07 იანვარი, 2015
„ოჯახზე დიდი ძალა არ არსებობს ამ ქვეყანაზე... ოჯახი ქალია...“
რეჟისორ და მსახიობ ციცინო კობიაშვილს ერთი შვილიშვილი ჰყავს, რომელმაც უკვე გამოავლინა სამსახიობო ნიჭი და რამდენიმე სპექტაკლშიც მიიღო მონაწილეობა. ქალბატონი ციცინოს შვილი ჯაბა კილაძე გახლავთ, ჯაბას მეუღლე კი მომღერალი თამთა ჭელიძე იყო. მართალია, წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ ბავშვს მამასთან და ბებია-ბაბუასთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს.

- ახალი წელი მიყვარს ძალიან, მთელი წელი ველოდები ამ დღესასწაულს, ნაძვის ხის მორთვა მთელი რიტუალია ჩემთვის. როგორც კი ჩნდება ნაძვის ხის სათამაშოები და ზოგადად, მოსართავები მაღაზიებში, ვიწყებ მზადებას, ყველა წელს ვამატებ
ახალ სათამაშოს. ამჯერად, ორი დღე ვრთავდი ნაძვის ხეს და ძალიან ლამაზი გამოვიდა. რასაკვირველია, ამ ყველაფერს შვილიშვილისთვის ვაკეთებ, რომ მან გაიხაროს, მაგრამ ვერ მოგატყუებთ, მეც პატარა ბავშვივით მიხარია. გარდა ამისა, განსაკუთრებით მიყვარს შობა, ამ დღეს ყველა ჩემი მეგობარი იკრიბება ჩემთან, ერთმანეთს აღარც კი ვაფრთხილებთ, ყველამ იცის, რომ ამ დღეს ჩემი სტუმრები უნდა იყვნენ. ბუხარი მაქვს სახლში, ვანთებთ აუცილებლად და დროს სასიამოვნოდ ვატარებთ.
- შვილიშვილი ახსენეთ, ამიტომ ბებიობაზეც ვისაუბროთ...
- შვილიშვილი საოცარი სიყვარულია, სიხარული, სიცოცხლე, სტიმული, იმედი, მეორე სუნთქვა... რომ ვკვდებოდე, დამიძახებს თუ არა, წამოვდგები. რომ მეტყვის, ბებიკო, რაღაც მინდაო, ეს იქნება საჭმელი თუ სადმე წაყვანა, მეც და ჩემი მეუღლეც მომაკვდავებიც რომ ვიყოთ, შევუსრულებთ. მე და ჩემი მეუღლე როგორი გიჟი დედა და მამაც ვართ, ასეთივე გიჟი ბებია-ბაბუა გახლავარ. ახლაც ჩემთანაა ლიზი და მთელი არდადეგები ვიქნებით ერთად.
მსჰობლები
- დღეს დროის დეფიციტი აქვთ როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს, რომელნიც სკოლის გარდა დადიან უამრავ წრეზე. ამას ემატება ის საკითხიც, რომ ლიზა თქვენთან არ ცხოვრობს, რამდენად ხშირად ახერხებთ ერთმანეთის ნახვას?
- შაბათ-კვირას თითქმის ყოველთვის ჩვენთანაა, თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება. მე სპქეტაკლს ვუშვებდი, ახლახან მქონდა პრემიერა და მუშაობის პერიოდში საკმაოდ დიდხანს არ მყავდა ბავშვი ნანახი, ამ დატვირთულმა რეჟიმმა, პრემიერამ რომ გადაიარა, მოვიდა ლიზა, ჩამეხუტა და ცრემლებით ტიროდა, ძალიან მომენატრეო, მითხრა და ღვარ-ღვარით მოსდიოდა თვალებიდან ცრემლები. ამ ყველაფრის სიტყვებით გამოხატვა შეიძლება??? ეს ნიშავს იმას, რომ მის პაწაწინა გულში ჩვენც გვაქვს პაწაწინა ადგილი. შვილის სიყვარულს რა შეედრება, მაგრამ ეს კიდევ სხვაა, მეორე სუნთქვა რომ გაგეხსნება, დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა.
- რამდენადაც ვიცი, ლიზა უკვე სპექტაკლებში თამაშობს...
- კი, "დეკამერონში", ასევე ჩემთან - "თოვლის დედოფალში" იყო დაკავებული. უნდა ვთქვა, აქვს სამსახიობო მონაცემები, თუმცა ვერ გეტყვი, რომ ამის გამო სიხარულით გადარეული ვარ. ყველა არტისტები ვართ სახლში და ვიცით, გარდა სიკეთისა და ხიბლისა, რა სირთულეები ახლავს ჩვენს პროფესიას. არც ერთ მსახიობს თავისი შვილი და შვილიშვილი არ ემეტება ამ პროფისიისთვის, მაგრამ ნიჭი ნამდვილად აქვს. ძალიან ემოციურია და ამის საოცარი გამოხატვის უნარი აქვს. მის არჩევანს წინ არავინ დაუდგება, მაგრამ მეცოდება ამ პროფესიისთვის.
მსჰობლები
- ქალბატონო ციცინო, თქვენ იყავით ცნობილი დედამთილი სერიალიდან "შუა ქალაქში". რეალურად რას ფიქრობთ ამ ინსტიტუტზე?
- დამხვდურმა შემოსული რძალი უნდა ჩაიხუტოს გულში. ვფიქრობ, თამთაც დამეთანხმება იმაში, რასაც ახლა ვიტყვი, მე მისთვის არასდროს ვყოფილვარ დედამთილი, ის ყოველთვის ჩემი შვილი იყო და დღემდე ასეა, იმიტომ რომ ის ჩემი ლიზას დედაა და ძვირფასი ადამიანიაა ჩემთვის. მინდა ბედნიერი იყოს. თუ ჩემს შვილს ეყოლება მეორე ოჯახი და, ღმერთმა ქნას, რომ ასე მოხდეს, ვინც იქნება, მასაც ჩავიკრავ გულში, სხვანაირად არ შემიძლია, მიყვარს ადამიანები და ვუზიარებ ჩემს სიყვარულს. ვინც იქნება ჩემი შვილის გვერდით, გაუფრთხილდება და იზრუნებს მასზე, მეც მას მივიღებ. ცოლქმრობა არ არის მარტო კინოში სიარული, ეს ძალიან დიდი მოვალეობაა.
- ახალი ცოლ-ქმრის დიდ ოჯახში ცხოვრების საკითხს როგორ უყურებთ?
- რასაკვირველია, ჯობია წყვილს ცალკე კუთხე ჰქონდეს, სხვათა შორის, ამას ასაკი არ გააჩნია. მე და ჩემს ქმარს 34 წლის ოჯახი გვაქვს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩვენც ჩვენი კუთხე უნდა გვქონდეს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. გულში უნდა ჩაიხუტო შვილიც და რძალიც, მაგრამ შენ შენი ცხოვრება ხომ უნდა გქონდეს?! ქორწინება ეს ხომ საიდუმლოა, რომელშიც ცხვირის ჩაყოფის უფლება არავის აქვს. თუკი ცხოვრება იძლევა იმის საშუალებას, რომ წყვილმა ცალკე იცხოვროს, რატომაც არა?! აუცილებელიც კია, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი წყვილად ჩამოყალიბდნენ. როცა დამთავრდება ქეიფი და დროს ტარება, დარჩებიან ერთმანეთის პირისპირ, მაშინ თუ გაუძლებენ ცხოვრების მიერ მომზდებულ განსაცდელებს, გასაჭირს, ესე იგი ერთამეთისთვის არიან ისინი. დედიკოს და მამიკოს ზურგს ამოფარებულები კი ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ ხვდებიან.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS