრაგედია. ეს იყო სასწაული ზეიმი, რომელმაც თოვლის ბაბუა მომიკლა.
- საზღვარგარეთ თუ შეხვედრი­ხარ ახალ წელს?
- არასდროს, ერთადერთი მახსენდება შარშანდელი წელი, როცა დეკემბერში ინდოეთში გახლდით, ერთ-ერთ საუკეთესო სანაპიროზე, რომელთანაც ძალიან ახლოს გადაღებულია შოკოლადის ცნობილი რეკლამა, ნამდვილი სამოთხე იყო. ის ზამთარი მართლა განსაკუთრებულად მახსენდება, ჯერ ინდოეთში რომ ხარ და მერე რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდის, შენ კი ამ დროს სანაპიროზე ატარებ, ცოტა განსხვავებულია. შეხვედრით საზღვარგარეთ არასდროს შევხვედრივარ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბევრი წელი, საქმიანობის გამო, ქუჩაში ვხვდებოდი ამ დღესასწაულს. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი იყო, უბრალოდ, სულ ვამბობდი, ესაა ბოლო ახალი წელი, რომელსაც ქუჩაში ვხვდები-მეთქი, მაგრამ ეს პერიოდი არ მთავრდებოდა და ამას ძალიან ბევრი დადებითი მხარე ჰქონია. მას შემდეგ, რაც მე და ნუცა ერთად ვართ, სულ ვცდილობ, სახლში შევხვდე ოჯახთან ერთად და სულ გამომდის.
- ნუცა რამდენად იყო ჩართული საახალწლო სამზადისში და ზოგადად, თუ უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი?
- დროის ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანია, თუკი აქვს დრო, გიჟდება, ისე უყვარს სამზარეულოში ტრიალი და სხვათა შორის, გემრიელი კერძები გამოსდის, ძირითადად ხორციანი, იმიტომ რომ მე ვგიჟდები ხორცზე. ძალიან კრიტიკული ვარ, რომ არ მომწონდეს, ასე არ შევაქებდი, მაგრამ მართლა ფანტასტიკური კულინარია.
- ნუცა და შენ სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობთ, წინასაახალწლო გადატვირთულ გრაფიკში ერთიმეორისთვის დრო თუ გამონახეთ?
- სულ ვცდილობ, არავის ვაწყენინო, მაგრამ რამდენიმე საახალწლო პროექტზე უარის თქმა მომიხდა, იყო შემოთავაზება შევხვედროდი სხვაგან, მაგრამ შინ ყოფნა ვარჩიე ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ჩემთვის ყველაზე კარგი ესაა.
- საახალწლო საჩუქრების ტრადიცია თუ გაქვთ?
- კი, სულ ვცდილობთ, ერთმანეთს ვასიამოვნოთ, წინასაახალწლო პერიოდში სულ ვფუსფუსებთ, თუმცა მე არ შემიძლია მოთმენა და როცა შევარჩევ, მაშინვე ვურეკავ ნუცას და ვეუბნები, ეს შევიძინე შენთვის-მეთქი, არ მიყვარს სიურპრიზები და ასე ვიქცევი. ერთი სული მაქვს, როდის ვახარებ, რომ მისთვის საჩუქარი მაქვს.
- რაც შეეხება მეკვლეს, მეკვლე გყავთ?
- დიახ, ესაა დედაჩემის მეგობარი ნანა, რომელიც გვერდზე სადარბაზოში ცხოვრობს და ყოველ წელს ამოდის მეკვლედ. კარგი ფეხი აქვს, ბევრი წელია ასეა უკვე. მე მთელი ბავშვობა მეკვლე ვიყავი, მერე, როცა მე თვითონ, რიგი მიზეზების გამო, ქუჩაში დავიწყე ახალი წლის შეხვედრა, იმ ოჯახებს ძალიან დავაკლდი, მაგრამ მახსოვს, მთელი ბავშვობა ჩამოვლაზე ვიყავი.
- ბედობის თუ გწამს?
- ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ვცდილობ, ბედობაზე ყველაფერი კარგი დავიბედო, სამსახურს ვერ ვცდები, თუმცა არ მწყინს, რაც უფრო მეტი სამუშაო, სამსახური დამებედება და უსაქმურად არ ვიქნები, ჩემთვის უკეთესია, როდესაც დაკავებული ვარ, ბედნიერი ვარ. თუ ამ დღეს რამე პროექტი, სპექტაკლი მაქვს ან ეთერში ვზივარ, განსაკუთრებულად მიხარია. ჩვენ ზამთარში არ ვისვენებთ, გარდა 31 დეკემბრისა და 1 იანვრისა, ამიტომ ტრადიციაა, რომ ამ დღეს თეატრში ვართ.
- ახალ წელს თან ახლავს ქეიფი, სუფრა, დალევა...
- არა, არ მიყვარს. მომწონს წრუპვა მშვიდ, წყნარ პოზიტიურ გარემოში, არ მიყვარს საცივში თავის ჩადება, გაუმარჯოს, ვისაც უყვარს, მაგრამ მე ჩემს მეგობრებთან ერთად მშვიდ გარემოში გიტარითა და მუსიკით დროის გატარება მირჩევნია. მიუხედავად იმისა, რომ პროფესია მაქვს ისეთი, უნდა მიხაროდეს ბევრი ხალხი, რეალურად და ყოველდღიურობაში არ მიყვარს ხალხმრავლობა, რესტორანში სადმე წასვლა ასეთ დღეს ხომ საერთოდ გამორიცხულია.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS