08 იანვარი, 2015
დათო დარჩია ახალ წელს მამობილის გარეშე შეხვდა - ''35 წლის მერე პირველად ვერ ვთქვი...''
ყოველი ახალი წელი სიბერესთან გვაახლოებს ''ახალ წელს დაკარგულების'' პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 2 იანვარს შედგა. ფილმის რეჟისორი გიორგი კიკალიშვილია, ხოლო სცენარი ნიკა რამიშვილს, იმავე დრუპის ეკუთვნის. საახალწლო, მუსიკალური ჟანრის კომედიის სიუჟეტის მიხედვით, ქართველი მომღერლები ახალ წელს კონცერტის ჩასატარებლად სამცხე-ჯავახეთში მიდიან და ტყეში დაიკარგებიან. საღამოს ორგანიზატორები იძულებული გახდებიან, ხალხი მოატყუონ და სცენაზე მოწვეული მომღერლების მსგავსი ადგილობრივი მცხოვრებლები გამოიყვანონ. ფილმში მომღერლებთან ერთად, რამდენიმე მსახიობია დაკავებული. მათ შორის ერთ-ერთ მთავარ როლს დათო დარჩია განასახიერებს...

- ამ საახალწლო კომედიური ჟანრს
ფილმში პროდიუსერის თამაშმა მომიწია, რომელიც ქართველ ვარსკვლავებს აგროვებს და სურს, კარგი საახალწლო კონცერტი ჩაატაროს. რამდენიმე პროდიუსერს ვიცნობ, ვიცი, რას წარმოადგენენ, მაგრამ მე მაინც შევეცადე, ამ პროფესიის ადამიანის ჩემეული ვარიანტი შემექმნა. ძალიან საინტერესო იყო გადაღების პერიოდი, ფილმში ჩემი მეგობარი მომღერლები თამაშობენ, ნაწილიც ახლა გავიცანი და ახალი მეგობრები შევიძინე. ძალიან კარგი დრო გავატარეთ და იმედია, ასეთივე განწყობა შეექმნება მაყურებელს. ვფიქრობ, კარგი გასართობი ფილმი გამოვიდა, ბევრი სიცილითა და იუმორით, რაც ახალ წელს სჭირდება. აღარ გვინდა ეს დაძაბულობა და ომი. ამ ფილმს არ აქვს პრეტენზია ''ოსკარებსა'' და ''გლობუსებზე'', ეს არის ახალ წელს სანახავი კომედია, სადაც ჩვენი ბევრი მომღერალი ვარსკვლავი მღერის.
- თქვენც ხომ არ მოგიწიათ სიმღერამ?
- არა, სიმღერა არ მიწევს. მხოლოდ პროდიუსერობით შემოვიფარგლები, რომელსაც გვერდით ჰყავს ულამაზესი ასისტენტი, მარგო ლუჩკოს სახით. ჩემი ასისტენტი მღერის, მაგრამ პროდიუსერი მარტო პროდიუსერობს, გენაცვალე, ეგრე არ არის (იღიმის).
- საახალწლოდ რუსთაველის თეატრში ''ჯადოსნური ღამის'' პრემიერა გაიმართა. ამ ან სხვა ახალ სპექტაკლებში თუ ხართ დაკავებული?
- არა, თეატრი ჩემგან ისვენებს და მეც მისგან. რაღაც დროით ეს ალბათ საჭიროცაა. ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში უფრო მეტად კინოში ვარ დაკავებული, ესეც ხომ ჩემი პროფესიაა და ამაში ვერაფერს ვხედავ რაღაც კატასტროფულს, პირიქით. ალბათ, თეატრშიც წამოვა ახალ-ახალი როლები, ველოდები ამას და ვნახოთ.
- 2014 წელს კიდევ რა ფილმებზე და რომელ რეჟისორებთან იმუშავეთ?
- მიშა მშვილდაძესთან ვიმუშავე ფილმზე ''ტაქსი'', რომლის პრემიერა ზაფხულში შედგა. ''რუსთავი 2''-ზე მიშა ახალი სერიალის გადაღებას იწყებს, სადაც პირადად მე დიდი სამუშაო არ მექნება, სულ რამდენიმე სერიაში ვიქნები და პროკურორს ვითამაშებ. ძალიან საინტერესო თემაა, კარგი გუნდია და ვფიქრობ, საინტერესო სერიალი უნდა გამოვიდეს. ვიმუშავე ვანო ბურდულთან მის ახალ ფილმზე, რომელიც 2015 წელს გამოვა, ასევე კრისტოფერ კოპოლასთან და ამ ფილმის პრემიერა ამ წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.
- კრისტოფერ კოპოლასთან მუშაობის თემა განვავრცოთ, თუ შეიძლება...
- ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი კრისტოფერ კოპოლა საქართველოში 2013 წელს ჩამოვიდა და ბათუმში ერთკვირიანი გადაღებები გვქონდა. ფილმში თამაშობს ქართველი გოგონა ანა გურჯი, რომელიც დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ფილმის სამუშაო სათაური ''ნათიას ოცნება'' იყო, მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს. ისეთი სიუჟეტია, უფრო ტრაგიკომედიურ ჟანრს თუ მოვაკუთვნებთ, ფილმში მოთხრობილია ქართული ცირკის მფლობელი ოჯახის, ცირკის მსახიობთა ცხოვრებისა და იქ განვითარებული მოვლენების შესახებ. მე ცირკის ყოფილ მსახიობს ვთამაშობ, რომელიც მეუღლესთან ერთად მუშაობდა და თვალებახვეული ძალიან რთული ნომრებით წარდგებოდა ხოლმე მაყურებლის წინაშე. ერთ-ერთი ასეთი ნომერი ტრაგიკულად სრულდება და კაცი მეუღლეს კლავს. საკმაოდ მძიმედ გადააქვს ეს ფაქტი, სმას იწყებს და ა.შ. ანა გურჯი ფილმში ჩემს შვილს თამაშობს. დედის დაღუპვის შემდეგ მამა-შვილი ერთად იწყებს მუშაობას, მაგრამ ჩემი პერსონაჟი ძალიან ტრაგიკულია და თემაც, ასე ვთქვათ, ''ჟიზნენი''. პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მუშაობა უცხოელ რეჟისორსა და ჯგუფთან, მათი ხედვა სულ სხვაა და საინტერესოა მსახიობისთვის.
- ახალ წელთან დაკავშირებითაც გკითხავთ. ორი შვილი გყავთ: გუგა და ელენე, ოჯახში გიყვართ ეს დღესასწაული?
- ახალი წელი ვის არ უყვარს, მეც, მაგრამ ბავშვები უფრო ხალისობენ და უხარიათ და მათი შემხედვარე უფრო ბედნიერი ვარ. კი, ახალი წელი კარგია, ქვეყანას ვულოცავ, მაგრამ პირადად მე კიდევ ერთი წელი მემატება და... ყოველი ახალი წელი სიბერესთან გვაახლოებს, ასე რომ, სიბერისკენ მივდივარ, მამა, სი-ბე-რის-კეენ (იცინის).
- მეკვლე ვინ არის თქვენს ოჯახში, რა ტრადიცია გაქვთ?
- მე ან ჩემი შვილები. მერე უკვე არ ვაკვირდები, ვინ მოდის პირველი და ვინ - არა. ასე რომ, ჩვენი ოჯახის მეკვლეები ჩვენივე ოჯახის წევრები არიან.
- დაბოლოს, 2015 წელი პირველია, როცა მას მამობილის, ბატონი გურამ ფირცხალავას გარეშე ხვდებით...
- ეს ისეთი მურტალი ამბავია, ცალკე თემაა და საერთოდ ლაპარაკი მიჭირს. 35 წლის მერე პირველად ვერ ვთქვი: ''გური, გილოცავ!'' ახალ წელს სახლში შევხვდით, ჩვენთვის, წყნარად და მშვიდად. არც არანაირი გასვლა-გამოსვლის თავიც არ მქონია. საერთოდ, ყოველთვის ასე ვარ. არის ხოლმე რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ ახალ წელს არსად დავდივარ და ჩემს ოჯახთან ერთად ვხვდები.
- გამორჩეულად თუ გახსოვთ რომელიმე ახალი წელი?
- ახალი წელი და ''დამახსოვრებები'' 2 იანვრიდან უფრო იწყება.
- და ქართველებისთვის, როგორც წესი, 20 იანვრამდე გრძელდება...
- სანამ გული ძალიან ''ცუდად საუბარს'' არ დაიწყებს ჩემთან, მანამდე გაგრძელდება.
- დათო, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორაა, 2012 წელს სტენტირება დაგჭირდათ...
- სტენტები კარგად მუშაობს, იანვარში კიდევ უნდა მივაკითხო ექიმს და გავესინჯო. ორი მაქვს ჩადგმული, თუ კიდევ დამჭირდა, შეიძლება, კიდევ ''სასტენტო'' ვიყო. მეუბნებიან, მე რვა მაქვს, მე ათიო, ზოგიც უკვე თოთხმეტზეა ასული და ამას რომ ვიგებ, ცოტა გულზე მეშვება (იღიმის).

ანა კალანდაძე 
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS