09 იანვარი, 2015
''ვინმეს შვილობით ''სუხიშვილებში'' ვერ მოხვდები''
ვინმეს შვილობა ჩვენს ანსამბლში არაფერს წყვეტს ცოტა ხნის წინ ანსამბლმა ''სუხიშვილებმა'' განახლებული მოდერნბალეტ ''რამიშვილებით'' კიდევ ერთხელ გაავსო თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი. წარმოუდგენელი სიახლე, ცოცხალი მუსიკა სცენაზე, სილამაზე და რიტმი ანსამბლმა მაყურებელს ერთი ამოსუნთქვით აჩვენა.
პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე, მარიამ მათიაშვილი, დღეს ჩვენი სტუმარია. მარიამი ანსამბლის ერთ-ერთი გამორჩეული სოლისტის, თეა დარჩიას შვილი გახლავთ. თეამ მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ ''სუხიშვილები'' დატოვა და ახლა თავისი ქალიშვილის ყურებით ტკბება.

- როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, დედის პროფესია არასდროს მნდომებია. ბავშვობაში თეასთან
დავდიოდი სტუდიაში, ვსწავლობდი არა კონკრეტულად ქართულ ცეკვას, არამედ შერეულ პროგრამას, სადაც იყო ევროპული ცეკვებიც, ბერძნულიც, ქართულიც. მაშინ 3-4 წლის ვიქნებოდი. ახლა იოანა, ჩემი პატარა და დადის ზუსტად ამ პრინციპით. რაც შეეხება სუხიშვილების კლასიკურ პროგრამას, ჩემი პედაგოგი სტუდიაში იყო ტატა გომელაური, რისთვისაც მას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს ანსამბლში ვარ. ერთხელ უბრალოდ მითხრა, თუ გინდა, იარე ჩემთან, ისწავლე, თუ მოგეწონება, გააგრძელე ცეკვა, თუ არადა, ისწავლი მაინცო. მივედი და როგორც იტყვიან, მოვიწამლე.
- რატომ არ გინდოდა, დედის პროფესიას გაჰყოლოდი?
- არ მინდოდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი იდეფიქსი. მე მყავს მეგობრები, რომლებიც ბავშვობიდან ოცნებობენ ''სუხიშვილებში'' ცეკვაზე. ყოველთვის მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ოცნება ვერ ავიხდინე. ეს სურვილი ცეკვაში განვახორციელე. წარმოუდგენელია, იყო მოცეკვავე და არ იყო მსახიობი. ასე რომ, ჩემთვის ორი საყვარელი საქმე ერთ პროფესიაში გავაერთიანე. სულ 5 წელია ვცეკვავ, აქედან 4 წელია, რაც ანსამბლში ვარ.
- ერთ წელიწადში ისწავლე პროგრამა?
- დღემდე ვსწავლობ. ვერასდროს ვიტყვი, რომ ვისწავლე. ცეკვა ამოუწურავი ფენომენია. მგონია, რომ სულ სწავლაში ვიქნები. უბრალოდ, გამიმართლა, რომ მოვხვდი სტაჟიორებში, საიდანაც ანსამბლისთვის კადრები აირჩიეს. სწორედ მაშინ გადამიყვანეს ანსამბლში.
- ალბათ, ხშირად გაგიგია ფრაზა, რომ დარჩიას შვილობამ შენს კარიერაში ბევრი რამ განაპირობა. ეს გულს გტკენს?
- მართლაც საწყენია. წარმოუდგენელია, ვინმეს შვილობა ჩვენს ანსამბლში არაფერს წყვეტს. თუ არ გაქვს იმის შესაძლებლობა და ნიჭი, რომ იდგე სცენაზე სუხიშვილების სახელით, ვინმეს ხათრით ეს გამორიცხულია. მსგავსი ფრაზები მეც ხშირად მსმენია. თავიდან ძალიან მტკენდა გულს, ახლა ვცდილობ, ძლიერი ვიყო და ამას ყურადღება არ მივაქციო.
- დედასთან ერთადაც მდგარხარ სცენაზე...
- ეს ასმაგად საპასუხისმგებლო მომენტია, ყოველი კონცერტის წინ ვგრძნობდი, რომ დედა ჩემზე უფრო ნერვიულობდა, ვიდრე საკუთარ თავზე. ამდენად, პირველ რიგში, მის წინაშე მქონდა დიდი პასუხისმგებლობა.
- შენ არ ნერვიულობდი დედაზე?
- არასდროს მინერვიულია, ყოველთვის სიამაყით ვუყურებდი. რაც ცეკვა დავიწყე, სხვანაირად დავაფასე მისი შრომა, მისი ყოველი კონცერტი, მისი ღვაწლი ამ პროფესიაში.
- თეას უნდოდა, რომ მის კვალს გაჰყოლოდი?
- დედამ ყველაზე კარგად იცოდა, რა შრომა უნდა ჩადო ამ ყველაფერში, რა მელოდა წინ. არ უნდოდაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ვეცოდებოდი. თუმცა ჩემგან იმხელა მონდომება დაინახა, წინააღმდეგობა აღარ გაუწევია.
- რა პროფესიის ხარ?
- თავიდან სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე ხელოვნებათმცოდნეობაზე, მაგრამ მივხვდი, რომ არაფერში გამომადგებოდა და სწავლა მესამე კურსიდან მივატოვე. ახლა ფსიქოლოგიურზე ვსწავლობ. არ ვიცი, ამ პროფესიით ვიმუშავებ თუ არა, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილებისთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ეს პროფესია ბევრ რამეში დამეხმარება.
- როგორ ახერხებ, სწავლა და ცეკვა ერთმანეთს შეუთავსო?
- დილით ლექციები მაქვს, დღის მეორე ნახევრიდან - რეპეტიციები. ანსამბლშიც მიწყობენ ხელს, რომ დიპლომიანი მოცეკვავე ვიყო (იცინის).
- და დიპლომიანი სარძლო. ამ მხრივ რა ხდება შენს ცხოვრებაში?
- არაფერი, გულწრფელად ვამბობ, ყოველგვარი გაპრანჭვის გარეშე.
- არც ყოფილხარ შეყვარებული?
- სულ ვამბობ, რომ ყველა ასაკს თავისი სიყვარული აქვს. მეგონა, მიყვარდა შარშან, ორი, სამი წლის წინ. ახლა ვფიქრობ, რომ თუ კვლავ შემიყვარდება, ის ერთადერთი ნამდვილი სიყვარული იქნება.
- როგორი უნდა იყოს ის ერთადერთი?
- აღმოვაჩინე, რომ სტერეოტიპები არ მაქვს. ვერც იმას ვიტყვი, რომ გარეგნობას მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ბიჭი გარეგნულადაც უნდა მომეწონოს. მერე ემატება სხვა დანარჩენი. ამიტომ წინასწარ არ ვიცი, როგორი მეუღლე მინდა მყავდეს.
- არჩევანის წინაშე თუ დაგაყენა?
- კარიერა თუ ოჯახი? როცა ადამიანს უყვარხარ, მან ისიც კარგად იცის, რა დამოკიდებულება გაქვს შენს საყვარელ საქმესთან. ჩემს მომავალ მეუღლეს, სანამ ცოლად მომიყვანს, მანამდეც ეცოდინება ჩემი დამოკიდებულება ცეკვისადმი. წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს. ისიც არ ვიცი, თავად რას გადავწყვეტ, ოჯახს რომ შევქმნი, კიდევ ვიცეკვებ თუ არა. დღეს მოცეკვავე რომ ვიქნებოდი, ისიც არ ვიცოდი წინასწარ.
- დედა, თეა დარჩია, მშვენივრად უთავსებდა ცეკვასა და ოჯახს ერთმანეთს.
- ჰო, დედა გმირია. ჩემთვის საამაყო და სამაგალითო დედაა, ასეთი პროფესიის ადამიანმა ამდენი შეძლო ოჯახისთვის, მართლა წარმოუდგენელია. 4 შვილი გააჩინა ამ რეჟიმში. მე 23 წლის ვარ, მირიანი - 13-ის, იოანა - 4-ის და გაბრიელი - 1 წლის.
- თეამ ანსამბლი გაბრიელის გამო დატოვა, თუ ეს მისი სტუდიის ბრალიც არის?
- მეოთხე შვილის მერე ანსამბლში ყოფნა გაუჭირდებოდა, თუმცა კვლავ ფორმაშია. დიდი სურვილი მაქვს, იმდენივე შევძლო რამდენიც თეამ შესძლო.
- ნოსტალგია აქვს?
- გიჟდება, როგორ შეიძლება, არ ჰქონდეს. ახლახან ''რამიშვილებზეც'' იყო მოსული. ყოველი კონცერტის მერე ამოდის კულისებში და ტირის. რაც ყველაზე ძალიან მინდოდა, იმას ვერ მოვესწარი, იმით ვიკმაყოფილებ სურვილებს, რომ შენ გხედავ სცენაზეო, მეუბნება. ძალიან უნდოდა, მოდერნბალეტი ეცეკვა და ზუსტად ამ დროს დაემთხვა მისი ანსამბლიდან წასვლა.
- მარიამ, თქვენს პროფესიაში ხშირია ტრავმები...
- ტრავმები ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ''რამიშვილებზე'' მუშაობა დავიწყეთ. სულ სხვა კუნთები ამტკივდა. ამაზე მუშაობა აბსოლუტურად სხვა დატვირთვაა. უბედნიერესი ვარ, რომ ზემოხსენებულ პროგრამაზე მომიწია მუშაობამ. იმდენად ახლოს არის და ისე მსიამოვნებს, იმდენ ემოციას ვდებ, ამის სიტყვებით გადმოცემა გამიჭირდება. მთელი გულით, სულით, არსებით ვცეკვავ. არ მახსოვს კონცერტი, რომლის დაწყების წინ არ მინერვიულია. ყოფილა შემთხვევა, როცა სცენაზე გამაყუჩებელი ნემსის გაკეთების შემდეგ გავსულვარ, მაგრამ მაყურებლისგან იმხელა ემოცია მოდის, ისეთი სითბო და სიყვარული, წარმოუდგენელია, ტკივილი არ დაგავიწყდეს.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
მაკო
ნახეთ ვიდეო. თეა დარჩიას 3 წლის პატარა გოგო იოანა როგორ ცეკვავს გაოცდებით. ამ ოჯახში ყველა ცეკვავს და რა გიკვირთ რომ მილიონშიც მარიამი ერთადერთი იყოს
21:16 / 12-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მმმმ
კიი, ზუსტად მილიონში ერთია მარიამი
05:52 / 11-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანი
ეს გოგო უდავოდ ნიჭიერია.ზოგიერთ ბოროტს ძირში უნდა მიაჭრა ენა რომ ვინმე არ გაკილოს ტყუილუბრალოდ
00:02 / 11-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანი
ძალიან მომწონს ეს გოგო უდავოდ ნიჭიერია. როგორი ბოროტია ხალხი აი წინა კომენტარის ავტორი ელენე.გაგიქვავდა ეგ ბოროტი ენა სულმდაბალო ადამიანო. ჩემი თურით გავიგონე ცეკვავენ ვარსკვლავებში რა მაღალი შეფასება მისცა ამ გოგოს ნინო სუხიშვილმა. ნეტა თეა დარჩიას შვილობის გამო ხომ არა, როგორ ფიქრობ. ეს გოგონა ლამაზიცაა და კარგად ცეკვავს
23:57 / 10-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თათია
უმაგრესი მოცეკვავე ხარ!!! სულ არ მაინტერესებს ვისი შვილი ხარ. შენნაირი მანერები, მსახიობური მონაცემები იშვიათია.
00:50 / 10-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენე
როცა გაქვს შანსი არ თქვა ტყული და გაჩუმდე მაშინ ასე უნდა მოიქცე. ხო აი ზუსტად 100000 მოცეკვავიდან მარიამი აღმოჩნდა ის ერთი უუუნიჭიერესი.რა მარაზმია,
16:28 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფო
"რამიშვილებზე" ჩემს წინ იჯდა თეა. ვხედავდი, როგორ ემოციებში იყო, როგორ გულშემატივრობდა მოცეკვავეებს და როგორი აღფრთოვანებული იყო ამავდროულად. წარმატებები მარიამ. თეას შვილობა საამაყოა ნამდვილად, მაგრამ გამორიცხულია მხოლოდ თეას შვილობის დამსახურება ყოფილიყო შენი არაჩვეულებრივი ცეკვა სცენაზე. ეს ნიჭის, დიდი შრომის და თავდადების შედეგია, რომლის გარეშეც ნიჭი არაფერია.
11:50 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS